რის გამო აღმოჩნდნენ ანუკი გორგოშაძე და ნიკა დიასამიძე მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში და როგორი იყო მათი ათასკაციანი ქორწილი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 13:00
 
    ანუკი გორგოშაძე და ნიკა დიასამიძე – ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ულამაზესი წყვილია ბათუმიდან, რომელთა ქორწილმაც მთელი საქართველო აალაპარაკა. გრანდიოზული, 1 000-კაციანი ქორწილი, ულამაზესი პრინცესული პატარძალი და სიმპათიური სიძე – ალბათ, ამიტომაცაა, რომ მათი ქორწილის კადრებმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
ანუკი: ქორწილი ჩვენთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ემოციური დღე იყო. თუმცა, არ ველოდით, თუ ამდენი ადამიანი მოიწონებდა და უამრავ დადებით კომენტარს დაიმსახურებდა. სოციალურ ქსელში ამით ნამდვილად გვანებივრებენ, მაგრამ სამწუხაროდ, „ჰეიტერებიც“ გამოგვიჩნდა, წერენ: „რატომ წაიღეთ ტვინი ამ გოგოთი?!“.
ხომ იცით, გაპრანჭული ყველა განსაკუთრებულად გამოიყურება, მაგრამ სხვა ფოტოებში ჩვეულებრივ ფორმაში რომ მნახულობენ, წერენ, განსაკუთრებული არაფერია, ჩვეულებრივი გოგოაო. კი, მართალია, საკუთარი ქორწილისთვის განსაკუთრებულად მოვინდომე, მინდოდა, ყველაფერი ზღაპრული ყოფილიყო და მეც ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში გარეგნობაზე ჩაციკლული ადამიანები არ ვართ. ჩვენთვის ადამიანის ვიზუალური მხარე არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, როგორი გული გაქვს. ერთმანეთიც ამის მიხედვით ავირჩიეთ და არა გარეგნობით. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ ბუნებრივადაც ისე უნდა გამოიყურებოდე, როგორც მაკიაჟით ან ის რატომ აკვირვებთ, რომ საკუთარ ქორწილში გაპრანჭული ვიყავი, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. არც გვესმის რატომ ანიჭებენ გარეგნულ სილამაზეს ასეთ დიდ მნიშვნელობას და არა იმას, თუ ვინ ხარ შინაგანად, რადგან ჩვენთვის პირიქითაა.
 – მთავარია, თვითონ არიან ისეთები, როგორიც თავად მოსწონთ. სხვა მხრივ, თქვენ როგორ მოგეწონათ დიდი ყურადღების ცენტრში ყოფნა – „აფეთქდა“ სოციალური ქსელები თქვენი ქორწილის ფოტოებითა და ვიდეოებით...
– მთავარია, თვითონ არიან ისეთები, როგორიც თავად მოსწონთ. სხვა მხრივ, თქვენ როგორ მოგეწონათ დიდი ყურადღების ცენტრში ყოფნა – „აფეთქდა“ სოციალური ქსელები თქვენი ქორწილის ფოტოებითა და ვიდეოებით...
ნიკა: რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან გავრცელდა ჩვენი ქორწილის კადრები. მილიონობით ნახვა და კომენტარი დაგროვდა. სხვადასხვა გვერდები აზიარებდნენ და ძალიან გვიკვირდა. ასეთ რამეს არ ველოდით. როგორც ანუკიმ თქვა, „ჰეითერებიც“ გამოჩნდნენ, მაგრამ ძირითადად, სულ დადებითი კომენტარებია.
ანუკი: ასეთი ყურადღების ცენტრში ყოფნას არცერთი არ ვართ მიჩვეული. თუმცა, სასიამოვნოა, როცა სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, დადებითი ემოციები გავუშვათ. ძალიან მადლიერები ვართ ამ დამოკიდებულების გამო და გვიხარია ეს ყველაფერი.
– გრანდიოზული ქორწილი გქონდათ. თუ არ ვცდები, 800 სტუმარი გყავდათ. როგორ დაგეგმეთ ამხელა წვეულება?
- 800 – არა, 1 000 სტუმარი გვყავდა. ზუსტი რაოდენობა ჩვენც მოგვიანებით გავიგეთ. გრანდიოზული გეგმები არ გვქონია, ყველაფერი ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო: ცეკვა, ტორტის გაჭრა, სიმღერა, თამადა, წამყვანი – ეს ყველა ქორწილშია. თუმცა, ასე დაუგეგმავადაც გრანდიოზული გამოვიდა. ალბათ, ეს ყველაფერი ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა. ორგანიზების ნაწილში, ძირითადად, მე ვიყავი ჩართული და რჩევებს ჩვენს მშობლებს ვეკითხებოდი. ყველაფერი ტრადიციულად გავაკეთეთ. სამზადისის პერიოდში ნიკუშა გემზე იყო. თუმცა გარკვეული საკითხები მან დაგეგმა, მათ შორის, ჩვენი თაფლობის თვეც.
– 1 000 სტუმარი ძალიან ბევრია...
ნიკა: კი, მართლა ბევრია. ამდენს ჩვენც არ ველოდით, მაგრამ ვინც იყო, მართლა ყველას ვიცნობდით. ორივეს დიდი სანაცნობო წრე გვყავს და ეს 1 000 კაცი რეალურად ჩვენი და ჩვენი ოჯახების ახლობლები იყვნენ.
– ქართული ქორწილი ჩხუბის გარეშე იშვიათია და მით უმეტეს, როცა ამდენი სტუმარია. როგორ ჩაიარა?
- ყველაზე მეტად ამის გამო ვღელავდით. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენ კი ყველას ვიცნობდით, მაგრამ ყველა ხომ არ იცნობდა ერთმანეთს და ცოტა დაძაბულები ვიყავით, მაგრამ ცეკვითა და სიმღერით ისე გაერთნენ, რომ ჩხუბისთვის არავის ეცალა.
– ანუკი, როგორ ქორწილზე ოცნებობდი და რამენად შეესხა ფრთები შენს ოცნებებს?
ანუკი: ყოველთვის ასეთ ქორწილზე ვოცნებობდი. მინდოდა, ზუსტად ისეთი კაბა მცმოდა, როგორიც მეცვა, ძალიან დიდი, მაგრამ თან სადა; პრინცესული, როგორიც მულტფილმებშია და მგონი, გამოვიდა (იცინის). ისეთ კეთილ კომენტარებს ვკითხულობ, რომ ცალკე ეს მიხარია.
– ნიკა, როგორი ემოციები გქონდა, საყვარელი გოგო ასეთ ფორმაში რომ დაინახე?
ნიკა: ისედაც ველოდი, რომ ასეთი პრინცესა დამხვდებოდა, მაგრამ რეალურად კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე წარმომედგინა. ემოციები დიდად ვერ გამოვხატე, მაგრამ მე ვიცი, რამხელა ბედნიერება ვიგრძენი მაშინ. ზოგადად, ემოციების გამოხატვა მიჭირს, ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ, მაგრამ ანუკის ჩემი ძალიან კარგად ესმის და გამოხატვის გარეშეც შესანიშნავად მიხვდა, მისი დანახვისას რა ვიგრძენი.
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?
ანუკი: ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ნიკუშა იმდენად მორიდებულია, ჩემთან ახლოს არ მოდიოდა, შორიდან მივლიდა. ყველანაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა.
ნიკა: პირველი ერთი წელი, გამარჯობის გარდა, მისთვის არაფერი მითქვამს.
ანუკი: მერე უკვე სხვაგან დავიწყე მუშაობა და ერთმანეთს რომ დავშორდით, მაშინ გაბედა ჩემთან მოწერა. ყოველდღე მაკითხავდა ახალ სამსახურში, მაგრამ არ ვნახულობდი. თავს ვარიდებდი, რადგან მეც მასავით მორიდებული ვიყავი. ერთხელაც, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი რესტორანში. მომწერა, ხუთი წუთით უნდა გნახოო. არ ვიცი, რა ხასიათზე ვიყავი იმ მომენტში, მაგრამ მივწერე, ახლავე თუ მოხვალ, გნახავ, მერე აღარ-მეთქი – ვიცი ჩემი ხასიათი და ვიცოდი, რომ მართლა ასე მოვიქცეოდი. (იცინის).
ნიკა: ეს რომ მივწერე, მაგ დროს უკვე იმ რესტორანთან ვიყავი (იცინის). ამის შემდეგაც ყოველდღიურად ვცდილობდი, მენახა.
ანუკი: მწერდა, ცდილობდა, ვენახე, მაგრამ მეც ძალიან შებოჭილი ვიყავი. არ ვპასუხობდი. მე უფრო მერე მომეწონა, როცა მისი ადამიანობა დავინახე. იმ დროს სიყვარულზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ათასი გეგმა მაქვს და ჩემი თავის განვითარებაზე ვზრუნავდი. თურმე, როცა არ ელოდები, ზუსტად მაშინ გამოჩნდება შენი ადამიანი.
– როდის მიხვდი, რომ გიყვარდა?
- 6-7 თვის შემდეგ გემზე რომ წავიდა, მისთვის ჯერ კიდევ არ მქონდა პასუხი ნათქვამი. მეშინოდა, არასწორი ადამიანი არ ამერჩია. იმდენი რამ ხდება გარშემო, ძალიან ბევრს ვფიქრობდი, მინდოდა, სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. რომ წავიდა და დავინახე, გემზე ყოფნის დროსაც როგორ ზრუნავდა ჩემზე, რამხელა ყურადღებას იჩენდა და როგორ გამოხატავდა სიყვარულს, მაშინ ვუთხარი, მოდი, ვცადოთ-მეთქი.
ნიკა: 2023 წლის 14 იანვარი იყო, ძველით ახალი წელი და მას შემდეგ ერთად ვართ. მე პირველივე დანახვისას განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. პირველ რიგში, მისმა სილამაზემ დამატყვევა, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი, მთავარი ადამიანობაა და ამითაც მიიქცია ჩემი ყურადღება. ამის მიუხედავად, ვერ ვბედავდი, ინიციატივა გამომეჩინა, რადგან როგორც გითხარით, ძალიან მორიდებული ვარ. მიჭირდა მასთან კომუნიკაციის დამყარება. ძალიან მინდოდა, ცოტა დავშორებოდით ერთმანეთს, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი ემოციების გამოხატვას დისტანციაზე უფრო შევძლებდი და ასეც მოხდა...
– და სანამ მიზანს არ მიაღწიე, ფარ-ხმალი არ დაყარე...
- მასაც დავპირდი, სანამ მიზანს არ მივაღწევ, თავს არ დაგანებებ, ამიტომ, ტყუილად ნუ წვალობ და მაწვალებ-მეთქი (იცინის). პირველად რომ მივაკითხე რესტორანში, ეს შეხვედრა მისთვის დაუგეგმავი იყო, მაგრამ მე დიდი ხანი ვგეგმავდი და უარი რომ ეთქვა, მაინც უნდა მენახა, ამიტომ ჯერ მივედი და მერე ვუთხარი, მას შემდეგ ძალიან დავახლოვდით. მინდოდა, ყოველდღიურად მენახა, ძალიან მიყვარდა და მინდოდა, მასთან დიდი დრო გამეტარებინა.
– თვითონ როდის გამოგიტყდა სიყვარულში?
- სანამ მეტყოდა, ვცადოთო, ვხვდებოდი, რომ ჩემ მიმართ მასაც იგივე გრძნობა ჰქონდა. უბრალოდ, არ მეუბნებოდა, მაგრამ მისი ქცევებიდან გამომდინარე, ვხვდებოდი. ყველა სიტყვას ყურადღებას ვაქცევდი. იანვარში მითხრა, ვცადოთო, მაისში დავბრუნდი გემიდან და რომ მითხრა, უნდა დაგხვდეო, მივხვდი, რომ ეს ძალიან მაგარ რამეს ნიშნავდა. ჩემთვის ეს ყველაზე საოცარი დაბრუნება იყო. ასეთი ბედნიერი არასდროს ჩამოვსულვარ. მანამდე ეს რუტინის ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, ოჯახი ყოველთვის გელოდება და შენც ყველა ახლობელი გენატრება, მაგრამ როცა საყვარელი ადამიანი გხვდება, ეს კიდევ სხვა არის. ძალიან ველოდი ამ შეხვედრას, დღეებს ვითვლიდი (იცინის).
– მეზღვაურის პროფესია ძალიან რთულია. დიდი ხნით გიწევთ განშორება?
- კი, სულ მცირე, ექვსი თვე გრძელდება ხოლმე ჩვენი განშორება და ეს საკმაოდ რთულია.
ანუკი: რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი გიყვარს და მისი ერთგულების გჯერა, როცა მის ძალასა და გვერდში დგომას მუდმივად გრძნობ, გიადვილდება. შენი ადამიანი სიმშვიდეს გიქმნის. შეიძლება, ათი დღე ისე გავიდეს, რომ ნიკუშას ინტერნეტი არ ჰქონდეს და ვერ მომწეროს, მაგრამ მერე რამდენიმე წუთით რომ შემოვა სოციალურ ქსელში და შეტყობინებებს მწერს, ვმშვიდდები, ეს ძალიან მეხმარება.
ნიკა: როცა რამდენიმე დღე ინტერნეტი არ არის, მე მაინც ვწერ, რაც გულში მაქვს, რისი თქმაც მინდა, ნებისმიერ დროს ვწერ და მერე, როცა ინტერნეტს ვუკავშირდები, ანუკისთან ერთდროულად იგზავნება შეტყობინებები (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
 
    





