შოუბიზნესი

რის შემდეგ მიიწვიეს თამთა კვარაცხელია ნიუ-იორკის საქორწილო მოდის კვირეულზე და როგორ შექმნა მან ბრენდი „კვარა“

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 03.11

თამტა კვარაცხელია
დაკოპირებულია

„კვარა“ ახალი ქართული ბრენდია, რომელიც დასაწყისშივე საერთაშორისო ინტერესითა და მოწონებით სარგებლობს. როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა სიურპრიზები უკავშირდებოდა ჩანაფიქრების განხორციელებას, ამაზე მისი შემოქმედი – ტელეწამყვანი და Glamour Georgias მთავარი რედაქტორი, თამთა კვარაცხელია მოგვიყვება.

თამთა კვარაცხელია: ბრენდ „კვარას“ იდეა საერთაშორისო გამოცდილების შედეგად დაიბადა. როდესაც ბარსელონაში მოდის კვირეულზე ვიყავი, გამიმართლა და გავიცანი ადამიანები ევროპიდან და ამერიკიდან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამედროვე მოდის განვითარებაში. მათთვის ჩემი ხედვა და გამოცდილება საინტერესო აღმოჩნდა და სწორედ, მათი მხარდაჭერით დაიწყო ყველაფერი. მათ მომცეს შესაძლებლობა, ახლოს გამეცნო მოდის ინდუსტრია სხვადასხვა კონტინენტზე – როგორ განსხვავდება ევროპული და ამერიკული გემოვნება, რა არის მოთხოვნადი ბაზარზე, როგორია მომხმარებლის ქცევა და ტენდენციები. მოგვიანებით კი მათ შემომთავაზეს დაფინანსება და ახალი ბრენდის შექმნა, რომელიც ჩემს სახელს ატარებდა, სწორედ ასე დაიბადა „კვარა“.

დასაწყისში შევქმენით მცირე კოლექცია, რომელიც სწრაფად გაიყიდა და უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. ამან დამანახვა, რომ მოდის სამყაროში გაჩნდა ინტერესი უნიკალური, ახალი ბრენდების მიმართ, ისეთების, რომლებიც ერთდროულად თავისუფლად გამოხატავენ ინდივიდუალობასა და ხარისხს.

„კვარა“ ჩემთვის არა მხოლოდ მოდაა, არამედ თავისუფლებისა და ნამდვილი გლამურული სტილის იდეაც. ეს ბრენდი ჩემნაირი ადამიანებისთვის შეიქმნა, მათთვის, რომლებსაც სურთ საკუთარ თავს ჰგავდნენ, იყვნენ გამბედავები, ელეგანტურები და თავისუფლები.

სწორედ ამ გზამ და წარმატებამ მოიტანა ჩემი მოწვევა ნიუ-იორკის საქორწილო მოდის კვირეულზე, სადაც ახლა მაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაო გავლენიან ადამიანებთან, ვისწავლო და პარალელურად, ჩემი ბრენდის განვითარებასაც მივხედო.

– რთული იყო ეს ყველაფერი?

– რთული? არ ვიცი, ეს სიტყვა რამდენად შეესაბამება ჩემს გზას. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. სანამ ერთ პროექტზე ვმუშაობდი, უკვე ახალი შესაძლებლობები ჩნდებოდა და თითქოს ყველაფერმა ბუნებრივად იპოვა თავისი ადგილი. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, უბრალოდ, მოვლენები იმდენად ინტენსიურად ვითარდებოდა, ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებდი, როგორ სწრაფად მიედინებოდა პროცესები.

მთელი ეს პერიოდი უფრო სიურპრიზებითა და ბედნიერებით სავსე თავგადასავალი იყო. ვისწავლე, როგორ მივიღო სიამოვნება თითოეული წუთით, თითოეული ნაბიჯით და თან ვხედავდი ჩემი ოცნებები როგორ იქცეოდა რეალობად ჩემს თვალწინ.

– რა სტილის სამოსი იქნება „კვარას“ სახელთან ასოცირებული, როგორი ჩანაფიქრი გაქვთ?

– ამ ეტაპზე „კვარა“, ძირითადად, საღამოს კაბების ხაზზე მუშაობს. ჩვენი კოლექციები უკვე ექსკლუზიურად იყიდება ამერიკაში, ცნობილი ბრენდული მაღაზიების ქსელში. ეს მიმართულება სრულად ჩამოყალიბებულია, მაგრამ ჩემი მიზანია, რომ „კვარა“ მხოლოდ ერთი სტილით არ შემოიფარგლოს და დროთა განმავლობაში მრავალმხრივი, ინოვაციური მოდის პლატფორმა გახდეს.

ახლა ვმუშაობ მამაკაცის ხაზის დამატებაზე, ასევე, სპორტული და ყოველდღიური კოლექციების განვითარებაზე. უკვე შევქმენით უნისექს სპორტული ორეული, ჯინსის შარვალი, კეპები და სხვა ნიმუშები, რომლებმაც ამერიკაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ „კვარას“ სტილი თავისუფლად მოერგება უფრო ფართო აუდიტორიას.

სანამ წარმოებას ჩინეთში გადავიტან, მინდა, ქართულ ბაზარზეც დავაგროვო გამოცდილება. სამოსის ბიზნესი საქართველოში ძალიან კომპლექსურია. ახალი მიმართულებაა, რომელიც მოითხოვს დროს, სწავლის პროცესსა და დიდ შრომას.

მიუხედავად სირთულეებისა, ამ პროცესს ოპტიმიზმით ვუყურებ. ნაბიჯ-ნაბიჯ, გამოცდილებაზე დაყრდნობით ვქმნი ბრენდს, რომელიც თავისი ქართული ფესვებით ონლაინ უკვე პირველივე თვეებიდან ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში. ორ თვეზე ნაკლებ დროში „კვარა“ უკვე საერთაშორისო ბაზარზეც ღირსეულად წარდგა და ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი გრძელვადიანი განვითარების გზაზე.

– საკუთარი დიზაინით ქმნი სამოსს თუ დიზაინერებთან თანამშრომლობ?

– ამ ეტაპზე დიზაინებს, ძირითადად, მე ვქმნი. საბოლოო ვიზუალი ყოველთვის ჩემს ხედვას შეესაბამება, თუმცა რჩევებს პროფესიონალებსაც ვეკითხები. ხარისხი და სტანდარტების დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მეტ გამოცდილებას მოითხოვს. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი დიზაინერი მეგობარი მყავს, რომლებიც სხვადასხვა გზით მეხმარებიან. ზოგჯერ ქსოვილების არჩევაში, ზოგჯერ ატელიეში დროს გამომიყოფენ, ზოგჯერ, უბრალოდ, რჩევებს მაძლევენ. ჩვენ ერთად ვსწავლობთ და ვიზრდებით, რაც ამ რთულ პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.

– როგორი წარმატებებით დაიწყო ბრენდის პოზიციონირება საერთაშორისო მასშტაბზე?

– „კვარა“ უკვე იყიდება ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდის მაღაზიების ქსელში, სადაც წარმოდგენილია მაღალი კლასის ბრენდების კაბები და ცნობილი დიზაინერების კოლექციები. ჩვენი პირველი კოლექცია ექსკლუზიურად მიეწოდა ამ ქსელს, რაც ხაზს უსვამს ბრენდის უნიკალურობას, ხარისხსა და საერთაშორისო აღიარებას. ეს მაღაზია ხშირად მასპინძლობს Trunk show-ებსა და სპეციალურ ღონისძიებებს, სადაც წარმოდგენილია ახალი კოლექციები და დიზაინერების ნამუშევრები. მეც ფიქრობ საქართველოში დავნერგო Trunk show-ს კულტურა. KVARA უკვე არის ამ მაღაზიების ნაწილი, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ბრენდის ლუქს კლასის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას.

– ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ შეძელი ეს ყველაფერი პრაქტიკული, ფინანსური თუ სხვა თვალსაზრისით?

– ძალიან სწრაფად განვითარდა ყველაფერი და ეს, ფაქტობრივად, სიურპრიზი იყო ჩემთვისაც. ამერიკელი პარტნიორები მეხმარებოდნენ პრაქტიკულად და ფინანსურად, მათ შემომთავაზეს დაფინანსება ჩემი სახელობის ბრენდის შესაქმნელად. ეს მათი ინიციატივით მოხდა, რადგან მათ მოსწონდათ ჩემი ხედვა და გემოვნება, სანამ არ დამითანხმეს, 4 თვე ელოდებოდნენ ჩემს პასუხს. ბოლოს კი გადავწყვიტე, მიმეღო ეს შემოთავაზება. მე თავიდანვე მივხვდი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, ამიტომ ამ დახმარების გარეშე რთული მომეჩვენა ასეთი მასშტაბის განხორციელება.

მთავარი მიღწევა კი არა მხოლოდ ფინანსურ მხარეს უკავშირდება, არამედ სწორი ადამიანების გარშემო შეკრებას, სწორი პარტნიორების არჩევას, გამოცდილების შეგროვებას სხვადასხვა ბაზრებზე და ხარისხის უკომპრომისობის დაცვას. სწორედ ეს საფუძველი შეიქმნა „კვარას“ სწრაფი საერთაშორისო წარმატებისთვის.

– კიდევ ერთი კარგი სიახლე გაქვს – ნიუ-იორკში ფეშენ-ვიქზე იყავი მიწვეული. როგორ ჩაიარა შენმა ვიზიტმა? დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო ამბავი გადაგხდა და აღსანიშნი შედეგებიც გაქვს...

– ნიუ-იორკში ვიზიტი საოცარი გამოცდილებაა. ცხოვრება მანჰეტენზე, მოდის სფეროში ყველაზე ძვირად ღირებული ბიზნესის ცენტრში ყოფნა და ფეშენ-ვიქზე მუშაობა დაუვიწყარია. გავიცანი გავლენიანი და ნიჭიერი ადამიანები, ვისთან ახლოს მუშაობამ თუ ურთიერთობამ პროფესიულად ძალიან გამაძლიერა.

სეირნობა ქალაქის ქუჩებში, რომლებიც ფილმებში მინახავს, მაძლევს შეგრძნებას, რომ ნიუ-იორკი, რეალურად, 21-ე საუკუნის ენერგიასა და ამერიკულ ოცნებას განასახიერებს. აქ ყველას მიზანია, გამორჩეული გახდეს და მიაღწიოს წარმატებას შრომითა და ამბიციით.

კვირეული ძალიან ნაყოფიერი იყო, გავიზარდე.

– ამდენ რამეს როგორ ასწრებ და უმკლავდები?

– მართლა ვერ ვასწრებ ყველაფერს... ზოგადად ძალიან აქტიური და სულსწრაფი ვარ. არ მიყვარს დროის დაკარგვა და ვცდილობ, ყველაფერი სწრაფად და ეფექტურად გავაკეთო. ეს მიდგომა საშუალებას მაძლევს, მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე მოვახერხო. ამასთან, რეალურად ყოველთვის ყველაფერი კონტროლის ქვეშ არ არის, შეხვედრები შეიძლება, გადაიდოს, პასუხები დაგვიანდეს ან ადამიანებმა ვერ მოასწრონ. ხშირად ეს გრაფიკის შეცვლას იწვევს და მნიშვნელოვანი საქმეების შესაძლო დაზიანებას. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფოკუსირება პრიორიტეტებზე და დისციპლინირებული გრაფიკის დაცვა, რათა ძირითადი მიზნები დროულად შესრულდეს. მე ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ.

– შენს შვილზეც უნდა მოგვიყვე, როგორ გგულშემატკივრობს, რამდენად არის ჩართული პროცესში და შენ როგორ ახერხებ მასზე ზრუნვას ამდენი პასუხისმგებლობის პარალელურად?

– 2025 წლის პირველი დღეებიდან ბევრი მოგზაურობა მიწევს, თვეში, დაახლოებით, 7-10 დღე ვარ თბილისში. ასეთი დატვირთვის მიუხედავად, შვილთან ზრუნვაში დიდი მხარდაჭერა მაქვს ოჯახისგან – ბებია, ბაბუ გვეხმარებიან. გეგა ძალიან დამყოლი და ჭკვიანი ბავშვია, არ ქმნის პრობლემებს და ადვილად ემორჩილება გრაფიკს. ისიც ახლა აქაა, ერთად ჩამოვედით. მასაც ძალიან მოეწონა აქაურობა, ამაყობს ჩემით და ხარობს სიახლეებით, რაც ბოლო დროს ხშირია ჩვენს ოჯახში. ორ დღეში შევხვდები, მანამდე ჩემს ძმასთან არის, რომელიც ასევე, ამერიკაში ცხოვრობს. ის იტოვებს, სანამ მე აქ ვმუშაობ. ასეთი ოჯახური მხარდაჭერა მაძლევს საშუალებას, წარმატებით გავაერთიანო პროფესიული გამოწვევები და პირადი ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა