შოუბიზნესი

როგორ აიხდინა ოცნება სალომე კახეთელიძემ და რატომ არის მისთვის პროფესიის არჩევა მტკივნეული თემა

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:01 08.07

სალომე კახეთელიძე
დაკოპირებულია

სალომე კახეთელიძე „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერის ერთ-ერთი ულამაზესი და ძალიან პოზიტიური წამყვანია, რომელიც „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

სალომე კახეთელიძე: ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელიც ბავშვობიდანვე ძალიან მაინტერესებდა. პირველ რიგში, მინდოდა, ტელევიზორში გამოვჩენილიყავი და ამ ფერადი სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. მთელი ჩემი ბავშვობა „წამყვანი“ ვიყავი (იცინის). ყველამ, ვინც ბავშვობიდან მიცნობს, იცის, რომ მე ამაზე ვოცნებობდი. როცა ტელევიზიაში გამოვჩნდი, ყველა მილოცავდა, მეუბნებოდნენ, ეს ხომ ის არის, რაც ასე ძალიან გინდოდაო.

პარალელურად, ძალიან მინდოდა, მოცეკვავე და მსახიობი ვყოფილიყავი. ხუთი წლიდან ვცეკვავდი. ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა ეს საქმე. მსახიობობას რაც შეხება, სკოლის წარმოდგენებში ძალიან ხშირად მაკავებდნენ. მერე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეზე „სტუმარ-მასპინძელში“ მივიღე მონაწილეობა და ძალიან ვამაყობ ამით.

საერთო ჯამში, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და მრავალფეროვანი ინტერესები მქონდა. დღემდე ასეთი ცხოვრების ტემპი მაქვს. ჩემთვის ყოველი ახალი დღე ახალი თავგადასავალია, ახალი ადამიანების გაცნობა და საინტერესო ამბების მოსმენა. ეს არ მღლის, ძალიან მაბედნიერებს.

– ამდენი გამოკვეთილი ინტერესის ფონზე, პროფესია როგორ აირჩიე?

– ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მტკივნეული თემაა (იცინის). როდესაც პროფესიის არჩევა გადავწყვიტე, ძალიან ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამომიჩნდა და მითხრეს, არ გინდა ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, ეს არ არის პროფესია, აირჩიე რამე ძლიერი პროფესია და თუ კარგი სპეციალისტი გახდები და შესაბამისი უნარები გექნება, შეგიძლია, კარგი ჟურნალისტიც გახდეო. ასე აღმოვჩნდი ქართულ ფილოლოგიაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტიკისთვის საჭირო უნარები შემეძინა და თან ჟურნალისტიკის გარდა, ცალკე პროფესია მქონოდა. ასე გადაწყდა.

– ჟურნალისტიკას როდის დაუკავშირდი?

– 12-13 წლის ასაკში საყმაწვილო ტელევიზიაში, საბავშვო გადაცემაში ვიყავი და მგონი, მაშინ ბევრი უნარი შევიძინე სტუმრებთან ურთიერთობის კუთხით.

19 წლის ვიყავი, როდესაც „რუსთავი 2-ში“ აღმოვჩნდი. ჩემი ახლობელი მუშაობს ტელევიზიაში მემონტაჟედ. მე ტელევიზიასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ და ერთ დღეს ეს ადამიანი მაღაზიაში შემხვდა. მითხრა, ახალ პროექტს ვიწყებთ და სტაფი გვჭირდება, თუ გინდა, სცადეო. მივედი შოუში კოორდინატორად და კადრს მიღმა საქმეების ორგანიზებას ვაკეთებდი. მთელი ზაფხული ვიმუშავე, რთული იყო, მაგრამ ჩემს ოცნებასთან ახლოს ვიყავი. თუმცა, ზოგადად, მე იმდენად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რომ როცა რაღაც კარგი ხდება, იმ მომენტში განსაკუთრებულ ბედნიერებას ვერ ვგრძნობ. მერე და მერე უფრო ვაცნობიერებ, რა მაგარია. უშუალოდ მუშაობის პროცესში კი მთლიანად საქმეზე ვარ კონცენტრირებული. მახსოვს, რომ ძალიან ვნერვიულობდი კიდეც. თან, გარანტირებული არ მქონია, რომ ამ საქმიანობას მომავალი ექნებოდა.

– მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

– ამ საქმეში მაქსიმუმი ჩავდე, მაგრამ პროექტი დამთავრდა და არავინ შემხმიანებია. ეს ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო. შემდეგ დამირეკა თამთა წურწუამიამ, „პროფილის“ ერთ-ერთმა პროდიუსერმა და მითხრა, ახალ გადაცემას ვიწყებთ და შენნაირი ყოჩაღი გოგო გვჭირდებაო. დავბრუნდი „რუსთავი 2-ში“ და სტუდენტობის პარალელურად, ვმუშაობდი. რაღაც ეტაპზე, მივხვდი, რომ აღარაფერი იცვლებოდა და გადავწყვიტე, წამოვსულიყავი, მაშინ ლევან აბულაძემ მითხრა, არ წახვიდე, დილის პროდიუსერს დაველაპარაკები და იქნებ იქ გადახვიდეო. მანამდე ნათქვამი მქონდა, რომ დილის გადაცემაზე მუშაობა ძალიან მინდოდა. ასე აღმოვჩნდი ლიკუნა ნოზაძესთან, რომელმაც გამომაწრთო, მაშინ ვისწავლე ჟურნალისტიკა და „დილა მშვიდობისა საქართველოში“ ნამდვილი ჟურნალისტი გავხდი. მანამდე კოორდინატორის საქმიანობით შემოვიფარგლებოდი.

– არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ გადაცემის წამყვანი გახდი...

– კი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მანამდე „ნიჭიერის“ ერთ-ერთი ოთახის წამყვანობა შემომთავაზეს და არანორმალური ნერვიულობა დამეწყო (იცინის). თან, ძალიან გამიხარდა, როცა დავინახე, რომ არავის გამორჩენია ჩემი შრომა, ვიგრძენი, რომ ყველაფერს კარგად ხედავდნენ და ამხელა ნდობა რომ გამომიცხადეს, ძალიან ავღელდი. ბევრი ეთერი დამჭირდა, რომ თავი თავისუფლად მეგრძნო. მერე, როცა მითხრეს, გვინდა, ეთერში ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ხარო, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ვცდილობ, დავაფასო და გავამართლო ეს ნდობა და ამაგი.

– დილით ადრე ადგომას როგორ მიეჩვიე?

– ჩემი მაღვიძარა 5:25 საათზე დავაყენე. არ აქვს მნიშვნელობა, საღამოს რომელ საათზე დავიძინე ან როგორი დღე მქონდა, ორსაათ-ნახევრის განმავლობაში, რომელსაც ეთერში მაყურებელთან ერთად ვატარებ, არაფერი მაწუხებს. ეთერის შემდეგ შეიძლება, დაღლაც ვიგრძნო, სიცივეც, ტკივილიც, ანუ ყველა ადამიანური შეგრძნება მიბრუნდება (იცინის). დილით რომ ვდგები და სამსახურში მივდივარ, ჯერ კიდევ ბნელა, მაგრამ ძალიან მოტივირებული ვარ, რომ პოზიტიურად შევხვდე მაყურებელს, რათა დადებითი განწყობა გადავდო მათ.

– რამდენად პოზიტიური ხარ რეალურ ცხოვრებაში?

– მართლა ასეთი ვარ. არ ვცდილობ, თავი განსხვავებულად წარმოვაჩინო. მინდა, სამყარო პოზიტიური იყოს, ვცდილობ, დადებითი ემოციები მივიღო და გავცე. ეთერშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. ჩემი აზრით, მთავარია, დაინახო კარგი ამბები და დააფასო. როცა დადებითზე ფოკუსირდები, მერე მართლა უფრო დიდი დოზით შეიგრძნობ ბედნიერებას.

– კადრს მიღმა რით ხარ დაკავებული?

– ვარჯიში მაბედნიერებს და ვცდილობ, ფიზიკურად აქტიური ვიყო. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა. კვირაში ხუთი დღე მთლიანად სამსახურს ეთმობა, ბევრი რამის სწავლა მომიწია, კიდევ ამ პროცესში ვარ, ამიტომ თავისუფალ დროს, ვცდილობ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გავატარო. ზოგჯერ, უბრალოდ, ენერგიის აღდგენას ვცდილობ (იცინის). ოჯახია ჩემთვის უდიდესი ძალის წყარო და ზურგი. ვცდილობ/ მათთან ერთად გავატარო დიდი დრო და ვარჯიშით ენდორფინების რაოდენობა შევივისო (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა