შოუბიზნესი

როდის დაფრინავდა ნუგზარ კვაშალი ბედნიერებისგან და რისი დამკიცება მოუხდა მას მეუღლის უბნისთვის

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00

ნუგზარ კვაშალი
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელ მომღერალს, ნუგზარ კვაშალს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

ნუგზარ კვაშალი: როცა ამის შესახებ გავიგე, უცნაური შეგრძნება დამეუფლა. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თბილისს უკავშირდება და ჩემი ქალაქის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. პირველად ამერიკაში რომ წავედი, თბილისში მინდოდა გამოქცევა. გვითხრეს, გიჟები არ ხართ, გადასარევად იქნებით ამერიკაში და ისევ თბილისში გარბიხართო?! ეს არის დიდი სიყვარული, შეიძლება, ცოტა ავადმყოფობაც და ნოსტალგია, რასაც ჩემი ქალაქის მიმართ ვგრძნობ.

რომ გავაცნობიერე, იმ ადამიანებს შორის ვიქნები, ვინც საპატიო თბილისელის ტიტულს ატარებს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩემ გვერდით იყვნენ ჩემი უსაყვარლესი მანანა თოდაძე, რომან რცხილაძე, დათო ევგენიძე, თეატრალები, მეცნიერები, აკადემიკოსები და ასე შემდეგ და საოცრად ვამაყობდი ამ სიხარულის ასეთ ადამიანებთან ერთად გაზიარებით. ეს პატივიც არ არის, რაღაც სხვა გრძნობაა – ეს დიდი სიყვარულია. ასეთ დროს ყველაფერს აანალიზებ და ფიქრობ, ალბათ, მართლა რაღაც გაგიკეთებია შენი ქალაქისთვის, რომ ასეთი დიდი პატივი მიიღე. მერე ერთმანეთში ვხუმრობდით, რა გვჭირს ამდენი საპატიებელი, საპატიო მოქალაქეები რომ გავხდითო (იცინის). რეალურად, ეს არის ღირსეული სიყვარულის გამოვლინება საკუთარი ქალაქისგან, რაც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.

გაჟღერდა, სულ სამასი კაცია დაჯილდოებული საპატიო თბილისელის ტიტულითო. ავდექი და დავთვალე – 422 კაცია ჩვენი ჩათვლით. წარმოიდგინეთ ამ რაოდენობაში რომ მოხვდები, უდიდესი ლეგენდების გვერდით, რა შეგრძნებაა?! მე 115 კილოგრამი ვარ, მაგრამ დავფრინავდი სიხარულისგან. ცოტა ქარიც უბერავდა და მეგონა, ფოთოლივით გადამაფრიალებდა სადმე (იცინის).

– ალბათ, ბევრი მილოცვა მიიღეთ...

– ტელეფონი გამისკდა. ვეღარ უძლებს ზარებს, მოლოცვებს. ვგრძნობ, რომ გულით მილოცავენ ახლობლები თუ შორებლები. მეც არ დავღლილვარ მადლობების თქმით, ბედნიერი ვარ, რომ ასე იზიარებენ ჩემს სიხარულს. ყველა მეუბნება, შენ აქამდეც უნდა ყოფილიყავი თბილისის საპატიო მოქალაქეო და ამას რომ გეუბნებიან, ესე იგი, სამართლიანად მიიღე ეს სიყვარული.

ჩემი კოლეგები ვახო ტატიშვილი, თემურ წიკლაური, ჯემალ ბაღაშვილი და ასე შემდეგ, მოკლედ, მთელი „ივერია“ საპატიო მოქალაქეები ვართ და თავისუფლად შეგვიძლია დავირქვათ, „თბილისის საპატიო მოქალაქეთა ანსამბლი ივერია“ (იცინის). ასე რომ, ბევრ რამეს ვაპატიებთ ერთმანეთს (იცინის).

– რას ნიშნავს თბილისი თქვენთვის?

– თბილისის რამდენიმე უბანში ვიცხოვრე. რუსთაველზე გატარებული პირველი ორი წელი არ მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი... მერე ვერაზე გადავედით, სადაც ფანტასტიკური ეზო და არაჩვეულებრივი ბაღი გვქონდა. ჩვენ მწვანილის საყიდლად ბაზარში არ მივდიოდით. მეზობელს გადავძახებდით: ძია გიორგი, ტარხუნა მოგვიწყვიტე, ხახვი გვინდა... ისიც ჩავიდოდა და მოგვიწყვეტდა. ზღაპრული სამეზობლო გვყავდა. მერე საბურთალოზე ვცხოვრობდი, იქაც გადასარევი ადამიანები იყვნენ ჩვენ გარშემო. ახლა ვაკეში ვარ. სადაც არ უნდა ვიცხოვრო, თბილისი ჩემთვის თბილისია. გაიზარდა, გაიწელა, შენობები მომრავლდა, იმდენი მანქანა დადის, ქუჩაში ვეღარ გაივლი და რა ამბავიაო, წუხს ბევრი. ჩემს ბავშვობაში, პერსოვკაიას ქუჩაზე რომ ვცხოვრობდი, ფეხბურთს ათ საათამდე ისე ვთამაშობდით, ერთხელ ვჩერდებოდით მანქანის გავლის გამო. კარგია, რომ იმ დროს თბილად ვიხსენებთ, მაგრამ როგორ შეიძლება, ახლაც ასე იყოს? ოცდამეერთე საუკუნეა, ყველას მანქანები ჰყავს, ეს უკვე ფუფუნება კი არა, გადაადგილების საშუალებაა და რა თქმა უნდა, ბევრი იმოძრავებს ქალაქში. იტალიური ეზოებიც ძალიან დიდი ბედნიერება იყო, მეზობლობა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა სულ სხვა დროა და ეს დიდი კორპუსებიც საჭიროა. ასე რომ, როგორი ცვლილებებიც არ უნდა იყოს, თბილისი მაინც თბილისად დარჩება. ხომ ხედავთ, ყველას თბილისში უნდა, რადგან გრძნობენ, რომ ეს სიყვარულის ქალაქია. რა თქმა უნდა, ღალატიც არის, ჩხუბიც, ბოროტებაც, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სიყვარულისა და სილამაზის ქალაქია.

– რა გენატრებათ ყველაზე მეტად ძველი თბილისიდან?

– ეჰ, მე ბევრი რამ მენატრება, მაგრამ ყველაზე მეტად ის ადამიანები მენატრებიან, ვინც გვერდით აღარ მყავს. ვისთან ერთადაც ხან ერთ უბანში ვქეიფობდი, ხან მეორეში. ჩემი ზურაბ დოიჯაშვილი, მამუკა ონაშვილი, თემურ წიკლაური, ჩემი ბუთხუზი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ცოტანი არ არიან. მაშინ თბილისში სულ ორი-სამი რესტორანი იყო და ხან რომელში დავდიოდით, ხან – რომელში. დღეს ბევრია, მაგრამ იმ დროს და იმ ბიჭებთან ქეიფს რა შეედრება. ადამიანებია მთავარი, თორემ თბილისი, მისი ქუჩები, უბნები, ყოველთვის იარსებებს, ზოგი ახლებური, ზოგი კი – ძველი იერსახით.

– რა ასოცირდება თქვენთვის თბილისურ კოლორიტთან?

– კოლორიტია, როცა საკუთარ თავს დაგამახსოვრებს, მის სიყვრულს რომ დაინახავ ამ ქალაქისადმი. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანი ბევრი გვყავდა. მე მახსოვს ბირჟები, სადაც უბნის კაცები იდგნენ. გარჩევებიც იყო, ჩხუბებიც, მაგრამ ბოლოს სიყვარულსა და ძმაკაცობას ეფიცებოდნენ ერთმანეთს. იმ დროინდელი კოლორიტები დღემდე კარგად მახსოვს. ჩემს სამეგობროს წელიწადში გვაქვს ერთი ან ორი დღე, როცა ვქეიფობთ და მხოლოდ წარსულებს, იმ კოლორიტებს ვიხსენებთ. ვფიქრობ, წლების შემდეგ ჩვენი სახელიც დარჩება თბილისს.

– „ბევრი ჩემობს დღეს თბილისელობას, მაგრამ ნაღდი თბილისელი კიდევ სხვა არისო“ – ამ აზრს დღეს ბევრისგან გავიგებთ. რას ნიშნავს თქვენთვის ნაღდი თბილისელი?

– ნაღდი თბილისელი ისაა, ვინც თბილისის ყველა დაუწერელ კანონს იცავს. ისე ცხოვრობს, როგორც თბილისს შეშვენის. მაგალითად, ადრე იყო ასეთი მომენტები – დაპირისიპირება უბნებს შორის, რომელიც ქალს უკავშირდებოდა და ვიღაც უნდა გაგველახა. დავინახავდით, მოდის ეს კაცი, მაგრამ მოდის ქალთან ერთად. იქ ყველაფერი შეშდებოდა.

არანაირი რეაქცია. სანამ ის ამ ქალბატონთან ერთად არ ჩაივლიდა, სანამ არ მიაცილებდა ქალბატონს დანიშნულების ადგილამდე, როგორ შეიძლებოდა რამე ზედმეტად გეთქვა?!

ერთ უბანში თუ ცხოვრობდი და მეორე უბნიდან მოგყავდა ქალი, იქაც დასამტკიცებელი უნდა დაგემტკიცებინა. თუ არადა, შეიძლებოდა, უბანი გადაჰკიდებოდა უბანს. მე მქონდა ასეთი მომენტი. დიდუბელი გოგო შევირთე, რომელთან ერთადაც, უკვე 53 წელია, ვცხოვრობ. იყო პატარა გარჩევები. უნდა დამემტკიცებინა, რომ კაი კაცი და ნაღდი თბილისელი ვიყავი და რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ ვიცავდი კანონებს, რომელსაც ჩემი ქალაქი ითხოვდა. მერე სახინკლეში უნდა წამეყვანა იმ უბნის წარმომადგენლები, საბოლოოდ სუფრასთან წყდებოდა ყველაფერი. ქუჩაშიც ხდებოდა გარჩევა, მაგრამ სუფრასთან 2-3 ჭიქას რომ დალევ, მერე ყველაფერი უფრო კარგად ჩანს, ვინ ხარ, როგორი და ასე შემდეგ. ვისთანაც ვძმაკაცობდი, ძირითადად, ყველა ნაღდი ადამიანი იყო და არის, არც ქუჩაში შეშლიათ და არც სუფრასთან.

– ცვლილებები კარგიაო, თქვით, მაგრამ რა არის თანამედროვეობაში ისეთი, რაც გულს გტკენს?

– ადრე თბილისელი იშვიათად ამოიღებდა დანას. შეიძლება, წელიწადში ერთი, მაქსიმუმ, ორი მკვლელობა მომხდარიყო დანით და მთელი თბილისი ფეხზე იდგა. იარაღზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი იყო. შეიძლება, რამდენიმე წელიწადში ერთხელ გაგეგო გასროლა. ახლა, ალბათ, ხალხიც რომ მომრავლდა, აზრები გამრავლდა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გამძაფრდა და ერთმანეთს აღარ ინდობენ. ჩხუბი მოხდება და ვინმე უნდა მოკლან. ეს მაგიჟებს. ახალგაზრდა, ვაჟკაცი ბიჭები იღუპებიან, რაც ძალიან სამწუხაროა.

მეგობრის სიტყვები მახსენდება, პატარა ვიყავი და დიდების მეშინოდა, დიდი ვარ და პატარების მეშინიაო. ძალიან რთული მდგომარეობაა, ისეთი ლანძღვა-გინება ისწავლეს ბავშვებმა, რომ გული გაგისკდება. მერე ნარკომანიის პრობლემას თუ შევეხებით, ხომ საერთოდ, ძალიან რთული სიტუაციაა. ჩემს ბავშვობაში ჩვენს ქუჩაზე სულ ორი ნარკომანი იყო. კი, ჩემმა თაობამ შემოიტანა ანაშაც და ათასი უბედურება. მეც გამისინჯავს, ვის მოვატყუო, ჩემს თავს? თბილისმა ყველაფერი გამასინჯა, მაგრამ მე მაინც ისეთი მხარე დავიჭირე, რასაც ნაღდი თბილისელობა ჰქვია. არასდროს ჩავჭრილვარ ასეთ საკითხებში და ძალიან რთული სანახავია ის, რაც ამ მხრივ, დღეს ხდება.

ლეგენდა დადის, დილის ექვს საათზე ნიაზ დიასამიძე მიადგა მეგობარს კორპუსთან და უყვირის, ჩამოდიო. კი მაგრამ, რა ხდება ამ დროსო, უკითხავს მეგობარს ზემოდან. მე ვიცოდი, რომ მეგობრობა და თბილისელობა „კრუგლასუტოჩნიაო“ უთქვამს ნიაზს. დილის 7 საათზე შეიძლება, სიმღერის ხმას გაეღვიძებინე და არა დედის გინებას, როგორც დღეს ხდება. თუმცა, თუ დისკოთეკა და ელეტრონული მუსიკა მაღვიძებს, ამის უკმაყოფილებით არ გამოვხატავ, იმიტომ რომ ოცდამეერთე საუკუნეა.

ასეა თუ ისე, ერთი რამ არის მთავარი, თუ თბილისში ყველაფერი კარგადაა, თუ აქ ერთმანეთს ვეფერებით, მაშინ მთელი საქართველო იმავე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ცენტრი და გული. შეიძლება, ჩვენ ერთმანეთს ვაწყენინოთ, მაგრამ თბილისს ვერასდროს დავამარცხებთ – ის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა