როგორ აპირებს რუსკა ხვედელიძე ათასობით ადამიანის ემოციის გაზიარებას და რის გამო დადის ის თბილისის ქუჩებში ორი სკამით
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 18.06

რუსკა ხვედელიძემ სატელევიზიო სივრცეში სტუდენტობის დროს შედგა ფეხი და მას შემდეგ, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა ტაიმ-აუტებს, თავის პროფესიაში აქტიურად იყო ჩაბმული. ახლახან რუსკამ სოციალურ ქსელში თავისი ახალი ვლოგი დააანონსა, პრომოც დაიდო, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
რუსკა ხვედელიძე: მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა, სიახლე შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის. შევთანხმდით იმაზე, რომ ადამიანის ემოცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ემოციაა ეს – კარგი, ცუდი, ნეგატიური თუ პოზიტიური. მოკლედ, ემოცია ყველას გვაქვს და არ არსებობს მსოფლიოში ადამიანი, ვისაც არ აქვს რაიმე სათქმელი, რომლის ხმამაღლა გაჟღერებითაც გულს მოიოხებს. შესაბამისად, გაჩნდა იდეა, ბევრი აღარ გვიფიქრია, მეორე დღესვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ექსპრომტად გავაკეთეთ ახალი ვლოგი – „რისი თქმა მინდა“, სადაც ნებისმიერ ადამიანს ეძლევა საშუალება, თქვას, რაც უნდა. ეს ვლოგი არ იქნება პოლიტიკური, ანუ, პოლიტიკის გარდა შეეხება ნებისმიერ თემას. ეს შეიძლება, იყოს სოციალური თემა, გაუმხელელი სიყვარული, ან ისეთი სიყვარულის ისტორია, რომელიც დიდ ემოციას იტევს ან ადამიანი მოჰყვება, რაზე დასწყდა გული, მოკლედ, ჩვენს ვლოგში ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სტუმრები არ იქნებიან ცნობილი ადამიანები, მაგრამ ჯერ ვლოგს არაცნობადი ადამიანების ისტორიებით ვიწყებთ. ეს პროექტი იმით არის განსხვავებული, რომ აქ არ არის ის შეზღუდვა, რომ უნდა იყვნენ „ფეისები“, ან კონკრეტული ადამიანები, ანუ ნებისმიერი, „რენდომ“ ადამიანი ჯდება სკამზე და იტყვის იმას, რისი თქმაც უნდა. ასე რომ, თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, შეგიძლიათ, ჩვენს სკამზე დასხდეთ, მოგვიყვეთ და საზოგადოებამდე მიიტანოთ ის სათქმელი, რისი თქმაც გსურთ. ჩემი სავიზიტო ბარათი არის ორი სკამი და თბილისის ნებისმიერ ლოკაციაზე ამ ორი სკამით ვივლით, გავშლით ამ ორ სკამს და შესაბამისად, ვისაც უნდა, დაჯდება სკამზე და ისაუბრებს ნებისმიერ ღია თემაზე, კიდევ ვამბობ, პოლიტიკის გარდა. ჩვენ გვაქვს „ჰეშთეგი“, რომელიც ასევე, ჩვენი სავიზიტო ბარათია. მას აწერია „რისი თქმა გინდა“ და თუ სადმე დაინახეთ და იქვე სკამიც დგას, ესე იგი, შეგიძლიათ, ჩამოჯდეთ და ისაუბროთ გულღიად. ასე რომ, თბილისის ნებისმიერ უბანში მიხილავთ წარწერით – „რისი თქმა მინდა“. ვფიქრობ, იდეა კარგია, ყველა სეგმენტზეა გათვლილი და საზოგადოებას ძალიან მოეწონება.
– ადამიანს რომ შენი სათქმელი გაანდო, მას უნდა ენდობოდე. როგორ გგონია, რატომ გენდობიან უცხო ადამიანები?
– ადამიანებს არ ვატყუებ და ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი კარიერის არცერთ მომენტში არ ყოფილა ტყუილი. ვარ გულწრფელი და რესპონდენტი ჩემთვის ძალიან დასაფასებელია. მიყვარს კომუნიკაცია, ადამიანები, მათთან ურთიერთობა და მათი ემოციების გაზიარება. ამიტომ უნდა მენდონ და გადამიშალონ გული ნებისმიერ თემაზე. როცა გულს გადამიშლიან, იმ ემოციას მეც გავიზიარებ. ადამიანი რომ საუბრობს, მას გულით უნდა უსმინო და მე აუცილებლად გავიზიარებ ნებისმიერი მათგანის პოზიტიურ, ნეგატიურ, სევდის მომცველ თუ სასიხარულო ემოციას, რაც ადამიანებს გვაერთიანებს. იმედი მაქვს, ბევრი უყურებს და ბევრი გაიზიარებს ამ ემოციებს. ყველას გვაქვს გულში რამე ისეთი, რომლის თქმაც დავიგვიანეთ ან საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ მოვხვდით ან რამის გამო თავს ვიკავებდით. მაგრამ, წლების მერეც შეგვიძლია, ეს ვთქვათ და სხვას იქნებ მაგალითად გამოადგეს. ამის საშუალებას ჩემი ვლოგი იძლევა. შეუძლიათ, მადლობაც გადაიხადონ, ემოცია გამოხატონ, ნებისმიერი სათქმელი თქვან, რაც აქვთ გადმოსაცემი საზოგადოებისთვის, დედისთვის, მამისთვის, შვილისთვის, მეგობრისთვის... არ აქვს მნიშვნელობა - რაც გულით უნდათ, ის ემოცია გამოხატონ.
– გახსნილი საუბრისთვის რამდენი წუთი აქვს ადამიანს გამოყოფილი თქვენს ვლოგში, თუ დრო შეუზღუდავია?
– კონკრეტული დრო არ გვაქვს განსაზღვრული. ეს არ არის გადაცემა და ალბათ, 5-7-10 წუთი საკმარისია, გააჩნია, ვის რა აქვს მოსაყოლი, იმის მიხედვით. ასევე, ადამიანებს შეუძლიათ, მოგვწერონ სად მივიდეთ, თბილისის რომელ უბანში, რომელ ლოკაციაზე და ჩვენ ყველგან მივალთ მათ მოსასმენად და ჩასაწერად. სხვათა შორის, როცა პრომო დავდეთ, რამდენიმე ადამიანმა მალევე მოგვწერა, გვაქვს სათქმელიო და ეს ადამიანები უკვე ჩავწერეთ. ასე რომ, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადამიანისთვის ჩვენი ვლოგის კარი ღიაა. ვლოგი დაიდება „იუთუბზე“, „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკზე“, მხოლოდ ინტერნეტპლატფორმებზე.
– შენს საქმიანობაში იყო გარკვეული ტაიმ-აუტები. რამდენად მტკივნეული იყო საყვარელ პროფესიაში დროებითი პაუზა და რამდენი ხანი გრძელდებოდა?
– რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ადამიანი, ხდება დროებითი ტაიმ-აუტები. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა მტკივნეული არ ყოფილა. რასაკვირველია, უსიამოვნოა, როცა პროფესიაში ტაიმ-აუტის აღება გიწევს და ნამდვილად არ არის გასახარელი, მაგალითად, როცა გადაცემას ხურავენ, მაგრამ ყველა ადამიანი ვაანალიზებთ იმას, როცა ერთი რაღაც სრულდება, მეორე კარი იღება, შეიძლება, შენი თვითგანვითრებისთვის უკეთესი.
– ფიქრობ, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს?
– რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს. შეიძლება, რაღაცაზე გული გვწყდება, ეს ასე რატომ არ იყო, ის – ისეო, თუმცა, წლები რომ გადის, ვხვდებით, რომ იმ მომენტში კი იყო მტკივნეული ეს ყველაფერი, რაც არ მოგვწონს და არ გვსიამოვნებს, მაგრამ სამომავლო პერსპექტივისთვის ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც ჩვენთვის უკეთესია. ცოტა გვიან ვხვდებით, რატომ მოხდა გარკვეული მომენტი ჩვენს ცხოვრებაში, როცა ნერვიულობა და განცდა ჩავლილია.
– შენს ვლოგს ჰქვია „რისი თქმა მინდა“. ახლა რომ ავიღოთ სკამი, გავიდეთ თბილისის ნებისმიერ უბანში, დავსხდეთ სუფთა ჰაერზე, ლამაზი ხედების ფონზე ერთმანეთის პირისპირ, რას მომიყვებოდი, რისი თქმა გსურს?
– კარგი კითხვაა (იცინის). დავფიქრდი და გეტყვით: ადამიანებს, ვისაც გვგონია, რაღაც მომენტში რაღაც ცუდად გამოვიდა, გული დაგვწყდა, ან დავიგვიანეთ, ან „გავმაზეთ“ რამე...
ვფიქრობ, გვიან არაფერი არ არის და შესაბამისად, უნდა გავაანალიზოთ. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, გავაკეთოთ ის, რაც გვსურს. ეს ჩემი მთავარი სათქმელია.
– ზოგადად, ეს მთავარი სათქმელი გასაგებია, მაგრამ შენს ვლოგში ხომ ადამიანები კონკრეტულ ისტორიას გიყვებიან?
– კი, ბატონო, გეტყვით, რისი თქმაც მინდა. რადგან კარიერასა და პროფესიულ წინსვლაზე ვისაუბრეთ, ამ თემას შევეხები. გეტყვით, რომ ერთი ადამიანის წყალობით გამიმართლა. 18 წლის ასაკში, როცა პროფესიულ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მე და ჩემი დაქალი მივედით ტელევიზიაში, სადაც არც ვაკანსია იყო და არც გასაუბრება. დაცვამ არ შეგვიშვა და გადავეცით „სივები“, სადაც, პრაქტიკულად, არაფერი ეწერა – სახელი, გვარი და მწირი ინფორმაცია, რადგან გამოცდილება არ გვქონია (იცინის). კიბეზე რომ ჩამოვდიოდით, დაგვეწია დაცვა და გვითხრა: თქვენი სივები შევუტანე პროგრამების ხელმძღვანელს და თქვენთან შეხვედრა უნდაო. გავგიჟდით, გადავირიეთ და რომ შევედით, ეს ადამიანი გამოცდილი ჟურნალისტი, ლიზა ვადაჭკორია აღმოჩნდა. მან სტაჟიორად მუშაობა შემოგვთავაზა: გაძლევთ შანსს და დანარჩენი თქვენზეაო. ამ შანსის წყალობით აღმოვჩნდი ტელევიზიაში და მინდა, საჯაროდ ვუთხრა მადლობა ლიზას ჩემთვის მოცემული შესაძლებლობისთვის. როცა ასეთი ადამიანები არსებობენ, კარს გიღებენ და გაძლევენ შანსს ახალგაზრდას, უდიდესი სტიმულია – ესაა ჩემი მთავარი სათქმელი. იმის თქმა მსურდა საჯაროდ, რომ ლიზა არის ადამიანი, რომლის მადლობელიც ვიქნები მთელი ცხოვრება. დღემდე ამ სფეროში ვარ და ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ. ზოგადად, ჩემი ყველაზე კარგი თვისებაა ჰუმანურობა – შემიძლია, ყველა ადამიანს გავუგო. ეს თვისება ძალიან მომწონს ჩემში. თუმცა, არ მომწონს, რომ ზედმეტად ლოიალური ვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან