შოუბიზნესი

რისი კომპლექსი დააძლევინა ანდრია გველესიანმა მაიკო ვაწაძეს და ვინ გააასმაგა მათი ბედნიერება

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 31.10, 2022 წელი

მაიკო ვაწაძე
დაკოპირებულია

მაიკო ვაწაძისა და ანდრია გველესიანის ოჯახური ცხოვრება პატარას დაბადებამ კიდევ უფრო ბედნიერი გახადა და დღეს ორივე მათგანის დიდი სიყვარული პატარა სანისაკენ არის მიმართული.

მაიკო ვაწაძე: სანი წინა წელს დაიბადა და წელს პირველი ზაფხული იყო, როცა ერთად დასვენების საშუალება გვქონდა. ამიტომ, შევეცადეთ, მისთვის არც მთა დაგვეკლო და არც – ზღვა. თუმცა, დასვენებების სეზონი დასრულდა და ახლა ახალი შემართებითა და ძალებით უნდა შევუდგე ჩემს საქმეს.

– სანი საოცრად სიმპათიური ბიჭია, სხვა მხრივ როგორია?

– ძალიან აქტიური და ენერგიულია. მოზღვავებული ენერგია აქვს, ერთი წამი არ ჩერდება. თუმცა, იდეალური ხასიათი აქვს. ძალიან კეთილია, სულ იღიმის და არასდროს ტირის, თუ რამე არ აწუხებს. მასთან ერთად დროის გატარება კარგ ხასიათზე ყოფნას ნიშნავს (იცინის).

– ვის ჰგავს ასეთი ხასიათით?

– მე და ანდრია ვამბობთ, რომ ჩვენზე ბევრად კარგი ტიპია, ჩვენ ვერ ვართ ასეთები (იცინის). მგონი, იმიტომაც შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ასეთი, რომ გააასმაგოს ჩვენი ბედნიერება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს. გარეგნულად ორივეს გვამსგავსებენ. თუმცა, ანდრიას ფერები აქვს და რადგან ბიჭია, ამბობენ, მაინც უფრო მეტად მას ჰგავსო.

– რთული აღმოჩნდა დედობის პასუხისმგებლობა?

– იმაზე რთული, ვიდრე წარმომედგინა. რაც უნდა მზად იყო, რამდენად დიდ ასაკშიც არ უნდა აჩენდე შვილს, მაინც რთული იქნება, მე ასე მგონია. მე 29 წლის ასაკში გავაჩინე და 18 წელთან შედარებით, შეიძლება, უფრო მეტ საჭიროებასთან შემეძლო გამკლავება, პასუხისმგებლობაც მეტი მქონდა, მაგრამ სანამ შვილი არ გაჩნდება, მანამდე მაინც ვერ მიხვდები, მზად ხარ თუ არა. უფრო სწორად, სანამ ის არ დაიბადება, მზად ვერასდროს იქნები.

– ანდრია როგორი წარმოგედგინა მამის ამპლუაში და როგორი აღმოჩნდა?

– წარმომედგინა, რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა, კიდევ უფრო მზრუნველი გახდა. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ანდრია ჩვენი შვილისთვის მეორე დედაა. რაც ბავშვს სჭირდება, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გამოსდის და ყველანაირად მეხმარება. უფრო სწორად, როცა ანდრია სახლშია, ბავშვისთვის ჩემზე მეტს ის აკეთებს. სანიც ჩემზე მეტად ანდრიაზე გიჟდება. როცა ანდრია სახლშია, მასზეა მიწებებული (იცინის).

– არ ეჭვიანობ?

– არა. მიხარია, ცოტას ვისვენებ ხოლმე (იცინის). ეგოისტური მომენტი საერთოდ არ მაქვს, არც ეჭვიანი ვარ. ბავშვობიდან ასეთი ვარ – გაგვიმართლა მეც და ანდრიასაც (იცინის). ანდრიაც არ არის ეჭვიანი. აქამდე ერთმანეთს ვეუბნებოდით. „ყველაზე მეტად მიყვარხარ“ და ახლა ორივე ბავშვს ვეუბნებით, რომ ის გვიყვარს ყველაზე მეტად. ეს ძალიან სასიხარულოა და ჩემი აზრით, ასეც უნდა იყოს.

– მითხარი, ყველაფერს აკეთებსო, მაგალითად, რა გამოსდის კარგად?

– რაც საჭიროა, ყველაფერი. ყველაზე კარგად ბავშვის დაძინება გამოსდის. თუმცა, ჰიგიენიდან დაწყებული, გაგრძელებული გართობით და გასეირნებით – აბსოლუტურად ყველა საჭიროებას მშვენივრად ართმევს თავს.

– სანის მამის სიმღერა მოსწონს?

– ვაიმე, გიჟდება (იცინის). ძალიან მოსწონს, როცა ანდრია უმღერის და სიმღერის გარეშე, საერთოდ არ იძინებს. ანდრიამ პატარა უკულელე აჩუქა. თვითონ გიტარა რომ ეჭირა ხელში, უკრავდა და მღეროდა, სანი გიჟდებოდა, ისე მოსწონდა. უნდოდა, თვითონაც შეხებოდა სიმებს და ამიტომ, ანდრიამ გადაწყვიტა, უკულელე ეჩუქებინა. ახლა ერთად სხედან, უკრავენ და მღერიან. გიჟდება მამაზე და გულწრფელად რომ ვთქვა, სანი დაპატარავებული ანდრიაა (იცინის). მუსიკასთან მიმართებით, ყველაფერში ძალიან ჰგავს და რაც უფრო იზრდება, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ცდილობს, ყველაფერი გაიმეოროს, რასაც ანდრია აკეთებს. მისი ქურთუკების ჩაცმა უნდა, მის ფეხსაცმელს მოჰკიდებს ხელს და აქეთ-იქით დააქვს. მოკლედ, ყველაფერი უყვარს, რასაც ანდრია ეხება.

– მგონი, უნდა აღიარო, რომ ბავშვს, მამის სახით, კუმირი ჰყავს.

– კი და სხვათა შორის, მიხარია. კარგი ადამიანი ამოარჩია კუმირად, მეც მომწონს (იცინის).

– გამოდის, როლები გაქვთ გაცვლილი, თუნდაც, ძილის წინ სიმღერა, როგორც წესი, დედებთან ასოცირდება.

– მე სიმღერასთან შეხება არასდროს მქონია, მაგრამ ანდრიამ გადაწყვიტა, რომ 25 წლის ასაკში ესწავლებინა (იცინის). სმენა მქონდა, მაგრამ ჩემთვისაც კი არ ვმღეროდი. კომპლექსი მქონდა. ვფიქრობ, რომ რაც არ იცი და რაც არ გამოგდის, არ უნდა გააკეთო. თუმცა, ანდრიას პანდემიის დროს შემოაკლდა მუსიკალური პარტნიორები და ხან რომელი ხმის აღებას მთხოვდა, ხან – რომლის. ამასობაში რაღაცები შემასწავლა. ვიცინოდი, მგონი, სიმღერა იმიტომ მასწავლე, ისევ და ისევ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ბავშვი არ დავაყრუო-მეთქი (იცინის). ასე რომ, ახლა სანის საღამოობით მეც ვუმღერი, თუ არ უმღერე ისე არ დაიძინებს და მიწევს (იცინის).

– მარტო ბავშვისთვის კი არ აგამღერა კარგად, უკვე საერთო ნამუშევარიც გაქვთ, რომელიც მსმენელს ძალიან მოეწონა. საჯაროდ სიმღერაზე როგორ დაგითანხმა?

– ძალიან რთულად (იცინის). მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან ძნელად იღებს გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს ასეთ საკითხებში. უბრალოდ, ანდრიას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რამე ერთად გაგვეკეთებინა, უნდოდა მასთან ერთად მემღერა და მისი ხათრით გადავდგი ეს ნაბიჯი. რაც გამოვიდა, გამოვიდა. საკუთარი თავით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაფერი გამიფუჭებია. როგორც მსახიობს, მიმაჩნია, რომ ნორმალურად გამომდის, მაგრამ მომღერლის ამბიცია არ გამაჩნია. ეს მხოლოდ ოჯახური დუეტი იყო, რომელიც გულით შევასრულეთ.

– თქვენს ოჯახში რომელი უფრო კონფლიქტური და ბუტიაა და რომელს შეუძლია შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა?

– სანამ დავოჯახდებოდით, მანამდე დიდი ხანი ვმეგობრობდით. ჯგუფელები ვიყავით და ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა წლებს მოიცავდა. ამიტომ ერთმანეთი კარგად შევისწავლეთ. რაზედაც მანამდე ვკინკლაობდით, რაზედაც ჩვენი აზრები ორად იყოფოდა და რაზეც ვერ ვთანხმებოდით, ყველაფერი მეგობრობის პერიოდშივე მოგვარდა. შეიძლება, ასაკის ბრალიცაა – წლები რომ გემატება ხვდები, რომ რაზეც ადრე ბრაზდებოდი და ჩხუბობდი, სინამდვილეში ძალიან უმნიშვნელოა. დღეს მსგავს საკითხებს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ. ერთადერთი, რაზეც ახლა შეიძლება, ვიკამათოთ ბავშვთან დაკავშირებული საკითხებია. ანდრია თვლის, რომ თხლად უნდა ჩავაცვათ, მე მიმაჩნია, რომ – თბილად ან პირიქით. თუმცა, მადლობა ღმერთს, კონფლიქტები და გაუგებრობები ამის გამო არ გვაქვს. რაც შეეხება ჩხუბის შემდეგ პირველი ნაბიჯის გადადგმას, გაბუტვა არცერთს არ გვახასიათებს და შესაბამისად, არც შერიგებას სჭირდება რამე განსაკუთრებული.

– როგორი გოგოა მაიკო ოჯახში?

– ახლაც სამზარეულოში ვდგავარ (იცინის). ყოველთვის მიყვარდა კერძების მომზადება და სამზარეულოში ფუსფუსი. სამზარეულო ყველაზე მეტად მიყვარს. შემიძლია, მთელი დღე ვაკეთო რაღაც და როგორც ამბობენ, კარგად გამომდის. ალბათ, არ მეტყობა, მაგრამ მე თვითონაც გურმანი ვარ. არ არსებობს კერძი, რომელიც არ მიყვარს. გემრიელად მომზადებული ყველაფერი მიყვარს და მეც ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრებისთვის გემრიელად მოვამზადო.

– გამოთქმა – კაცის გულის გზა კუჭზე გადისო, ანდრიას მაგალითზეც ამართლებს?

– ჩემი ქმრის გულამდე გზა ნამდვილად არ გადის კუჭზე. აი, ამაზე ვკინკლაობთ ხოლმე (იცინის). მე სულ ვეკითხები, მითხარი, რა გინდა, რა გავაკეთო-მეთქი და არასდროს მეუბნება რამე კონკრეტულს. რაც გინდაო – ამით შემოიფარგლება და რამე კარგ კერძს კი შეიძლება, ყველი და პური არჩიოს. ასე რომ, საერთოდ არ არის პრეტენზიული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა