შოუბიზნესი

რით დაიმსახურა აჩიკო ბერიძემ 15 წლის ასაკში ძალიან დიდი ანაზღაურება და როგორ მოშინაურდა ის ამერიკის კონგრესში

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 23.01, 2023 წელი

აჩიკო ბერიძე
დაკოპირებულია

ბავშვობიდან მღერის და პოპულარობაც პატარა ასაკიდან მოსდევს, თუმცა ჯგუფმა „ალილომ“ და პროექტმა „მიმღერემ“ მისი ცნობადობა და საზოგადოების მისდამი სიყვარული სულ სხვა მასშტაბში აიყვანა.

აჩიკო ბერიძე: დავიბადე ბათუმში, საკმაოდ მუსიკალურ ოჯახში. ჩვენთან სულ სიმღერის ხმა ისმოდა. მღეროდა დედა, ბაბუა, დეიდა. მამა უსმენდა ჯაზ-როკ- ალტერნატიულ მუსიკას. მერე მე გიტარაზე შემიყვანეს, სადაც აღმოაჩინეს, რომ ხმაც მქონდა და სმენაც. ამის შემდეგ, მთელი ოჯახი ელოდა, რას ვიმღერებდი რეპეტიციაზე (იცინის).

- ესე იგი, პატარა კონცერტები იმ დროიდან გქონდათ.

- მე და ჩემი და სულ კონკურსებში ვმონაწილეობდით. გამოგვპრანჭავდნენ, გაგვიყვანდნენ და ერთი ამბავი იყო (იცინის). ეს 90-იან წლებში ხდებოდა, ძალიან მძიმე პერიოდში - ბათუმში უშუქობაში, სიცივეში, მაგრამ ჩემი მშობლები მაინც ახერხებდნენ, ლაღი და ზღაპრული გარემო შეექმნათ ჩვენთვის. შემდეგ ბავშვთა ოპერაში აღმოვჩნდი, 13-14 წლის ვიქნებოდი მაშინ. მიმიწვიეს და „ამაპოლას“ ვმღეროდი.

- პარალელურად, სკოლაში რა ხდებოდა?

- იმდენ პედაგოგთან დავდიოდი - ინგლისური, ქართული და ასე შემდეგ. თუ რამე არსებობდა, ყველგან და ყველაფერზე დავდიოდი. ბავშვთა ოპერიდან გამომდინარე, სულ ტელევიზორში ვიყავი და სკოლაში მცნობდნენ. ამის გამო პრივილეგია არასდროს მქონია, მაგრამ კარგ განწყობებს ვუტოვებდი მასწავლებლებს. ვგრძნობდი, რომ ყველა კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ სიმღერის გამო.

- პრივილეგია იყო თუ არა, პოპულარული ბავშვი იქნებოდით. როგორ გახსენდებათ ის დრო?

- სულ თეატრში ვიყავი, იქ ვიზრდებოდი. ბატონი გიზო ჟორდანია იყო რეჟისორი, არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა და საოცარი სანახაობები იდგმებოდა. მართლა ზღაპრული ბავშვობა მქონდა. უშუქობაც გემრიელად, ოჯახურად გადავიტანეთ და მართალი გითხრათ, არც მიგრძნია 90-იანების სირთულეები. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის სიდუხჭირე ნაკლებად შეგვხებოდა მე და ჩემს დას. ამიტომ ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ დროსთან.

- რადგან ასეთი აქტიური იყავით ბავშვობიდანვე, საკუთარი შემოსავალიც ხომ არ გქონდათ პატარა ასაკშივე?

- ბოლოსკენ დამენიშნა სტიპენდია 300 დოლარი. მაშინ 15 წლის ვიყავი. ეს იყო 2000 წელი. ერთი წლის განმავლობაში ვიღებდი ამ თანხას. ეს პრიზი კონკურსში გამარჯვებისთვის მივიღეთ რამდენიმე ბავშვმა. თანხა და „ოქროს ბიჭუნა“, რომელიც დღემდე ინახება ბათუმში, ჩემს სახლში საპატიო ადგილას, როიალზე (იცინის). ხომ წარმოგიდგენიათ, 300 დოლარი 2000 წელს რამხელა თანხა იყო?! (იცინის). მაშინ ჩემთან სახლში არავინ მუშაობდა და ეს თანხა ჩემებს ბევრ რამეში ეხმარებოდა. მახსოვს პირველი ფლეისთეიშენი ამ სტიპენდიით ვიყიდე და ძალიან ბედნიერი ვიყავი (იცინის).

- პოპულარული უკვე იყავით, შემოსავალი ასეთი გქონიათ და გახსოვთ ამ დროს რას გრძნობდით?

- რომ გითხრათ, როდისმე რამე თავში ამივარდა-მეთქი, მოგატყუებთ. არც ვინმეზე წინ მიგრძნია თავი. ყოველთვის იმაზე თავმდაბალი ვიყავი, ვიდრე უნდა ვყოფილიყავი, ზედმეტადაც კი. დღემდე მეჩხუბებიან ამის გამო მეგობრები, მსაყვედურობენ ხოლმე, მაგრამ პოპულარობით სარგებლობა ცოტა მეუხერხულება. ასე მართლა არასდროს მოვქცეულვარ.

- პოპულარობის ამბები ბავშვობიდან დაიწყო, „ალილოს“ ძალიან დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ პროექტმა „მიმღერემ“ კიდევ ძალიან ბევრი რამ შეგძინათ, არა?

- დიდი მადლობა „მიმღერეს“ მთელ ჯგუფს. მან ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. უამრავი ადამიანის თანაგრძნობა და სიყვარული ვიგრძენი. ამ პროექტით გამიცნეს, როგორც სოლო მომღერალი. მანამდე უფრო ვიწრო საზოგადოება მიცნობდა, როგორც „ალილოს“ წევრს.

–სიმღერით გიცნობთ, მაგრამ სინამდვილეში სრულიად სხვა პროფესია გაქვთ - შორს ხელოვნებისგან, არა?

- კი, მე იურისტი ვარ. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ იურისტი უნდა გავმხდარიყავი. მამა, ბიძა, ბაბუა, ყველა იურისტია - მოსამართლეები, პროკურორები და მეც მომახვიეს თავს ეს პროფესია. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვსწავლობდი. წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგისტრატურაც გავიარე და იქაც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი. უფროსი რომ შემოდიოდა, მთხოვდა, მე რომ შემოვდივარ, მაგ დროს მაინც მოიხსენი ყურსასმენებიო (იცინის). ძალიან გამიმართლა, რომ დღეს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. როცა არ გიყვარს და მაინც აკეთებ, არ გამოგდის, არც შენზე მოქმედებს ეს კარგად და არც სხვაზე. ამიტომ, ჩემს პირველ პროფესიას მშვიდად დავემშვიდობე. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ წლები, რომელიც იმ პროფესიის შესასწავლად დავხარჯე, მუსიკალური თვალსაზრისით რომ გამომეყენებინა, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი. დღეს თავიდან ბოლომდე მუსიკაა ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, მე ამით ვცხოვრობ.

- ოჯახზეც ვისაუბროთ, როგორც ვიცი, განქორწინებული ხართ...

- კი, ასეა. მე და ნუცას ორი შვილი გვყავს. საკმაოდ ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ბავშვებთან დაკავშირებით ყველაფერში ვთანხმდებით. მათთვის მშობლების განშორება რთული იქნება ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ ვცდილობთ, ყველაზე ნაკლებად შვილებს შეეხოთ ჩვენი ამბავი. ჯერჯერობით გამოგვდის და იმედია, ბოლომდე ასე იქნება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნები შვილები არიან და მინდა, ჯანმრთელები და ნორმალური ფსიქიკის ადამიანებად გაიზარდონ.

- რას ამბობენ, როგორი მამა ხართ?

- ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს შვილების მიმართ. დღე არ გავა, არ მოვიკითხო, ძალიან დეტალურად ვარ ჩართული ყველაფერში. უბრალოდ, ერთად ვერ ვიძინებთ ხშირად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხან სად ვარ, ხან სად. როცა აქ ვარ, თავისუფალ დღეებში ერთად ვართ, ჩემთანაც რჩებიან და ზაფხულს ველოდები განსაკუთრებულად, ქალაქგარეთ გამყავს და მთელი სამი თვე ერთად ვატარებთ ხოლმე.

- თუ ფიქრობთ ოჯახის შექმნაზე?

- ჯერ ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. მგონია, ჯერ დრო უნდა გავიდეს, რომ ბოლომდე გამოხვიდე იმ მდგომარეობიდან. ეს ძალიან დიდი სტრესიცაა. ამიტომ, ჩემი მხრიდან ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.

-ძალიან ხშირად გაქვთ გასტროლები, საიდანაც გამორჩეული თავგადასავლებით ბრუნდებით ხოლმე. გავიხსენოთ...

- ახლა დავბრუნდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იქ „ალილოს“ ძალიან სერიოზული კონცერტი გვქონდა კონგრესში. კონგრესის დარბაზში შევასრულეთ როგორც ფოლკლორული, ისე ქალაქური სიმღერები. გულწრფელად გეტყვით, საოცარი კონცერტი ჩატარდა. მას ესწრებოდნენ არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტები, ასევე, კონგრესმენები, ამერიკელი ფოლკლორისტები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ კონცერტს.

- ამერიკის კონგრესში სიმღერა, ალბათ, განსაკუთრებულ განცდებს უკავშირდება?

- დიდი დარბაზი იყო და თავიდან მართლა არ მეგონა, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, სად ვიყავი. კულისებიდან სცენაზე რომ გამოვედით, ორი სიმღერა დამჭირდა ცოტა „აზრზე მოსასვლელად“ (იცინის). ცოტა შიშიც იყო, ნერვიულობა თავისთავად, მაგრამ ორი-სამი სიმღერის შემდეგ, „აჭარულზე“ დაუგეგმავადაც კი ავცეკვდი, მოვშინაურდით კონგრესში და ტრიბუნა ხელში ჩავიგდეთ (იცინის).

- ცრემლებიც ხშირია ემიგრანტებთან კონცერტზე, არა?

- რამდენიმე წლის წინ, საბერძნეთში, ათენში გვქონდა კონცერტი. სცენაზე ვიდექით და ნათია ზეინკლიშვილის სიმღერას, „მათქმევინეს“ ვმღეროდით. ისეთი ქვითინის ხმები მესმოდა დარბაზიდან, მართლა გეუბნებით, ცუდად გავხდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. გიას გავხედე, ვერ დავიწყებ სიმღერას, არ შემიძლია-მეთქი. ემოციურად ძალიან მძიმე მომენტი იყო. ემიგრანტებთან შეხვედრა ცრემლისა და ემოციების გარეშე არ მახსენდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი