როგორ აღმოჩნდა ლიზი რამიშვილი მსოფლიოს ოც რჩეულ სტუდენტ მუსიკოსს შორის და როდის ვერ შეიკავა ცრემლები ოთარ რამიშვილმა შვილიშვილის გამო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 19.07, 2022 წელი

მუსიკოსი ლიზი რამიშვილი რამიშვილების ცნობილი ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელია. მან საკმაოდ პატარა ასაკში გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები პროფესიული განვითარებისთვის და მუსიკალური ოჯახის ტრადიციას ძალიან წარმატებულად აგრძელებს.
ლიზი რამიშვილი: რაც თავი მახსოვს, სულ მუსიკა მესმის. ბავშვობიდან ამ სამყაროს ნაწილი ვარ და მარტივი იყო იმის მიხვედრა, რომ ეს სფერო ჩემთვისაც მიმზიდველი იქნებოდა. დედა მევიოლინე მყავს, ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობს. ძალიან პატარა ასაკიდან დავყავდი სპექტაკლებზე და ჩემთვის ორკესტრის ჟღერადობა უცხო არ იყო. ბაბუა - ოთარ რამიშვილი, მოგეხსენებათ, სიმღერების ავტორი, პოეტი და გიტარისტი იყო. მისი დამსახურებით, ჩვენს ოჯახში სულ მუსიკა ჟღერდა და აქედან გამომდინარე, ჩემთვის მისი ჟანრიც ძალიან ახლობელია. მამაც წერს სიმღერებს, გენიალურად უკრავს გიტარაზე, კონსერვატორია აქვს დამთავრებული ალტის განხრით და მისი წყალობით, ამ ყველაფერსაც გავეცანი. ჩემი არჩევანი ჩელოა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახი. როდესაც პატარა ხარ, ყველაფერი გაინტერესებს და მარტოს გიჭირს ჩამოყალიბება. მშობლებმა მომცეს გეზი და შემაყვარეს ეს მიმართულება. თუმცა არაფერი დაუშლიათ. ბავშვობიდან ყველა ჟანრს ვუსმენდი და პატარ-პატარა ექსპერიმენტებიც მქონდა. დრო და დრო მივხვდი, რომ მინდოდა კლასიკურ მუსიკას გავყოლოდი, რადგან მასში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი. მამა ალტზე უკრავდა, დედა – ვიოლინოზე, ბაბუა – გიტარაზე, დედაჩემის დედა – ფორტეპიანოზე და ოჯახში თითქმის ყველა ინსტრუმენტი გვქონდა, გარდა ჩელოსი. ამიტომ ვცადე და გამოვიდა.
– ძალიან პატარა წახვედით სხვა ქვეყანაში სასწავლებლად, თან, სრულიად მარტო. იქნებ, ამ ნაბიჯის პლუსებსა და თანამდევ სირთულეებზე ვისაუბროთ.
– თბილისში ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად გერმანიაში კრონბერგის აკადემიაში მიმიწვიეს. ამას თავის წინაპირობა ჰქონდა – ისინი ყოველწლიურ ფესტივალს ატარებდნენ და ამ ფესტივალზე მე პირველად რასტროპოვიჩის ფონდმა გამიშვა, მეორედ უკვე თვითონ მიმიწვიეს მასტერკლასებზე, რომელიც გავიარე და შემდეგ მკითხეს, ხომ არ ვისურვებდი მათთან სწავლას. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე, 17 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დამეწყო. გერმანიაში რომ ჩავედი, მეგონა, ყველაფერი მარტივი იქნებოდა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ვისაც ამ ასაკში საზღვარგარეთ უსწავლია, ყველამ იცის, რა რთულია პირველი წელი. ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში ვსწავლობდი, სადაც სტუდენტების რაოდენობა ძალიან შეზღუდული იყო და ჩემს პერიოდში მთელი მსოფლიოდან იქ მხოლოდ ოცი რჩეული ახალგაზრდა სწავლობდა. მიხაროდა, რომ მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა. იქ სწავლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ჟენევის კონსერვატორიიდან მივიღე მიწვევა და მერე უკვე შვეიცარიაში გადავედი სასწავლებლად. წელიწად-ნახევარი იქ დავყავი და შემდეგ მადრიდში გადავედი.
– შვეიცარიაში მიწვევასაც დამსახურება უნდოდა.
– გამიმართლა. უნივერსიტეტები საკუთარი ინიციატივით ხშირად ნამდვილად არ იწვევენ სტუდენტებს. ამაში მასტერკლასები დამეხმარა. ვისთანაც მასტერკლასი გავიარე, თვითონ იმ პედაგოგმა შემომთავაზა მასთან სწავლა და მერე, უკვე ეს პედაგოგი წარმადგენდა ხოლმე უნივერსიტეტის წინაშე და უნივერსიტეტი უკვე ოფიციალურად მიწვევდა სასწავლებლად. იმავე სისტემით მიმიწვიეს მადრიდშიც, დედოფალ სოფიას მუსიკალურ აკადემიაში. მკითხეს, ხომ არ ისურვებდი ჩვენთან სწავლასო და როცა ამას თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი გეკითხება, დიდი ბედნიერებაა. რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. ამასობაში, ჩემი პროფესიის გარდა, რამდენიმე ევროპული ენაც ვისწავლე (იცინის). ორი წელი მომიწია იქ ყოფნა. პანდემია რომ დაიწყო, საქართველოში ჩამოვედი და სწავლა დისტანციურად დავასრულე.
– მამა – მიშიკო რამიშვილი, ადამიანი, რომელსაც ორი პროფესიით ვიცნობთ, როგორია როგორც მამა?
– მამა არაჩვეულებრივი ადამიანია. ძალიან ნიჭიერია თავის ორივე პროფესიაში. როგორც მუსიკოსით და როგორც ადვოკატით – ორივეთი ვამაყობ. მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. არაჩვეულებრივ რჩევებს მაძლევს. კარგი მეგობარია, ყოველთვის მხარში მიდგას. მამა არის ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ვენდობი, ვიცი, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნება.
– ბაბუა – ოთარ რამიშვილი. მას თქვენთვის პირველივე მოსმენისას უთქვამს, ეს ყველა რამიშვილს უკან მოგვიტოვებსო, არა?
– კი, ასე უთქვამს, თუმცა პირადად ჩემთვის – არა, მეც მამასგან ვიცი მისი ამ სიტყვების შესახებ. ბაბუა ძალიან ტკბილად მახსენდება. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო დიდთან დიდი ყოფილიყო, პატარასთან – პატარა. ასაკობრივი სხვაობა მისგან არასდროს მიგრძნია. მე დღემდე ძალიან მიყვარს თამაში. რომ დამაინტერესოს, ყველაფერში თამაში უნდა იყოს. ბაბუამ ეს კარგად იცოდა, ამიტომ, დამიჯდებოდა და მეთამაშებოდა. მახსოვს, რომ სულ ვიცინოდით. ძალიან პოზიტიურად მახსენდება მასთან ერთად გატარებული დრო და ძალიან მენატრება.
– როცა მღეროდით და უკრავდით, მაშინ როგორი იყო მისი ემოციები?
– ძალიან ადრეულ ბავშვობაში ვმღეროდი, რაც წამოვიზარდე, არ მიმღერია. ამიტომ, ამ კუთხით, დიდად არ მაფასებდა. ჩელო რომ ავირჩიე, ეს ძალიან უხაროდა. შვიდი შვილიშვილიდან მარტო მე გავყევი მის კვალს, საერთოდ, მუსიკას და ამით ძალიან ბედნიერი იყო. საერთო ენაც მეტი გვქონდა. მეუბნებოდა, არ შეიზღუდო თავისუფლება, რომელიც გაქვს. სცენაზეც და სცენის მიღმაც იყავი ის, ვინც ხარო და მგონია, რომ ეს ყველაზე დიდი რჩევაა, რისი მოცემაც ადამიანს შეუძლია.
– თქვენს კონცერტზე ცრემლები ვერ შეუკავებია...
– ძალიან გამიკვირდა, არ ველოდი მისგან ასეთ ემოციას. როდესაც ჩემს კონცერტზე პირველად მოვიდა, დაკვრის დროს დარბაზიდან გაიპარა და როგორც ბებიამ მითხრა, თვალცრემლიანი იყო – უტირია, როცა მე ვუკრავდი. ძალიან გამიხარდა, რომ მასზე შთაბეჭდილება მოვახდინე. ჩემთვის ის მართლა სამაგალითო ადამიანი იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან