შოუბიზნესი

როგორ ანებივრებს ბელა ალანიას მეუღლე დაბადების დღეებზე ორიგინალური საჩუქრებით და რატომ გადატვირთა მან 50 წლის შემდეგ ცხოვრება

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 07.04

ბელა ალანია
დაკოპირებულია

რამდენად უყვარს საკუთარი დაბადების დღე ბელა ალანიას, როგორ გამოსდის მეუღლისთვის სიურპრიზების გაკეთება შალვა ნათელაშვილს და რა არის ქალბატონი ბელას ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბელა ალანია: 3 თებერვალი, ანუ, ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს. არ გიყვარდეს დღე, როდესაც ამქვეყანას მოევლინე, ეს უფლისადმი უმადურობას ნიშნავს. ეს არის მისგან მონიჭებული სიცოცხლე, რომელიც მადლიერებმა სიკეთესა და სიყვარულისთვის უნდა მოვიხმაროთ.

ვერ გეტყვით, რომ დაბადების დღეს ძალიან პომპეზურად ვხვდები, მაგრამ ახალი წლის მსგავსად, ზუსტად 12 საათზე ჩემი ოჯახის წევრებს ჩემთვის სადღესასწაულო ტორტი შემოაქვთ და უფლის ხატთან, მადლიერების ნიშნად, სანთლებს ვანთებთ. ეს ჩვენს ოჯახში რიტუალივით ჩამოყალიბდა.

– წლევანდელი დაბადების დღე როგორი ემოციებით დაგამახსოვრდებათ?

– ყველა დაბადების დღეს აქვს რაღაც დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული. ერთხელ ჩემი ოჯახის წევრები სოფელში წავიდნენ და მე მარტო დავრჩი. ვუთხარი, რომ საჭირო არ იყო ჩამოსვლა იმისთვის, რომ 12 საათს ერთად შევხვედროდით და დამთანხმდნენ. სანთლები რომ ავანთე, ზუსტად მაშინ, ანუ, 12 საათზე მოვიდნენ და მაინც ასე მომილოცეს დაბადების დღე.

ადამიანები ზოგჯერ გამწარებულები იტყვიან ხოლმე, დაიწვას ჩემი გაჩენაო... ძალიან მტკივნეულია ამის მოსმენა. რა დონეზე უნდა გაგამწაროს ყოფიერებამ, რომ ასეთი სიტყვები თქვა. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ბევრია, მაგრამ მსგავსი სიტყვები მაინც არ უნდა ვთქვათ. შვილები ხომ გვყავს, თითო ხე ხომ დავრგით, წყალი ხომ მაინც დავალევინეთ ვინმეს? ესე იგი, ღირდა ჩვენი დაბადება. ყველა ადამიანს განსაკუთრებული მისია აქვს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

– შვილები უკვე გაიზარდნენ, ამ დღეს შეკრებას ოჯახი ისევ ახერხებთ?

– ისეც მომხდარა, რომ სახლში არ ყოფილან, მაგრამ დღეს ისე დაპატარავდა სამყარო და კომუნიკაცია ისე გამარტივდა, ფაქტობრივად, მაინც ერთად ვიყავით.

– მეუღლე როგორ ცდილობს თქვენთვის ამ დღის გალამაზებას?

– შალვა ულევი შესაძლებლობების მქონე ადამიანია, ინტელექტუალი, საინტერესო და იუმორით სავსე. მისი სურპრიზები ყველა ჯერზე განსხვავებულია. ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე ამერიკაში ვიყავით. საღამო მქონდა ვაშინგტონის ბიბლიოთეკაში. უკანა გზაზე ქართველებმა დაგვპატიჟეს და საოცარი ნაყინის ტორტზე დამინთეს სანთლები. ძალიან კარგი დაბადების დღე გამოვიდა. რამდენიმე დღით ადრე, ერთ ლამაზ მაღაზიაში ულამაზესი კაბა ვნახე, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ფასი მეძვირა. რამდენიმე დღე ვაკითხავდი ამ კაბას, შევხედავდი, და უკან ვბრუნდებოდი (იცინის). ერთ დილითაც მივედი და ვნახე, რომ ფასდაკლება ჰქონდა. გულამოვარდნილმა მოვირბინე ნომერში, რადგან თანხა თან არ მქონდა და უკან მისულს ეს კაბა გაყიდული დამხვდა. გული ძალიან დამწყდა, მაგრამ რაღას ვიზამდი, არ ყოფილა ჩემი ბედი-მეთქი. ორ დღეში, ჩემი დაბადების დღეზე, ჩემმა ქმარმა სწორედ ეს კაბა მაჩუქა. ეს ისეთი სასიამოვნო სიურპრიზი იყო... ძალიან გამახარა. მან არც იცოდა, რომ მე ზუსტად ეს კაბა მომწონდა და შემთხვევით შეარჩია. ისეთი განწყობით ვატარებდი, ცივ ზამთარშიც კი არ მციოდა იმ კაბაში (იცინის).

– ასე კარგად გამოსდის სიურპრიზების გაკეთება?

– ძალიან კარგად. ერთხელ ჩემს დაბადების დღეს თვითმფრინავში შევხვდით, რადგან რეისი გადაგვედო. წარმოიდგინეთ, თებერვალია, სიცივე. არადა, მინდოდა, იმ დღეს სახლში ვყოფილიყავი, თან სტუმრები მყავდა მოწვეული, მაგრამ რას ვიზამდით... თვითმფრინავში სტიუარდესა მოვიდა და ძალიან ლამაზად მომილოცა დაბადების დღე. საჩუქარიც გადმომცეს (ასეთი წესი ჰქონიათ) და მათ საჩუქართან ერთად, ჩემი მეუღლის საჩუქარიც იყო შეფუთული... მართლა არ ვიცი, ეს იქ როგორ მოახერხა. სხვათა შორის, მაშინ უამინდობის გამო თბილისმა არ მიიღო თვითმფრინავი და ერევანში დავფრინდით. ერევნიდან თბილისამდე გზა მაშინ პირველად ვნახე. ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი იყო. ისეთი რომანტიკული, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდი. კლდეები, თოვლი, ყინული... ის დაბადების დღე საოცრად დამამახსოვრდა.

– ასაკის მატება, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ ქალები ცოტა მტკივნეულადაც ხვდებიან. თქვენი დამოკიდებულება როგორია?

– ცხოვრების რაღაც პერიოდში, ავადმყოფური შიში მქონდა ასაკის მატებასთან დაკავშირებით. საკუთარი უძლურების მეშინოდა. დრო ჯერ ვერავის შეუჩერებია, ახალგაზრდობა ვის დაუბრუნებია და სარკის შიში დამჩემდა, აღარ მიყვარდა ჩემი საყვარელი სარკე... შემდეგ საერთოდ სხვანაირად მივუდექი ამ საკითხს. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რომელსაც უნდა მოერიო. მივხვდი, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ვისაც უყვარხარ, ყველა ასაკის უყვარხარ. მახსენდება ბებიაჩემი, რომელსაც 89 წლის ასაკში ჯოხი არ სჭერია. სამწუხაროდ, წაიქცა და გარდაიცვალა. პრინციპულად არ უნდოდა ხელჯოხით სიარული და იმდენად ახალგაზრდული სულისკვეთების იყო, გაგაკვირვებდათ. მეუბნებოდა ხოლმე, შენ კი ხარ პატარა, მაგრამ მერწმუნე, დრო ისე სწრაფად გადის, ჩვენ შორის არანაირი განსხვავება არ არისო. მართლაც, დღეს ჩემი შვილები ჩემი მეგობრები არიან, მათი მეგობრები ჩემი მეგობრები გახდნენ. ახლა ბექასა და თაკოს მეგობრებიც მთელი გულით მილოცავდნენ დაბადების დღეს.

მთავარია, როგორ მიუდგები ამ თემას. თუ დაიჯერებ, რომ შენში ბავშვი მარადიულია და შეგიძლია, შინაგანად მუდმივად ბავშვად დარჩე, მაშინ წლებიც უძლური გახდება შენ წინაშე. ასაკი მხოლოდ ციფრებად იქცევა.

გარდა ამისა, ყველაზე ძლიერი ინტელექტური ძალა 50 წლის ზემოთ ადამიანებშია. ახალგაზრდებში – რა თქმა უნდა, მაგრამ ინტელექტისა და გამოცდილების საუკეთესო შეფარდება ამ ასაკში ხდება და ეს საოცრად კარგი პერიოდია. ამ ასაკში ცხოვრების გადატვირთვა ხდება. მე მართლა გადავტივირთე ცხოვრება 50 წლის შემდეგ. ბავშვობიდან ვწერდი. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ 50 წლის შემდეგ მეყო გამბედაობა, ჩემი თავისთვის მეთქვა, რა მოხდა, მოდი, სხვამაც წაიკითხოს ჩემი ნაწერი-მეთქი?! მე ეს მანამდე ვერ მოვახერხე, რადგან ყოველთვის კრიტიკულად ვუდგებოდი ყველაფერს. არ არსებობს რამე, რაშიც ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ძალიან თავდაჯერებული ადამიანები ვერ იზრდებიან. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ 50 წლის შემდეგ წინ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის სიამოვნება ელოდებათ. ამ ასაკში არჩევანი ძალიან დიდია – ზოგი ხატვას იწყებს, ზოგი წერას, ზოგი მუსიკალურ მიმართულებას ირჩევს და ასე შემდეგ... ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ასე რომ, მე არ მეშინია წლების მანამ, სანამ ჩემში გამოზრდილი ბავშვი ბავშვად რჩება.

– პიროვნულად როგორ შეგცვალათ წლებმა?

– უფრო მიმტევებელი გავხდი. ის, რაც ოდესღაც მნიშვნელოვანი იყო, ახლა წვრილმანად იქცა. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, არ იცი, დღევანდელი დღე დაგიღამდება თუ არა, ხვდები, რომ ამ ერთ დღეშიც იმდენი რამ უნდა მოასწრო, რაც 50-60 წლის ასაკში ვერ მოგისწრია. მერე უკვე გეჩქარება. გეჩქარება საყვარელი ადამიანის მოფერება, მეგობრის მონახულება, ტკბილი სიტყვების თქმა, სიკეთის გაკეთება. ყველაფერი უნდა მოასწრო, ხვალ შეიძლება, გვიანი იყოს.

ადრე ვიღაც რომ ცუდად მომექცეოდა, მწყინდა. შეტევაზე გადასვლა არ მჩვევია, ჩემთვის ჩუმად ვიტირებდი, გული მტკიოდა, მაგრამ არ ვიტყობდი. ახლა ეს წყენაც აღარ მაქვს. თუ ვინმემ ძალიან მატკინა, თუ რამე დამიშავა, მე სანაცვლოდ გულს არასდროს ვატკენ.

ერთხელ ერთმა ქალბატონმა პოლიტიკის გამო ძალიან მატკინა გული. მერე ცუდად გახდა. ჩხუბობდა, ყვიროდა, ქვეყანას აქცევდა და წნევამ რომ აუწია, ისე შევწუხდი, ვეფერე, ჩავეხუტე, ვამშვიდებდი. ეს მხოლოდ პოლიტიკაა და არ ღირს სანერვიულოდ-მეთქი. ისეთი გაოგნებული დარჩა. ის მლანძღავდა, მე ვეფერებოდი და ვერ გაიგო, რატომ მოვიქეცი ასე. ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება, გიყვარდეს, როცა თავად სძულხარ. სინამდვილეში, შენი ასეთი დამოკიდებულებით ცდილობ, ისინი უკეთესები გახდნენ. არ გინდა, შენც იმავეთი უპასუხო. შენი სიკეთითა და სიყვარულით ყოველთვის უნდა აჯობო სხვას. სიყვარულს ალტერნატივა არ აქვს. მხოლოდ მისი მეშვეობით შეგიძლია, დაამარცხო ბრაზი თუ სიძულვილი.

რამდენიმე წლის წინ ერთი ქალბატონი გავიცანი და დავმეგობრდით. წლების შემდეგ, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე მითხრა, სანამ ახლოს არ გაგიცანი და ნამდვილი მეგობრები არ გავხდით, მეგონა, შენ ამ როლს თამაშობდიო. მიკვირდა, როგორ შეიძლება, ასე უყუროს სამყაროსო. გულწრფელად გეუბნებით, ეს ჩემთვის კარგია. იცით, როგორი თავისუფალი ვარ შინაგანად, ზუსტად იმიტომ, რომ არავინ არ მძულს?! ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ფინანსურად თუ სხვა მხრივ, ირგვლივ ყველაფრი დაიბლოკა, მაგრამ ამის მიუხედავად, ადამიანებს კეთილი ღიმილისა და მორალური მხარდაჭრის უნარი ხომ გვაქვს?! სიტყვაზე ძლიერი არაფერია დედამიწაზე. როცა ასეთი დაძაბულობაა ჩვენს ქვეყანაში, გაღიმება ხომ მაინც შეგვიძლია ერთმანეთისთვის?! არ გვინდა უარყოფითი ენერგია, თორემ უკან გვიბრუნდება და გვანგრევს. სწორედ ეს გვიკლავს შინაგან ბავშვს. მე ასე მესმის, ასე ვცხოვრობ და მომწონს.

– საუკეთესო საჩუქარზე რა გახსენდებათ?

– მიხარია, როცა ლექსებით მილოცავენ დაბადების დღეს. ვბეჭდავ და ჩარჩოში ვსვამ. ეს უკვდავების ნაწილია, სამუდამოდ რჩება. ასევე, განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს შენთვის დახატული ნახატი, რომელიც ყოველი დანახავისას გაბედნიერებს... წლები ვინახავდი შალვას ერთ საჩუქარს, რომელიც დაახლოებით, 35 წლის წინ მოსკოვში მომართვა. ეს იყო საქართველოდან ჩამოტანილი ენძელები, რომელიც წიგნში ჩავდე და გახმა. ბევრი ხნის შემდეგ რომ ვნაზე, ეს ყვავილები ისევ ფერშეუცვლელი იდო, სასწაული ემოცია გამოიწვია. გამიცოცხლა ის წლები. არის საჩუქრები, რომელიც სიმბოლოების მნიშვნელობას იძენს და არასდროს დაგავიწყდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი