შოუბიზნესი

რისი კომპლექსი მოეხსნა საქართველოში გიგა კვენეტაძის ცოლს და რა სიურპრიზს უმზადებს მომღერალი მას მოსკოვში დაბრუნებამდე

№28

ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00 20.07

გიგა კვენეტაძე
დაკოპირებულია

წლებია, მუსიკოსი, კომპოზიტორი და შემსრულებელი გიგა კვენეტაძე რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა, ყოველ ზაფხულს, ტრადიციულად, საქართველოში ჩამოდის და მშობლიური ენერგეტიკით ივსება. ამბობს, რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია. ფაქტია, მისი სიმღერები გაჟღერებისთანავე გაჰიტდა და ბევრი წლის მერეც მის გარემიქსებულ ვარიანტს ბევრი ქართველი მომღერალი ასრულებს. გიგას კი გული სწყდება, რომ ქართველი მომღერლები ახალ სიმღერას არ უკვეთენ, რუსეთში კი, მის შემოქმედებაზე დიდი მოთხოვნაა.

გიგა კვენეტაძე: მთელი წლის დამღლელი მუშაობის შემდეგ დასვენება, ძალების აღდგენა და განტვირთვა ადამიანისთვის აუცილებელია. სიმართლე გითხრათ, ზაფხულის მოსვლას, განსაკუთრებულად ველოდები. წლებია, რუსეთში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს და ეს ზაფხულის პერიოდშია, ჩემს ქვეყანაში ვიჩქარი ჩამოსვლას. როცა საქართველოში ჩამოვდივარ და ფეხქვეშ ქართულ მიწას ვგრძნობ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, ემოცია და განცდაა. ამ ზაფხულსაც ჩამოვედი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქ დასასვენებლად ვარ – სტუდიაც წამოვიღე, რომ პროექტებზე მუშაობა განვაგრძო და ქუთაისის სახლში რემონტიც წამოვიწყე. მართალია, დატვირთული ვარ, მაგრამ გარემო იმდენად მშობლიური და მშვიდია, ყველაფრის კეთება მსიამოვნებს. ერთი სიტყვით, ეს გარემოცვა იმდენად დადებითად მოქმედებს ჩემზე, რომ მიუხედავად შრომისა, ფაქტობრივად, დასვენება გამომდის (იცინის). ქართული მიწა და ჰაერი თავისას აკეთებს – ბევრი ემოციის მომცემია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმყვება და ფაქტობრივად, ეს ემოციაა ჩემში, რომელიც მეხმარება. საქართველოდან ყოველთვის ენერგიით სავსე მივდივარ მოსკოვში და სხვა ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას.

– ვიცი, რუსეთში ძალიან ბევრი შეკვეთა გაქვს, გაფასებენ და მოსწონთ შენი შემოქმედება. ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლებისგან თუ გაქვს შემოთავაზება, რომ სიმღერა დაუწერო?

– დაგეთანხმებით, განსაკუთრებით ბოლო წლებია, ბევრი შემოთავაზება მაქვს საერთო პროექტების მიმართულებით, არა მარტო რუსეთში. ბევრ სიმღერას ვწერ სხვადასხვა ქვეყნის მომღერლებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქართველი შემსრულებლებისგან შემოთავაზება არ ყოფილა და ძალიან მწყდება გული. სამაგიეროდ, ჩემი ძველი სიმღერები დღესაც პოპულარულია საქართველოში, გაარემიქსეს და ხშირად მღერიან. წელიწადში, ალბათ, ასი კაცი მირეკავს საავტორო უფლებების გამო და მეკითხებიან: შეიძლება, ვიმღეროთო... ეს კარგია, მაგრამ ახალიც საჭიროა.

– ხომ არ გიგრძნია ნეგატიური დამოკიდებულება იმის გამო, რომ ქართველი ხარ და ოკუპანტ ქვეყანაში ცხოვრობ და მოღვაწეობ?

– 2008 წლიდან მოსკოვში ვცხოვრობ, ანუ უკვე 16 წელია. სხვათა შორის, არც რუსებისგან და არც ქართველებისგან არ მიგრძნია ნეგატიური დამოკიდებულება. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, სხვადასხვა ტელევიზიაში მეძახიან, თუმცა იყო მომენტები, იმის გამო, რომ მე რუსეთში ვმოღვაწეობ, გარკვეულ გადაცემებში არ დამპატიჟეს. უფრო სწორად, ვერ დამპატიჟეს, რადგან მითხრეს: ძალიან გვინდა, დაგპატიჟოთ, მაგრამ, რადგან შენ რუსეთში მოღვაწეობ, ვერ მოგიწვევთ, ჩვენი არხის პოლიტიკა ამას ემიჯნებაო. თუმცა, ეს პირდაპირ ვერ გამიბედეს და მესამე პირის ენით შემომითვალეს. არადა, სადაც არ უნდა წავიდე, ჩემს ქართულ გენეტიკას, ჩემი სამშობლოსადმი დამოკიდებულებასა და სიყვარულს ვერ წაშლიან და ვერც დამიშლიან. სამწუხაროა, რომ ბევრი ასე არ ფიქრობს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვარ, სადაც არ უნდა ვიყო, ყველაფერ ეროვნულს ვგულშემატკივრობ, სპორტი იქნება ეს, შემოქმედება თუ პოლიტიკა.

– გიგა, წლების მატება თუ გაშინებს და რა დაგიტოვა განვლილი გზის გამოცდილებებმა?

– სიმართლე გითხრათ, წლების მატება არ მაშინებს. ვხვდები, უფრო ვღვინდები და მოვლენებს უფრო პრაგმატულად ვუყურებ, სხვანაირად „ვხარშავ“ იმ მომენტებს, რომელიც ჩემთვის რაღაც დროს მიუღებელი იყო. თუ ადრე არ ვთმობდი, ახლა ვისწავლე დათმობა, საკითხებისადმი სხვანაირი მიდგომა. ეს, წლების ბრალია და ძალიან მომწონს ის ასაკი, რა წელშიც ახლა ვარ. ასე მგონია, თავიდან იწყება ცხოვრება, მეორე სუნთქვა გამეხსნა და ისევ მოვიდა ის აზარტი, რაც თექვსმეტი წლისას მქონდა, როცა თბილისში ჩამოვედი, ვიქირავე ბინა და დავიწყე ხელმომჭირნედ ცხოვრება (იცინის). ამ ასაკში მაქვს შემართება, გრანდიოზული გეგმები დავსახო, ვიშრომო და უფრო ნაყოფიერი გავხადო ჩემი შემოქმედებითი წვა. ასე რომ, პირიქით, მომწონს, წლები რომ მომემატა და წინსვლაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა და შემართება მეხმარება.

– გარდა იმისა, რომ საქართველოში ჩამოხვედი, თან წამოიღე სამუშაო აპარატურა და პროექტები, რომლებზეც მუშაობ და სახლის რემონტსაც ახერხებ, თუ გაქვს დაგეგმილი ზღვაზე ან მთაში დასვენება და ვისთან ერთად?

– ძალიან მინდა, სხვადასხვა რეგიონში წავიდე, მაგალითად, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, სხვა ლამაზ და ისტორიულ კუთხეებში. ჩემს ცოლ-შვილს დავპირდი, სასწაულ ადგილებს განახვებთ საქართველოში-მეთქი და ამას ამ ზაფხულს ვაპირებ. ვცდილობ, შვილს ჩავუნერგო ქართული სული და გავუღვივო ის ქართული ენერგეტიკა, რომელიც მომავალში გამოადგება. მე აქ გავიზარდე და ეს შესისხლხორცებული მაქვს, ჩემი შვილი კი სხვა გარემოში იზრდება და ამიტომ ეს აუცილებელია. ასე რომ, ტრადიციას – ზაფხული ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში გავატარო – არცერთ წელს არ ვარღვევ. ოჯახი ჩემი მამოძრავებელი ძალაა და სადაც მე ვარ, ჩემი ცოლ-შვილიც იქ არის. შვილმა წერა-კითხვა ქართულად კარგად იცის, ცოტა სიტყვების მარაგში უჭირს, მაგრამ რაც ჩამოვედით, თანატოლებთან ურთიერთობაში „ამუღამებს“ (იცინის). ქუთაისში ვართ და ქუთაისური სლენგის მარაგი აითვისა (იცინის).

– როგორც მახსოვს, მეუღლეც სწავლობდა ქართულ ენას, თუმცა ერიდებოდა საუბარი და მას თუ მოეხსნა ეს კომპლექსი?

– მეუღლეს ახლაც აქვს კომპლექსი, მაგრამ ცდილობს, ყველასთან ქართულად ისაუბროს. სხვათა შორის, მეუღლეს სიურპრიზს ვუმზადებ, სანამ მოსკოვში დავბრუნდებით, მინდა, თურქეთში ან ეგვიპტეში წავიდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა