შოუბიზნესი

რისი შიში აქვს „მსოფლიოში უძლეველი ადამიანის“ ტიტულის მქონე ლაშა ტალახაძეს და რამდენ მილიონს სთავაზობდნენ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობისთვის

№31

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 09.08, 2022 წელი

ლაშა ტალახაძე
დაკოპირებულია

მშვიდი, გაწონასწორებული ნერვების მქონე, ყველა დროის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, საჩხერეში დაიბადა და გაიზარდა. მისი აღნაგობისა და ძალის გამო, ბავშვობაში „შტანგას“ ეძახდნენ. თუმცა სანამ ძალოსნობაზე დაფიქრდებოდა და ვარჯიშს დაიწყებდა, ცეკვაზეც იარა და გიტარაზეც. დღეს ლაშა მესამე შვილს ელოდება და როგორც მისი მეუღლე, ანა დემურია ამბობს, ის საკმაოდ კარგი მამაა, მოსიყვარულე ქმარი და მესამე ქალიშვილის დაბადებასაც დიდი ემოციით ელის.

ლაშა ტალახაძე: გამხდარი, მაღალი ბიჭი ვიყავი. დიდი სურვილი მქონდა, კალათბურთზე ან რაგბიზე მევლო, მაგრამ ძალოსნობა ავირჩიე. თუ ძალოსნობაში ვერ დავდებდი შედეგს, აუცილებლად კალათბურთზე ან რაგბიში წავიდოდი, თუმცა არ მომიწია. საჩხერეში მეტსახელად „შტანგას“ მეძახდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ პირობებში მიწევდა ვარჯიში, მაინც ერთი მიზანი მქონდა – ჩემპიონი გავმხდარიყავი. მიზანს მივაღწიე და ამით უამრავი ადამიანიც გავახარე.

– როგორც ვიცი, ბავშვობაში ცეკვაზეც დადიოდი. თუმცა შენგან მოცეკვავე არ დადგა. ეს შენი სურვილი იყო თუ ოჯახის წევრების?

– ოთხი წელი ვიარე ცეკვაზე – დედაჩემის სურვილით უფრო სწორად, დედის ხათრით (იცინის). მერე, ორი თვე, გიტარის დაკვრაზეც დავდიოდი. ასე რომ, ფაქტია, ჩემგან არც მოცეკვავე და არც გიტარისტი არ დადგა. სხვათა შორის, მამაც ძალოსანია, ჩემში კარგად დაინახა ის მონაცემები, რაც მომავალში წარმატებას მომიტანდა და ვარჯიშს მაძალებდა. მამას თავისი კლუბი ჰქონდა და იქ ვვარჯიშობდი. შემდეგ დარბაზიდან გამოგვიშვეს და მიტოვებულ, ძველ, ავარიულ შენობაში შეგვიშვეს. გვპირდებოდნენ: დროებით შედით და ივარჯიშეთ, მალე გავაკეთებთო, მაგრამ ეს მალე, წლები გაგრძელდა. სიცივეში, ყინვაში გვიწევდა ვარჯიში, არც შტანგები გვყოფნიდა. არ დამავიწყდება, რკინა ავიღეთ, ორი ბორბალი გავუკეთეთ და იმით ვვარჯიშობდით. ფაქტობრივად, ნაადრევად დავტოვე ბავშვობა იმის გამო, რომ სულ ვვარჯიშობდი, შეკრებებზე წასვლა, ნაკრებთან ერთად ყოფნა მიწევდა. ბევრჯერ მითქვამს უარი თანატოლის დაბადების დღეზე ან კლასელების შეკრებებზე. დღემდე ასეა. ჩემი უფროსი ქალიშვილის დაბადების დღეზე ბათუმში, „ზბორებზე“ ვიყავი წასული. მწვრთნელს ვთხოვე, ღამე ჩამოვედი, ბავშვს მივულოცე და დილით ისევ უკან წავედი.

– თხუთმეტი წლის ასაკში, რაიონიდან თბილისში მოგიწია ჩამოსვლა და ვარჯიშის გაგრძელება. თუ საიდუმლო არ არის, ვინმემ შეგამჩნია თუ მამის გავლენა იყო?

– ხშირად ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატები ახალგაზრდებს შორის. იქ ვიღებდი მონაწილეობას და ალბათ, მამის გავლენაც იყო, რომ თბილისში დამიძახეს. არ დამავიწყდება, დარბაზში პირველად რომ მივედი, ერთი ბავშვი დამაკვირდა და რადგან გამხდარი და მაღალი ვიყავი, თქვა: ამან რა უნდა გააკეთოს, ამისგან არაფერი გამოვა, აქ რა უნდა, ეს ბავშვი კალათბურთზე შეიყვანეთო (იცინის). დღეს ეს ადამიანი ჩემი ახლო მეგობარია და ხშირად სიცილით იხსენებს: გახსოვს, მაშინ რა ვთქვი შენზეო? (იცინის).

– გიყურებ და ვფიქრობ: მსოფლიოში უძლეველი ადამიანის ტიტულის მქონე ადამიანს, ალბათ, არაფრის შიში არ აქვს. ასეა თუ ვცდები?

– ასეც არ არის (იცინის). ბავშვობიდან სიმაღლის შიში მაქვს. მეოცე სართულზე მიწევდა ცხოვრება და იმდენად მეშინოდა, აივნიზე ვერ გავდიოდი (იცინის).

– ლაშა, აუცილებლად უნდა შევეხო თემას, რომლის გამოც, არაერთხელ იყო მითქმა-მოთქმა ტელევიზია-პრესაში, მსოფლიოს მასშტაბით...

– მივხვდი, რაც გინდათ მკითხოთ. ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებს. 2013 წელს, დოპინგის გამო, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მივიღე, მაგრამ ამ ფაქტიდან სამი წლის შემდეგ უსამართლოდ დამადანაშაულეს. 2020 წელსაც გერმანელმა ჟურნალისტმა დამდო ბრალი, მაგრამ დოკუმენტები დაიდო და სიმართლე გაირკვა. არ მინდა ამ ფაქტის გახსენება. თუმცა, ერთს ვიტყვი, ძალიან გამკაცრებულია დოპინგ-კონტროლი და სადაც არ ელი, იქ გაკითხავენ და გამოწმებენ. ასე რომ, ადამიანს დოპინგის გარეშეც შეუძლია, გახდეს წარმატებული და ამისთვის მხოლოდ დაუღალავი ვარჯიში და შრომაა საჭირო. არასოდეს დამავიწყდება ჩემი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის სიტყვები, როცა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცეს: იმავე გზას გადიხარ, რაც მე გავიარე, დამიჯერე, ორი წლის მერე ძალიან დიდი წარმატება გველოდებაო.

– ძალიან მორწმუნე ადამიანი ხარ. მართალია, რომ შეჯიბრებაზე წასვლისას, ერთი ჩემოდანი ხატები მიგაქვს?

– სადაც მივდივარ, ყველგან დამაქვს ხატები. შეჯიბრებაზე თუ მივდივარ, მართლა ბევრი მიმაქვს, „ზბორებზე“ – ცოტა ნაკლები. მეგობრები დამცინიან ხოლმე – ლაშა თავისი ეკლესიით დადისო (იცინის). ჩემპიონატების წინ, ყოველთვის მივდივარ უწმინდესთან დასალოცად. თუმცა, ბოლო დროს, პანდემიიდან გამომდინარე, არ მინდა, შევაწუხო ან მის ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნა და თავს ვიკავებდი.

– რასაკვირველია, შენი ყველა გამოსვლა და გამარჯვება, საქართველოსთვის და შენი გულშემატკივრებისთვის დიდი ზეიმია, თუმცა შარშანდელი მოსკოვის ევროპულ ჩემპიონატზე გამოსვლა, განსაკუთრებულად ემოციური და ამაღელვებელი და იმავდროულად, საამაყო იყო – გაიმარჯვე და ოკუპანტ ქვეყანაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. რას გრძნობდი თავად იმ მომენტში?

– სანამ წავიდოდი, ძალიან ვნერვიულობდი – მოსკოვში ტარდებოდა ჩემპიონატი და ქართველები ჩავდიოდით. მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მახსოვს, ოკუპანტ ქვეყანაში ჩემი ქვეყნის ჰიმნი რომ გაჟღერდა, პირჯვარი გადავიწერე, გულზე ხელი დავიდე და ძალიან დიდი სიხარულის განცდა მქონდა. ყველა შეჯიბრების წინ ვღელავ, ვფიქრობ, რა იქნება, მაგრამ მოსკოვში წასვლის წინ, სხვა მღელვარება და შემართება მქონდა. მინდოდა, მოსკოვში გამარჯვებასთან ერთად, ახალი რეკორდი დამეფიქსირებინა და ეს მოვახერხე. ერთი სული მქონდა, გამარჯვებული როდის დავბრუნდებოდი მოსკოვიდან ჩემს სამშობლოში. ფიცარნაგზე რომ გავდივარ, რამდენიმე წამში უამრავ რამეს იაზრებ. პირადად მე ცუდზედ ვფიქრობ ხოლმე და მერე მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ის ცუდი არ მოხდეს. მობილიზებას ვახდენ და ზუსტად ვიცი, შეცდომას არ დავუშვებ. როცა შტანგას ვწევ მაღლა, საკმარისია 2 წამი და მერე უნდა დაუშვა. ნამდვილად არ ვიცი, იმ ორ წამში რა ხდება ჩემს თავს – არაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ იმაზე, რომ ეს მე შევძელი. თვეების განმავლობაში გვიწევს ვარჯიში, 5-6 თვე მაინც, რომ შეჯიბრებამდე მივიდეთ, ამ დროს ბევრი ტკივილი და ტრავმაა. ამას პლუს ნერვების მდგომარეობა, ამხელა დატვირთვას რომ იღებ. მაგრამ, კვარცხლბეკზე რომ დავდგები და საქართველოს ჰიმნი მესმის, თვეების ნაწვალები დაღლა და ტკივილი მეხსნება. ამ დროს მხოლოდ ერთს ხვდები – გააკეთე, მიაღწიე და შენი გულშემატკივარი, ოჯახის წევრები და მეგობრები ბედნიერები არიან, რომ აღარაფერი ვთქვა პირად მწვრთნელზე და ექიმზე, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან. რთულია იმის ახსნა, რის ფასად ჯდება თითოეული გამარჯვება და რამხელა შრომა და ტკივილია ჩადებული მასში. სხვათა შორის, არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ დიდი ტკივილების ფონზე მიწევს ვარჯიში – ხერხემლის მალთაშუა თიაქარი მაქვს, რომელიც აწვება მარჯვენა ფეხის ნერვს და თუ ყოველდღიურად გამაყუჩებელი არ გავიკეთე, გაუსაძლისი ტკივილია. ვარჯიშებიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. თუმცა, ვცდილობ, ის წლები რაც სპორტში დამრჩა, მაქსიმალურად გამოვიყენო და ტკივილს არ დავნებდე. ვცდილობ, კუნთი ვარჯიშით გავაძლიერო.

– ეს პროფესიული დაავადებაა? პრობლემას ოპერაციული ჩარევა არ მოხსნის?

– არა, პროფესიული დაავადება არ არის, ბავშვობაში იატაკზე ფეხი ამისრიალდა და ზურგით დავეცი. სამწუხაროდ, არც ოპერაციაა გამოსავალი.

– არაერთი შემოთავაზება გქონდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან. ვიცი, მილიონებს გთავაზობდნენ, რომ უარი გეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მათი ქვეყნის სახელით გამოსულიყავი და გეასპარეზა. ბევრი ასეთ ცდუნებას ვერ გაუძლებდა და დათანხმდებოდა. რატომ თქვი უარი?

– შემოთავაზება რომ მქონდა, პირველ რიგში, ის მეფიქრებოდა, სხვა ქვეყნის დროშა როგორ უნდა ავწიო-მეთქი. ჩემი პასუხი ყოველთვის იყო – ვერა, ამას ვერ გავაკეთებ! მაგრამ სულ მაინტერესებდა, რამდენს მთავაზობდნენ (იცინის). პირველი ოლიმპიადა რომ მოვიგე, ერთ-ერთი ქვეყანა ათ მილიონს მთავაზობდა, ბოლო პერიოდში კი ხუთ მილიონზეც იყო საუბარი. ჩემთვის ქართული დროშის აფრიალება და ჩემი ქვეყნის სახელით გამარჯვება მილიონებზე მეტი ღირს. ჩემთვის, საქართველოს გარდა, არანაირი სხვა სამშობლო არ არსებობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი