შოუბიზნესი

რატომ ზრდიდა ეკა სალუქვაძეს მამა ბიჭად და როგორ მოიპოვეს მან და ლანა სალუქვაძემ დიდი გამარჯვება

№5

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 06.02

ეკა და ლანა
დაკოპირებულია

„სამზარეულოს ომების“ გამარჯვებულები გურული დები – ეკა და ლანა სალუქვაძეები გახდნენ. ისინი ამ პროექტში ოზურგეთიდან, სოფელ ლიხაურიდან ჩამოვიდნენ და შინ პროექტის მერვე სეზონის გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდნენ.

ეკა სალუქვაძე: „სამზარეულოს ომებში“ მონაწილეობა ჩემი იდეა იყო, თუმცა, ვყოყმანობდით, რადგან ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ და ამხელა გზაზე წასვლა-წამოსვლაც რთულია. თან, ჩვენ სოფლის საქმეებით ვართ დაკავებული. წისქვილი მაქვს, ფუტკრები მყავს და რაც მთავარია, სამი შვილი მყავს. გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გავბედე და წამოვედი. მერე ჩემი დაიკოც წამოვიყვანე და ერთად გავედით პროექტში. მგონია, რომ ძალიან კარგი დუეტი გამოგვივიდა. ლანას გარდა კიდევ ორი და მყავს, მაგრამ მე და ლანა ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ და სულ ერთად ვართ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთად გავსულიყავით ამ პროექტში და ასე დაიწყო ეს ამბავი.

ლანა სალუქვაძე: მეც მქონდა ეს სურვილი, მაგრამ ხელს ჩვენი პასუხისმგებლობები გვიშლიდა. ოჯახი მაქვს, შვილები მყავს, სოფელში უამრავი საქმეა. როცა ეკა სადმე მიდის, სახლში მის საქმეებს მე ვიბარებ, როცა მე მივდივარ, მას ვუტოვებ და ორივეს ერთად წასვლა მართლა ძალიან რთული იყო. ბოლოს ჩვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანი დაგვპირდა, რომ ყველაფერში დაგვეხმარებოდა, ამიტომაც წამოვედით.

– სტუმარმასპინძლობის საქმეში გამოცდილებაც გაქვთ და გემრიელად რომ ამზადებთ, ეს აქამდეც ბევრმა იცოდა.

ეკა: დაახლოებით, ორი წლის წინ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დამაფინანსა. მონაწილეობა მივიღე საგრანტო კონკურსში –„ქალთა ეკონომიკური განვითარებისთვის“, გრანტი ავიღე და მაგიდები, სკამები და სხვა საჭირო ნივთები შევიძინე, რომ ჩემს სახლში სტუმრებს ჩვენი სოფლის ნატურალური პროდუქტებით დამზადებული გურული კერძებით გავმასპინძლებოდი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პროდუქტი ჩვენი სახლის იყოს. უკვე მეორე წელია, სტუმრებს ვიღებთ და უკმაყოფილო ნამდვილად არავინ გაგვიშვია.

დედა მუსიკის მასწავლებელია და ჩვენ ყველა ვმღერით. კერძების დაგემოვნებასთან ერთად, ჩვენი სიმღერის მოსმენაც კარგ გარემოს ქმნის და ვხედავთ, რომ ყველას ძალიან მოსწონს არა რესტორნული, არამედ სახლური და შინაურული გარემო. მე ამ ყველაფერს გურული სტუმარმასპინძლობა დავარქვი. ბუნებაც ხელს გვიწყობს, ჩვენი სახლის წინ მდინარე ჩამოდის და რადგან საკურორტო ზონაში ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი დამსვენებელი მოდის. ესეც ხელს უწყობს ჩვენი საქმის განვითარებას.

– თავიდანვე გამარჯვებისთვის იბრძოდით?

- რომ მოვდიოდით, ღმერთს იმას ვთხოვდით, რომ პირველივე ქასთინგიდან არ გამოვვარდნილიყავით და ჩვენი სოფლისთვის თავი არ მოგვეჭრა (იცინის). ასეთ წარმატებას მართლა არ ველოდთ. რომ არ ელი და მაშინ გაიმარჯვებ, ეს ყველაზე მეტად სასიხარულო ყოფილა. პროცესში ძალიან ვნერვიულობდით. ღამეები არ გვეძინა. მესიზმრებოდა, რომ კერძს ვერ ვაკეთებდი ან დროში ვერ ვეტეოდი. თუმცა, ამის მიუხედავად, ვფიქრობდი, რომ ეს პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში და გვინდოდა, ნერვიულობის მიუხედავად, ეს ყველაფერი შეგვერგო.

– გამარჯვებაზე ფიქრი როდის დაიწყეთ?

– ვხედავდით, ჩემი და ლანას შესაძლებლობები არ იყო სუსტი და იმასაც ვცდილობდით, ყველა ინფორმაცია შეგვესრუტა, თუმცა, სწავლისთვის ბევრი დროც არ გვქონდა. ჩაწერა რომ დასრულდებოდა, ვსხდებოდით ავტობუსში და გურიაში ვბრუნდებოდით. აქ ოჯახი და სტუმრები გველოდნენ. ჩაწერის წინა დღეს ისევ თბილისში მოვდიოდით. მხოლოდ ფინალურის ჩაწერაზე დავრჩით დედაქალაქში. გვეუბნებოდნენ, ყოველ ჯერზე ამხელა გზის გავლას როგორ ახერხებთო, მაგრამ სახლებში იმდენი საქმე გველოდა, რომ აქაურობას ვერაფრით ვერ მოვწყდებოდით. ჩვენმა შრომამ რომ ასეთი შედეგი გამოიღო, ეს ყველაზე სასიხარულოა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. შეფებმაც ძალიან კარგი შეფასებები მოგვცეს და თითქოს გულში მოლოდინები გაჩნდა, მაგრამ რადგან ეს კონკურსია, სანამ შენს სახელს, როგორც გამარჯვებულისას, საბოლოოდ არ გაიგებ, მანამდე დარწმუნებული ვერაფერში იქნები.

– მოგებულ ბინასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

– ბინა მშენებარეა და 2025 წლის ბოლოს ჩაგვბარდება, როგორც გავიგე. სოფელში მცხოვრები ორი ქალისთვის, რომლებიც შრომობენ, მაგრამ იმხელა შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვთ, რომ თბილისში ბინა შეიძინონ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ თბილისში ბინის საყიდლად საჭირო თანხას ვერასდროს შევაგროვებდით, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ ამ გადაცემის და ამ არხის. თბილისში ბინა ძალიან კარგია. შვილები გვყავს და სულ იმას ვფიქრობდით, სად იცხოვრებდნენ თბილისში სწავლის დროს. ეს იყო ჩემი დარდი, თორემ მე, როგორც სოფელში მცხოვრები აქტიური ქალი, არ ვაპირებ, თბილისში გადმოვიდე საცხოვრებლად. მინდა, ისევ სოფელში ვიცხოვრო და ჩემი გეგმები განვახორციელო. გეგმა ბევრი მაქვს და იმედია, რომ ყველაფერი ისე გამომივა, როგორც ვგეგმავ. პირველ რიგში, ჩვენი საქმის გაფართოება მინდა.

– სოფელში ეს საქმე როგორ წამოიწყეთ?

- ოჯახში ოთხი გოგონა ვიყავით. დედა მუსიკის მასწავლებელია, მამა მძღოლი იყო. სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა. ის ძალიან სტუმართმოყვარე იყო. არასდროს გვიჭირდა, მაგრამ სულ ვშრომობდით. ბავშვობიდან მივეჩვიეთ შრომას და ამის გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია ცხოვრება. ჩვენი სოფელი ძალიან გვიყვარს. სულ ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. ჯერ ბაბუას დანატოვარი წისქვილი აღვადგინეთ, შემდეგ გრანტი მივიღე და სტუმარმასპინძლობის საქმე წამოვიწყე. სხვის მოლოდინში არ ვართ, მუდმივად რაღაც საქმეს ვაკეთებთ, რაც გვახარებს და თან ჩვენი შემოსავლის წყაროა.

– ყველაფერთან ერთად, მსურველებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებაშიც ეხმარებით.

– მამა მძღოლი იყო, სულ რეისებში დავყვებოდი. ბიჭი არ ჰყავდა და მე ბიჭივით მზრდიდა. ნამდვილი მამას ბიჭი ვიყავი (იცინის). მანქანის მართვა თუ რემონტი – მისი დამსახურებით, ყველაფერში გარკვეული ვიყავი. ამიტომ მანქანის მიმართ მიდრეკილება სულ მქონდა. ჩემი შუათანა ბიჭი რომ სკოლაში შევიდა, ორი თვის ჩაბარებული მქონდა მართვის მოწმობის გამოცდა. როცა სკოლასთან სხვა მშობლებთან ერთად ბავშვებს ველოდებოდი, გოგოებს ვამეცადინებდი ხოლმე მართვის მოწმობის საგამოცდო საკითხებში. მეუბნებოდნენ, ძალიან კარგად ხსნიო და მართლაც, ოც დღეში ოთხმა გოგონამ ჩააბარა თეორიის გამოცდა მაქსიმალური ქულებით. ამის შემდეგ მოსწავლეები თვითონ მოდიოდნენ ჩემთან. საერთო ჯამში, ორასი მოსწავლე მყავდა. ამ საქმეს დღემდე ვაგრძელებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი