შოუბიზნესი

როგორ აწვალა კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე მეუღლემ რვა წელი და რატომ ვერ შეიკავა ცრემლები მონიკა ბელუჩიმ „სულიკოს“ მოსმენისას

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 23.05, 2022 წელი

კობა შემოქმედელი
დაკოპირებულია

„თეატრალური კვარტეტის“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე, მეუღლესთან – ლელუკა თელიასთან ერთად, ტელეკომპანია „იმედზე“ მუსიკალური პროექტის – „მიმღერეს“, მონაწილეა.

კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე: „იმედის“ ტელევიზიას ხშირად ვსტუმრობ და ფაქტობრივად, ყველას ვიცნობ. ამიტომ, როცა ეს პროექტი დაიწყო, არჩევანი ჩემზე და ჩემს მეუღლეზეც გააკეთეს, რადგან იცოდნენ, რომ მეუღლე პროფესიით მსახიობია და თან, კარგად მღერის. მეუღლესთან ერთად ეკრანზე გამოჩენა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. წყვილის სიმღერა კიდევ სხვა სითბოა, ოჯახური განწყობა ახლავს თან და ეს ორმაგად საპასუხისმგებლოა. თან ჩემთვის ეს განსხვავებული ამპლუაა. ფართო საზოგადოების წინაშე დუეტი არასდროს შემისრულებია. თუმცა, ნაკლებად ვნერვიულობდი, რადგან მეუღლე პროფესიონალი მსახიობია. მართალია, დიდი პაუზა ჰქონდა, მაგრამ სასცენო გამოცდილებაც აქვს და სატელევიზიოც. პროექტშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ადრე იმედზე გადიოდა, „იმედის ტალღას“ ვგულისხმობ.

– ვინ არის ლიდერი თქვენს პროფესიონალურ ტანდემში?

– (იცინის) მგონი, ხელოვანი ადამიანები უფრო მეტს კამათობენ, ვიდრე პოლიტიკოსები. ჩვენც სულ ვკამათობდით, მაგრამ ბოლოს რაღაცაზე შევჯერდებოდით ხოლმე. ლიდერის პოზიცია ლელუკამ დაიკავა, რადგან ყოველთვის ის იმარჯვებდა, მე ვუჯერებდი, რადგან ისეთ რჩევებს მაძლევდა, რომელიც ნამდვილად იყო გასათვალისწინებელი.

– „თეატრალური კვარტეტის“ ბიჭები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს, ხომ არ იეჭვიანეს თქვენს ახალ პარტნიორზე?

– არა, სხვათა შორის (იცინის). მე ამ ბიჭებთან ერთად 19 წელია, მოვდივარ და ჩვენ ჩვენი ოჯახებით, ფაქტობრივად, ერთი დიდი ოჯახი ვართ. არც გაჰკვირვებიათ, რადგან იცოდნენ ლელუკას შესაძლებლობების შესახებ. ყველას გაუხარდა, აქტიურ სიმღერას რომ დაუბრუნდა და ახლა შეუძლია, სოლო კარიერაზეც იზრუნოს.

– როგორია თქვენი და თქვენი მეუღლის ოჯახის ისტორია?

– ჩვენი ამბავი 18 წლის წინ დაიწყო. ათი წელია, მეუღლეები ვართ. ერთ-ერთ პირველ რეპეტიციაზე დათო არჩვაძემ, რომელიც მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი იყო, მოიყვანა თავის ბავშვობის მეგობარი – ლელუკა. მაშინ გავიცანით ერთმანეთი და ყველაფერი იქიდან დაიწყო. ჩემი აქტიურობა რვა წელი გაგრძელდა.

– თავიდანვე გაგიჩნდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება?

– ვაღიარებ, თავიდანვე გულში ჩამივარდა, მაგრამ რვა წელი მაწვალა. დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც გავიმარჯვე (იცინის). ის წლები რომ მახსენდება, მეღიმება და ტკბილად მახსენდება, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მაშინ ძალიან ტკბილი იყო. თუმცა, ალბათ, ესეც უნდა გამოიაროს ადამიანმა, რომ დააფასოს გრძნობა, რომელსაც ღმერთის სჩუქნის. რაც დრო გადის, განვლილი პერიოდი უფრო ძვირფასი ხდება. ის რვა წელი, რომელიც ერთად გავიარეთ, თუ მარტომ გავიარე, არ ვიცი ზუსტად როგორ დავარქვა, განსაკუთრებით ძვირფასია და ტკბილად მახსენდება (იცინის).

– ამდენი წლის განმავლობაში ხელი არც ერთხელ არ ჩაგიქნევიათ?

– არა, ხელი არასდროს ჩამიქნევია, რადგან გამოუსწორებელი ენთუზიასტი ვარ. უკან დახევა არ მჩვევია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ყველას ვუსურვებ, რომ სიყვარულისთვის ბრძოლაში ფარ-ხმალი არ დაყარონ. მომავალში ეს აუცილებლად ტკბილად გაახსენდებათ.

– ბოლოს რა გააკეთეთ ისეთი, რომ მიზანს მიაღწიეთ?

– ნამდვილად არ ვიცი, რა გავაკეთე (იცინის). ალბათ, ისევ ის ვიყავი, ვინც ყოველთვის. არ შევცვლილვარ და არც არასდროს შევიცვლები. სულ ვცდილობ, კარგი საქმე ვაკეთო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რვა წლის შემდეგ ისეთი სასწაული მოვიფიქრე და გავაკეთე და უცებ ჩემში რაღაც განსაკუთრებული დაინახა. ასე არ ყოფილა, ჩვეულებრივად ვიქცეოდი და ალბათ, დაინახა, რომ შეუცვლელი და შეუპოვარი ვიყავი, მებრძოლი ხასიათი მქონდა და ალბათ, ამით მოიხიბლა, თორემ გარეგნობით ნამდვილად არ მოვეწონებოდი (იცინის).

– ქორწინება როგორი აღმოჩნდა?

– ჩვეულებრივი ქართული ტრადიციული ოჯახი გვაქვს. გვიყვარს სტუმრები, უამრავი მეგობარი გვყავს და ფაქტობრივად, ყველა დღეს მათთან ერთად ვატარებთ. ვზრუნავთ ერთმანეთზე. ვაღიარებ, ლელუკა უფრო მეტად ზრუნავს ჩემზე და ორივეს ყველაზე დიდი საზრუნავი ჩვენი შვილები არიან. რაღაცებში არ ვეთანხმებით ერთმანეთს და ვკამათობთ კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში, კამათიც, ურთიერთშეთანხმება თუ შეუთანხმებლობა ჯანსაღ ურთიერთობას ქმნის.

– ლელუკას რომ პროფესიული თვალსაზრისით ამხელა პაუზა გამოუვიდა, თქვენი ბრალიც ხომ არაა?

– საერთოდ, მამაკაცებს ბრალდებათ ხოლმე ასეთი რამეები. გამოგიტყდებით და, არ მიყვარს, როცა ადამიანს აქვს ნიჭი, მაგრამ არაფერს აკეთებს და დროს კარგავს. ასეთი ადამიანების არ მესმის. ლელუკას ეს არ ეხება, მაგრამ ვაღიარებ, რომ ცოტა ზარმაცი არის და შეეძლო, ბევრი რამ გაეკეთებინა. ამის ხასიათზე ახლა მოვიდა და მინდა, ყველანაირად შევუწყო ხელი. ალბათ, მეც მეტი უნდა გამეკეთებინა მისი კარიერული წინსვლისთვის, თუმცა ხელი არაფერში შემიშლია. არა მგონია, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ მაინც მე დამბრალდება, მივიღებ და ბოდიშსაც მოვიხდი (იცინის).

– კვარტეტის წევრები განებივრებული ხართ მსოფლიოში ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებით. მინდა, მონიკა ბელუჩისთან შეხვედრა გავიხსენოთ...

– 19 წლის განმავლობაში „თეატრალურის კვარტეტს“ უამრავ ცნობილ ადამიანთან ჰქონდა შეხვედრა არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. ამით ნამდვილად განებივრებული ვართ, საოცარ ადამიანებთან გვქონია ურთიერთობა – ჯონ მალკოვიჩი, ნიკოლას ქეიჯი, გალიანო, ერიკა ბადუ, კრის ბოტი და სხვები. მონიკა ბელუჩის ერთ-ერთ ქვეყანაში შევხვდით. ჩვენი კონცერტი მის სტუმრობას დაემთხვა. კონცერტზე მობრძანდა, სადაც ჩვენ „სულიკო“ შევასრულეთ, რომლის მოსმენისასაც მას ცრემლები წამოუვიდა. შემდეგ გვკითხა, საიდან ვიყავით და დავპატიჟეთ კიდეც საქართველოში. რა თქმა უნდა, ისიც ავუხსენით, როგორი ოქროს ქვეყნიდან ვიყავით და თუ გვესტუმრებოდა, სიამოვნებით ვუმასპინძლებდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი