როდის აწვება გოგა მესხი ბოლომდე რქებით და რატომ უჭირს მას შეცდომის აღიარება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:30 16.01
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის მომღერალ გოგა მესხის ცხოვრებაში, ამაზე ის თავად გვიამბობს.
გოგა მესხი: საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ვარ. ეს ბევრ რამეში გამოიხატება. სხვა რომ არაფერი, „ვარსკვლავების აკადემიაში“ გადავრჩი და იღბლიანი ვარ, აბა რა?! საჭირო დროს საჭირო ადგილასაც მოვხვედრილვარ და ესეც გამართლებაა, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი წინ მაქვს და უკეთესი მომენტებიც მელოდება.
– შრომისმოყვარე ხარ?
– ზარმაციც ვარ და შრომისმოყვარეც. სხვათა შორის, ახალი კლიპი მაქვს გამზადებული, პრემიერისთვის ვემზადებოდი, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ამის დრო არ არის, თორემ ძალიან კარგი კლიპი გადავიღეთ, რისთვისაც ბევრი ვიშრომე.
ზოგადად, თუ რამე მინდა, გავაკეთო, რაც არ უნდა მოხდეს, საქმეს ბოლომდე მივიყვან. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დასახული მიზანი მაღალ ხარისხში შევასრულო, ისე, როგორც წარმომიდგენია. რაღაც ძალიან რომ მინდა, მოვკვდები და ფარ-ხმალს არ დავყრი. მიზანს აუცილებლად მივაღწევ. ხარივით ბოლომდე ვაწვები რქებით. თუ მინდა, არ არსებობს, უკან დავიხიო.
სიზარმაცეს რაც შეეხება, ეს თავიდან მახასიათებს, ანუ, სანამ ნაბიჯს გადავდგამ, მანამდე, მაგრამ თუ დავიწყე და ეშხში შევედი, მერე გამორიცხულია, რამე დამეზაროს. სხვათა შორის, ამის გამო ხშირად მაქვს კამათი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. სულ მეუბნებიან, მეტი შეგიძლია და რატომ არ აკეთებ, ნუ ზარმაცობო! როცა მათი საყვედურების შედეგად ნაბიჯს გადავდგამ, უფრო სწორად, რომ მაიძულებენ, ვიაქტიურო, მერე მადლობას ვუხდი ხოლმე. ისინი უფრო ხედავენ ჩემს შესაძლებლობებს და იციან, რა გამომივა. ჩემი შესაძლებლობების შესახებ მეც ვიცი, მაგრამ ბიძგი მჭირდება ხოლმე.
– ძალიან ბევრი მცდელობის მიუხედავად რომ არაფერი გამოდის, ეს მომენტი გამოგიცდია?
- კი, სამწუხაროდ, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ზუსტად ეს იწვევს გულისტკივილსა და გულის აცრუებას. ზუსტად ასეთ დროს გჭირდება მეგობრების შეძახილი და ბიძგი, რომ გააგრძელო. იყო შემთხვევა, როცა ძალიან ბევრი გავაკეთე, თუმცა ვიღაცები ხელს მიშლიდნენ. აზრი არ ჰქონდა, რას გავაკეთებდი, მაინც მიშლიდნენ. ბევრჯერ არა, მაგრამ რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა. ასეთ დროს შესაძლოა, საერთოდ ჩაიქნიო ხელი ამ საქმეზე. ძალიან რთულია, მცდელობები გავაგრძელო. სიმართლე რომ ვთქვა, ახლახანაც საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა.
– ასეთ დროს, ახლობლების გარდა, რა გეხმარება?
– რელაქსი, მოგზაურობა, მეგობრებთან გულის გადაყოლება. რესტარტი მჭირდება ხოლმე და ამის შემდეგ ახალი ენერგიით ვაგრძელებ ცხოვრებას. როცა რამეზე ვნერვიულობ, ვიციკლები და სულ ამაზე ვფიქრობ. ამ დროს, ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, მოდი, ყველაფერს თავი დაანებე, ქვეყნიდან გადი, გადაერთე, იმოგზაურე ერთი ათი დღე-მეთქი. ასეც ვიქცევი და იქიდან უკან საერთოდ სხვა ადამიანი ვბრუნდები. ასეთი მომენტები გამომიცდია. დაახლოებით, ერთი თვის წინაც ასე მოხდა. გარკვეული საქმიდან გამომდინარე დიდი იმედგაცრუება განვიცადე. რაღაც განსაკუთრებულს ელოდები და პირიქით რომ მოხდება, რთულია, გული ძალიან დამწყდა და რესტარტი დამჭირდა. ახლა გადასარევად ვგრძნობ თავს. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. სადაც არ გაფასებენ, იქ არ უნდა იყო, ასეთ ადამიანებს უნდა მოშორდე. ამას ადამიანი გვიან ხვდები, მაგრამ როცა მიხვდები, სჯობს, დაასრულო და სხვა გზა ნახო, ვიდრე ინერვიულო და საკუთარ თავში ეძებო პრობლემები.
– ვინ არის შენთვის ყველაზე დიდი მოტივატორი?
– ჩემი შვილი. ვის არ ჰქონია რთული პერიოდი, ყოველთვის ვის ულხინს და ასეთ დროს მასზე უკეთ არავის შეუძლია ჩემი დამუხტვა. ჩემი შვილი ჩემთან არ ცხოვრობს, დედასთანაა. ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და დროს ერთად ვატარებთ ხოლმე, ბუნებრივია. რთულ პერიოდებში, რაც არ უნდა ცუდად ვგრძნობდე თავს, მასთან ერთად ყოფნა ყველაფერს მავიწყებს. ერთ საათში ასი პროცენტით ვიმუხტები. ჩემი გენერატორია. ყველა მშობელი ასე მგონია.
– შეგიძლია, საკუთარ შეცდომებზე ისწავლო?
– ჯიუტი ადამიანი ვარ, მაგრამ შემიძლია. მთავარია, ვაღიარო, რომ შეცდომა დავუშვი. ჩემი პრობლემა აღიარებაა. შეიძლება, მივხვდე კიდეც, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ სიჯიუტის გამო ბოლომდე ვერ ვაღიარო. ეს ჩემი ცუდი ჩვევაა. არ მინდა ხოლმე რაღაცების დაჯერება და ჩემს აზრს ბოლომდე „ვაწვები“. თუმცა, ვცდილობ, ერთი და იგივე შეცდომა არ დავუშვა.
– როგორი ინტუიცია გაქვს?
– ინტუიცია, ალბათ, ნორმალური მაქვს, მაგრამ რისკი მიყვარს. შეიძლება, გაწეული რისკი რომ გაამართლებს, მერე ვთქვა, რომ ინტუიცია მკარნახობდა. მიყვარს გარისკვა და ხშირად ვრისკავ. რამდენჯერმე ცხვირიც წამიმტვრევია, მაგრამ მაინც მირჩევნია, გავრისკო. გამართლებითაც არაერთხელ გამმართლებია და რომ ვიცი, როგორი ტკბილი შეგრძნებაა, რთულია, არ გარისკო (იცინის). გამიწევია ბიზნესთან დაკავშირებით რისკები, რაც უფრო ფინანსებს ეხებოდა, კარიერაში – ნაკლებად. ხშირად დავმარცხებულვარ, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია.
– დიდი მსხვერპლის გაღება თუ შეგიძლია?
– მაშინ ძალიან უნდა მიყვარდეს ის, რისთვისაც მსხვერპლის გავიღებ. ბევრჯერ წავსულვარ დათმობაზე, არ მინდოდა, მაგრამ ასე მოვქცეულვარ. პირადი ურთიერთობებისთვისაც დამითმია, დამიხუჭავს თვალი, კონკრეტული ადამიანისთვის დამიკარგავს კიდეც რაღაც.
– კარიერისტი უფრო ხარ თუ მეოჯახე?
– ვცდილობ, ოქროს შუალედი ვნახო. ისეთი პროფესია მაქვს, შეიძლება, ორი თვით მომიწიოს სადმე წასვლა, მაგრამ ვცდილობ, ბალანსი ვიპოვო. ალბათ, უფრო მეოჯახე ვარ, მაგრამ გარკვეულწილად კარიერსტიც ვარ.
– რამდენად იღბლიანი ხარ ადამიანებში?
– ადამიანებში მიმართლებს, განსაკუთრებით – მეგობრებში. ჩემ გარშემო ძალიან კარგი ადამიანები არიან და ამის გამო ბედნიერი ვარ. ისეც მომხდარა, რომ დამიკარგავს ახლობელი ადამიანი, მაგრამ მარტო ჩემი ბრალი არ ყოფილა. თუმცა, ვინც დამიკარგავს, ესე იგი, უნდა დაემკარგა კიდეც. ასაკის მატებასთან ერთად, ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც აგროვებ და 40 წლისკენ რომ მიდიხარ, ის ადამიანები გყავს გვერდით, ვინც უნდა გყავდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
22:09 18.12, 2024 წელი
22:09 18.12, 2024 წელი