როგორ აქებენ ქრისტინე კაპანაძეს ინდოელი პროდიუსერები და რეჟისორები და როდის გაიმართება მისი ჩვენება ინდოეთში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 09.04

ქრისტინე კაპანაძე ინდური კულტურის დიდი გულშემატკივარია და საკუთარ სამშობლოში მის პოპულარიზებას ცდილობს. მას უკვე წლებია, აქვს ცეკვის სტუდია, სადაც ინდურ ცეკვებს ასწავლის, ცოტა ხნის წინ კი, პირველმა საქართველოში, ინდური სამოსის საკუთარი ხაზიც შექმნა.
ქრისტინე კაპანაძე: ცოტა ხნის წინ ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი – ფეშენ-ვიქი, სადაც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელებმა ჩემი დიზაინით შექმნილი ინდური სამოსი წარადგინეს. მოგეხსენებათ, მათი ხელმძღვანელი ეკა მგალობლიშვილი გახლავთ და ჩემი სამოსის ჩვენება სწორედ ჩვენი შეთანხმების შედეგია. მე მაქვს ინდური ბრენდი, რომელიც საქართველოში პირველი ინდური ხაზია სახელწოდებით „განგა ფეშენ-ჰაუსი“. ჩვენ გვაქვს შოუ-რუმი, სადაც წარმოდგენილია, როგორც გოგონების, ისე ბიჭებისა და ბავშვების ხაზი. აღნიშნულ ფესტივალზე ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული დავიმსახურე – „წლის საუკეთესო დიზაინერი“ და ძალიან ბევრი შემოთავაზებაც მივიღე. განსაკუთრებულად აღვნიშნავ ინდოეთიდან მიღებულ შემოთავაზებას. ძალიან მალე ვაპირებთ, ჩემი დიზაინით შექმნილი ინდური სამოსის ჩვენება ინდოეთში გავმართოთ.
როგორც ვთქვი, ეს იყო საერთაშორისო ფესტივალი და გარდა ინდოეთისა, ძალიან ბევრმა უცხოელმა დიზაინერმა გამოხატა აღფრთოვანება ჩემი სამოსის მიმართ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ეს სამოსი მთლიანად ექსკლუზიური იყო და მიხარია, რომ ჩემი ახალი კოლექცია ძალიან მოეწონათ, რასაც მიწვევები მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნიდან.
– ეს პირველი ფესტივალი და ჩვენება იყო დიზაინერის ამპლუაში?
– მანამდე, ჯერ კიდევ ახალი დაარსებული ჩემი ინდური სამოსის ბრენდი ორ ფეშენ-ვიქზე გვქონდა წარდგენილი, ახლა უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარვსდექით, ანუ საერთაშორისო ფესტივალზე პირველად გამოვედით. ამ კოლექციაზე აქტიურად ვმუშაობდი. ძალიან განსხვავებული და კარგი გამოვიდა, ამიტომაც გადავწყვიტე მისი ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
– ინდოეთში როდის იგეგმება ჩვენება?
– ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ინდოეთში ჩვენებაში მონაწილეობისთვის ახლო მომავალში მივემგზავრებით. მზადება უკვე დავიწყეთ. გაგიმხელთ იმასაც, რომ არა მხოლოდ გოგონების, ბიჭების სამოსსაც წარმოვადგენთ. მამაკაცების ხაზი აქამდე საერთაშორისო ასპარეზზე არ გამოგვიტანია და მისი პრეზენტაცია პირველად ინდოეთში მოხდება.
– ახალი კოლექციის პრეზენტაცია, ალბათ, ინდოეთში კიდევ უფრო ემოციური იქნება.
– კი და საინტერესოა, როგორ მიიღებენ ისინი სხვა ქვეყანაში შექმნილ მათ სამოსს. ჩვენ სხვადასხვა ტიპის ინდურ სამოსს ვქმნით, იქნება ეს სარი, კლასიკური მოდელი, ბოლოვუდური სამოსი და სხვადასხვა ტიპის ლუქი. ინდოეთში გამართულ ჩვენებაზე ყველანაირი სამოსი წარდგება და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ის წინა კოლექციაზე უფრო დახვეწილი იქნება. საერთოდ, ყოველი შემდეგი კოლექცია წინაზე მეტად დახვეწული და ექსკლუზიურია.
– როგორი გამოხმაურება აქვს საქართველოში ამ საქმიანობას, ძირითადად, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
– შოუ-რუმში ძალიან ხშირად გვსტუმრობენ როგორც ქართველები, ასევე, ინდოელები. ჩვენი სამოსი ძალიან ფერადი, დახვეწილი და ბრჭყვიალაა. სჭირდებათ როგორც კორპორატიულ საღამოებზე, ასევე, ფესტივალებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე, ტელევიზიებში და ასე შემდეგ.
– ინდოელებს პირველად მიეცათ საშუალება, რომ საქართველოში ინდური სამოსით შეიმოსონ, როგორ გაჩნდა ეს იდეა?
– დიახ, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ამის შესაძლებლობა. პირველი მიზეზი, რის გამოც ჩვენი შოუ-რუმი შეიქმნა, ეს იყო. გარდა ამისა, მე თვითონ მოცეკვავე ვარ, მაქვს ჩემი სტუდია და მინდოდა, განსხვავებული სამოსი მცმოდა, რასაც საქართველოში ვერ ვშოულობდი. ამიტომ გადავწყვიტე, მე თვითონ შემექმნა ინდური სამოსი. ვფიქრობდი, რომ საქართველოში მცხოვრებ ინდოელებსაც სურდათ რაღაც ახალი და განსხვავებული. დღეს ძალიან ბევრი ინდოელია ჩვენი მომხმარებელი. ძალიან დადებითად შეხვდნენ ამ ამბავს და ხშირად გვწერენ, ძალიან გვიხარია, რომ არსებობთ, აქამდე მსგავსი არაფერი გვინახავსო და სიმართლე გითხრათ, იმასაც გვეუბნებიან, რომ ინდური კაბებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მეტ მრავალფეროვნებას ვთავაზობთ, რაც ძალიან მოსწონთ.
– შენს ცხოვრებაში ისედაც დიდი ადგილი ეკავა ინდურ კულტურას, ალბათ, ახლა მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა.
– მე ვარ ინდური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფი. ასევე, მაქვს ჩემი სტუდია, ინდური კულტურის ცენტრი „განგა“, ძალიან ხშირად ვთანამშრომლობ საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებებზე, ფესტივალებზე, ჩართული ვარ კონკურსებში. ახლა უკვე ინდური ბრენდი მაქვს, რაც, საშუალებას მაძლევს, ინდოეთთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი მქონდეს. მინდა, ინდოეთში წავიდე, ჩვენებასთან ერთად, მინდა, ბევრი რამ ვისწავლო და ამისთვის მასტერკლასები გავიარო, შემდეგ კი იქ მიღებული ცოდნა საქართველოში ჩემს სტუდენტებს გავუზიარო და აქტიურად გამოვიყენო სხვადასხვა მიმართულებით.
– 20 წლის ასაკში უკვე ბევრი გაქვს გაკეთებული ინდური კულტურის პოპულარიზაციისთვის, ბევრი დიდი პროექტი გაქვს განხორციელებული. მარტო ახერხებ ამ ყველაფერს?
– ყველაფერთან გამკლავებაში მეხმარება ჩემი დისციპლინა. მოტივაცია, რომელიც დიდი მაქვს. ჩემი წინა წარმატება ყოველთვის დიდი მოტივაციაა მომავალი წარმატებული ნაბიჯებისთვის.
სულ ვცდილობ, უფრო და უფრო მეტი გავაკეთო და კიდევ უფრო წარმატებული გახდეს ჩემი საქმე. ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი მეხმარება. საქართველოში ჩემი სტუდია, შოუ-რუმი, ეს ყველაფერი ემსახურება ინდური კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე, გვინდა, ინდოეთში ქართულ კულტურას გაუწიოთ პოპულარიზაცია. ჩემი მიზანი ამ ორი კულტურის ერთმანეთთან დაკავშირებაა. მე ვყოფილვარ ინდოეთში, სადაც დავესწარი მასტერკლასს, შევხვდი მსახიობებს, პროდიუსერებს, რეჟისორებს და ყველგან ხმამაღლა ვამბობ, რომ ვარ საქართველოდან და ბევრს ვუყვები ქართულ კულტურაზე, ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა და ტრადიციები გავაცნო ამ ადამიანებს, მე კი მათსას ვსწავლობ. მიზანი ჩვენ შორის მჭიდრო კავშირის დამყარებაა. ინდოეთში სამუდამოდ საცხოვრებლად გადასვლაზე არ მიფიქრია, თუმცა მინდა, ამ ქვეყანაში გარკვეული დრო გავატარო, მინდა, იქ ცნობილი მსახიობი და მოცეკვავე გავხდე. ახლა თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ პანტომიმისა და დრამის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ვაპირებ, ინდოეთის ცეკვის აკადემიაში განვაგრძო სწავლა. ინდოელმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა უკვე ნახეს ჩემი ცეკვები და თვითონაც მიმიწვიეს ინდოეთში. მეუბნებიან, რომ ძალიან კარგად ვცეკვავ, მოძრაობები ინდოელებზე კარგადაც კი გამოგდისო და ძალიან უნდათ, მათ ქვეყანაში გავემგზავრო. როცა ინდოეთში ვიყავი, ძალიან ბევრ ცნობილ მსახიობსა და მოცეკვავეს შევხვდი, გავიცანი მსახიობები, ვისაც მთელი ბავშვობა ეკრანზე ვუყურებდი. მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საქართველოში ჩამოსული იყო ჯიმი მითჰუნ ჩაკრაბორტი, ალბათ, ყველასთვის ნაცნობი მსახიობი, 7-8 წლის ასაკში შევხვდი მას და ძალიან მოეწონა ჩემი ცეკვა. ასევე, რიში კაპური, რაჯ კაპურის შვილი, რომელმაც საქართველოში არსებულ ანსამბლებსა და მოცეკვავეებს შორის გამომარჩია და ინდოეთში მიმიწვია.
– როგორ დაიწყო შენი დაინტერესება ინდური კულტურით?
– ბავშვობიდან ვუყურებდი ინდურ ფილმებსა და სერიალებს. ძალიან მომწონდა მათი კულტურა და ტრადიციები. გადავწყვიტე, რომ შემესწავლა მათი ცეკვა და ასეც მოვიქეცი. შემდეგ ჩემი სტუდია დავაარსე. ძალიან ბევრი მოსწავლე გვყავს, ბავშვებიც, დიდებიც. ინდური კულტურა და სიფერადე ძალიან უყვართ და მიხარია, რომ ინტერესი ასეთი დიდია. მე კი მთელ ჩემს ენერგიას ვდებ, რომ ეს ინტერესი ორმხრივი იყოს და მჯერა, დასახულ მიზნებს მივაღწევ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან