როდის აპირებს „მისტერ პლანეტის“ გამარჯვებული გიორგი მეტრეველი პოლიტიკაში ჩართვას და რა მაცდუნებელ შემოთავაზებაზე უთხრა უარი მან ასაკით უფროს ქალბატონს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 21.12, 2022 წელი
გიორგი მეტრეველი, რომელიც საზოგადოებამ „პრაიმჰაუსიდან“ გაიცნო, ახლახან საერთაშორისო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის „მისტერ პლანეტის“ გამარჯვებული გახდა.
გიორგი მეტრეველი: ძალიან ამაყი ვარ, რადგან ჩემი ქვეყნის სახელით ვასპარეზობდი. როდესაც ქართული ჩოხა გაცვია, სისხლი ყივის, მოტივაცია გეზრდება და გინდა, შენი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით ასახელო ისეთ კონკურსზე, როგორიც არის „მისტერ პლანეტა“. მიხარია, რომ შევძელით და საქართველომ იზეიმა გამარჯვება. მალე დუბაიში გვექნება გასაოცარი ჩვენება. ახალი წარმატებებისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას. „მისტერ პლანეტაზე“ უძლიერესი კონკურენცია იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტარდებოდა, მოტივაციას კიდევ უფრო მიზრდიდა და ბოლომდე ვიბრძოლე გამარჯვებისთვის. რადგან მასპინძლები ვიყავით, ჩვენთვის დამახასიათებელი სტუმარმასპინძლობა გამოვიჩინეთ სტუმრების მიმართ და ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მიუხედავად კონკურენციისა, ოჯახური გარემო შევქმენით, საქართველოში სხვანაირად არ შეიძლებოდა.
- როგორი პრიზები მიიღეთ?
- იყო არაერთი ფულადი დაფინანსება, მოგზაურობა მილანში, დუბაიში, იტალიაში და მთავარი პრიზი „მისტერ პლანეტის“ ტიტული.
- სამოდელო ბიზნესში რა გამოცდილება გაქვთ?
- პირველი ნაბიჯები 18 წლის ასაკში გადავდგი. თავიდან ბიძაჩემი - მარკუს მეტრეველი მასწავლიდა.
- დღეს როგორი დამოკიდებულება აქვთ საზოგადოებაში მოდელი ბიჭის მიმართ?
- ბევრს ჰგონია, რომ ძალიან მარტივია მოდელობა, არ იციან, ამას რამდენი შრომა სჭირდება. ეს სფერო ჩვენთან ახლა ვითარდება და ყველაფერი კარგი წინ გვაქვს. ნელ-ნელა იცვლება მსოფლმხედველობაც. ადრე იყო, რომ მშობლებს არ უნდოდათ მათი ბიჭი მოდელი გამხდარიყო. ახლა პირიქით, მშობლები უბიძგებენ - მამები, ბაბუებიც დაჰყვებიან და გვერდზე უდგანან იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. ოჯახის მხარდაჭერა ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, რომ ამ მხრივ საქართველოში შეიცვალა დამოკიდებულება. იყო დრო, როცა კარგად არ აღიქვამდნენ ბიჭ მოდელებს. ჩემ მიმართაც იყო არასასიამოვნო მომენტები. თუმცა, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი, რომ არაერთი რეპლიკა და ფაქტი მოჰყვებოდა ჩემს ნაბიჯს, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, რა მინდოდა მე და ნაკლებად მნიშვნელოვანი - რას იტყოდა სხვა. გარდა ამისა, მე ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და ჩემი მთავარი მიზანია, სწავლის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში ჩავერთო.
- სამოდელო ინდუსტრიამ როგორ მიგიზიდათ თავდაპირველად?
- კალათბურთელი ვიყავი, აქტიურად ვთამაშობდი და მყავდა მოდელი შეყვარებული. ხშირად დავდიოდი მის ჩვენებებზე და მისი სილამაზით ვტკბებოდი. ვამაყობდი მისი საქმიანობით. ერთ დღეს, ჟიურიმ მითხრა, გიორგი, აქ ხშირად გხედავთ, შენ შესაბამისი პარამეტრები გაქვს, ყველა მონაცემი გიწყობს ხელს იმისთვის, რომ მოდელი იყო და აუცილებლად უნდა სცადოო. მალევე შევუდექი ამ საქმის საფუძვლიან შესწავლას.
- როგორი ბიძაა მარკუს მეტრეველი?
- მე და მარკოს ძმური ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები ვართ. გვერდით მიდგას ყველაფერში, არაჩვეულებრივ რჩევებს მაძლევს. მას დიდი გამოცდილება აქვს შოუბიზნესში და სწორი აქცენტების გაკეთება შეუძლია, რაც ძალიან მეხმარება. ყოველთვის ვუჯერებ და ვითვალისწინებ მის რჩევებს. თავისუფალ დროს აგარაკზე მივდივართ ხოლმე, იქაურობას ვუვლით და ოჯახურ საქმეებსაც ერთად ვუმკლავდებით.
- შოუ-ბიზნესნესთან ერთად, პოლიტიკაშიც გქონიათ გეგმები...
- კი, ახლა საქართველოს უნივერსიტეტში ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე. ჩემი მიზანია, რაღაც დროის შემდეგ პოლიტიკაში მოსვლა. ამაში ოჯახური პირობებიც მიწყობს ხელს. მამაჩემი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და ვუყურებდი მის აქტივობებს. დავინტერესდი, დავუახლოვდი პოლიტიკას და ძალიან პატარა ასაკში, სერიოზულ პოლიტიკურ თემებს ვარჩევდი (იცინის). მერე დავინტერესდი ხალხთან ურთიერთობით. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე „პრაიმჰაუსში“, როდესაც 82 პროცენტით ხალხის რჩეული გავხდი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება საზოგადოებასთან, როდესაც ხალხმა ამირჩია. ეს იყო წინასაარჩევნო პატარა რეპეტიცია (იცინის).
- „პრაიმჰაუსის“ მონაწილე როგორ გახდი?
- პირველი სეზონის აქტიური მაყურებელი ვიყავი და მომწონდა. მაინტერესებდა, მე როგორ მოვახერხებდი ადაპტირებას ამ გარემოასთან, ხალხთან და პროდიუსერს მივწერე. ამარჩიეს და ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა „პრაიმჰაუსში“. ბევრი საინტერესო ისტორია გადამხდა, ინტრიგაც იყო, იმედგაცრუებაც და სიხარულიც. დიდი გამოცდილება მივიღე.
- რთული არ იყო? რამდენიმე მომენტში ცრემლებამდეც მიხვედი...
- კი ბატონო, ეს პირველ კონფლიქტს უკავშირდებოდა. სხვათა შორის, ჩემს ყველა მეგობარს ეგონა, რომ დისკვალიფიკაციით წამოვიდოდი, რადგან მსგავსი ფაქტების დროს, ცოტა თავშეუკავებელი ვარ, მაგრამ მოთმინების უნარი შევიძინე ამ პროექტში. იმ მომენტში, ყველას ეგონა, რომ ავფეთქდებოდი და ბრძოლას გავმართავდი, მაგრამ არა, დიპლომატიას მივმართე, ჩემში მთავარმა პროფესიამ გაიღვიძა.
- რა ხდება პირად ცხოვრებაში, გოგონები აქტიურობენ?
- პოპულარობის შემდეგ, გოგონებში ჩემი აქტუალობა გაორმაგდა ან გასამმაგდა (იცინის). როდესაც პროექტს გამოვეთიშე, დაპაუზებული ურთიერთობა განვაახლე, მაგრამ ეს ურთიერთობა ძალიან მალე დასრულდა. თუმცა, მალე ახალი სიყვარულის ისტორია დაიწყო. ამ გოგონასაც აქტიური შეხება აქვს საზოგადოებასთან, ის ბალერინაა. თავის საქმეში ერთ-ერთი პირველია. მაქსიმალურად მიდგას გვერდით, ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.
- ამდენი გოგო რომ იჩენს ყურადღებას, ის არ ეჭვიანობს?
- სხვათა შორის, კი (იცინის). ზედმეტსახელად „ეჭვექსა“ შევარქვი (იცინის). რამდენჯერმე დავიჭირე მსგავსი ფაქტი, თუმცა ვაღიარებ, იყო შემთხვევები, როცა მიზეზი ჰქონდა, თუმცა ყველაფერი დასრულდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- როგორ პასუხობ დანარჩენ გოგონებს, მათ, ვისაც მოსწონხარ და ინიციატივას იჩენენ?
- მინდა აღვნიშნო, რომ ვინც კი მწერს, აბსოლუტურად ყველა გულშემატკივარს ვპასუხობ. აუტსაიდერობის ღამეს ჩემი გულშემატკივრების 1 500-ამდე წერილს ვუპასუხე. რაც შეეხება გოგონებს, მათაც მადლობას ვუხდი, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ბოლომდე არ ვუკლავ იმედებს, არ ვეუბნები, რომ ურთიერთობაში ვარ (იცინის). საუბარს ვუწყებ, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, შეხვედრა ან ემოციის გამოხატვა გახდა საჭირო ჩემი მხრიდან, მაშინ ზრდილობიანად ვუხსნი ყველაფერს. ასე რამდენჯერმე მოხდა.
- ეს, ალბათ, შეყვარებულისთვის არ არის სასიამოვნო.
- არის რაღაცები, რასაც არ ვეუბნები, ეჭვიც ექნებოდა და ამჩნევდა კიდეც, მაგრამ მე გაკვირვებული სახით ვპასუხობდი (იცინის). სერიოზულად თუ შევხედავთ, ყველაფერი მოგვარებული მაქვს, უბრალოდ, გულშემატკივრების ემოციებს ვიზიარებ სიფრთხილის დაცვით. თუ საჭირო ხდება, მერე აუცილებლად ვამბობ, რომ ურთიერთობაში ვარ.
- გყოლია თაყვანისმცემელი, რომელსაც იმდენად მოსწონდი, რომ შენგან უარის მიღება არ უნდოდა?
- კი, იყო. 24 საათი ტელეფონზე მირეკავდა, მეცალა თუ არა, ამასაც არ ითვალისწინებდა. ჩემზე ბევრად დიდი 20-25 წლით უფროსი იყო. იტალიაში ცხოვრობდა ეს ქალბატონი და სურდა, მეც იქ წავეყვანე. იქ ვყოფილიყავით ერთად, კარიერის აწყობაც შემომთავაზა, მაგრამ მე მაქვს ზღვარი, რომელსაც არ გადავცდები, როგორი შემოთავაზებაც არ უნდა მივიღო. ასე, რომ პატიოსანი ბიჭივით დავრჩი (იცინის). მირჩევნია, ჩემი რქებით წავიდე წინ.
- ასაკით უფროსი ქალბატონების აქტიურობა სხვა დროსაც გქონია? როგორი დამოკიდებულება გაქვს დიდი სხვაობის მიმართ?
- კი, ასაკით უფროსი ქალების აქტიურობა არ მიკვირს, წლებია ეს ხდება. აღვნიშნავ იმას, რომ მეც ჩემზე უფროსი ქალები მომწონს. მქონია ასეთი ურთიერთობები, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული, მხოლოდ ერთი გასეირნება (იცინის). რაც შეეხება ჩემს ახლანდელ ურთიერთობას, ეს გოგონა ასაკით ჩემხელაა. აქამდე მქონია ურთიერთობები, რომელშიც სიყვარული არ მამოძრავებდა, შეთანხმებული ვიყავით, რომ შემეძლო პარალელურად სხვასთანაც ვყოფილიყავი. ამის გამო, მეგონა, რომ ერთგულების უნარი არ მქონდა, რომ ყველა ადამიანთან ასე ვიქნებოდი. ამიტომ, ვფიქრობდი, რომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში ერთგულებას ვერ გამოვიჩენდი, მაგრამ, როდესაც ეს ფაქტი დადგა, არავისთან ურთიერთობის სურვილი აღარ მქონდა. მივხვდი, როცა არჩევანს გააკეთებ და ურთიერთობას შესაბამის სახელს დაარქმევ, უერთგულესი ხდები და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ამიტომ, ახლა, მაშინაც კი, თუ ირინა შეიკთან აღმოვჩნდები, გვერდზე არ გავიხედავ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





