როდის იფეთქა ჯგუფ „მირაჟის“ წარმატებამ და როგორ შექმნეს ძმებმა დუნდუებმა პატარა ედემი საკუთარ ეზოში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 22.03

ჯგუფი „მირაჟი“ – ძმები შოთა და პაატა დუნდუები, ქართველმა მსმენელმა ბევრი წლის წინ გაიცნო, თუმცა, დროსთან ერთად მათი პოპულარობა არ მინელებულა. ძმები ამჯერადაც ახალი ალბომით წარდგებიან მსმენელის წინაშე და კიდევ უფრო მეტ აქტიურობასაც გეგმავენ.
შოთა დუნდუა: განსაკუთრებული სიახლეები გვაქვს. ახალ ალბომზე ვმუშაობთ, მსმენელი ცოტა განსხვავებულ სტილს მოისმენს ჩვენგან. თუმცა, რასაც მიჩვეულები არიან, არც ის დაიკარგება. ამ ალბომის პირველი სიმღერა უკვე ტრენდშია – პირველი ადგილი ჰქონდა, წარმატებული აღმოჩნდა და ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია.
– ძალიან ბევრი თქვენი სიმღერა უმოკლეს დროში ჰიტდება, რა არის თქვენი საიდუმლო?
პაატა დუნდუა: შრომა, გამოცდილება. ალბათ, არ ვიტყუებით და ველოსიპედს თავიდან არ ვიგონებთ. ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენთან და ჩვენს მსმენელთან ახლოსაა. ყველაზე დიდი საიდუმლო ბუნებრიობაა, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. ჩვენი საიდუმლო სიმარტივეშია. თუმცა, 25-წლიანი გამოცდილებაც ძალიან გვეხმარება.
– რა სიხშირით ახერხებთ კონცერტების გამართვას, მსმენელთან შეხვედრას?
– ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მსმენელთან ურთიერთობაში საკმაოდ აქტიურები ვართ. სოციალურ ქსელში ყველა კომენტარს ვპასუხობთ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვახერხებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ და ბოდიში, თუ ვინმე უპასუხოდ დაგვრჩა. ვცდილობთ, აქტიური ურთიერთობა გვქონდეს იმ ადამიანებთან, ვისაც ვუყვარვართ და პატივს გვცემს. მათდამი ჩვენი პატივისცემაც დიდია. კონცერტებიც გვაქვს, მაგრამ ბოლო პერიოდი ხშირად არ ვჩნდებოდით, მათ შორის, არც ტელევიზიებით. ალბომს დიდი შრომა სჭირდება და პაუზა ავიღეთ სხვა ყველაფრისგან. ახლა დავიწყეთ პრემიერები და მსმენელთან უფრო აქტიურად ვჩნდებით, თუნდაც, ეკრანებზე.
– საქმეებს როგორ ინაწილებთ ხოლმე?
შოთა: ჩვენ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ძმები ვართ და ჩვენი მოვალეობები გამიჯნული არ არის. სპონტანურად ვმოქმედებთ, როგორც სიტუაცია მოითხოვს. ჩვენი ხმის ჩამწერი სტუდია გვაქვს. დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ყველა დეტალი თვითონ გაგვეკეთებინა. როცა მუსიკოსი ხარ და შენს გონებაში კონკრეტული წარმოდგენები არსებობს, სხვა ადამიანმა შესაძლოა, ისე ვერ გაგიკეთოს, როგორც შენ გინდა, რადგან მას თავისი ხედვა აქვს, ვგულისხმობ სტუდიურ სამუშაოებს. ამიტომ ყველაფერს თვითონ ვაკეთებთ და ზუსტად ისეთი გამოგვდის, როგორიც გვინდა და როგორც ვგრძნობთ. შეიძლება, ესეც არის ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. ორივე ერთი ორგანიზმივით ვმუშაობთ.
– მშვიდია მუშაობის პროცესი, კარგად გესმით ერთმანეთის, თუ...
პაატა: პირიქით, ძალიან ხმაურიანია (იცინის). იმდენად ხმაურიანი, რომ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, ძმები რომ არ იყვნენ, ესენი დღესვე დაიშლებიანო (იცინის). საბედნიეროდ, ეს არ გვემუქრება, ჩვენი ჯგუფი ნამდვილად არ დაიშლება (იცინის). თამამად და ამაყად ვიტყვი, რომ არასდროს ვყოფილვართ დაშლის საფრთხის წინაშე. მონდომება, შრომა და ხალხის უდიდესი სიყვარული ყველაფრის მოტივაციაა. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
– როგორია „მირაჟის“ ისტორიის დასაწყისი?
– ყველაფერი, დაახლოებით, 25 წლის წინ დაიწყო. პირველი სიმღერა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა, აფხაზეთზე იყო – „საქართველოს შვილები“. პირველი ჰიტი იყო „პატარა ქალო“ – „წყაროზე ჩაგიყვანს და...“ – ყველა ამას ღიღინებდა, ამას მოჰყვა „აყვავებულა არაგვზე დეკა“ და ასე შემდეგ.
– უცებ იფეთქა პოპულარობამ. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?
შოთა: „პატარა ქალო“ – ეს სიმღერა რომ ჩავწერეთ, 90 პროცენტით დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგ შედეგს მოიტანდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დაახლოებით, ერთ კვირაში გავიგეთ, რომ გადმოწერებში პირველ ადგილზე ჩვენი სიმღერა გავიდა. მაშინ ინტერნტი ძალიან იშვიათობა იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან მოკლე დროში აიტაცეს. გაანალიზებაც გაგვიჭირდა. ამას ძალიან მალე მოჰყვა „აყვავებულა არაგვზე დეკა“, ვერც იტყვი, რომელმა უფრო მეტი წარმატება მოიპოვა. იყო მომენტები, როცა „არ დაიდარდოს“ ჩარტების ათეულში ჩვენი სამი სიმღერა ტრიალებდა. გავხდით „წლის ჯგუფი“, მივიღეთ ნომინაცია „წლის სიმღერა“ და ასე შემდეგ. რაც ქართულ რეალობაში შეიძლებოდა, იმ დროს გაგვეკეთებინა, ყველაფერი მოხდა. ამანაც განაპირობა ჩვენი აქტიურობა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი კიდევ ბევრი წელი გაგრძელდება. თუ ჯანმრთელობა ხელს შეგვიწყობს, ღმერთის ნებით, კიდევ არაერთხელ გავახარებთ ჩვენს მსმენელს.
– გულშემატკივრებისგან, ალბათ, ძალიან განებივრებულები ხართ.
- სოციალურ ქსელში კომენტარებს რომ ჩავყვებით ხოლმე, ისეთ სიტყვებს ვკითხულობთ, რომ გაანალიზებაც გვიჭირს და ძალიან სასიამოვნოა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრების სიტყვებს ვიმეორებ. როცა გწერენ – „თქვენ ხართ ლეგენდა“, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და თავს უხერხულადაც ვგრძნობთ. ამას რომ კითხულობ, თავს ვერ მისცემ უფლებას, რომ მოდუნდე. თუმცა, ამის გამო თავი არასდროს ჩაგვითვლია სხვაზე მეტად, პირიქით, რაც უფრო მეტი სიყვარულია, ჩვენ კიდევ უფრო თავმდაბლები უნდა ვიყოთ. არასდროს გვავიწყდება, რომ ჩვენ ჩვენი მსმენელის გარეშე ვერაფერი ვიქნებოდით, ანალოგიურად ვაფასებთ მათ და უზომოდ მადლიერები ვართ. უდიდესი სიამოვნებაა, ადამიანებს უყვარდე და გაფასებდნენ. ეს ღმერთის საჩუქარია. გულწრფელად გეტყვით, თითქმის ყველა პლატფორმაზე ვართ და არ მახსოვს, რამე კომენტარი წაგვეშალოს ან დაგვებლოკოს ვინმე იმის გამო, რომ ჩვენთან დაკავშირებით ნეგატიური კომენტარი გააკეთა. ამდენი წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა, ნეგატიური კომენტარები არ შეგვხვედრია. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც იმედია, თავს ღირსეულად გავართმევთ.
– სიმღერის გარდა, რით ხართ დაკავებული?
პაატა: ჩვენი გატაცება გვაქვს ბუნების სახით. ჩვენ გვაქვს სოფელი აბაშაში და რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ჩვენი ეზოს გამწვანება. ეს იმდენად დიდი სიამოვნება ყოფილა, ენით ვერ აღვწერ. ბევრი ადამიანი გვეუბნება, ეს კიდევ ცალკე ხელოვნებააო და მართლა ასე ვუყურებთ ამ საკითხს. მუსიკა და ბუნება, ეს არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ საქმესაც ერთად ვაკეთებთ. დაახლოებით, ოთხასამდე მცენარე გვაქვს დარგული, ბაღიც საკმაოდ დიდია. ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, ეს ბაღიც ისეთივე ლამაზია, როგორიც თქვენი მუსიკაო და ეს კიდევ სხვა სიამოვნებაა ჩვენთვის. ადამიანებმა კიდევ სხვა კუთხით დაგვინახეს. ჩვენ ამ სახლში, ამ ბაღში დავიბადეთ და გავიზარდეთ და ვცდილობთ, ძალიან გავალამაზოთ. 6 წელია, რაც ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს წინ. ეს მცენარეები ფინანსურადაც არ მოითხოვს ცოტას და ამ შედეგამდე მოსვლას ფიზიკურადაც დიდი რესურსი სჭირდება, ამიტომ ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ყველაზე დიდი სტიმული, იცით, რა არის? ღამე შუქს რომ ავანთებთ და ბაღში გავივლით, ვსაუბრობთ ხოლმე, ეს ხე აქ მაშინაც იქნება, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ივლიანო. მომავალ თაობებს ჩვენი დარგული ხეებიც დარჩება, ისევე, როგორც მუსიკა. ამ ორ საქმეს ერთნაირი სიყვარულით ვუდგებით და მიგვაჩნია, რომ ორივე ხელოვნებაა. მუსიკისა და ბუნების გარეშე ჩვენი არსებობა ვერ წარმოგვიდგენია.
– სამწუხაროდ, ბევრი არ ვიცით თქვენს ოჯახზე, პირად ცხოვერებაზე და ამაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვით.
შოთა: მართალი ხართ, ამაზე აქამდე ბევრი არ გვისაუბრია. რადგან გვკითხეთ, გეტყვით, რომ მე შვილი მყავს. პაატას კი მეუღლე და შვილი. ჩვენი შვილები ტოლები არიან. ქორწილი ერთ დღეს გვქონდა, ერთად გადავიხადეთ. ცხოვრებაში რაღაცები ისეც ხდება, როგორც არ გვინდა, მაგრამ როგორც მოხდა, იმისთვისაც მადლობელი ვარ. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან