როგორ ანებივრებს ლაშა რამიშვილი საყვარელ ადამიანებს და ვის უტოვებს ის „ფულიანის“ შთაბეჭდილებას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 21.03

მსახიობი ლაშა რამიშვილი საკმაოდ პატარა ასაკში გახდა დამოუკიდებელი და საკუთარი შემოსავალიც გაუჩნდა. როგორია მისი ურთიერთობა ფინანსებთან, რაში არ ენანება თანხის გადახდა და რა არის მისთვის მთავარი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლაშა რამიშვილი: პირველი ხელფასი 18 წლის ასაკში ავიღე. ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრში დავიწყე მუშაობა, ზღაპრის გმირებს ვთამაშობდი. მაშინ რთული პერიოდი იყო, არც ჩემს ოჯახს ულხინდა და მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა. თუმცა, მანამდე თეატრშიც გამაფორმეს, სადაც 25 ლარი მქონდა ანაზღაურება. პირველი კურსის ბოლოდან უკვე სტიპენდიანტიც გავხდი და თვეში 50 ლარი მქონდა. ნახევარი უნივერსიტეტი ჩემს სტიპენდიას ელოდა, რომ სადმე წავსულიყავით, ორი ჭიქა დაგველია და გვექეიფა.
– ხელფასს განსაკუთრებულ დანიშნულებას ანიჭებდით?
– მთელი ცხოვრებაა ძალიან მხარჯველი ვარ, თუმცა ფულის შეგროვებაც შემიძლია. როცა ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრში ვმუშაობდი, ერთი ზღაპრის გმირის როლის მორგებისთვის ხუთ ლარს ვიღებდი. თუკი სადმე დიჯეი ვიყავი, მაშინ – 20-25 ლარს. თანხას ვაგროვებდი, რომ თვის ბოლოს, კვირა დღეს, ჩემი და დილით კინოში წამეყვანა, შუადღისას საჭმელად – კაფეში და საღამოს – სპექტაკლზე, თეატრში. მარტო ჩემს თავზე არ ვფიქრობდი. მახსოვს, ერთხელ ასე შევაგროვე ფული, 110 ლარი გამომივიდა და დედას ვუყიდე საოჯახო ნივთები. მაშინ 18 წლის ვიყავი. მახსოვს, მაშინ დედამ მითხრა, თურმე, ჩემთვის გამიჩენიხარო.
– მფლანგველი ვარო, თქვით და ეს რაში გამოიხატება?
– ძალიან მფლანგველი ვარ. სახლში თუ ერთი პური გვჭირდება, ექვსი მომაქვს. დედაჩემი და ჩემი მეუღლე ოჯახის მუჭუჭები არიან და ისინი ამბობენ, რომ მფლანგველი ვარ (იცინის). ძალიან მიყვარს ადამიანების მიმართ ყურადღების გამოხატვა, მათთვის ბედნიერების ჩუქება. ვინც ჩემს ოჯახს ცოტა თბილად ეპყრობა, მინდა, მათ მიმართ მეც ყურადღებიანი ვიყო.
– როგორც ვიცი, მეუღლის საჩუქრებით განებივრებაც გიყვართ.
– ძალიან. მაგალითად, ახლაც ვანებივრებ და ჩვენი სახლის მესამე სართულს ვურემონტებ. ჩემი სოფლის სახლსაც შევავლე ხელი, რომელიც დასავლეთში გვაქვს, უზარმაზარი სახლია. მართალია სესხებით, მაგრამ მაინც (იცინის).
– ბანკი, ვალი – როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა. როცა საჭიროა, მივმართავ და სესხს ყოველთვის კეთილსინდისიერად ვიხდი. მე ყოველთვის გაკვირვებით ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, ბანკმა დამახრჩო, მირეკავენო. თანხა რომ მოგცა, მაშინ ხომ კარგი იყო?! ბანკს კი არ ვამართლებ, მაგრამ თანხას რომ უკან დაბრუნება უნდა, ეს ხომ ყველამ ვიცით. საპროცენტო განაკვეთი თუ დაბლა დაიწევს, მაგალითად, როგორც ევროპის ქვეყნებშია, ეს ნამდვილად ძალიან კარგი იქნება.
– თვითონ არ გთხოვენ ხშირად ფულის სესხებას?
– მაგის მეტი რა არის (იცინის). ბოლოს ჩემმა ერთმა ნათესავმა დამირეკა, მითხრა, იქნებ, როგორმე თანხა მასესხოო. ძალიან გამიკვირდა, ეტყობა, ფულიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. არადა, ჩემი ყველა ხელფასი სესხებში მიდის. რომ ვუთხარი, ვერა-მეთქი, ცოტა განაწყენდა. ოთხნიშნა ციფრი მითხრა და ხომ არ გადაირიე, შენი ჭირიმე-მეთქი. ნამდვილად არ მქონდა. სესხიდან სესხზე ვცხოვრობ, ვალდებულება ძალიან ბევრი მაქვს. შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს, მაგრამ მათ ხომ არ იციან, რამდენს ვიხდი ჩემი შვილების სწავლაში, სამი სახლის გადასახადებს ვიხდი, სესხები და ასე შემდეგ.
– რამდენი სამსახური უნდა გქონდეს, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე?
– აბსოლუტურად ყველაფერი გამკლავებადია. თუ ადამიანი მოინდომებს, ათი სამსახური ექნება და ათივეს გაართმევს თავს. მთავარია, შრომისუნარიანობა არ დაკარგოს და სიზარმაცემ არ სძლიოს. ყოველდღიურად საკმაოდ რთული რეჟიმი მაქვს. გადაღება, რეპეტიცია, თეატრი, ეთერი და ასე შემდეგ. ზუსტად ვიცი, ოთხ თვეში რა კორპორატიული მაქვს, რომელ ქორწილში მიწევს თამადობა. მე, ძირითადად, თამადობითა და კორპორატიულის წამყვანობით ვშოულობ ორ კაპიკს. მაგალითად, მაისი უკვე დაკავებული მაქვს. ამას რომ ვამბობ ხოლმე, გიჟდებიან, არადა, ჩემს კალენდარში რომ ჩაიხედოთ, ნახავთ, რომ სექტემბრის ორი თარიღიც უკვე დაკავებული მაქვს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ საკმაოდ მჭიდრო გრაფიკი მაქვს. არც მე და არც ჩემს მეუღლეს შრომა არ გვეზარება. როდესაც სამი შვილი გყავს, ასეა საჭირო.
– რა არის თქვენი ყველაზე კარგი დაბანდება...
– ჩემი შვილების სწავლა. ლაშა-გიორგიში საკმაოდ დიდი თანხა დავაბანდეთ. ღმერთია მოწმე, არაფერს ვიშურებდით. ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში 50-პროცენტიანი გრანტი აიღო, ეს საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომელიც ერთ-ერთი პირველია საქართველოში ეკონომიკის დარგში. იქ მოხვედრაც კი ძალიან ძნელია. რაც შეეხება მართას, ვცდილობთ, კონსერვატორიაში ჩააბაროს, ახლა მასზე ვართ გადართულები.
სამწუხაროდ, ბიზნესის ნიჭი არ მაქვს. თუმცა, იყო მცდელობები. მიწის ნაკვეთი ვიყიდეთ ძალიან კარგ ადგილას, მაგრამ პანდემიის დროს ძალიან გაგვიჭირდა და გავყიდეთ. ძმაკაცები მეუბნებოდნენ, არ გაყიდო, დაგეხმარებით გადახდაშიო, რამდენჯერმე გადამიხადეს კიდეც, მაგრამ შუბლის ძარღვი გამაჩნია და გავყიდე. ახლა ამ მიწის ნაკვეთზე შენობაა, რომელსაც მილიონზე ცოტა ნაკლებად ყიდიან, თავში ვირტყამ ხელებს, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო.
– რამეში ფული „გადაგიყრიათ“?
– ძირითადად, ყველაფერს ვირგებთ, რასაც ვყიდულობთ, თუმცა, დედაჩემი მეუბნება ხოლმე, ძალიან მფლანგველი ხარო. მაგალითად, თუკი სადმე შევედით და მთელმა ოჯახმა ერთად ვივახშმეთ, დედა ამას გადაყრილ ფულს ეძახის. ეს თვეში, მაქსიმუმ, ერთხელ მოხდეს. რომ გამოვიდივართ, დედა ამბობს ხოლმე, არ ჯობდა ახლა სახლში გვევახშმა, რამდენი ფული დაგვეზოგებოდა. ამ თანხით მთელი თვის საკვებს ვიყიდდითო.
– სიამოვნებით რაში ხარჯავთ ფულს?
– წელიწადში ერთხელ, ჩემს ოჯახს იმის საშუალებას ვაძლევ, რომ საზღვარგარეთ წავიდეთ სამოგზაუროდ. ისიც ლატარიებით ნაგროვები ფულით (იცინის). დეკემბრის ბოლოს პრაღაში ვიყავით. ჩემმა ძმაკაცმა გვიმასპინძლა, იქ საოცარი რესტორნები აქვს. მანამდე მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ვიყავით. მოგზაურობაზე ჩვენს თავს უარს არ ვეუბნებით. თუმცა, სადაც ჩავდივართ, სამეგობრო და საახლობლო გვხვდება და უმეტესწილად ისინი გვპატრონობენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან