შოუბიზნესი

როგორ აღმოჩნდა იოანა შერვაშიძე მილანის, პარიზის, დუბაის პოდიუმებზე და რით გამოარჩიეს ის ჩინეთში გამართულ კონკურსში 70 ქვეყნის მონაწილეს შორის

№42

ავტორი: ანკა რობაქიძე 14:26

იოანა შერვაშიძე
დაკოპირებულია

ახლახან ჩინეთში საერთაშორისო კონკურსზე – Miss Tourism World – 2025 – ჩატარდა ტალანტშოუ, სადაც 70 ქვეყნის კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. ფინალში მხოლოდ 10 ქვეყანა გადავიდა, მათ შორის, იყო საქართველო. წარმატება წილად ხვდა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პროფესიონალ მოდელს, აჭარის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ხორუმის“ მოცეკვავეს – იოანა შერვაშიძეს.

იოანა შერვაშიძე: 11 წლის ვიყავი, ქალბატონ ეკასთან რომ აღმოვჩნდი. სააგენტომ გამოაცხადა ფოტოკონკურსი, რომელშიც გავიმარჯვე და აქედან დაიწყო ჩემი პარიზის, მილანის, ესპანეთის, დუბაის, ტაილანდის და ასე შემდეგ მაღალი მოდის კვირეულებში მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ „კატრინი“ არის დიდი ოჯახი, სადაც შეიძლება, დაეყრდნო ნებისმიერ „კატრინელს“. ქალბატონი ეკა, რომელიც ჩემი მეორე დედაა, სულ გვასწავლის: „ყველა – ერთისათვის“ და ჩვენც ამ დევიზით ვხელმძღვანელობთ.

– როდის გეწვიათ პირველი წარმატება?

– პირველი გამარჯვება საქართველოს ზანზიბარში მოვუტანე და მახსოვს როგორ მიცემდა გული, საქართველოს დროშას რომ ვაფრიალებდით. „კატრინთან“ ერთად გავიზარდე და დღეს უკვე, ქალბატონ ეკას დამსახურებით, კანის კინოფესტივალზეც კი ვიყავით მიწვეულები, ანასტასია ბაკურაძესთან ერთად. სხვათა შორის, მისი ბრენდის სამოსი გვამშვენებდა. აგრეთვე, მიგვიწვიეს Fashion TV-ს ორგანიზებულ საღამოზე და ინტერვიუც აიღეს... მოკლედ რომ ვთქვა: „კატრინი“ წარმატების გარანტია და ვისაც სურს, სამოდელო სფეროში აიხდინოს ოცნებები, თამამად ვუწევ რეკომენდაციას! თუ შეიძლება, ქალბატონ ეკას მივმართავ: დედა, ძალიან მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის!

– ახლანდელ კონკურსზე რომ გვითხრათ...

– რაც შეეხება ახლანდელ კონკურსს, ვიმყოფებოდი Miss Tourism World – 2025 ჩინეთში, რომლის დირექტორი გახლავთ ქრისტინე ჰუანგი არია და რომლის ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში აქვს სამოდელო სააგენტო „კატრინს“. კონკურსზე ჩემი კანდიდატურა წარადგინეს და ჩინეთში სრული დაფინანსებით გავემგზავრე. ეს არ არის მხოლოდ სილამაზისა და მოდის კონკურსი, 3 კვირის განმავლობაში საორგანიზაციო საბჭო და ჟიური აკვირდებოდა ჩვენს ინტელექტს, თუ როგორ ვურთიერთობდით. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ სამშობლოს პრეზენტაციაც უნდა გაგვეკეთებინა. მე ყანწი მქონდა წარდგენილი, მის არსზე და სტუმარმასპინძლობაზე ვისაუბრე. სხვათა შორის, ეს ყანწი დარჩა ულამაზესი ჩანგდეს მუზეუმში წარწერით: „მის ტურიზმ ჯორჯია“. გვქონდა ნაციონალური სამოსის ტური, ასევე, გაიმართა ნაციონალური ცეკვის ტური. მე ყაზბეგური ცეკვა წარვადგინე, რომელიც ჩემი ანსამბლის (სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ხორუმში“ ვცეკვავ) სოლისტმა ნინა შაშიკაძემ დამიდგა. ნინას უდიდეს მადლობას ვუხდი.

– გვიამბეთ თქვენს შესახებ, პირველად როდის შედგით ფეხი სამოდელო სფეროში.

– როგორც უკვე აღვნიშნე 11 წლის ვიყავი, სამოდელო სააგენტო „კატრინში“ რომ მოვხვდი. ქალბატონმა ეკამ ჩემში დაინახა პოტენციალი და ერთად შევუდექით შრომას. ეს არ არის მარტივი, ძალიან დიდ დროს, შრომას მოითხოვს და რაც მთავარია, უდიდეს კონკურენციას უნდა გაუძლო. თუმცა, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, „კატრინელები“ საქართველოს ღირსეულად წარმოვაჩენთ სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზე.

– ამ მხრივ, ალბათ, წარმატებებიც, ბევრი ყოფილა...

– პირველი წარმატება, ვფიქრობ, „კატრინში“ მოხვედრა იყო, ამის შემდეგ ზანზიბარში გავემგზავრეთ, სილამაზის კონკურსზე, სადაც გავიმარჯვე. შემდეგ იყო უამრავი გამარჯვება თუ ნომინაცია სხვადასხვა ქვეყანაში. ახლაც სხვადასხვა მოდის კვირეულში ვმონაწილეობ.

– მოცეკვავე ხართ, ამ მხრივ მიღწეულ წარმატებებზეც გვიამბეთ.

– დიახ, მაქვს პატივი, ვიყო ბათუმის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე. უკვე სამი წელია და უბედნიერესი ადამიანი ვარ, ვინაიდან ქართული ცეკვა ჩემი სულის ნაწილია და ბედნიერი ვარ, როცა ვცეკვავ.

– რამდენად დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს ეს ყველაფერი?

– ოჰ, ეგ გადმოსაცემად რთულია. მოგეხსენებათ, სკოლაში ვსწავლობ, თან ვცეკვავ, დავდივარ სხვადასხვა წრეზე და თვეში ერთხელ, „კატრინთან“ ერთად, მოდის კვირეულებზე დავფრინავ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროის სწორად გადანაწილება, დისციპლინა და ყველა ადამიანმა უნდა გავითავისოთ – მხოლოდ შრომას მოაქვს შედეგი!

– სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა როგორც პროფესიულად, ასევე, მოგზაურობის თვალსაზრისით, საინტერესოა. შთაბეჭდილებებზეც გვიამბეთ...

– ძალიან გამზარდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობამ, კულტურათა გაცვლამ უცხოელ მეგობრებთან. მასწავლა უცხო საზოგადოებაში ადაპტირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს მეგობრები. ქალბატონ ეკასთან და „კატრინელებთან“ ერთად მოგზაურობამ მომცა თავდაჯერებულობა. ბავშვობიდანვე გავითავისე, რომ განათლება არის მნიშვნელოვანი, რადგან მოდა არ არის მხოლოდ სილამაზე. იყო საზოგადოების წარმატებული წევრი, ავტომატურად ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შესაძლებლობებს.

– რომელ ქვეყანაში იყო უფრო მიმზიდველი პირობები სამოდელო პირობების თვალსაზრისით?

– დავეთანხმები ქალბატონ ეკას და მეც მგონია, რომ პარიზი არის მოდის დედაქალაქი. ასე ფართოდ გამოტანილი და ხელშესახები სამოსში გადმოტანილი ნიჭიერება არცერთ ქალაქში არ მინახავს.

პარიზში ჩვენების დროს სამოსს, თითქოს, მეც სხვანაირად წარმოვაჩენ. თან, ყოველ წუთს ქალბატონი ეკასგან ვიგებთ უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობების შესახებ და ჩვენებიდან ჩვენებაზე გადავდივართ. სულ ვეუბნები, ჩვენი ზეიმი ხართ-მეთქი. ასევე, გამოვყოფ მონაკოს და კანს: წითელ ხალიჩაზე უდიდეს ვარკვლავებთან ერთად გავლა წარმოუდგენელი სიხარული იყო, თავი სიზმარში მეგონა.

– საქართველოში როგორი სიტუაციაა ამ მხრივ?

– მე არ შევეხები სხვა სამოდელო სააგენტოებს. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დიზაინერთან, ტელევიზიებთან, პრესასთან... ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში. ასევე, ჩვენი სააგენტო 2015 წლიდან საქართველოში ატარებს საერთაშორისო სილამაზისა და სამოდელო კონკურსს – ,,მის და მისტერ პლანეტა“. ხოლო 2017 წლიდან World Rising Star-ს. ჩვენ წელიწადში ორჯერ 40-50 ქვეყნის გამარჯვებულს ვმასპინძლობთ, საერთაშორისო ჟიურისა და დელეგაციის თანხლებით. შარშან მე და ესპანეთის წარმომადგენელმა გავიმარჯვეთ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. თუ გსურთ, სამოდელო სფეროში დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი, გაგიცნოთ უამრავი ქვეყნის წარმომადგენელმა, მაშინ აუცილებლად შემოუერთდით ჩვენს გუნდს. სამოდელო სააგენტო „კატრინი“ წარმატების გარანტია!

– რა საიდუმლო გაქვთ, სულ ასეთ იდეალურ ფორმაში რომ იყოთ?

– პირველ რიგში – გენეტიკა. შემდეგ – სილამაზეს მოვლა სჭირდება, უმნიშვნელოვანესია ვარჯიში და კვება. რთული გრაფიკის შემთხვევაში ვარჯიშისთვის დრო რომ გამონახო, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ ვახერხებ და მიხარია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სხვანაირად იმდენად დიდი კონკურენციაა, უბრალოდ, დაიკარგები.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– აბიტურიენტი ვარ, პროფესიას ახლა ვირჩევ. ვინაიდან მათემატიკა ძალიან მიყვარს, სამომავლო პროფესიად აუდიტსა და ბუღალტერიას ვირჩევ. და, რა თქმა უნდა, „კატრინთან“ ერთად გავაგრძელებ სამოდელო სფეროში ყოფნას, ასევე ცეკვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა