შოუბიზნესი

როდის ისწავლა გიორგი ცაავამ ფხიზელი ცხოვრებით „კაიფი“ და რა ტკივილს მიჰყავს ის გათიშვამდე

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 11.01, 2023 წელი

გიორგი ცაავა
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ მსახიობი და მომღერალი გიორგი ცაავა კიდევ ერთი, ახალი ამპლუით გავიცანით. გიორგი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოგევლინა და ამჯერად მაყურებლისთვის თავის გაცნობა ცეკვით სცადა.

გიორგი ცაავა: ჩემთვის სრულიად მოულოდენელად დამირეკა ნოე სულაბერიძემ და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობის მიღება. პირველივე დაუფიქრებელი პასუხი იყო „არა“, რადგან ფიზიკურად არ ვიყავი ამ პროექტისთვის შესაბამის ფორმაში. ჩემს სხეულს არ შეეძლო ასეთი დატვირთვისთვის გაეძლო. შემდეგში ფიზიკური პრობლემები რომ არ შემქმნოდა, ამიტომ ვთქვი მაშინვე უარი. ნოემ მითხრა: მოდი, მოიფიქრე და თუ გადაწყვეტ, რომ გინდა, ძალიან გამახარებო. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ცოტა ხანში დავურეკე (იცინის).

- უარის მიზეზი კონკრეტულად რა იყო?

- მე უკვე ათი წელია, წელის პრობლემა მაწუხებს. სამედიცინო ენაზე რომ ვთქვა, დისკოზი ჰქვია ამ დაავადებას, რაც შესაბამის პრობლემებს იწვევს.

- რამდენადაც ვიცი, ძლიერი ტკივილები ახასიათებს, არა?

- ძლიერი ტკივილები ძალიან მსუბუქი ნათქვამია, ეს არის გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც, ფაქტობრივად, გთიშავს. ვეღარაფერზე ფიქრობ და საკუთარ თავს ებრძვი, რომ არ გაითიშო. ამ პრობლემის სამკურნალოდ პირველი წამალი ცურვაა. გარდა ამისა, უნდა დაიცვა ზოგადი წესები. მაგალითად, არ შეიძლება უცებ წამოდგე ან დაიხარო. არც მძიმის აწევა შეიძლება. ფაქტობრივად, სამ კილოგრამზე მეტის აწევა აკრძალულია.

- რისკი მართლაც დიდი ყოფილა...

- კი და ზუსტად ამიტომ არ მინდოდა, ადამიანებისთვის მეღალატა. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველაფერს, თორემ ცეკვა ძალიან მიყვარს და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი პროექტში მონაწილეობას.

- საბოლოოდ, როგორ დათანხმდი?

- სიმართლე რომ ვთქვა, დავიწყებული მქონდა, ნოემ რომ დამირეკა და ეს შემომთავაზა (იცინის). მერე, რაღაც მომენტში სარკეში ჩავიხედე და ავტომატურად წავიმღერე „ტამ ტარამტა ტარამ ტააამ“. უცებ „დავიჭირე“ ჩემი თავი და მაშინვე ნოეს სიტყვები გამახსენდა.

საერთოდ, რა გამოწვევის წინაშეც არ უნდა დავდგე ცხოვრებაში, ყველაფერი უნდა მივიღო და გავყვე. მე ასეთი ვარ. ამიტომ, ნოეს შემოთავაზება როგორც კი გამახსენდა, მაშინვე დავურეკე და ვუთხარი, თქვენთან ვარ-მეთქი. სწორადაც მოვიქეცი, რადგან, ამ პროექტით დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან დამწყდა გული, რომ ბოლო ცეკვის დროს ასე მოხდა. მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ იქ სიამოვნების მისაღებად მივედი და ასეთი შედეგიც მივიღე. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია.

- როგორ მოგცა ცეკვის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ?

- ვერც წარმოვიდგენდი იმას, რაც გადამხდა. პირველ ტურამდე ათი დღე გვქონდა ცეკვის დასადგამად. მხოლოდ გახურებას ვუნდებოდით 40 წუთი. მერე დღეში ორჯერ საათობით ვვარჯიშობდით. უცებ ყველა ძველმა ტრავმამ იჩინა თავი. ყველაფერი, რაც კი ბავშვობიდან დამმართნია და ასეთი არაერთია, ორგანიზმმა გაიხსენა. თან, 46 წლის და ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ვარ. ვცურავ, თუმცა, დროის დიდ ნაწილს მაინც საჭესთან ვატარებ და ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო.

გამოწვევა მივიღე და რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, ბოლომდე მივყევი. თუმცა არ არის მარტივი, როცა ყოველი კუნთი ისე გტკივა, რომ დილით ვერ დგები.

- ისე, ცეკვასთან როგორ „ურთიერთობ“?

- ცეკვა მიყვარს, ცოტა ხანი ქართულსაც ვსწავლობდი და სამეჯლისოსაც. ასე რომ, ყველაფერი ნულიდან არ დამიწყია.

- მაყურებელმა მოცეკვავე გიორგი როგორ მიიღო?

- ძალიან თბილი მესიჯები იყო და ყველას დიდი მადლობა, ვინც მხარს მიჭერდა. ისინი მათბობენ და სიხარულით მავსებენ. ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეწყვილეს, მზია ორველაშვილს. მან დიდი შრომა ჩადო ამ საქმეში და მოხარული ვარ, რომ ასეთი პროფესიონალი გავიცანი. მას წარმატებებს ვუსურვებ.

- საერთოდ, რისკიანი ხარ?

- ცხოვრების ყველა გამოწვევას ვიღებ. რაც შესაჭიდებელია უნდა მიიღო და შეეჭიდო კიდეც. წინააღმდეგობების გამო საკუთარი გზიდან არ უნდა გადაუხვიო. მოიგებ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ისიამოვნო და სხვებიც ასიამოვნო. მე ყველა გამოწვევას ვეჭიდები და ვუმკლავდები კიდეც.

- როგორც ვიცი, მსახიობი რომ უნდა გამხდარიყავი, ეს ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი გქონდა. ბოლო პერიოდში მუსიკალური თვალსაზრისით ხარ განსაკუთრებით აქტიური. ეს ამბავი საიდან დაიწყო?

–ისევ ახალგაზრდობიდან, 90-იანი წლებიდან. თბილისში არაფერი ხდებოდა, აქტიური ცხოვრება არ იყო, მაგრამ ვახერებდით მუსიკის შექმნას. ჯგუფი გვყავდა, სიმღერებს ვწერდით, მუსიკას ვაკეთებდით - ელექტრო პოპ-მუსიკა გვიტაცებდა.

- რთული წლები იყო, მანკიერი გარემო გარშემო, რასაც ბევრი ახალგაზრდა შეეწირა. მუსიკა იყო თავშესაფარი იმ სიტუაციაში?

- ყველა თავის გზას ირჩევს. მძიმე დრო იყო. რთული, ცივი, მშიერი, მაგრამ ერთმანეთს უფრო მეტად ვუფრთხილდებოდით და პატივს ვცემდით, ერთმანეთის გატანა შეგვეძლო. დღეს სხვა რეალობაა. ბევრი შეეწირა ნარკოტიკთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ დღეს კიდევ მეტი ეწირება. არ იქნებოდა ურიგო მისი მეტად კონტროლი. ახალგაზრდები იღუპებიან ნელ-ნელა.

- მაშინ თუ იდექი საფრთხის წინაშე, რომ წამალზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული არ გამხდარიყავი ან ქუჩა არ აგერჩია?

- საშიშროება ყოველთვის არსებობს, მაგრამ ყველა თავის გზას ირჩევს. ქუჩაში გავიზარდე, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა და პატივს სცემდა. მძიმე ნარკოტიკი ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დამოკიდებულ ადამიანს ვიცნობდი და გარემოც შესაბამისი იყო, არასდროს მქონია ამის ინტერესი. სასმელს რაღაც ასაკში ალბათ, ყველა იღებს, ზოგი იჭერს ზღვარს, ზოგი „ფუჭდება“. თუ ზღვარი არ იცი, მაშინ რატომ სვამ!? მე ალკოჰოლს და მძიმე ნარკოტიკს არ ვიღებ. წლები მიდის, ვიზრდებით, სიბრძნე გვემატება. მეც გავიზარდე და ვისწავლე ფხიზელი ცხოვრებით „კაიფი“. სიმართლეს ვამბობ, ცხოვრებით სიამოვნების მიღება ვისწავლე - ეს ყველაზე მაგარია.

რაც შეეხება ქუჩას, სკოლა რომ დავამთავრე, სამსახიობოზე ჩავაბარე. მიზანი მქონდა და მისკენ მივიწევდი. გარშემო ზოგს განსხვავებული გზა ჰქონდა, ყველას პატივს ვცემდი, მაგრამ მე ჩემი გზით მივდიოდი. შეიძლება, შენს გზაზე ვიღაც დაკარგო კიდეც, მაგრამ მთავარია, საკუთარი თავი არ დაკარგო.

- ცნობილია, რომ ხელოვანთან ცხოვრება რთულია. რას ამბობენ გიორგის მეუღლე და შვილები ამასთან დაკავშირებით?

- არ არის იოლი. ეს პროფესია ნიშნავს აქტიურ ცხოვრებას, ღამის ცხოვრებას. ეს დისკომფორტია, რომელიც მეც მაწუხებს, მაგრამ რა გგონიათ, მეხანძრის ან ექიმის ცოლობა ადვილია? მთავარი იცით, რა არის? - შენს ადამიანს რომ ხედავ და ყველანაირად მშვიდად ხარ. არაფერი გაწუხებს, რადგან შენიანი გყავს გვერდით. თუ ამ სიმშვიდით ხარ, საერთოდ სხვანაირი ხდება ცხოვრება.

- როგორი მამა და მეუღლე ხარ?

- ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა მე და ჩემს შვილებს. უფროსი 25 წლისაა, უმცროსი 18-ის. ბიჭები არიან და მამაშვილური პატივისცემა გაქვს ერთმანეთის მიმართ. სუბორდინაციას არ ვარღვევთ, მაგრამ უპირვველესად, ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები ვართ. რაც შეეხება მეუღლეს, ვარ მეორე ქორწინებაში. ჩემი მეუღლე ჩემი ნაწილი, რომელიც მაბედნიერებს და მაძლევს სტიმულს, რომ გავაბედნიერო ადამიანები ჩემ გარშემოც. როდესაც შენს ნაწილს პოულობ, ყველაფერს აკეთებ მისი ბედნიერებისთვის და ამით შენც საუკეთესოდ გრძნობ თავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა