შოუბიზნესი

რის გამო დააჯილდოვა ნუცა შანშიაშვილი ბრუკლინის პრეზიდენტმა და რა სასწაული მოხდა მის ოჯახში

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 13.10, 2021 წელი

ნუცა შანშიაშვილი
დაკოპირებულია

ნუცა შანშიაშვილი ამერიკულ და ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ბრუკლინის პრეზიდენტმა დააჯილდოვა. გარდა ამ დიდი აღიარებისა, მან სხვა ჯილდოებიც მოიპოვა, თუმცა მთავარი ჯილდო, რომელიც მის შემოქმედებას არასდროს აკლდა - მსმენელის დიდი სიყვარულია.

ნუცა შანშიაშვილი: ამერიკის შეერთებულ შტატებში რვა სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული, აბსოლუტურად სხვადასხვა პროგრამითა და სხვადასხვა კოსტიუმებით. რვავეს პრემიერა ნიუ-იორკში მქონდა და ამის შემდეგ იწყებოდა ხოლმე გასტროლი. ასე იყო პანდემიამდე, მაგრამ 2020-ში კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე უკვე ონლაინკონცერტი გავმართე და ფანტასტიკური გამოვიდა.

რაც შეეხება ამ დაჯილდოებას, მისი ორგანიზატორი გახლავთ არაჩვეულებრივი ქალბატონი დიანა ბაგრატიონი, რომელსაც ამერიკაში საკუთარი სახელობის უნიკალური ფონდი აქვს გახსნილი და ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს საქართველოს პოპულარიზაციისა და ქართველების დასახმარებლად. მოულოდნელად დამირეკა და მითხრა, ნუცა ძალიან დიდი სიხარული მაქვს შენთვის, მე ბევრ ადამიანზე ვთხოვე, მაგრამ სამწუხაროდ, დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ შენზე დამთანხმდნენ. ასე რომ, გადმოგეცემა ჯილდო ბრუკლინის პრეზიდენტისგან – ამერიკისა და ქართულ ხელოვნებაში ისტორიული წვლილის შეტანისთვისო. ეს ძალიან დიდი ჯილდოა. მერე ვხუმრობდით კიდეც, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ამ ჯილდოს გადმოგცემს, მთელ მსოფლიოში აღიარებული ადამიანი ხარ-მეთქი. დიანა ბაგრატიონმა, ასევე, გადმომცა საკუთარი ფონდის სერტიფიკატი ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის და მითხრა ისიც, რომ ერთ-ერთ ძალიან გავლენიან კონგრესმენთან გააგზავნა ინფორმაცია ჩემს მოღვაწეობასთან დაკავშირებით და მან ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა, რომ დავეჯილდოებინე. მოკლედ, ძალიან სასიხარულო ამბებია. თუმცა მინდა, ვთქვა, რომ მე საკუთარ თავს ემიგრანტად არ მივიჩნევ. მე ვცხოვრობ როგორც თბილისში, ისე მოსკოვსა და ნიუ-იორკში, მაგრამ კოვიდის გამო ახლა უფრო დიდი ხნით ამერიკაში მომიწია დარჩენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ასეთი ჯილდოები საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში ქართულ ხელოვნებას წარმოვადგენ. ჩემს ჯაზურ რეპერტუარში ჟღერს ქართული კომპოზიციები, რომელიც ყველას ძალიან მოსწონს. პირველი ექსპერიმენტი წლების წინ, ბროდვეიზე ჩავატარე ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, მათთან ერთად დავუკარი რამდენიმე ქართული კომპოზიცია და დიდი მოწონება დაიმსახურა.

– საქართველოშიც მოიპოვეთ აღიარება, რუსეთშიც და ამერიკაშიც – როგორ?

– ამ ყველაფრის უკან ჩემი ქვეყნისა და ხელოვნების უდიდესი სიყვარული და თავდადებული შრომა დგას. მე დავიბადე უდიდესი მოქანდაკის, ჯემალ შანშიაშვილის ოჯახში, დედა – მზია მაღლაკელიძე, გენიალური მსახიობი და პედაგოგი იყო. ბავშვობიდანვე ვხედავდი ხელოვნებისადმი მათ თავდადებულ დამოკიდებულებას და დღეს მე ვაგრძელებ ჩემი მშობლების გზას. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს შემდგომ, ჩემი ნიკუშა გააგრძელებს. ხელოვნების გზა არ არის იოლი, ამ სილამაზის მიღმა, იცით, რამდენი მუშაობა დევს? იოლად არაფერი მოდის, მაგრამ თუ ნიჭი და ამ საქმის სიყვარული გაქვს, ეს შრომა მხოლოდ სიამოვნებას განიჭებს. 50 საათი რომ მაცეკვო და მამღერო სცენაზე, სასიამოვნოდ დავიღლები და ბედნიერი დავიძინებ. რუსეთში 90-იან წლებში წავედი, რადგან სიმღერის გარეშე არ შემეძლო და იქ ძალიან რთული გზით დავიმკვიდრე თავი. უამრავ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, გადავწყვიტე, რუსეთში ჩემი მოღვაწეობა შემეწყვიტა. მქონდა შემოთავაზებები პოლიტიკოსებიდან, იქ იმღერე, ამდენს გადაგიხდი და ასე შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა და ხელოვნება სხვადასხვაა, ამაზე უარი ვთქვი, რადგან ქვეყანას, რომელიც მუქარით ელაპარაკება ჩემს ულამაზეს საქართველოს, მე ვეღარ ვუმღერებდი და ამერიკაში წამოვედი. გასტროლებზე მანამდეც ჩამოვდიოდი, მაგრამ, როდესაც თემურს გავყევი ცოლად და ნიკუშაც გამიჩნდა, აქ დავფუძნდი. საბედნიეროდ, ამ ქვეყანამ გენიალური კონცერტები შემაქმნევინა.

– სოციალურ ქსელში, ძალიან ხშირად უზიარებთ ხოლმე მეგობრებს თქვენს მიგნებებს მედიტაციასთან დაკავშირებით. ვუთხრათ ჩვენს მკითხველსაც, როგორ ახერხებთ ადამიანურობის შენარჩუნებას მძიმე გარემოში?

– ადამიანებმა ჩვენი ფუნქცია უნდა შევასრულოთ, მივხვდეთ, რომ ცხოველები და რობოტები კი არა, სულიერი, ძლიერი და ღვთაებრივი ქმნილებები ვართ. მე ბავშვობიდან მაწუხებდა ბევრი კითხვა და პასუხების მიღებაში მამაჩემის ბიბლიოთეკაში არსებული მრავალი ფილოსოფიური ნაშრომი მეხმარებოდა. ამ გზამ მიმიყვანა არაჩვეულებრივ მეცნიერებთან და მათ შორის მიხეილ ლაიტმანთან. მან გახსნა კაბალისტური მეცნიერება და მე დღემდე მისი შესწავლით ვარ დაკავებული. ეს მეხმარება საკუთარი თავის ტრანსფორმაციაში – ეგოიზმის დამარცხებასა და სიკეთის კეთებაში. ეს მედიტაცია გვეხმარება ვიყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და კეთილები. ჩემი სხეული ჩემი ტაძარია და ის უნდა იყოს ბედნიერი. როცა ამაზე მუშაობ, სამყარო სასიკეთოდ გარდაიქმნება. უცნაური ისტორია გადახდა თავს ჩემს დედამთილს, საოცრად კეთილ ადამიანს, რომელსაც ბედნიერებას ანიჭებს სხვებზე ზრუნვა. მისმა ისტორიამ დამარწმუნა, რომ ადამიანი, რაც უფრო არაეგოისტურად ცხოვრობს და რაც უფრო მეტად ზრუნავს გარშემო მყოფებზე, სიცოცხლის ენერგიით ივსება. ქალი სიმსივნით შეიყვანეს კლინიკაში. იქ მძიმე მდგომარეობა დახვდა – ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გვერდით აღმოჩნდა. მათ შემხედვარეს, დაავიწყდა საკუთარი პრობლემა და ნამდვილი ექთანი გახდა. ყველას ეხმარებოდა, ცდილობდა, როგორმე მდგომარეობა შეემსუბუქებინა მათთვის და ერთ-ერთს ისიც კი უთქვამს, საკუთარ თავზე მეტად შენთვის ვლოცულობო. სრულიად უცხო ადამიანი იყო მისთვის, მაგრამ მთელი გულით ზრუნავდა მასზე. ეტყობა ამ პროცესში მისმა ორგანიზმმაც დაივიწყა ის დაავადება, რის გამოც იქ ოპერაციის დასაგეგმად მიიყვანეს. მეორედ რომ გააშუქეს, გაოცებულებმა ჰკითხეს, რატომ მოხვედით აქ, არაფერი გჭირთო, მაშინ, როცა კიბოს დიაგნოზით შეიყვანეს კლინიკაში. იცით, როცა შენთვის ოჯახის წევრი ლოცულობს, ეს ლოგიკურია, მაგრამ როცა შენთვის ლოცულობს სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც მადლიერია შენი სიკეთის გამო, უდიდესი ენერგია გადმოგეცემა, რომელიც პირდაპირ აისახება შენს ჯანმრთელობაზე.

საერთოდ, მადლიერებას ძალიან დიდი ძალა აქვს. რა ენერგიასაც გასცემ, იმავეს იღებ კოსმოსიდან. თუ გინდა, კარგად იყო, სიკეთე უნდა აკეთო და მიღებული სიკეთისთვის სამყაროს მიმართ მადლიერების გამოთქმა უნდა შეგეძლოს.

– თუმცა, ხშირად რთულია საკუთარი ეგოს დათრგუნვა.

– ადამიანი თუ ბოროტი და ახვარი დაიბადა, ასეთივე იქნება, ისიც თავის მისიას ასრულებს, სამყაროში ყველაფერი ბალანსშია. სანამ დღესა და ღამეში ვცხოვრობთ, კეთილი და ბოროტი იარსებებს, მაგრამ როცა მათ შორის შუალედურს აირჩევ, მაშინ შეძლებ გაკონტროლებას სიკეთისასაც და ბოროტებისასაც. ხშირად თავს ვერ თოკავ და გაბრაზებულს გინდა, სამაგიერო გადაუხადო სხვას, მაგრამ, თუ უზენაესი ინფორმაციით ხარ განათლებული, როცა ცუდის გაკეთებას დააპირებ ან თუნდაც გააკეთებ, დაფიქრდები, ტვინში გაატარებ და გააცნობიერებ, რომ ეს არ არის კარგი და ამ დროს შემქმნელს დახმარება უნდა სთხოვო. მაშინ შენ უკვე სწორ გზაზე დგახარ და შენი გაკეთებული ცუდი შენი აზროვნებით ანულირდება, რადგან ხვდები, რომ შენ არ გინდა ამის გაკეთება და კეთილ ენერგიას უმეგობრდები. როცა სინანულით ეუბნები ღმერთს, რომ ის ადამიანი ღირსია, მაგრამ შენ არ გინდა ცუდის გაკეთება, უკვე გამოსწორების გზაზე დგახარ და ამ ფიქრებით გამოწვეული ძალა დაგეხმარება. მაგრამ თუ ცუდს გააკეთებ და ტვინშიც მის „გაპრავებას“ დაიწყებ და საერთოდ დაივიწყებ ამას, შენ შენს ბოროტებასთან ერთად რჩები, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაგღუპავს. თუ შენ ხარ კეთილი, ბედნიერი და გახარებული, გამორიცხულია, გარემო ბოროტი, წარუმატებელი და ნეგატიური გქონდეს.

– რა იყო გარდამტეხი ტკივილი, რომელმაც შეგცვალათ?

– ჩემთვის მამის გარდაცვალება იყო ძალიან მძიმე. ახალგაზრდა გარდაიცვალა და ეს ჩემთვის აბსოლუტური შოკი იყო. მაგრამ ტკივილი უდიდეს გაკვეთილს გიტარებს, ბევრს გასწავლის. „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“. ასეთი განცდის შემდეგ დიდი ძალა მოდის. სამწუხაროდ, ადამიანები ჯერ ვერ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ტკივილის გარეშე შევიცნოთ სამყარო და საკუთარი თავი. სულიერ განვითარებაში ძალიან მტკივნეული გამოცდილებები გვეხმარება.

P.S. გამოყენებულია zazarastudio-ს ფოტო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი