შოუბიზნესი

რის შემდეგ გაუჭირდა თამრიკო ჭოხონელიძეს საკუთარი დაბადების დღის ბედნიერად აღქმა და რა სიურპრიზი მოუწყო მას გია როინიშვილმა

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 19.02

თამრიკო ჭოხონელიძე
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ, თამრიკო ჭოხონელიძის დაბადების დღე იყო. 60 წლის იუბილეზე ოჯახის წევრებმა მომღერალს ეთერში ემოციური სიურპრიზი მოუწყვეს. თუმცა, სიურპრიზები ამით არ დასრულებულა და ამაზე თავად ქალბატონი თამრიკო მოგვიყვება.

თამრიკო ჭოხონელიძე: ეს დღე ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი დაბადების დღისთვის ოჯახში ყოველთვის ძალიან დიდი მზადება იყო ხოლმე. საბჭოთა პერიოდი იყო და ალბათ, ეპატიებათ ჩემს მშობლებს ის, რომ მძიმე მარხვის მიუხედავად, ყოველ წელს არაჩვეულებრივ სუფრას ამზადებდნენ. მაშინ პლეხანოვზე ვცხოვრობდით. იმდენი სტუმარი მოდიოდა, რომ სახლში ტევა აღარ იყო. ყველა საოცრად მხიარულობდა. მღეროდნენ, სიყვარულს არ იშურებდნენ, საოცარი ატმოსფერო იქმნებოდა. მახსოვს, რამხელა ბედნიერება იყო ჩემთვის ეს გარემო და აჟიოტაჟი. საოცრად მახსენდება ჩემი ბავშვობის დაბადების დღეები.

მერე, როცა საკმაოდ სერიოზული ასაკი დამიდგა, ცოტა უნდობლად შევხედე ცხოვრებას. დავაფიქსირე, რომ დრო ძალიან მალე გადის, ძალიან მალე... ბავშვობიდან უცებ ზრდასრულ ასაკში აღმოვჩნდი და მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. დაბადების დღის მოახლოების პერიოდში განსაკუთრებით ვფიქრობდი მსგავს თემებზე. დღეს ვერ ვიტყვი, რომ ეს დღე არ მახარებს, მაგრამ უკვე ცოტა სხვა განწყობა მაქვს, ბავშვობის სიხარულისგან ძალიან განსხვავებული. ყველაზე მეტად მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ გამიჭირდა ჩემი დაბადების დღის ბედნიერად აღქმა. მამაჩემს განსაკუთრებულად უხაროდა შვილების დაბადების დღე. სამივესას დიდი ემოციებით ხვდებოდა, მაგრამ რადგან მე პირველი შვილი ვარ, თან 18 იანვარს ვარ დაბადებული და ახალი წლის შემდეგ, მეც და მთელი ჩემი ოჯახიც, ამ დღეს ძალიან აჟიტირებულები ვხვდებოდით, მამაც უფრო ბედნიერი იყო. ამიტომ, მის გარეშე ეს დღე სულ სხვანაირი გახდა. ახლა, მინდა, ჩემი დაბადების დღე, პირველ რიგში დედაჩემს მივულოცო. ალბათ, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა შენი შვილის დაბადების დღე არსებობს და ძალიან მინდა, რომ ეს დღე დედამ დიდხანს მომილოცოს.

რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვიხსენებ ჩემს ბავშვობას და ძალიან მეცინება. ბავშვობაში მეჩვენებოდა, რომ დრო ძალიან იწელებოდა, ერთი სული მქონდა ხოლმე, რამდენიმე თვე სწრაფად გასულიყო, რომ ჩემს მეგობრებს გავთანაბრებოდი ასაკით, მათ, ვინც ჩემზე რამდენიმე თვით უფროსი იყო და მახსოვს, როგორ გვიან გადიოდა ეს თვეები. ახლა, პირიქით, მინდა, რომ გაიწელოს დრო, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მალე გარბის (იცინის).

მთავარია, რომ ღვთის წყალობით, ღირსეული შვილები და შვილიშვილები მყავს, ეს კიდევ სულ სხვა ბედნიერებაა. 12 საათი რომ ხდება, ყოველთვის ფუსფუსებენ სახლში, მერე ტორტი შემოაქვთ, მღერიან, მილოცავენ – ეს რიტუალი, რა თქმა უნდა, გახარებს და გაბედნიერებს. შენი დაბადების დღე რომ სხვებსაც უხარიათ, ეს ნიშნავს, რომ ფუჭად არ ჩაუვლია ცხოვრებას. თუ შენით არიან ბედნიერები და შენს დაბადების დღესაც ბედნიერად აღიქვამენ, მაშინ ღირს ცხოვრება. მართლა ძალიან ემზადებიან ხოლმე და ამას რომ ვხედავ, გული მიჩუყდება.

– თვითონ თუ ფუსფუსებთ ხოლმე ამ დღისთვის?

– სხვების დაბადების დღეებზე უფრო ვფუსფუსებ. ჩემს დაბადების დღეზე დილიდან ვბუზღუნებ (იცინის). სულ იმას ვამბობ, რომ არაფერი არ მინდა, რომ არაფერს არ ვაპირებ. ყველას ვეუბნები, რომ ხელი არ გაანძრიონ, რომ არაფერი არ არის საჭირო, მაგრამ არ გამოდის ეს ამბავი. გამორიცხულია, რომ არავინ მოვიდეს. სულ რომ ჩემი დები მოვიდნენ თავიანთი ოჯახებით, უკვე დიდი ოჯახი ვიკრიბებით. ამას ყოველთვის ემატება ჩემი სამეგობროც და არ ვიცი, მაინც დღემდე რატომ ვაპროტესტებ და ვამტკიცებ, რომ არაფრის მომზადება არ არის საჭირო (იცინის). მერე მეჩხუბებიან ხოლმე, შენი ბრალია, გუშინდლიდან უნდა დაგვეწყო მზადებაო (იცინის).

– ასაკის მატებას განიცდით?

– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამაზე საერთოდ არ ვდარდობ. ვგრძნობ, რომ ძალიან მალე მისხლტება დრო ხელიდან. სინანულის შეგრძნება მაქვს ჩემს თავთან დაკავშირებით. მგონია, რომ ბევრ რამეს ვერ ვასწრებ ისე, როგორც მინდა. ეს სევდიან განწყობაზე მაყენებს. თუმცა, მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი ამ განწყობით და მომატებულ წლებზე დარდით არავინ შევაწუხო. მინდა, ამას შევეგუო და ცხოვრებას თვალებში შევხედო. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი – ამ განწყობით ვარ.

– ზუსტად იმიტომ, რომ დაბადების დღე 18 იანვარს, მარხვის დღეს გაქვთ, მგონი, მეორე დღეს აღნიშნავთ ხოლმე.

– პატრიარქს აქვს ნათქვამი, თამრიკოს დაბადების დღე მიულოცეთ 19-შიო და სხვათა შორის, მას შემდეგ ძალიან ბევრი მილოცავს ნათლისღებას, ანუ 19-ში. მე ნათლისღებას ვარ მონათლული, ამიტომ ეს დღე ჩემთვის ორმაგი ზეიმია და ამ დღესაც დიდი სიამოვნებით ვიღებ მილოცვებს. თუმცა 18 იმდენად ორგანულია ჩემი ახლობლებისთვის, რომ გამორიცხულია, ამ დღეს არ მომილოცონ. სხვათა შორის, როცა სუფრაზე მიდგება ხოლმე საქმე, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სამარხვო იყოს. ეს იმდენად რთულია, ვერ წარმოიდგენთ, თუმცა, მე ფანტაზიების ორომტრიალში ვცხოვრობ (იცინის). სულ რაღაცებს ვიგონებ და უკვე აღარ მიჭირს. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონაც ვეგეტარიანელი ვარ, ნაირ-ნაირი რეცეპტები მაქვს და ვამზადებ.

– წლევანდელი დაბადების დღე ოჯახის წევრებმა ძალიან თბილად და ემოციურად მოგილოცეს ეთერში.

– ნამდვილად ასე იყო და ეს მართლა მოულოდნელი აღმოჩნდა. რატომღაც, წელს ყველაზე მეტად ვიყავი შიშით განწყობილი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე ვგრძნობდი თავს.

ჩვენმა არხმა მთხოვა, რომ დილით ენდოკრინოლოგთან მივსულიყავი სასაუბროდ. შემრცხვა იმის თქმა, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და არ მინდოდა ამ დღეს ენდოკრინოლოგთან ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებით საუბარი, ამიტომ წავედი, ჩემს თავს სხვა გზა არ დავუტოვე (იცინის). სახლიდან რომ გავედი, ელენე და მარიამი ნამდვილად მძინარი დავტოვე. კარიც კი ძალიან ჩუმად გამოვიხურე, რომ არ გაღვიძებოდათ. ვზივარ და ვსაუბრობ ენდოკრინოლოთან და უცებ მესმის: „რა ლამაზი დღეაა“... გავოგნდი. უკან მოვიხედე და ვხედავ: დიდი მარიამი, პატარა მარიამი, ელენე, კოკო.

მიმღერეს და ძალიან გამილამაზეს ის დღე, სულ სხვა განწყობა დამეუფლა. მერე გაირკვა, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი გია ყოფილა. ფაქტობრივად, მან დაძრა ეს სიურპრიზი. ცოტა ხნით ადრე ჩვენი პროდიუსერისთვის უთქვამს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. ჩვენი გუნდი საოცრად მოსიყვარულე ადამიანებისგან შედგება და ასეთ საქმეში უკან არაფრით არ დაიხევდნენ, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ.

საერთოდ, რა შეგვიძლია იმაზე მეტი, რომ ერთმანეთს ნუგეში მივცეთ და დავანახვოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია?! ძალიან მინდა, რომ ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა ეს ძალიან კარგად გააცნობიერონ და ერთი დღესაც კი არ დაივიწყონ. მინდა, ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სხვებსაც გაულამაზონ ცხოვრება. პირველი ლექსი, რომელიც მე მარიამს ვასწავლე, იყო „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე: აბა, მე დღეს ვის რა ვარგე“. უნდა გენახათ, როგორ იტეხდა ენას, მაგრამ მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ჩემი შვილების ცხოვრების ლოზუნგი.

– საჩუქრები – ეს ხომ ამ დღის შემადგენელი და ძალიან ლამაზი ნაწილია. განსაკუთრებულად რომელი დაგამახსოვრდათ?

– საერთოდ, ყველა საჩუქარი მახსოვს – დიდი თუ პატარა. წელს ერთმა უმცროსმა მეგობარმა – ქრისტინე ცერცვაძემ საოცარი საჩუქარი გამიკეთა. ის წლების წინ გამეცნო, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როგორც ჩემი უმცროსი თაყვანისმცემელი. წელს მითხრა, მინდოდა პირველს მე მეჩუქებინა საჩუქარი თქვენთვისო და გიტარა მისახსოვრა, რომელსაც ოქროსფერი ასოებით „თამრიკო ჭოხონელიძე“ აწერია. შეიძლება, ამან განსაკუთრებით არ გაგახაროს?! როცა ხედავ, ადამიანს იმდენად უყვარხარ, რომ შეუძლია, ასე გასიამოვნოს, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის?!

გამორჩეული საჩუქარი მივიღე ჩემი შვილებისგანაც. მართლა ძალიან გადაღლილი ვარ და მითხრეს, შენ აუცილებლად გჭირდება ისეთ ქალაქში წასვლა, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარება და დადებითი ემოციებით აგავსებსო, ქალაქში, რომელიც შენ ძალიან გიყვარსო და ეს არის რომი. მე და გია ხუთი დღით გაგვიშვეს რომში და მათი უზომოდ მადლობელი ვარ. თავიდან ძალიან შევწუხდი, რომ ეს ხარჯი გაიღეს. ჩემი შვილები ძალიან პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრებენ, ალბათ რამდენ ხანს აგროვეს თანხა ამისთვის და ამაზე ფიქრმა დამტანჯა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სისულელე იყო ჩემი ასეთი განწყობა, უნდა მიიღო ის, რასაც გულით გჩუქნიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი