შოუბიზნესი

როგორ აღიარეს იზაბელა თოდუა ესპანეთში ყველაზე ლამაზ ქალად და როგორ შეძლო მან დიდი ტკივილის შემდეგ ფეხზე წამოდგომა

№25

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 27.06, 2022 წელი

იზაბელა თოდუა
დაკოპირებულია

იზაბელა თოდუა ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც სილამაზის კონკურსის – „მის ესპანეთი 2022–ის“ გამარჯვეული გახდა, კატეგორიაში +40, მანამდე კი „მის კატალონიის“ ტიტული მოიპოვა.

იზაბელა თოდუა: 12 წელია, ესპანეთში ვცხოვრობ. აქ 29 წლის ასაკში რვა წლის შვილთან ერთად ჩამოვედი. მე, მამაჩემი და ჩემი გოგონა უნდა ჩამოვსულიყავით, მაგრამ მამა წამოსვლამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა. აქ მისი მეგობარი უნდა დაგვხვედროდა, მამას მუშაობა დაეწყო, მე იურიდიულზე მესწავლა, მაგრამ მამა დაიღუპა და ყველაფერი შეიცვალა. ორმოცამდე საქართველოში დავრჩი და მერე, ბევრი ფიქრის შედეგად, გადავწყვიტე, მაინც წამოვსულიყავი. ესპანეთში რომ ჩამოვედი, ყველაფერში მამაჩემის მეგობარი დამეხმარა და მე და ჩემმა შვილმა ბარსელონაში დავიწყეთ ცხოვრება. ბარებსა და ფაბრიკა-ქარხნებში დავიწყე მუშაობა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვს გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, მარტო ვერ დავტოვებდი, ისიც ფაბრიკაში მიმყავდა. უფროსმა ძალიან შემიწყო ხელი და ჩემი დიანასთვის კაბინეტიც გამომიყო. თავიდან ორივეს ენის ბარიერი გვქონდა, ჩემი შვილის სკოლაში უცხოელი მხოლოდ ჩემი გოგო იყო და საბედნიეროდ, მისი კლასელების მშობლები ძალიან გვეხმარებოდნენ ენის სწავლასა თუ სკოლისთვის სათანადოდ მომზადებაში. ჩემმა გოგონამ სამ თვეში ისწავლა კატალონიური და ესპანური ენები და ძალიან მეხმარებოდა საბუთებთან თუ სამსახურთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. ნელ-ნელა მეც ვისწავლე, რამაც აქ ცხოვრება შედარებით გაგვიმარტივა. მე სიმაღლით 190 სანტიმეტრი ვარ. ამიტომ ტასაცმელს ყოველთვის დიდი ზომების მაღაზიაში ვეძებდი, მაგრამ იქ სამოსი უფრო დიდწონიანი გოგონებისთვის ჰქონდათ, მაღლებისთვის კი – არა და შესაბამისად, ყოველთვის მოკლე ტოტიანი შარვლები და მოკლემკლავიანი ზედები მეცვა. ვიყიდდი დიდწონიანი გოგონების განკუთვნილ ტანსაცმელს და ქამრით თუ სხვა აქსესუარებით ვცდილობდი, ჩემს ტანზე მომერგო. როგორც ჩანს, მოსწონდათ, როგორც გამომდიოდა და ქუჩაშიც ხშირად მეკითხებოდნენ, სად შევიძინე ესა თუ ის სამოსი. ერთ დღესაც ერთ-ერთ ასეთ, საკმაოდ დიდ მაღაზიაში მითხრეს, რომ დეფილეს აწყობდნენ და მასში მონაწილეობა შემომთავაზეს. დავთანხმდი და მალე მეორე მაღაზიიდანაც მივიღე შემოთავაზება, ამას მოჰყვა მესამე, მეოთხე... ჩემი ძალიან თავისუფალი ხასიათის მიუხედავად, არანაირი სამოდელო გამოცდილება არ მქონდა და ამ საქმეში ძალიან მორიდებული აღმოვჩნდი, თუმცა ყველა საოცრად კეთილგანწყობილი მეპატიჟებოდა. მასწავლიდნენ, რაც საჭირო იყო და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. როცა რომელიმე მაღაზიის დეფილეზე გამოვდიოდი, რა სამოსიც მე მეცვა, ზუსტად ის, საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდებოდა და ამიტომ, რამდენიმე მაღაზიამ კონტრაქტიც დამიდო. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ფაბრიკასთან ერთად, უკვე მათთანაც ვმუშაობდი. ფაბრიკაში ბევრი შრომა მიწევდა, მაგრამ აქ რომ მოვდიოდი, ყველანაირი დაღლილობა მეხსნებოდა, მსიამოვნებდა ამ საქმის კეთება. თან, ბევრი ხალხი გავიცანი, უამრავი მეგობარი შევიძინე, ენა დავხვეწე. ჩემი სიმაღლით ისედაც ყველა მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მერე უკვე მაღაზიებიდანაც ძალიან ბევრმა გამიცნო. ამასობაში ბარსელონის სხვა რაიონიდანაც წამოვიდა შემოთავაზებები. ერთ-ერთ დეფილეზე ერთმა ქალბატონმა შემომთავაზა სილამაზის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, რომელშიც კონკურსანტები ასაკით +40 ქალბატონები იყვნენ. ამაზე არც კი მიფიქრია და მაშინვე უარი ვუთხარი. ორი თვე იყო დარჩენილი კონკურსამდე და მთელი ეს პერიოდი მწერდნენ, მხვდებოდნენ და ცდილობდნენ, დავეთანხმებინე. ამის შესახებ დედას და ჩემს გოგოს რომ ვუთხარი, გაგიჟდნენ, უარი არ თქვა, ნუ ხარ ასეთი მორიდებულიო და ერთი კვირა იყო დარჩენილი კონკურსამდე, თანხმობა რომ ვუთხარი. ორგანიზატორებს ძალიან გაუხარდათ და იმ დღესვე წამიყვანეს კაბების შესარჩევად, მაგრამ რად გინდა, არცერთი კაბის სიგრძე არ იყო ჩემი სიმაღლის შესაბამისი (იცინის). თან, მითხრეს, აუცილებლად მაღალი ქუსლი უნდა ჩაიცვა, 12-სანტიმეტრიანი და კაბაში ფეხსაცმელი არ უნდა ჩანდესო. მოკლედ, ძალიან გაგვიჭირდა შესაბამისი კაბის პოვნა, მაგრამ ბოლოს ვიპოვეთ სრულიად სადა კაბა. რომ ვნახე, გოგონებს რა საოცარი კაბები ეცვათ, მე ჩემს სადა კაბაზე ცოტა გული მწყდებოდა, მაგრამ დიზაინერი მამხნევებდა, მთავარია, შენ ბრწყინავ, კაბა იყოს სადაო (იცინის). კონკურსი რომ დამთავრდა და ჩემი სახელი გამოაცხადეს, მეგონა, პოდიუმზე კიდევ ერთხელ უნდა გამოვსულიყავი, არადა, თურმე, გავიმარჯვე, მაგრამ იმდენად დაძაბული ვიყავი, უცებ ვერ გავაცნობიერე (იცინის). ასე გავხდი „მის კატალონია“ და ამის შემდეგ სხვა დიდი მაღაზიის წარმომადგენლებმაც დამიდეს კონტრაქტი, დამაჯილდოვეს კიდეც, მათი სარეკლამო სახეც გავხდი. აქ გამარჯვების შემდეგ მითხრეს, რომ მადრიდში უნდა წავსულიყავი და „მის ესპანეთის“ კონკურსზე მეცადა ბედი, ეს კიდევ უფრო პრესტიჟული კონკურსია, მთელი ესპანეთი გაგიცნობსო. ვაიმე, ძალიან არ მინდოდა, ძალიან განვიცდიდი და მერიდებოდა, მაგრამ აქ რომ გავიმარჯვე, ამან სტიმული მომცა და ვიფიქრე, მოდი, იქაც წავალ-მეთქი. აქაც კაბის პრობლემა შემექმნა. იმ პერიოდში აქ, სრულიად შემთხვევით, ლაშა ჯოხაძე გავიცანი და მან მთელი გულით შემომთავაზა თავისი შექმნილი კაბები, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მომერგო. შემდეგ, ჩემმა დიზაინერმა ისევ სადა კაბა შემირჩია, ჩემი ზომა შემიკერეს და ასე გავედი კონკურსზე. აქ, მით უმეტეს, არ ველოდი გამარჯვებას. ესპანეთის სხვადასხვა კუთხის გამარჯვებულები იყვნენ წარმოდგენილები, ისევე, როგორც მე – კატალონიიდან და შესაბამისად, აქ უფრო კარგი და კიდევ უფრო მეტად მომზადებული გოგონები იყვნენ. ჩემი დიზაინერი აქაც მამხნევებდა, შენ სრულიად განსხვავებული ხარო და მეც ვხუმრობდი, ვიცი, რომ მაღალი ვარ-მეთქი (იცინის). მაგრამ ისე მოხდა, რომ მადრიდშიც გავიმარჯვე და „მის ესპანეთი“ გავხდი, რაც დიდი ბედნიერებაა. ამ გამარჯვებასაც საინტერესო კონტრაქტი მოჰყვა დიდ კომპანიასთან, რამაც ძალიან გამახარა. მადრიდში მნიშვნელოვანი შემოთავაზებები მივიღე სამოდელო სფეროში, მაგრამ ჩემი გოგონა ბარსელონაში სწავლობს, მას დაველოდები და რომ დაამთავრებს, რაც მალე მოხდება, ალბათ, მერე მადრიდში გადმოვალთ და ამ შემოთავაზებებს დავთანხმდები.

– 29 წლის ასაკში ძალიან ბევრ სირთულეს შეეჯახეთ, ამ წარმატებების წყალობით, მოახერხეთ იმ იარების მოშუშება, რომლითაც საქართველოდან წახვედით?

– კი, ძალიან რთული იყო. მამა 52 წლის იყო. აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ერთი დღე არ უავადმყოფია, ერთ წამში გარდაიცვალა. ერთი წელი ვაკეთებდით საბუთებს აქ წამოსასვლელად და როცა ყველაფერი მზად იყო, ეს მაშინ მოხდა. მამა მეგობრებს ემშვიდობებოდა, ახალი ცხოვრების დასაწყისს აღვნიშნავდით, მწვადებს ვწვავდით. უცებ მამამ თქვა, ცუდად ვარო, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა – ინსულტი და ტვინში სისხლის ჩაქცევა... მასთან რომ მივირბინე, თვალები გაახილა, დამინახა, მაგრამ დამთავრდა, გარდაიცვალა. მთელი ოჯახი გავნადგურდით. ვერ აგიწერთ, ეს ჩემთვის რამდენად დიდი ტკივილი იყო. არადა, ამ დროს ახალი ცხოვრების დასაწყებად ვემზადებოდით. მე ჩემი შვილის მამასთან დაშორებული ვიყავი და არ მინდოდა საქართველოში გაჩერება, პროფესიით იურისტი ვარ, ადვოკატობა მინდოდა და აქ სამი წელი უნდა მესწავლა, რომ ჩემი პროფესიით მუშაობა შემძლებოდა. მამა ყველანაირად გვერდით მედგა. იმედიანად ვიყავით, მაგრამ უცებ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. მეგონა, მეც მოვკვდი. არ ვიცოდი, რა მექნა. მამა დამეღუპა, ბავშვის მამასთან არ ვცხოვრობ, დავრჩით მე, დედა, ჩემი და და ჩემი შვილი. მამა იყო მთელი ჩვენი ოჯახის საყრდენი, ჩემი და სწავლობდა და რა მექნა? მიუხედავად იმისა, რომ მამის დაღუპვა არ მქონდა ბოლომდე გააზრებული, გადავწყვიტე, მაინც წავსულიყავი, სხვა გზა არ იყო, ოჯახს ასე სჭირდებოდა. აქაც ბევრი სირთულე შემხვდა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გითხარით, ჩამოსვლისას ძალიან დამეხმარა მამას მეგობარი.

– ოჯახის შექმნაზე აღარ გიფიქრიათ?

– არა, ერთადერთი მიზანი მქონდა – ჩემი შვილი წინ წასულიყო ცხოვრებაში, ესწავლა და წარმატებისთვის მიეღწია. საქართველოში დღესაც მინდა ცხოვრება, მარტო მე კი არა, ჩემს შვილსაც. მიუხედავად იმისა, რომ აქ გაიზარდა, არ იყო კარგი გარემო ჩვენთან. მახსოვს სტუდენტობის დროს, როგორი გაჭირვება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ოჯახი არ გვქონია. არ მინდოდა, ჩემი შვილი ასეთ გარემოში გაზრდილიყო. თან, ხომ იცით, ქმარს გაცილებულის სტატუსს მაშინ ცოტა სხვანაირად უყურებდნენ. თან სიმაღლეც რომ გამორჩეული მაქვს, ეს ქუჩაში მამაკაცების ყურადღებას იქცევდა, რაც ძალიან მაღიზიანებდა. 12 წლის რომ გავხდი, სკოლაში უკვე დედა, მამა ან ბიძია მაკითხავდა, რომ გამოვეყვანე. ძალიან არეული პერიოდი იყო და ამ სიმაღლით ყველგან ვჩანდი. ჩემს შვილზეც ვფიქრობდი, რომ მაღალი იქნებოდა და არასასიამოვნო ყურადღებით ისიც გაწვალდებოდა. მაშინ კიდევ სხვა პერიოდი იყო. რამდენჯერმე სცადეს ჩემი მოტაცება და ამის გამო ბევრი შეზღუდვა მქონდა. ეს ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს. გინდა, შენც ისე ლაღად და ბავშვურად იცხოვრო, როგორც შენი მეგობრები და იმ ასაკში არ გესმის, რატომ ვერ ახერხებ ამას. არ მინდოდა, ჩემს შვილსაც დაძაბული ცხოვრება ჰქონოდა, მინდოდა, თავისუფალი ადამიანი გამეზარდა. აქ წამოსვლიდან ერთ წელიწადში დედაც წამოვიყვანე და მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ. დიახ, აქ ძალიან ტკივილიანი ჩამოვედი, სწავლა იყო ჩემი მიზანი, ადვოკატის პროფესია ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხოვრება სხვაგვარად წავიდა და არ გამოვიდა, ოცნება ვერ ავისრულე. თუმცა უფლის მადლობელი ვარ, სულ სხვა, მაგრამ კარგ გარემოში მოვხვდი. საქართველოშიც სულ მეკითხებოდნენ, მოდელი ხარო? აქაც ასეა და მე, ძალიან მეგობრული, აქტიური და იუმორის მოყვარული ადამიანი, სამოდელო სფეროში ძალიან მორიდებული აღმოვჩნდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერი კარგად წავიდა და ამისთვის მადლობელი ვარ უფლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი