შოუბიზნესი

რით აოცებს ეკა ანდრონიკაშვილი ხელოსნებს და რატომ არ მიაჩნია მას დასვენება ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 16.08, 2022 წელი

ეკა ანდრონიკაშვილი
დაკოპირებულია

უნიჭიერესი მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი ყოველთვის საოცარ ფორმაშია და ალბათ რთულად წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ საკუთარი აგარაკის მშენებლობის პროცესში ის ყველაფერს და მათ შორის, ერთი შეხედვით, ქალისთვის რთულ საქმეებსაც, საკუთარი ხელით აკეთებს.

ეკა ანდრონიკაშვილი: ხელოსანი არ ვარ და რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესში მათი დახმარება მჭირდება, მაგრამ ისე ჩემს თავს „პრარაბს“ ვეძახი, მე ვარ ყველაფრის ინიციატორი და თავად ვკურირებ ყველაფერს, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება. ელიავადან დაწყებული და სახლში უმცირესი დეტალით დამთავრებული, ყველაფერში გავერკვიე. ეს არ არის ჩემი პირველი სახლი, რომელსაც ვაკეთებ. ბათუმშიც თვითონ გავაკეთე რემონტი. ეს არ ნიშნავს, რომ ვდგავარ და თვითონ ვასხამ „სტიაჟკას“, მაგრამ ყველაფერი ჩემი დიზაინით, ჩემი დაგეგმვითა და მაქსიმალური ჩართულობით კეთდება.

– თუმცა, არის რაღაცები, რასაც მართლა საკუთარი ხელით აკეთებთ.

– კი, რა თქმა უნდა. შემიღებავს მოაჯირები, კარები, ხელთათმანს ვიცვამ და ცემენტის ნარჩენებისგან ვასუფთავებ... რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. (იცინის). ვთვლი, რომ შრომა ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის.

– ქალს ხომ სუსტ სქესად მოიხსენიებენ და სცენიდან და ეკრანიდან თქვენ შესახებ, ალბათ, სულ სხვა წარმოდგენები შეექმნათ. როგორი რეაქციები აქვთ, ელიავაზე თუ სხვაგან როცა გხედავენ?

– მე მგონია, რომ ქალის სუსტ სქესად აღქმა ცოტა მოძვლებული შეხედულებაა. მე ვთვლი, რომ ქალი არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი. თუმცა, ერთი ამბავი მახსენდება: მშენებლობის მორიგი ეტაპი მქონდა, ცემენტი უნდა ამომეზიდა კიკეთში. მოვდიოდი და სატვირთო მანქანა მომყვებოდა, რომელსაც რაღაც გაუფუჭდა და გაჩერება მოგვიწია. იმ საღამოს სპექტაკლი მქონდა და რაღაც რომ გაფუჭდა, ვფიქრობდი: ღმერთო, რა გავაკეთო ახლა, როგორ მოვიქცე-მეთქი. ყველაფერი სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო. მერე კი გაკეთდა ეს მანქანა და ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი. როცა დიასახლისი ხარ, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ როცა სპექტაკლი გაქვს, როცა შემოქმედებითად აქტიური ხარ, ზოგჯერ დასვენებულიც უნდა იყო და მინიმუმ, სპექტაკლის დღეს, ასეთ საქმეს არ აკეთებდე. უცებ მივხვდი, რომ ნამეტანი მომდის. მაგრამ ერთი აზრი მომივიდა და ეს აზრი გასხივოსნება იყო ჩემს გონებაში. ქალი ბავშვს რომ ძუძუს აჭმევს, რაც მეტს აჭმევს, მით მეტი რძე მოსდის. ანუ, ბავშვს რამდენიც სჭირდება, დედას იმდენი რძე მოსდის. შენ რამდენ ენერგიასაც ხარჯავ, იმდენი მოგდის. თუ საერთოდ არ ხარჯავ, შენი ორგანიზმი კარნახობს ენერგიას, რომ მეტი არ სჭირდება, ამიტომ გაქვს იმდენი, რამდენიც გჭირდება, რამდენსაც ხარჯავ. როცა გაქვს ენერგია, უნდა დახარჯო, რომ შენმა ორგანიზმმა ისევ იმდენი გამოიმუშაოს. ასეთი პარალელი გავავლე და ეს აზრი ძალიან დამეხმარა შემდგომ ჩემს ყველა ქმედებაში.

– ძალიან აქტიური ცხოვრებისა გაქვთ. ხან საქართველოში ხართ, ხან მის ფარგლებს გარეთ, პროფესიულად აქტიური ხართ, თან, პატარა გყავთ, რომელიც ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. აგარაკზე რომ ახვალთ, ძალიან ბუნებრივი არ იქნება, მართლა წამოწვეთ და რემონტის ნაცვლად, დაისვენოთ?

– სანამ სახლს არ დავასრულებ ისე, როგორც მე მას ჩემს ფანტაზიებში ვხედავ, მანამდე მხართეძოზე ვერ წამოვწვები. რა თქმა უნდა, მართლა დოღის ცხენივით არ ვარ, მაქვს ადგილი განტვირთვისთვის, გარუჯვისთვის. პატარ-პატარა კომფორტები მაქვს მოწყობილი. ძიძაც მყავს და შემიძლია, კარგად გამოვიძინო. მუდმივად დაღლილი და გატანჯული ნამდვილად არ ვარ. მით უმეტეს, პატარა მყავს, რომელსაც მართლა დიდი ენერგია მიაქვს. პირველი წელია, რომ ღამე კარგად სძინავს და არ მაღვიძებს. აქედან გამომდინარე, ცოტა მოვისვენე. მეორეა, რომ ზაფხულში მაინც არ ვარ ისეთი დატვირთული სპექტაკლებით, როგორც სხვა დროს, რადგან თეატრი ისვენებს. თუმცა, გუშინაც გადაღება მქონდა. იცით, სხვადასხვა „ფოლდერებია“, როგორც კომპიუტერში – ჩაკეცავ ერთს და გახსნი მეორეს, ანუ სხვა რამეზე გადაგაქვს ყურადღება, მერე ისევ წინას დაუბრუნდები, როცა მისი დრო დადგება.

– გამოდის, დიდი ხნით მოდუნებული მდგომარეობა, არ არის თქვენთვის კომფორტული.

– ძალიან ცუდია დიდი ხნით მოდუნება. მე ამას ჩემს თავს ვატყობ. თუ მოდუნდი და მიეცი თავს უფლება, აბსოლუტურად მოეშვა, მაშინ ეჩვევი ამ მდგომარეობას. კოვიდმა გვანახვა, რომ ძალიან ბევრი ისე მოდუნდა სახლში, გარემოსთან გაუცხოება დაემართა. ეს არ არის ადამიანისთვის ბუნებრივი მდგომარეობა. ვინ თქვა, რომ დასვენება არის ადამიანისთვის ბუნებრივი მდგომარეობა? ადამიანი, ოდიდგანვე იყო ბრძოლაში ბუნების მოვლენებთან, ხვნაში, თესვაში, კიდევ უფრო ადრე დინოზავრებს ებრძოდა. ადამიანი არ გაჩენილა არსებად, რომელიც უნდა იყოს მოდუნებული და დასვენებული. ეს არის ჩემი აზრი და ცხოვრების სტილიც შესაბამისი მაქვს.

– თუმცა, მართლა ცოტა სახალისოა ის, რომ თურმე, სამოსის ან სამკაულების ნაცვლად, სამუშაო იარაღების შეძენაზე ოცნებობთ.

– კი, კი, ასეა. იმდენი რამეა საჭირო... ყოველ წელს გამოდის ახალი მასალა, ახალი იარაღები. ელემენტარული ყველას უნდა ჰქონდეს სახლში, მაგრამ ისეთი რაღაცები მოაქვს პროგრესს და ცივილიზაციას, რომ ბევრად გიადვილებს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, რომ მქონდეს საშუალება და ზედმეტი ფული, სახლისთვის ყველაფერს ვიყიდდი, იმას, რაც ყოველთვის გამოგადგება. ზედმეტ ბეჭედს ეს მირჩევნია. ქალები წინა საუკუნეებში უფრო ოცნებობდნენ ასეთ რამეებზე. რაში მადგება სამკაული?

– სტერეოტიპულად „კაცური“ საქმეების შესრულებისას კაცები თუ გაგიოცებიათ ან პირიქით, მათთვის თუ მიგიციათ შენიშვნა?

– კი, თავიდან ყველა ხელოსანი ფიქრობს, რომ რადგან ქალთან აქვს საქმე, მაქსიმალურად პრიმიტიულ ენაზე უნდა აგიხსნას. მერე მე ისეთები მითქვამს, უცებ რომ ხედავ, მის გამომეტყველებაში შენს მიმართ პატივისცემა ჩნდება... მით უმეტეს, ქერათმიანი ქალისგან უკვირთ (იცინის). მე მყავს ისეთი ხელოსნებიც, რომლებმაც უკვე იციან ჩემ შესახებ და მეუბნებიან, ბევრი კაცი არ აკეთებს იმას, რასაც შენო. რეალურად, მე სამი სახლი მაქვს აშენებული, ჯერჯერობით სამი (იცინის). კიკეთი, ბათუმი და თბილისის სახლიც ჩემი გარემონტებულია. ჩემი ფანტაზიით გადავაწყვე და გავაკეთე ყველაფერი. მამა მყავს არქიტექტორი და ალბათ, გენეტიკურად მაქვს მიდრეკილება, ვაზროვნებ ამ სფეროში.

– აქ მარტო შპალერი და საღებავის ფერის შერევა არ იგულისხმება, არა?

- არა, მასალები, განლაგება, ავეჯი. მე ოთახში რომ შევდივარ, ინტუიციურად ვგრძნობ, სად რა უნდა იდგეს. ვგრძნობ, როგორია სწორი განლაგება. რესტორანში ან კაფეში რომ შევდივარ, მაშინვე ვუმიზნებ ადგილას, სადაც უნდა ვიჯდე და სადაც ყველაზე კომფორტულად ვიგრძნობ. ეს ცოტა ფენშუისთანაც არის კავშირში და თან ცოტა კატასავით ვარ –ყველაზე კარგ ნაწილს მე ვპოულობ (იცინის). ამიტომ ვიცი, თუ საძინებელია, რომელ მხარეს აჯობებს საწოლის დადგმა, თუ მისაღებია, სად უნდა იყოს დივანი, იმისთვის, რომ სტუმარი კარგად გრძნობდეს თავს. ძალიან მიყვარს სარკეები. ის ზრდის სივრცეს და ირეკლავს, მაგრამ რას ირეკლავს, ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს?! მის ანარეკლში ყველაზე ეფექტური ადგილი უნდა ისახებოდეს, ამიტომ ამასაც სწორად შერჩევა უნდა. ეს ყველაფერი მე უფრო ინტუიციურად მესმის, ვიდრე განათლების დონეზე და ალბათ, გენეტიკური ფაქტორიც მოქმედებს ან რატომ არ უნდა მესმოდეს? კაცს თუ ესმის, ქალს რატომ არ უნდა ესმოდეს?! შეიძლება, არ მესმოდეს კიბერნეტიკა და უმაღლესი მათემატიკა, მაგრამ სახლის მასალებსა და დიზაინში გარკვევა, რა პრობლემაა?! კარგი და პატიოსანი ხელოსანი გყავდეს და ფული გქონდეს, თორემ დანარჩენი არ არის პრობლემა (იცინის).

– რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას, როცა რემონტს აკეთებთ?

– სანტექნიკით და ელექტრობით ვიწყებ და გარე მოპირკეთებით ვამთავრებ, რაც ჩემთვის დესერტია და ყველაზე სასიამოვნო ეტაპია. ბათუმის სახლი შავი კარკასიდან გავაკეთე. იქ ისეთი ფერები მაქვს, შედიხარ თუ არა, თავს ბედნიერად გრძნობ. სახლი ფირუზისფერი თეთრში მაქვს, ზღვის ხედითა და არაჩვეულებრივი აურით. თბილისის სახლი აბსოლუტურად გადავაკეთე და ჩეხური პროექტი, არასტანდარტულ ბინად ვაქციე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოოდ ჰარმონიული შედეგი მივიღო და ფერები იყოს ბუნებრივი. ჭყეტელა ფერები არ მიყვარს. მით უმეტეს იქ, სადაც ბევრ დროს ატარებ. თუ შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, არასტანდარტული გარემო შევქმნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი