შოუბიზნესი

როგორ ახერხებს ოთხი წლის ნიკე ჩაჩანიძე ხალხის გაოცებას

№9

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 07.03, 2022 წელი

ნიკე ჩაჩანიძე
დაკოპირებულია

ოთხი წლის ნიკე ჩაჩანიძეს, ასაკის მიუხედავად, უამრავი ადამიანი იცნობს. მისი სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ნიკე განსაკუთრებულად ნიჭიერი და ენამოსწრებული გოგონაა, რომელმაც მისდა უნებურად უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი.

ხატია ფარსმანაშვილი (ნიკეს დედა): ნიკეს ვიდეოებს დაბადებიდან ვუღებ, მაგრამ ხალხმა პირველად ჩიკოს ვიდეოთი გაიცნო. ჩიკო ნიკეს თუთიყუშია, რომელიც ამ ვიდეოში თმაში ჩააფრინდა და მგონი, ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა. მეუღლე და მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, ნიკეს „იუთუბი“ და საკუთარი გვერდი გაუკეთე, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს მისი ვიდეოები, რადგან ისინი ყველას განსაკუთრებულად მოსწონსო და ცოტა ხნის წინ ასეც მოვიქეცი. ნიკე ახლა ოთხი წლისაა, მაისში ხუთის ხდება.

– ვინ არიან მისი მშობლები და რომელს გგავთ ნიკე?

– დედა ხატია ფარსმანაშვილი გახლავართ, მამა – ბაჩი ჩაჩანიძე. მე პროფესიით ფოტოგრაფი ვარ, მამიკო მშენებლობაზე მუშაობს, ხელოსანია. ვიზუალურად მამიკოს ჰგავს. ასეთი ნიჭიერი არცერთი არ ვართ, მაგრამ ალბათ, ამითაც უფრო მამას ჰგავს.

– როდის შეამჩნიეთ, რომ თავისი ასაკისთვის გამორჩეული ბავშვი იყო?

– ათი-თერთმეტი თვის უკვე კარგად ლაპარაკობდა. ზოგი სიტყვის სწორად გამოთქმა უჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, შენს ნათქვამ ალტერნატიულ სიტყვას არ გაიმეორებდა, უნდოდა, საკუთარი აზრი თავისებურად გამოეხატა. ყველაფერს მარტივად იმახსოვრებდა და მივხვდი, რომ ნიჭიერი იყო.

– დედაქალაქების დასახელებები როგორ ისწავლა?

– მისთვის ძალით არასდროს არაფერი მისწავლებია. ორი წლისამ 85 ქვეყნის დედაქალაქის დასახელება იცოდა. ზოგადად რაღაცებს ვასწავლიდი და ვუთხარი, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი იყო. ცოტა ხანში ბებოს უთხრა, რომ ეს ისწავლა, საღამოს მამიკო მოვიდა და მასაც ახარა. რომ დაინახა, როგორ გაუხარდა ორივეს, ეს ძალიან მოეწონა და მთხოვა კიდევ მესწავლებინა მისთვის სხვა ქვეყნის დედაქალაქებიც. ასე ავედით 85-მდე.

– ვიდეოებისთვის საუკეთესო მომენტებს არჩევთ თუ მართლა სულ ასეთი აქტიური და ხალისიანია?

– სახლში – კი, მაგრამ გარეთ ზედმეტი ყურადღება არ მოსწონს. უცხო ადამიანები რომ იჩენენ ყურადღებას, უხერხულადაა. ეშინია კიდეც უცხო რომ დაუძახებ ქუჩაში – ნიკე, ეს შენ ხარო. ამ დროს მეხუტება ხოლმე. თუ ადამიანი რამდენჯერმე ნახა და კონტაქტში შევიდა, მასთანაც ისეთივე მხიარულია, როგორიც ჩვენთან, მაგრამ სულ უცხო ადამიანებისგან ყურადღება, მათთან ფოტოების გადაღება ღლის. ცოტა ხნის წინ მითხრა, ნეტავ სწორი თმები მქონდეს, რომ ვეღარ მიხვდნენ, ნიკე რომ ვარო.

– როცა პატარა ბავშვები ხდებიან პოპულარულები, უფროსები განიხილავენ, რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ეს მისთვის. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვენ როგორ ფიქრობთ?

– ორი-სამი წლით უკან რომ დავბრუნდე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი სურვილი იყო, ქვეყნის დედაქალაქების დასახელების ნაცვლად, საბავშვო ლექსებსა და ზღაპრებს ვასწავლიდი. მაშინ ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი, რა მაგარია, ამდენი რამ რომ იცის-მეთქი, მაგრამ ამ გადასახედიდან, უფრო მეტად ბავშვურ რამეებს ვასწავლიდი. მაშინ მეც ეშხში შევედი. პოპულარობას რაც შეეხება, დღეში ათმა რომ გაგაჩეროს, დიდი ადამიანი დაიღლები და პატარა – მით უმეტეს. თუმცა, სხვა მხრივ, ამას არანაირი უარყოფითი არ აქვს ჩვენთვის. ჩვეულებრივად ვცხოვრობთ. ნიკე დიდ დროს არ ატარებს ტელეფონთან. დადის მუსიკაზე, სამოდელოსა და ინგლისურზე. არავისგან არაფრითაა გამორჩეული, გარდა იმისა, რომ ქუჩაში ცნობენ.

– ერთ-ერთი რის გამოც ამ შემთხვევაში მშობლებს აკრიტიკებენ, ისაა, რომ ბავშვებს დადგმული ცხოვრებით აცხოვრებენ. ასეა?

– ნიკეს ძალიან დამოუკიდებელი ხასიათი აქვს. მისგან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ბავშვს ძალით გააკეთებინო ის, რისი გაკეთებაც თავად არ უნდა და არ სიამოვნებს. ჩვენ, მაქსიმუმ, კვირაში ერთხელ გადავიღოთ ვიდეო. არც ტელეფონის გამოყენების უფლება აქვს, ტელევიზორსაც შეზღუდული დროით უყურებს. ის კი არა, თავისი ვიდეოების ხშირად ყურების უფლებასაც არ ვაძლევ. თუ რამე ისეთი გააკეთა, რაზედაც მეც გამეცინა, თვითონაც და მამიკოსაც, ვთავაზობ, თუ გინდა, ეს გადავიღოთ-მეთქი და თუ მისი სურვილიც იქნება, ვიღებთ. ვინმემ შეიძლება, დადგმულადაც ჩათვალოს, ჩვენც გვიკარნახია რაღაც ასე თქვი, სასაცილო გამოვაო, ხან გვიჯერებს, ხან – არა, ზოგჯერ თვითონ უფრო სასაცილო აზრები მოსდის და სიცილისგან ჩვენც ვერ ვიკავებთ თავს. ზოგჯერ მეც მითქვამს: დედიკო, მოდი, ამაზე ისაუბრე ვიდეოში-მეთქი, მაგრამ რასაც ლაპარაკობს აზრობრივად ხვდება. ზოგჯერ რაღაც პრეტენზიები გასჩენია და ვიდეოს ჩაწერა შემითავაზებია, რომ სხვა დედიკოებსაც გაეთვალისიწინებინათ პატარების აზრი, მაგრამ მას უარი უთქვამს და არ ჩაგვიწერია. როცა თვითონ უნდა, მაშინ ვიღებთ, როცა მე მინდა, მაგრამ მას არა, ფოტოსაც ვერ გადავაღებინებ.

– ძალიან ენამოსწრებულია, არა?

– კი, ბაღში განაცხადა მასწავლებელთან, რომელიც კონცერტისთვის ამზადებდა, სიტყვაზე მენდეთ, რომ ლექსი ვიცი და აღარ მომაყოლოთო (იცინის). ტელეფონის გამოყენების უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ვინმე დაურეკავს. ამას წინათ, ბიძამ დაურეკა და გვერდით ოთახში გავიდა, თქვენ ტელევიზორს უყურებთ და ხელს არ შეგიშლით, იქიდან დაველაპარაკებიო. თურმე, მორჩა ბიძასთან ლაპარაკს, ჩართო თამაში და თამაშობს, მაგრამ ჩვენ რომ ვერ მივხვდეთ, ჩვეულებრივად აგრძელებს ხმამაღლა ლაპარაკს, ვითომ ისევ ბიძასთან საუბრობს (იცინის). ინგლისურის მასწავლებელთან უამრავს ლაპარაკობს, იმისთვის, რომ დრო გაიყვანოს მეცადინეობის გარეშე. ერთხელ სიტყვები არ ჰქონდა ნასწავლი და მასწავლებელმა რომ მიზეზი ჰკითხა, ნიკემ უპასუხა, ჩემი დედიკო კინოებს უყურებდა და როგორ მეთქვა, ადექი და მამეცადინეო (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა