შოუბიზნესი

როგორ აღმოჩნდა გაგა მახათაძე ზღაპრებიდან პირდაპირ დიდ სცენაზე და რის გამო გახდა ის „შეფების ლიგის“ გამორჩეული მონაწილე

№13

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:01 08.04

გაგა მახათაძე
დაკოპირებულია

კულინარიული მეგაშოუს – „შეფების ლიგის“ გამორჩეულად მხიარული და პოზიტიური მონაწილე, ახმეტელის თეატრის მსახიობი და ბლოგერი გაგა მახათაძე, ბავშვობიდან დგას სცენაზე. სხვა პროფესიაზე არც კი უფიქრია და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თეატრის დიდ სცენებზე არაერთი სახასიათო და დასამახსოვრებელი როლი მოირგო. ფაქტია, იმერული სისწრაფე და მოხერხებულობა მას, როგორც მსახიობს, გამოადგა და ახლა, ამ ნიჭს „შეფების ლიგაშიც“ ოსტატურად იყენებს.

გაგა მახათაძე: სამი წლის ასაკში აღმოვჩნდი თეატრის სცენაზე, რამაც ჩემი მომავალი პროფესია განაპირობა. ზესტაფონში იყო ტელევიზია და ჰქონდა საბავშვო გადაცემა, სადაც ბავშვები ზღაპრებს ვკითხულობდით. დედა წამიკითხავდა უზარმაზარ ზღაპარს, მე კი, ტელევიზორში რომ გამოვჩენილიყავი, ვიმახსოვრებდი, სხვაპასხუპით ვსწავლობდი და მერე ტელეეთერიდან ვუყვებოდი ბავშვებს. იმ პერიოდში ზესტაფონის თეატრში იდგმებოდა სპექტაკლი, სადაც ბავშვი სჭირდებოდათ. ბაღში მოვიდა ქალბატონი, მოვეწონე და წამიყვანა. შევდგი თუ არა ფეხი სცენაზე, იმ დღიდან მოვიწამლე თეატრით და ვთქვი: მე მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. რომ წამოვიზარდე, მივხვდი, ზესტაფონში, კარიერას ვერ გავაგრძელებდი. მეცხრე კლასიდან მინდოდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება, თბილისში გადმოვედი და სკოლა აქ დავამთავრე. მოკლედ, ერთხელ რომ „მოვიწამლე“ თეატრის მტვრით, იმ დღესვე დაიგეგმა და გადაწყდა ჩემი მომავალი პროფესია – მსახიობობა.

– ზესტაფონში ცნობადი ბიჭი იყავი და დედაქალაქში საცხოვრებლად გადმოსულს გაგიჭირდა?

– ზესტაფონში ყველა მცნობდა, დედაქალაქში ჩამოსულს კი – არავინ. ყველა მსახიობი უარყოფს, მაგრამ, როცა სამსახიობოზე აბარებ, ეს უკვე ხმამაღალი განაცხადია, რომ ხალხს უყვარდე და იყო ცნობადი. სინამდვილეში, ყველას ამიტომ უნდა მსახიობობა. როცა სცენაზე დგახარ, იმიტომ გინდა, დაიხარჯო და კარგად შეასრულო როლი, ხალხმა ნახოს, მათ უყვარდე. თუმცა, პირველ რიგში, სცენაზე რომ დგახარ, თავად უნდა მიიღო სიამოვნება იმ ყველაფრით, რასაც აკეთებ. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და არაფერს ვიშურებ, რაც ჩემს ძალებს არ აღემატება. სხვათა შორის, ახმეტელის თეატრამდე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვიყავი, საიდანაც გამათავისუფლეს, უფრო სწორად, მაშინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გამომაგდო. მაშინ 20 წლის ვიყავი, კარიერას ვიწყებდი და ასე მეგონა, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. მანამდე მოზარდ მაყურებელში ანგელოზს ვთამაშობდი, ახმეტელის თეატრში ანგელოზის შემსრულებელი ბიჭი სჭირდებოდათ, ნანახი ვყავდი დღევანდელ ახმეტელის თეატრის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი გოგიას, დამირეკა და შემომთავაზა, მეთამაშა. მისი მადლიერი ვარ, რადგან მას შემდეგ 12 წელი გავიდა და დღემდე იმ სცენაზე ვდგავარ. მე რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავრჩენილიყავი და არ გამოვეგდე, სულ ზღაპრებში თამაში მომიწევდა. ახმეტელის თეატრში კი ზღაპრებშიც ვთამაშობ და დრამატულ სპექტაკლშიც. ეს კიდევ სხვა ფუფუნებაა. სხვათა შორის, როცა მედეა კუჭუხიძემ ანგელოზის როლში დამაკავა, მითხრა: ახლა ნახე, ქართულ თეატრში სულ ანგელოზის როლებს მიიღებო. და, მინდა, ვუთხრა, გაამართლა (იცინის). დღესაც კი, როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ჩავივლი, გული სხვანაირად ფეთქავს. ჩემს ცხოვრებაში ადვილად, ოფლის გარეშე, არაფერი მოსულა. დღეს სხვა დროა, ხელიც უნდა გაანძრიო და თუ საჭიროა, გაჭენებულ ცხენსაც უნდა შეახტე.

– ამბობენ, ბავშვობიდან დაკომპლექსებული იყავი. რაში გამოიხატებოდა შენი კომპლექსები და როცა თმის გადანერგვა გადაწყვიტე, ესეც ერთგვარი კომპლექსის ბრალი იყო?

– ყველა ადამიანს აქვს კომპლექსები. სცენაზე და ეკრანის წინ მე კომპლექსები არ გამაჩნია, ცხოვრებაში – კი, ბატონო. მაგალითად, როცა მაქებენ, ვწითლდები და ვკომპლექსდები (იცინის). უფრო გარდატეხის ასაკში მქონდა კომპლექსები, მინდოდა, უფრო მაღალი, ჯანიანი ვყოფილიყავი, არადა გამხდარი ვიყავი და მინდოდა, კუნთები მქონოდა. ეს კომპლექსი აღარ მაქვს (იცინის). თმა კი იმიტომ გადავინერგე, რომ ჩემს პროფესიას სჭირდება ხან „კიკინა“, ხან მელოტი, ხან გრძელი და ხან მოკლე თმა. ასე რომ, თმა კომპლექსის გამო კი არა, პროფესიის გამო გადავინერგე. მადლობა დეა პაპასკირს, ბაღჩა-ბაღი მადგას თავზე და ვიქნევ ამ ჩემს თმას ხან მარჯვნივ და ხან – მარცხნივ (იცინის).

– სულ კარგ და მხიარულ განწყობაზე ხარ. როგორ ახერხებ ამას?

– როცა ცუდ ხასიათზე ვარ და მეგობრებთან მივდივარ, ვერ ეგუებიან და არ მპატიობენ ჩემს ცუდ ხასიათს. ამიტომ, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება არ მაქვს, სულ კარგ განწყობაზე უნდა ვიყო, რომ სხვაც პოზიტიურ ტალღაზე დავაყენო. და ამ ყველაფერს არ ვთამაშობ, ბუნებით ასეთი ვარ. ყოველთვის არ ვარ კარგ განწყობაზე, მაგრამ არ ვიმჩნევ, არ მინდა, ჩემს გარემოცვას ეს ჩემი ცუდი განწყობა თავს მოვახვიო. იმ ცუდ რაღაცებს გადაფარავ ადამიანი, თუ კარგ განწყობაზე იქნები და გარშემო მყოფებსაც პოზიტიურ გარემოს შეუქმნი. მე ადამიანებს ასეთი პოზიტიური ვუყვარვარ.

– კულინარიული მეგა-შოუს, „შეფების ლიგის“ ყველაზე მხიარული და პოზიტიური მონაწილე ხარ. როგორ მოხვდი ამ შოუში და თუ გშველის იმერული სისწრაფე და მარიფათი კერძების მომზადებისას?

– „შეფების ლიგაში“ ჩემი მეგობრების წყალობით მოვხვდი. მათ გააგზავნეს ანკეტა და ქასტინგზეც ძალით მიმიყვანეს, ასე ვთქვათ, ძალით „შემიტყუეს“ (იცინის). და აღმოვჩნდი „რუსთავი 2“-ში, ორი უზარმაზარი შეფის წინ. რომ არ მოგატყუოთ, თავიდან ბევრი ვიფიქრე, მაგრამ გავრისკე, გამოვედი ჩემი კომფორტის ზონიდან, მაინც მივედი ბედის საცდელად და ძალიან მიხარია, რომ კომფორტის ზონის გამოკეტვამ და იქიდან გამოსვლამ გაამართლა და დღეს ამ შოუს მონაწილე ვარ. მინდა, „რუსთავი 2-ის“ ყველა თანამშრომელს და ამ შოუს მონაწილეებს გულწრფელი მადლობა ვუთხრა. მათგან უდიდეს მხარდაჭერასა და სითბოს ვგრძნობ. ასე რომ, ყველას ვურჩევ, არ შეგეშინდეთ კომფორტის ზონის დატოვება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ეს ამართლებს. მარტო ვცხოვრობ და მიწევდა კერძების მომზადება. დედაჩემი მეუბნებოდა: გამხმარი პომიდორი რომ მოგცე, ისე დაჭრი, ცოცხლად აქცევო. ჩემს მეგობრებსაც ძალიან მოსწონდათ ჩემი ნახელავი, გემრიელი ხელი გაქვსო. გურმანიც ვარ, ყველაფერი გამომდის და რაც არ ვიცი, ვსწავლობ. იმერული სისწრაფე და მარიფათი კი ამ შოუში ძალიან მშველის. რთულია, ამ შოუს მონაწილეებს კონკურენცია გავუწიო, მაგრამ იქნებ „გავძვრე“ ამ ჩემი არტისტიზმისა და მარიფათის ხარჯზე (იცინის). მიყვარს ახალ-ახალი განცდები და „შეფების ლიგა“ გარდა იმისა, რომ ჩემვის ახალი გამოწვევა იყო, სიახლეცაა და მიხარია, რომ თავს ვართმევ. ხშირად მეკითხებიან, გამარჯვებაზე ფიქრობო? ვუპასუხებ, რომ მე უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან ქასთინგიდან, ამდენი ადამიანიდან მოვხვდი ამხელა შოუში და ბოლოს, 40 კაციდან – 18-ში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №14

7–11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა