შოუბიზნესი

რისთვის მოამზადა ფრანგულ The Voice-ის კონკურსამდე ელგა ფორჩხიძემ საკუთარი თავი და ვინ შეადარა ის ალმადოვარის ერთ-ერთ გმირს

№12

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 25.03

ელგა ფორჩხიძე
დაკოპირებულია

ქართველი მომღერალი ელგა ფორჩხიძე პირველი ქართველია, რომელმაც საფრანგეთში, მუსიკალურ მეგა-პროექტ The Voice-ში მიიღო მონაწილეობა და ჟიურისა და მაყურებლის დიდი სიმპათია და აღფრთოვანება დაიმსახურა. ელგა წლებია, საფრანგეთში მოღვაწეობს და, როგორც თავად აღნიშნავს, მას არაერთ მუსიკალურ კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, თუმცა ეს შოუ ერთგვარი გამოწვევა და დიდი გამოცდილება იყო. დიდი სიამოვნება მიიღო და ჟიურისა და მსმენელის გულიც მოიგო.

ელგა ფორჩხიძე: მსოფლიოში აღიარებული პროექტი The Voice, საფრანგეთში 2012 წლიდან ტარდება და ახლა მეცამეტე სეზონი მიმდინარეობს. ეს არ არის მხოლოდ კონკურსი, ეს შოუა, ტელეპროექტი, რომელიც ახალგაზრდა შემსრულებლების წინ წამოწევასა და მათ გაპიარებას ემსახურება, რაც ძალიან კარგია დამწყები მომღერლებისთვის. თუმცა, ასაკი არ არის შეზღუდული – ნებისმიერ მსურველს და ნებისმიერ მუსიკალურ დონეზე მყოფს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ამ შოუში მოხვედრა რთული იყო და პრინციპში, ასეცაა იმ ადამიანებისთვის, ვინც თავად აგზავნის მოთხოვნას, მასში მოსახვედრად. თუმცა, ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად მოხდა ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ამ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან კონკურსები არ მიყვარს და ზოგადად, მუსიკალურ სფეროში შეჯიბრება სწორად არ მიმაჩნია.

– კონკურსები არ მიყვარსო და ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე რატომ დათანხმდი?

– ასაკით პატარა რომ ვყოფილიყავი, ანუ იმ ასაკში, 90-იან წლებში საქართველოში ჩემი კარიერის შექმნას რომ ვიწყებდი, ასეთ შანსს სიამოვნებით მივიღებდი. ახლა კი ამის საჭიროებას ვერ ვხედავდი. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, მობილურზე გაისმა ზარი და ყველაფერი ამოაყირავა, არჩევანის წინაშე დამაყენა – მიმეღო თუ არა მონაწილეობა კონკურსში. დამირეკეს „აიტივი სტუდიოდან“, ეს არის ქასთინგის ჯგუფი, რომელიც არჩევს მონაწილეებს და ამზადებს ამ პროექტს საფრანგეთის პირველი არხისთვის. მსურველებიც აგზავნიან თავის მოთხოვნას და განაცხადს, თუმცა, საორგანიზაციო ჯგუფიც ეძებს მომღერლებს, რომ პროექტი მრავალფეროვანი, მაღალი დონის და საინტერესო გამოვიდეს. მოკლედ, სოციალურ ქსელში ჩემს ვიდეოებს გადააწყდნენ და დამიკავშირდნენ. მათთვის სასურველი კანდიდატურა ვიყავი და მთხოვეს, მიმეღო მონაწილეობა. ბრმა ქასთინგამდე პროექტის გადაღებების სამი შესარჩევი ტური გავიარეთ. ეს ტურები 5 თვის განმავლობაში იყო გადანაწილებული. 58 ათასი განაცხადიდან, პროექტში 105 მოვხვდით.

– მიუხედავად იმისა, რომ შენმა ნამღერმა დამსწრე საზოგადოება და ჟიურის წევრები აღაფრთოვანა, ისინი მაინც არ შემოგიბრუნდნენ. ეს ერთგვარი სტრესი იყო?

– საკმაოდ სწორი მესიჯებით ვიყავი მისული, ვიცოდი, ამ პროექტში გარკვეული დატვირთვა მქონდა. ჩემი თავი მაქსიმალურად მოვამზადე, რომ იქ არავინ გამამარჯვებინებდა და ეს გასაგებიც იყო (იცინის). ფანტასტიკის სფეროა, საფრანგეთში კონკურსზე უცხოელმა გაიმარჯვოს. ვიცოდი, იქ ერთ-ერთი მარგალიტი ვიყავი, რომ პროექტი გამელამაზებინა და მაღალ დონეზე წარვმდგარიყავი ჟიურისა და იქ დამსწრე საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩემს თავს ვუთხარი: ეს არის შენი სოლო კონცერტი, მიიღე სიამოვნება და ხალხსაც ასიამოვნე, შენი გასაკეთებელი მაქსიმალურად გააკეთე-მეთქი. ეს იყო ჩემი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ. მოკლედ, გავედი კონკურსზე, ყველა ფეხზე წამოდგა, ჟიურიც აღფრთოვანებული დარჩა ნამღერით, ყველა ცეკვავდა და მღეროდა ჩემთან ერთად, უამრავი კომპლიმენტი მითხრეს, რომ ვარ შემდგარი, დახვეწილი და პროფესიონალი მომღერალი. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ალმოდოვარის ერთ-ერთ გმირს, უცნაურ და გამორჩეულ მსახიობს, როსი დე პალმასაც კი შემადარა. როცა არავის ჰგავხარ და შენი ხელწერა გაქვს, ეს ჩემთვის კომპლიმენტია და ძალიან გამიხარდა. დედოფალივით ჩამაბრძანეს სცენიდან და შოუ ძალიან კარგი განცდებით დავტოვე. ჟიურის წევრები ისე მიყურებდნენ, როგორც კოლეგა – კოლეგას და ეს ორმაგად სასიამოვნო იყო.

– რამდენი წელია, რაც საქართველოდან წახვედი?

– საქართველოდან 2003 წელს წავედი. პირველად, 3 თვიანი მიწვევა მქონდა მოსკოვში, ხუთი წელი დავრჩი და პირველი განცდები საკმაოდ ცუდი იყო. მთელი ორი თვე ვტიროდი, ვერ შევეგუე ნაცრისფერ ცას, მალე დაღამებას და არავის რომ არ ვიცნობდი. ცივი და არასასიამოვნო გარემო დამხვდა და სამი-ოთხი თვე დამჭირდა, გამეაზრებინა, რომ ყველგან არ არის მზე და არ ცხოვრობენ ისეთი თბილი ადამიანები, როგორც ჩვენთან (იცინის). შემდეგ, პოლიტიკური მიზეზების გამო, მომიწია მოსკოვის დატოვება და საცხოვრებლად უკრაინაში გადავედი. შემდეგ, ისევ ჩამოვედი საქართველოში. 2009 წელს კი მივიღე მოწვევა პარიზიდან, ყოყმანისა და მეგობრების თხოვნის შემდეგ წამოვედი საფრანგეთში. თუმცა, თავიდან აქაც გამიჭირდა. ენაც არ ვიცოდი და ეს იყო დიდი ბარიერი და სტრესი, რადგან კომუნიკაციას ვერ ვამყარებდი. საკმაოდ დიდი ხანი ვერ მოვახდინე ადაპტაცია. „ქართული სახლი“, სადაც სამი წელი ვიმუშავე, დაიხურა. ნელ-ნელა შევაფასე და დავაფასე ის სიტუაცია, სადაც ვიმყოფებოდი. დიდი დრო დავკარგე საქართველოში, ცრუ დაპირებებში, ბევრი ტკივილიც მივიღე, ჩაკეტილი ხანაც იყო, მიუხედავად იმისა, ბევრს ვშრომობდი და ვცდილობდი, მემღერა, მაინც არ მიმართლებდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი უცხოეთში.

საკუთარი თავის დამკვიდრების დროს ყველა ქვეყანაში საკმაოდ რთული ეტაპების გადალახვა მომიხდა. ფაქტობრივად, ნულიდან ვიწყებდი ყველაფერს. საფრანგეთში კი, თუ ენა არ იცი, რთულია, ადგილი დაიმკვიდრო. ახლაც მიკვირს, საიდან მომეცა ამხელა ძალა და ენერგია, რომ ენაც მესწავლა და მეცამეტე წელია, პარიზის ერთ-ერთი ძველი და ისტორული კაბარეს ერთადერთი და პირველი ქართველი მომღერალი ვარ. კაბარეს „სამი ურო“ ჰქვია. აქ მსოფლიო მუსიკა ჟღერს და ვარ პირველი, ვინც ქართულად იმღერა და დღეს უკვე რამდენიმე სიმღერა ჟღერს. საქართველოში წლებია, არ მიმღერია და ამაზე ძალიან მწყდება გული. დღეს საფრანგეთში უფრო ცნობილი ვარ, ვიდრე საქართველოში.

– ადაპტაცია გაიარე, თავი დაიმკვიდრე, საკუთარი ადგილიც იპოვე საფრანგეთში და მაინც, ყველაზე მეტად რა გენატრება სამშობლოში?

– მენატრება ოჯახი, მეგობრები. თუმცა, გამიმართლა, წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ და ეს დიდი შვებაა ჩემთვის. კოვიდის დროს, სამი წელი რომ ვერ ჩამოვედი, ასე მეგონა, საერთოდ დავკარგე ცხოვრების აზრი. ეს იძულებითი განშორება იყო და ის პერიოდი ყველაზე ცუდად მახსენდება. აქ ქართული რესტორნებია, სადაც ქართულ კერძებს მივირთმევ და ამ მხრივ, მონატრება არ მაქვს. როცა დავიწყე იმის გაანალიზება, რა ეტაპები, სირთულეები და წინაღობები გავიარე, მივხვდი ბედისწერას არ უნდა დავემდურო. თუ რამე არ გამოვიდა, ესე იგი, ასე იყო საჭირო. ის გაუმართლებელი მომენტები ტრაგედიად და სამყაროს დასასრულად მიმაჩნდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არა ის, არ ვიქნებოდი ევროპაში, არ მექნებოდა გარანტირებული სამუშაო, სიმყარე, სტაბილურობა, ის შესაძლებლობა, რაც აქ მაქვს, ნიჭის რეალიზების შანსი. რუსეთიდან ბედისწერას რომ არ გამოვეგდე, აქამდე ვერ მოვიდოდი და ჩემი ცხოვრება სხვანაირად წავიდოდა. ამიტომ, ყველა ეტაპს სჭირდება სწორად გაანალიზება და პოზიტივების დანახვა. როგორც კი იმ უარყოფითში, ცუდ მომენტებში დადებითი დავინახე, ამას პოზიტივი მოჰყვა. ახლა თავი ნამდვილად იღბლიან ადამიანად მიმაჩნია. ბედისწერამ თუ დამაკარგვინა ბევრი რამ, სამაგიეროდ, უფრო მასშტაბური შემძინა. მე წარსულში არაფერს შევცვლიდი, რადგან იმ ტკივილებმა, განცდებმა, სიხარულებმა გამხადეს უკეთესი ელგა, ვიდრე ვიყავი გუშინ. იმასაც გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად არ მაშინებს წლების მატება, რასაც ვერ ვიტყოდი 15 წლის წინ (იცინის). 30-დან 40 წლამდე მქონდა კრიზისი – სულ მეშინოდა წლების მატების, 40 წლის იტალიაში, დიდ სცენაზე გავხდი და მაშინ მივხვდი, ისეთივე ახალგაზრდა ვარ, როგორც 30 წლის და სულ ტყუილად მეშინია წლების.

– ელგა, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ქალსაც და მამაკაცსაც ერთმანეთი სჭირდებათ. სასურველია, გვერდით გედგას ადამიანი, რომელიც ყველაფერში მხარს დაგიჭერს, წარმატებაშიც და წარუმატებლობაშიც. ბევრი წელი მარტო ვიყავი, ახლა კი მყავს მოსიყვარულე მეუღლე და უკვე ორი წელია, ერთად ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი