რის შესაქმნელად სჭირდება დეპრესია გიორგი შალვაშვილს და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება 101 კილოგრამის დაკლების შემდეგ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 01.05, 2023 წელი
გიორგი შალვაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი ინტერესი მსახიობობისა და სიმღერისადმი ბავშვობიდან იწყება და ამას განსაკუთრებული მიზეზი აქვს.
გიორგი შალვაშვილი: ჩემს ოჯახში მუდმივად სუფრები და ქეიფი იყო, თუმცა, ეს არ იყო ღრეობა, ეს იყო დახვეწილი, განათლებული ხელოვანი ადამიანების შეკრება, მრავალხმიანი სიმღერები, საინტერესო საუბრები და ძველი თაობის გამორჩეული წარმომადგენლების გვერდით გატარებული არაჩვეულებრივი დრო. საბედნიეროდ, ბავშვობიდანვე ასეთ გარემოში ვიზრდებოდი და ეს ადამიანები ჩემი კუმირები იყვნენ, მინდოდა, მათნაირი ვყოფილიყავი. სცენა, აპლოტისმენტები და მსახიობობა მათი დამსახურებით შემიყვარდა. მერე რეჟისორობამ დამაინტერესა, თოჯინების თეატრში დავიწყე მუშაობა. დასაწყისში მუსიკალური გაფორმება მებარა, შემდეგ დეკორატორიც გავხდი, მალე სცენარი დავწერე და ძალიან მოეწონათ. თოჯინებიც გავაკეთე და ბოლოს, ისე გამოვიდა, რომ რეჟისორიც ვიყავი, დრამატურგიც, მუსიკასაც ვწერდი, მთავარ როლსაც ვთამაშობდი, თოჯინებსაც ვაკეთებდი და გადავწყვიტე, ჩემი თოჯინების თეატრი შემექმნა. 22 წელი გავიდა, რაც არსებობს თოჯინების მუსიკალური თეატრი „თოჯინები იცინიან“. შემდეგ თბილისის არტჰოლში სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი, „კაცია-ადამიანში?!“ ლუარსაბის როლი ვითამაშე. მაშინ 200 კილოგრამი ვიყავი და კარგად გამომივიდა (იცინის). ეს სამყარო ჩემთვის ძალიან ორგანული გახდა.
– სიმღერა როდის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი?
– ეს ყოველთვის ასე იყო. უამრავი მომღერალი მიკვეთავს სიმღერის, მაგრამ როდესაც კარგ ხასიათზე ვარ, ვერ ვთანხმდები. ამისთვის აუცილებლად დეპრესიაში უნდა ვიყო. თუ არ ვნერვიულობ, რამეს თუ არ განვიცდი, ისე არ მოდის კარგი მუსიკა. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ რაც არ უნდა მაწყენინონ, სულ იმაზე ვფიქრობ, ესე იგი, რაღაცაში დასჭირდა და იმიტომ მომექცა ასე-მეთქი – ვამართლებ, პატიების დიდოსტატი ვარ, მაგრამ იმედია, ამით ბოროტად არ ისარგებლებენ (იცინის). უამრავი საავტორო სიმღერა მაქვს, რომელიც ძალიან პოპულარულია, მაგრამ ამას არ ვაფიშირებ. ამ მხრივ, იმდენად თავმდაბალი ვარ, დედაჩემი მეუბნება ხოლმე, ადამიანი ხარ თუ სირაქლემა, ვეღარ გამიგიაო (იცინის).
– არ უსარგებლიათ თქვენი ამ ხასიათით? შოუბიზნესი ინტრიგებითაც არის ცნობილი და როცა ყურადღების ცენტრში ხარ, ბულინგიც განსაკუთრებით ხშირია.
– სანამ წონაში 101 კილოგრამს დავიკლებდი, მანამდე ვიყავი ძროხაც, „სტენკაც“ და ასე შემდეგ. სცენაზე რომ გამოვიდოდი, გამიგონია ჩემი მისამართით რომ უთქვამთ, „სტენკა“ გამოვიდაო. ჩემს მოსაცმელს, რომელიც სცენაზე მეცვა 4 მეტრი ნაჭერი სჭირდებოდა და ოჰ, ბოინგით გამოვიდაო, ესეც მსმენია. მე ეს არასდროს ჩამითვლია ბულინგად. ბულინგად ეს ყველაფერი იქცევა მაშინ, როდესაც შენ ამას აჰყვები. როდესაც ადამიანი შენზე ცუდს ამბობს, ცდილობს „აგკენწლოს“ და „გათრიოს“, ესე იგი, იმდენად საინტერესო ხარ, იმდენად შურს მას შენი, რომ უნდა, ჩაიძირო. ჩემი ლექსი ტერენტის მიაწერეს და მისი მითვისების მიზეზით მლანძღეს. თან, მიმტკიცებდნებ, რომ ტერენტის დიდი მცოდნეები იყვნენ, ეს ძალიან უხერხულია. ამ მიზეზით ბულინგმა მართლა დამცა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო. იმიტომ, რომ ტერენტისთან შეჯახება ნამდვილად უხერხული იყო. მეუბნებოდნენ, უნდა გიხაროდეს, ასეთ ადამიანს შეგადარესო, მაგრამ არა, ამ მიზეზით ბულინგი ძალიან მძიმე იყო.
– „ფეისბუქზე“ საინტერესო ისტორია გეწერათ, თქვენს კუმირთან წლების წინანდელ შეხვედრას იხსენებდით...
– ბევრი წლის წინ, როდესაც არავინ მიცნობდა და არაფერს წარმოვადგენდი, თუმცა, არც ახლა მაქვს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენები, მეგობართან ერთად წავედი ძალიან ცნობილ ადამიანთან. კაშკაშებდა ეს ქალბატონი, დღესაც კაშკაშებს. ის სასწაული პიროვნებაა და დღესაც ძალიან მიყვარს. ყველამ შეიძლება, სისულელე ვთქვათ, მაგრამ ამის გამო ადამიანი არ უნდა შეიძულო. საერთოდ, მე ტექსტსა და მუსიკას ერთად ვწერ. მივედი ჩემი სიმღერით ამ ქალბატონთან და ის ღიმილიანი სახით მისმენდა, როდესაც მე მას ვასრულებდი. ბოლოს თქვა, ეს არის სიმღერა, რომელიც კიდევ ერთხელ ამიყვანს ზენიტში, მე მას აუცილებლად ვიმღერებო. მის გვერდით მდგომმა ადამიანმა მკითხა, რამდენი უნდა გადაგიხადოთ ამ სიმღერაშიო. დავიბენი, სიმღერის გაყიდვა დანაშაული მეგონა, ვიფიქრე, დამამცირა-მეთქი. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა და სანამ მე რამე მოვიფიქრე, ამ ჩვენმა დიდებულმა ვარსკვლავმა ასეთი რამ თქვა, რა სისულელეს იძახი, მე მირჩევნია, ცნობილი კომპოზიტორის იდიოტურ სიმღერაში გადავიხადო ფული, ვიდრე უცნობი, დამწყები „კომპოზიტორის“ კარგ სიმღერაშიო. როდესაც სცენაზე გამოდიხართ და მღერით, ჩემთვის ყველაფერი ხართ და გაღმერთებთ, მაგრამ ამწუთას მე თქვენზე გული მერევა-მეთქი, ვუთხარი. დღესაც ძალიან ვნანობ ამ სიტყვებს. არ უნდა მეკადრებინა მათი პირიდან ამოშვება, მაგრამ ზოგჯერ ისე გატკენენ სულის სიღრმეში რაღაცას, ტკივილი გალაპარაკებს. დღეს ჩვენ ხშირად გვიწევს გადაკვეთა და მგონია, რომ არც ვახსოვარ. მაშინ ხუჭუჭა ბიჭი ვიყავი, ახლა მიტოვებული აეროპორტივით მაქვს თავი მოშიშვლებული და რა გასაკვირია?! (იცინის). ძალიან კარგია, რომ არ ახსოვს, დღეს გენიალური ურთიერთობა გვაქვს და იმედია, არც ჩვენს ინტერვიუს წაიკითხავს (იცინის).
– დღეს თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს გადაცემას ემიგრანტების შესახებ. ეს ამბავი როგორ დაიწყო?
– ეს იდეა დიდი ხნის წინ მომივიდა. მინდა, ერთი რამ ვთქვა: მე არ ვარ ჟურნალისტი, გადაცემაში ზოგჯერ ისე „ვბლუყუნებ“, საკუთარ თავზე ნერვები მეშლება. ჩემს რესპონდენტებს ვეუბნები, ეს გადაცემა იმისთვისაა, რომ თქვენ ილაპარაკოთ, მე ნაკლები მალაპარაკეთ-მეთქი და საკუთარი თავის მდგომარეობიდან გამოსაყვანად რაღაც გზებიც მაქვს ნაპოვნი (იცინის). უბრალოდ, მინდა, ჩვენს მარგალიტებს ყველა იცნობდეს და ეს გადაცემა ამისთვის კეთდება. მე ბევრს დავდიოდი საზღვარგარეთ. დღესაც უფრო ხშირად კონცერტები საზღვარგარეთ მაქვს, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ამ ადამიანებს კარგად ვიცნობდი და გადავწყვიტე, ემიგრაციაში გაბნეული მარგალიტების შესახებ გამეკეთებინა გადაცემა. შემდეგ „ქართული ტელევიზიის“ გენერალურმა დირექტორმა, მანანა იმედაძემ შემომთავაზა, იქნებ საავტორო გადაცემა ჩავწეროთ და ემიგრანტების შესახებაც მოყვებიო. ამ გადაცემას „გაფანტული მარგალიტები“ დავარქვით. მე ვარ მისი ავტორი და წამყვანი. ახლაც ამერიკიდან ჩამოვედი არაჩვეულებრივი მასალით.
– ახსენეთ, რომ დიდი წონის იყავით, თუმცა ოპერაციის წყალობით, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
– ბოლოს 214 კილოგრამი ვიყავი. ამ წონაში თავს გადასარევად ვგრძნობდი, მოქნილი და ძალიან აქტიური კომფორტულად ვიყავი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ერთი მოსაცმელისთვის 4 მეტრი ნაჭერი მჭირდებოდა (იცინის). სრულიად მოულოდნელად სცენაზე გონება დავკარგე, აღმოჩნდა, რომ ინსულტი დამემართა. ამის შემდეგ, არაფრით არ შეიძლებოდა დიდი წონა მქონოდა. კომპოზიტორ კაკი ბოლქვაძეს ჰქონდა ეს ოპერაცია გაკეთებული და გვერდით დამიდგა. სამი წელი ვიბრძოლე, ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არა ეს ოპერაცია. მივდიოდი და აღარ ვიკეთებდი იმ მიზეზით, რომ ზეგ მეგობრის სახლში კარგი სუფრა იშლებოდა... საშინელებაა, შეიძლება, ამის გამო ადამიანმა სიცოცხლეზე უარი თქვა?! შემდეგ იტალიაში წავედი გასტროლზე და მთელი თვითმფრინავი მე მიყურებდა. ორი ბილეთი იყო ჩემს სახელზე ნაყიდი, ერთ სკამზე ვერ ვეტეოდი. ორი ღვედი გადავაბი ერთმანეთზე და მაინც ძლივს შევიკარი. მაშინ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. საქართველოში დავბრუნდი თუ არა, ექიმთან მივედი და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ოპერაციისთვის. გავიკეთე და 101 კილოგრამი მოვიშორე. შემდეგ ძალიან ცუდად წავიდა ჩემი წონის კლების საქმე. მიხაროდა წონის კლება და რეკომენდაციებს არ ვითვალისწინებდი. კატასტროფულ მდგომარეობამდე მივედი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, კუნთების ატროფია დამეწყო, ანორექსია და ასე შემდეგ. ჩემი ოჯახი და მეგობრები ჩაერივნენ, მაშინვე ექიმთან გამაქანეს და გადავრჩი. ძალიან მიყვარს წამლები, როგორც კი რამის რეკლამას მოვისმენ, მაშინვე ვყიდულობ და ვსინჯავ, მაგრამ თუ ექიმთან მისვლაა საჭირო, ამას თავს ვარიდებ. ხუთი წელი ხდება, რაც კუჭის ოპერაცია გავიკეთე და ერთხელ არ მივსულვარ ენდოკრინოლოგთან. საკუთარ თავს ჩვენ რომ ვმტრობთ, ისე სხვა ვერავინ... თუმცა ახლა მშვენივრად ვგრძნობ თავს. მუცლის პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ და მგონია, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან