შოუბიზნესი

რის გამო ვერ მოახერხა ნუცა სურგულაძემ საფრანგეთის პრეზიდენტთან სელფის გადაღება და როგორ გააკვირვა ყველის, მურაბისა და აჯიკის მიქსით მან ფრანგები

№47

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 01.12, 2021 წელი

ნუცა სურგულაძე
დაკოპირებულია

ახლახან საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა შირჰა 2021-ზე წარდგა. ქართველი შეფ-მზარეულები, გასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საფრანგეთში ზემოთ ხსენებულ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის პარალელურად, გრანდიოზული გამოფენა „სირჰა“ გაიმართა, სადაც საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარდგა. როგორც კონკურსისა და გამოფენის მონაწილე ნუცა სურგულაძე ამბობს, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

ნუცა სურგულაძე: ეს კონკურსი საფრანგეთში, კერძოდ ლიონში, ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კონკურსის პარალელურად, სადაც მსოფლიოს 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, ტარდება გამოფენა „სირჰა“, სადაც საკუთარ პროდუქტს უამრავი კომპანია წარმოადგენს. ჩვენ ამ გამოფენაზე ვიყავით და საქართველოს კუთხემ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. გატანილი გვქონდა ღვინოები, ყველი, აჯიკა, მურაბები და სხვადასხვა ქართული ნაწარმი. ჩვენს კულტურასა და ქვეყანას ვაცნობდით იქ მოსულ უამრავ ადამიანს და ასევე, საფრანგეთის ყველაზე ცნობილ შეფებს. სხვათა შორის, საფრანგეთის პრეზიდენტიც კი გახლდათ. გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პარალელურად მიმდნარეობდა მსოფლიო ჩემპიონატები კონდიტერიაში და კულინარიაში. 2013 წლის შემდეგ, წელს პირველად, საფრანგეთი გახდა გამარჯვებული. ჩვენ ამ კონკურსში პირველად ვიღებდით მონაწილეობას, ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაგრამ მსოფლიოზე ვეღარ მოვხვდით. თუმცა, ამ ყველაფერს გაცნობის ხასიათი ჰქონდა და მომავალში აუცილებლად უკეთ წარვდგებით. საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტმა, მიშა ავსაჯანიშვილმა რომ დამირეკა და საფრანგეთში გამოფენა-კონკურსზე წასვლა შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა. თან, მე სამი წელი საფრანგეთში ვმუშაობდი, ჩემთვის იქაური გარემო უცხო არ იყო, ფრანგული ენაც კარგად ვიცი და დავეხმარებოდი.

– ქართული პროდუქტების სტენდიდან ყველაზე მეტად რამ დაიმსახურა მოწონება?

– სხვათა შორის, ყველაზე მეტად ფრანგები ჩვენი ყველითა და მშრალი წითელი და თეთრი ქვევრის ღვინით გავაკვირვეთ. ძალიან მოეწონათ ჩვენი კომბინაციით – ყველი საზამთროს მურაბითა და აჯიკით.

– საფრანგეთის პრეზიდენტმა თუ დააგემოვნა საქართველოში წარმოებული პროდუქცია?

– ძალიან დიდი გამოფენა იყო, გარშემო დიდი დაცვა ჰყავდა, კონკრეტულ სტენდთან არ ჩერდებოდა. თან, ერთმა ადამიანმა მოახერხა და კვერცხი ესროლა, ამიტომ, მისი დაცვა გამკაცრებული იყო, ხალხთან კონტაქტში არ შედიოდა და ჩვენამდე ვერ მოვიდა. მოვიდა იმისთვის, რომ გამარჯვებული ქვეყნისთვის მიელოცა მოგება. ასე რომ, მასთან ახლოს მისვლა და სელფის გადაღება ვერ მოვახერხე (იცინის).

– ამბობენ, ადამიანის განწყობა კერძზეც აისახებაო. ეს სიმართლეა?

– ზოგადად, ყველაზე გემრიელი, ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული კერძებია და იმავდროულად, ორგანიზმისთვისაც ძალიან სასარგებლო. თუ ხასიათზე არ ვარ, დაძალებულად გაკეთებას ვერიდები და თუ გავაკეთე, ისეთი არ გამომდის. მაგრამ თუ მნიშვნელოვანი კერძი მაქვს მოსამზადებელი, წინასწარ ვიქმნი განწყობას. ნამდვილად იგრძნობა ის ენერგეტიკა და ხასიათი კერძის დაგემოვნებისას, რაც შეფ-მზარეულმა მომზადების დროს მასში ჩადო. თუ ადამიანი უხასიათოდ არის და მაინც ამზადებს, ის ცუდი ხასიათი კერძს აუცილებლად ეტყობა.

– რომ ამბობენ, გემრიელია თუ არა კერძი, ეს ადამიანის ხელზეა დამოკიდებულიო?

– როგორი გამოგივა კერძი, ხელზეცაა დამოკიდებული, მონდომებაზეც და გემოვნებაზეც. შეიძლება, ძალიან გინდოდეს, მაგრამ გემოვნება არ გქონდეს და არ გამოგივიდეს გემრიელი. ბევრჯერ კერძი მეც არ გამომსვლია. თუმცა, მიწვალია, კიდევ მიცდია და საბოლოო ჯამში, გამოსულა. მაგალითად, ფრანგული მაკარონე ძალიან რთული რეცეპტია, სწორი პროპორციები და ტემპერატურაა საჭირო, კარგი რომ გამოგივიდეს. სხვათა შორის, „იაღლიშიც“ მომსვლია (იცინის). ერთხელ შაქარი და მარილი შემთხვევით ერთმანეთში ავურიე და რომ ჩავყარე, მარილიანი დესერტი გამომივიდა. კიდევ კარგი, სანამ შეკვეთა მომხმარებლამდე მივიდა, გავსინჯე და თავიდან მოვამზადე.

– მახსოვს, კაფეტერიის გახსნას აპირებდი. ამ მხრივ, რა ხდება?

– პანდემიის პერიოდში რამდენიმე ობიექტი გავხსენით, თუმცა, პარტნიორობიდან გამოვედი და ყველაფერი დავტოვე. ჩემად არ მივიჩნევდი. მომავალში ვგეგმავ და აუცილებლად გავხსნი საკუთარ ობიექტს. ჯერ მინდა უცხოეთში გავაგრძელო სწავლა და როცა მექნება შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა და ფინანსები, აუცილებლად გავხსნი იმ დონის რესტორანს თუ კაფეს, რომელიც ჩემს გემოვნებაში ჩაჯდება. ეს იქნება ბიზნესი, რომელიც მოგებასთან ერთად, ადამიანების გემოვნებაზე და კმაყოფილებაზე იქნება მორგებული. ძალიან მინდა ვისწავლო ევროპაში ან ამერიკაში, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. პანდემიამ შემიშალა ხელი, ამიტომ, შემდეგი წლის ბოლომდე საქართველოში ვიქნები და მერე წავალ. ახლა, მიძინებული, წყნარი ეტაპი მაქვს, არააქტიური. იმედია, მიძინებული ეტაპიდან მალე გამოვალ. შემოთავაზებები კი მაქვს, მაგრამ მირჩევნია, ეს დრო ჩემს თავს დავუთმო. მიზანს რომ მივაღწევ, მერე გავალ ჰორიზონტს მიღმა (იცინის). მინდა, ქართულ სარესტორნო ბიზნესში ახალი სიტყვა ვთქვა.

– შენი ინტერნეტსამზარეულო საკმაოდ პოპულარულია და გვერდს უამრავი გამომწერი ჰყავს. ალბათ, უცნაური კითხვებითაც მოგმართავენ.

– ბევრი ადამიანი უყურებს და ქართული სამზარეულოს ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი მყავს. ასე რომ, ინტერნეტსივრცეში სამზარეულოს კუთხით პირველი ვარ და ვლიდერობ. ვერ ვიტან, რომ მწერენ – როგორ დავიკლო 2 კილო ერთ საათშიო (იცინის). ან – ისეთი დიეტა მომწერე, რომელიც ძალიან გამახდუნებს... ან – რა ვჭამო, რომ გავხდე? ვერ ვხვდები, დიეტებთან მე რა შუაში ვარ? (იცინის) ზოგადად, ქართველებს ჭამა, კულინარია და სამზარეულო ძალიან უყვართ, ამ ბოლო დროს კი ძალიან ინტერესდებიან დესერტებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი