შოუბიზნესი

რისი დათმობა მოუწია ერნა წიფურიას საბავშვო სტუდიის გახსნის გამო და ვინ მიანიჭა „გვირილას“ ამერიკაში აკადემიის წოდება

№9

ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00 12.03

ერნა წიფურია
დაკოპირებულია

აკადემია „გვირილას“ ყოფილი მოსწავლეების უმრავლესობა დღეს არა მარტო თავის ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს დიდ სცენებზე დგანან და საკმაოდ წარმატებულები არიან. ის ბავშვობის ბედნიერი წლები კი, რაც „გვირილაში“ და მისი დამფუძნებლის, პროფესიონალი მუსიკოსის, ქალბატონ ერნა წიფურიას გვერდით გაიარეს, ყოველთვის სიამოვნებით ახსენდებათ. წელს აკადემია „გვირილას“ დაარსებიდან 35 წელი უსრულდება და ამ საიუბილეო თარიღს ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს როგორც ქალბატონ ერნას, ისე ყველა მის ყოფილ თუ ახლანდელ მოსწავლეს, მშობლებსა და მათ გულშემატკივრებს.

ერნა წიფურია: პროფესიით პიანისტი ვარ. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მევიოლინეებთან კონცენტრმეისტერად ვმუშაობდი. ასევე, ვმუშაობდი კონსერვატორიაში და მუსიკალურ სკოლაში. იმ პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ოპერის მომღერალი, ბარიტონი მოიწვიეს, რომელსაც საბავშვო ოპერა უნდა დაედგა. თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო ეს პროექტი ვერ შედგა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა მითხრა: ერნა, არაჩვეულებრივი ბავშვები არიან და იქნებ რამე მოიფიქრო და გააკეთოო. იმ დღეებში მოვიდა ერთი კაცი – თვითნასწავლი კომპოზიტორი და მოიტანა სიმღერა გვრილაზე. მოვუსმინე, მომეწონა და გადავწყვიტე, მუსიკალური სტუდია გამეხსნა. სახელიც შევურჩიე – „გვირილა“. ასე დაარსდა მუსიკალური სტუდია, რომელიც უკვე 35 წელია, არსებობს და მთელი ჩემი სიყვარული და პროფესიონალიზმი მის განვითარებაში ჩავდე. გახსნიდან პირველივე წელს მიგვიწვიეს დანიაში, ბულგარეთში. სხვათა შორის, ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა გვირილაზე ჰიმნიც კი დაწერა; ჩვენს სტუდიას ვარსკვლავიც გაუხსნეს და ეს ძალიან მეამაყება. „გვირილას“ 21 წელი რომ შეუსრულდა, ქართულ-ამერიკული კულტურის დღეების ფარგლებში მერიკაში ვიყავით ჩასულები და ნიუ-იორკის მერმა, ადამსმა, აკდემიის სტატუსი მოგვანიჭა და დიპლომი გადმოგვცა.

ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა და მათგანაც უზომო სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ. მადლობა ღმერთს, გახსნის პირველივე დღიდან, საკმაოდ წარმატებულად დავიწყეთ „გვირილაში“ მუშაობა. მთელი ენერგია, პროფესიონალზმი და რესურსი მასში ჩავდე და სხვა საქმის კეთებას ვეღარ ვასწრებდი, ამიტომ მომიწია კონსერვატორიასა და მუსიკალურ სკოლაში მუშაობისთვის თავის დანებება. თუმცა, ეს არასოდეს მინანია. ბევრი მეუბნებოდა: ხალხი ოცნებობს კონსერვატორიაში მოხვდეს, შენ კი მიატოვე და საბავშვო სტუდია გახსენიო. მაშინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ სწორედ ეს საბავშვო სტუდია მომავალში უამარავ წარმატებას მიაღწევდა, უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მიიწვევდნენ და ამდენ წარმატებულ, მსოფილო დონის პროფესიონალს გაზრდიდა. ასე რომ, სტუდიის გამო ბევრი რამ დავთმე, მთელი ჩემი რესურსი მასში ჩავდე, მაგრამ არასოდეს მინანია, რადგან უკვე 35 წელია, ვარსებობთ და საკმაოდ წარმატებულად. უამარავი ქვეყანა შემოვიარეთ, უამრავი ფესტივალის გამარჯვებული ვართ. კიდევ ვამბობ, რთულ პერიოდში გავხსენი სტუდია, 90-იან წლებში, საკმაოდ პრესტიჟული სამსახურები მივატოვე, რომ ის განმევითარებინა და უკვე 35 წელია, ამ საქმეს ვემსახურები. ზოგადად, თუ საქმეში დიდ სიყვარულსა და ენერგიას ჩადებ, მით უმეტეს, თუ საქმე ბავშვებს ეხება, აუცილებლად გაგიმართლებს. მთავარია, საქმე რომელსაც აკეთებ, გიყვარდეს. თავიდან, ხუთი ბავშვი ავარჩიე, საუკეთესოები და მათ შორის, გიორგი ანდღულაძე, რომელიც ახლა „მეტროპოლიტენ ოპერაში“ მღერის, „კოვენტ-გარდენში“. იტალიაში დაამთავრა კონსერვატორია. მეორეა დიტო ქისიშვილი, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი... ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ და თავიდანვე ვიგრძენი, რომ მათ დიდი მომავალი ექნებოდათ და მიხარია, რომ მათ წარმატებაში ჩემი წვლილიცაა. ბევრი ბავშვი არასდროს მყოლია. ვცდილობდი, რაოდენობრივად ცოტა მყოლოდა, მაგრამ ნიჭიერები და მთელი ყურადღება მათზე მიმემართა, „გამომეძერწა“ და მათი ნიჭისთვის სწორი გზა მიმეცა. ახლა სამი ფილიალი გვაქვს და კიდევ ერთის გახსნას ვგეგმავთ. სხვათა შორის, ჩვენთან ბავშვებს არა მარტო სიმღერას ვასწავლით და რეპერტუარს ვურჩევთ, არამედ ვასწავლით ურთიერთობას, მანერებს, სცენაზე დგომის კულტურას. ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა იყოს ჩემთვის, რომ ასეთი თაობები გავზარდე და მეამაყება, რომ მათი წარმატების სათავე „გვირილა“ გახდა და აქ აიდგეს ფეხი, როგორც მომავალმა პროფესიონალებმა. სხვათა შორის, როცა ვარსკვლავს გვიხსნიდნენ, არ მინდოდა. დათო ოქიტაშვილს ვეუნებოდი: ისეთი მომღერლები გვყავს, სირცხვილი არ არის საბავშვო სტუდიას გაუხსნათ ვარსკვლავი, პრეტენზიას არ გამოთქვამენ-მეთქი (იცინის). მიპასუხა: გეთანხმები, ძალიან კარგი მომღერლები გვყავს, მაგრამ შენ გავიწყდება, რომ იმ 90-იან წლებში, როცა შუქი და გაზი არ გვქონდა, დაცარიელებული მაღაზიები და ქუჩაში სროლები იყო, იჯექი და ბავშვებს ხელოვნებას აზიარებდი – ეს როგორ შეიძლება, არ იყოს დაფასებულიო. მერიდებოდა, მაგრამ დამარწმუნა, რომ ეს ვარსკვლავი არის იმის დასტური, რომ რაც გვიკეთებია, ნაყოფი გამოიღო და ამდენი შრომა ამად ღირდა. ფაქტობრივად, როცა სტუდიას ვხსნიდი, იმ წლებში დიდ რისკზე წავედი და გამიმართლა, გული მეუბნებოდა: ეს უნდა გააკეთო, ეს შენი მოწოდებააო.

– როგორ გეგმავთ საიუბილეო თარიღის აღნიშვნას?

– სხვათა შორის, „გვირილას“ პირველი ღონისძიება ჩატარდა 8 მარტს, როცა ახალი ჩამოყალიბებულები ვიყავით. წელს კი 16 მარტისთვის დავგეგმეთ საღამო – „დედაშვილობა“ და ვფიქრობ, დიდ ღონისძიებას დეკემბრის თვეში ჩავატარებთ, რომ წლის ბოლოს, 35 წლის შესაჯამებელი, გრანდიოზული კონცერტი გამოვდეს.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ ქალიშვილზე, – ნინო ჩიხლაძეზე, რომელმაც ასოციაცია „საქართველოს ქალბატონები“ დააარსა.

– ჩემი ქალიშვილი ნინო, „გვირილაში“ გაიზარდა. დააარსა ასოციაცია „საქართველოს ქალბატონები“. ეს მოითხოვეს მშობლებმა, რომელთა შვილებიც ჩვენთან დადიოდნენ და დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. მერე ბევრი ქალბატონი დაემატა და დღეს ეს ასოციაცია საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენს დიდ ოჯახში შემოსვლა ყველას უხარია. აი, ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, ამ გზას ისევ ისე გავივლიდი – მივატოვებდი სამსახურს კონსერვატორიაში, მუსიკალურ სკოლას, ისევ ამ სტუდიას დავაარსებდი და დღემდე ასე მოვიდოდი, იმ პატარების სიყვარულითა და იმ საქმის კეთებით, რაც მსიამოვნებს და ბედნიერებას მანიჭებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა