შოუბიზნესი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშალი ცოლთან და სად ეკრძალებოდა მას გვერდზე გახედვა

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 15.09

ნუგზარ კვაშალი
დაკოპირებულია

21 წლის ასაკში დაქორწინდა და მას შემდეგ, მთელი 49 წელია, საყვარელ ქალთან ერთადაა. ამბობს, რომ ჭაღარები და ნაოჭები მის სიყვარულზე გავლენას ვერ მოახდენს და კიდევ დიდხანს უნდა მეუღლესთან ერთად ბედნიერად იცხოვროს.

ნუგზარ კვაშალი: სიყვარული გრძნობა კი არა, ავადმყოფობაა. როცა გრძნობ, რომ შეყვარებული ხარ, ხვდები, რომ ავად ხარ. მეორე მხარეზეა დამოკიდებული, დაგტოვებს ავადმყოფობაში თუ გამოგათრევს. თუ დაგტოვა, ქე დადიან უსიყვარულო ავადმყოფები, რა არის მათ მეტი, მაგრამ თუ მეორე მხარემ გადაგარჩინა, უფრო სწორად, ერთმანეთი გადაარჩინეთ, კი გექნება ბედნიერი ოჯახი – სიყვარულით სავსე, შვილებითა და შვილიშვილებით.

– პირველად როდის დაავადდით?

– სკოლაში, როცა თვითონაც ვერ ხვდები, რა მოგეწონა გოგოში – პიონერის ყელსახვევი, სახე, თვალი თუ ცხვირი. რაღაც მოგეწონა და ცდილობ, იყოჩაღო. რატომღაც ყველას ერთი გოგო უყვარს ხოლმე და მიდის ჩხუბი. სხვა გოგონებმა რა დააშავეს? მახსოვს, ძალიან კარგი გოგო იყო და ბეჭედიც კი ვაჩუქე. მაშინაც მესმოდა, რომ ტრადიციულად, ეს დანიშვნას ნიშნავდა და ერთ წელიწადში ცოლად უნდა გამოეყოლებინათ.

– ესე იგი, იმასაც უყვარდით.

– გოგოს პოზიცია ხომ იცით, სულ უნდა, გაწვალოს და გაგაბრაზოს. თუმცა, ზოგი გოგო ისე გეტყვის, თავი დამანებეო, დაანებებ. ზოგ ბიჭს უყვარს გაღვივება იმის, რასაც ჯერ კიდევ სიყვარული არც ჰქვია. დღეს მას თავისი ოჯახი აქვს, მე – ჩემი. ჩემს ახალგაზრდობაში არასწორი ტრადიციები იყო, მაინცდამაინც ახალგაზრდობაში, თითქმის ბავშვობაში უნდა მოგეყვანა ცოლი. იქიდან ნახევარი ინარჩუნებდა ოჯახს, ნახევარი იშლებოდა. მეც მაგ ამბავში მოვყევი. ჩემს ოჯახში ტრადიციულად, ოცი წელი იყო სხვაობა მშობლებსა და შვილებს შორის. მე დავარღვიე ეს ტრადიცია და 21 წლის დავქორწინდი. 49 წელი ხდება, რაც ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული მყავს. თუმცა, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთთან ბოლომდე კიდევ ვერ ვართ გახსნილები.

– 49-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ?

– რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ მე ნახევარი ცხოვრება გასტროლებზე გავატარე. ხან ექვსი, ხან სამი და ხან ორი თვით მივდიოდი. ეს განშორებები რომ გადავაბა, ალბათ 15 წელი არ მყავდა ცოლი ნანახი. განშორებების დროს მეტი გრძნობებია, მონატრება – ეს ხომ სიყვარულის კომპონენტია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ დროში სრულად გავიხსენით ერთმანეთთან. შვილები და შვილიშვილები გვყავს, ამდენი წელი უსიყვარულოდ ყოფნა სისულელე იქნებოდა. როგორ არ მიყვარს, რომ არა ის, მე არ ვიქნებოდი, მაგრამ ალბათ, მას უფრო მაგრად ვუყვარვარ, ვიდრე მე – ის.

– მეუღლე არ განიცდიდა სულ რომ წასული იყავით?

– როცა მეუღლეს მოსწონს შენი პროფესია, აღარ განიცდის. სიმღერამაც ითამაშა როლი იმაში, რომ ჩიქოვანის ქალი ცოლად გამომყვა. მაღალი რანგის გვარია, მაგრამ მეც „ვიჩალიჩე“ და ამოვქექე დოკუმენტები – სატახტო აზნაური ვყოფილვარ, ეგრე კი არ არის. ვშაყირობდი, ჩვენ სატახტო კი არა, საკუშეტკო აზნაურები ვართ-მეთქი. მას ვუყვარდი, როგორც პიროვნება და როგორც მომღერალი, რომელიც ყოველთვის მას უმღეროდა. პირიქით, ამაყობდა, რომ გასტროლებზე დავდიოდი და თქვენ წარმოიდგინეთ, კოლუმბიაშიც კი მირეკავდა. 15 პოლკოვნიკი და 27 გენერალი უსმენდა ჩვენს საუბარს. ისე ნელა მოდიოდა ხმა, ისე გაწელილად მელაპარაკებოდა, დავეჭვდი – რა იყო, აღარ გიყვარვარ-მეთქი?! თურმე, იმასაც ასე ესმოდა, მერე წერილებში გავშიფრეთ ყველაფერი. წერილებს ვუგზავნიდი ყველა ქუჩიდან, ყველა სასტუმროდან, ყველა ქალაქიდან და ქვეყნიდან. ექვსი თვის განმავლობაში სამასი წერილი გამოვუგზავნე. ეჭვი დიდი ავადმყოფობა და უბედურებაა. თუ გგონია, როცა შენ გასტროლზე წახვალ, ცოლი იმაიმუნებს, მაშინ სულ არ უნდა წახვიდე ან ცოლს დაანებო თავი. მე რომ ვიყავი რუსეთში ან სხვაგან, იქ გოგოების მეტი რა იყო. თავს გვეხვეოდნენ „ივერიელებს“. ცოლი უცებ ჩამოვიდოდა და თავზე დამადგებოდა. შეიძლება, ვიღაც უკვე გაცნობილი გყავს და დანიშნული გაქვს პაემანი. ამ დროს ჩამოვიდა მეუღლე და რა უნდა ქნა?! ხომ არ დაუწყებ, ჩემო საყვარელო მეუღლევ, მე შენს გარდა არავის შევხედავო? ექვსი თვე რომ ხარ კაცი წასული და ცოლი გკითხავს, ქალებში დადიხარო? შენ კი უპასუხებ, არა, რას ამბობო – ეს ყველაზე დებილური ტყუილი იქნება. ქალი თვითონაც არ დაგისვამს ამ კითხვას. ყოველ შემთხვევაში ჩემი მეუღლე არასდროს მეკითხებოდა, ქალებში იყავიო?

– მაგრამ მოულოდნელად თუ ჩამოდიოდა თქვენთან, უხერხული სიტუაცია არ გექმნებოდათ?

– ერთხელ ძალიან უხერხული მდგომარეობა შემექმნა. მოსკოვში ჩვეულებრივი კაცური მომენტი მქონდა, ჩამომადგა, მაგრამ გადავრჩი. ზოგჯერ ისე ხდება, მართალს ეუბნები ადამიანს და ტყუილი ჰგონია, ტყუილს ეუბნები და ის სიმართლედ ეჩვენება. მოსკოვში ვარ, სიგარა მაქვს პირში, „ბასეინში“ ვწევარ, გარშემო ქალები არიან, კარგი სიტუაციაა. მირეკავს ჩემი ცოლი და ტირის, არც შუქი გვაქვს, არც გაზი, არც წყალი და არაფერიო. მე კიდევ ახლა „ბასეინში“ ვწევარ სიგარით და გარშემო ორი-სამი გადასარევი ქალი მყავს-მეთქი და მეუბნება, იცი შენ ვინ მოატყუეო?! უნდა დაიმსახურო, რომ შენმა ცოლმა ყველაფერი არ დაიჯეროს. დაიჯეროს რა, სასმელი და საჭმელივით ეს მოთხოვნილებაც უნდა დაიკმაყოფილო და ამის გამო ჩვენს ანსამბლში არასდროს ყოფილა პრობლემა. „ივერიაში“ ყველას პირველი და უკანასკნელი ცოლი ჰყავს. ჩვენთან სიყვარულის დიდი ზეიმი იყო – მეგობრების, ოჯახის, შვილებისა და ცოლების დიდი სიყვარული გვქონდა.

– თანამედროვე გოგონები სხვანაირები არიან, აღარ ითმენენ ასეთ რამეებს.

– ახლოსაც კი არ არის მაშინდელი სიყვარული ახლანდელთან, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს მოგვყავდა ცოლები, მერე როგორ გაბედავდა ადამიანი გვერდზე გახედვას. გასტროლებს არ ვგულისხმობ, ეს არ ითვლება, მაგრამ ქალაქში, რომელშიც ცხოვრობდი, სხვა ადამიანთან გავლა სირცხვილი იყო, ეს მარტო მეუღლის კი არა, სიყვარულის ღალატია. ახლანდელ ოჯახებს მაშინდელს როგორ შევადარებ. ახლა ჰყავთ მეოთხე ქმარი, მესამე ცოლი, იქ ორი ბავშვი, აქ – ორი, რომელი უყვართ, აღარ იციან. რამე რომ უთხრა, გეტყვიან, აღარ მიყვარს ის, ახლა ეს შემიყვარდაო. ეს არის ყველაზე დიდი საცოდაობა, ჩვენთან ოჯახის ინსტიტუტი ქრება, ის, რითაც ვიყავით ქართველები მაგრები და მთელ მსოფლიოში ვამაყობდით. როგორ შეიძლება, დღეს ოჯახზე ვისაუბრო, როცა ერთსქესიანთა ქორწინებებზეა უკვე საუბარი. მსოფლიო აირია და მწყინს, რომ საქართველოც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის, რომ კაცს კაცი უყვარს და ქალს – ქალი, იყო და ყოველთვის იქნება, მე ახლობლებიც მყავს ასეთი, მაგრამ მათ არ მოუნდომებიათ რუსთაველის პროსპექტზე გამოსვლა და კივილ-წივილით ყველაფრის გამოაშკარავება. ჩემს დროს ამათზე მეტი იყვნენ, ისიც სიყვარულია, ზოგ ჩემს მეგობარს ორი-სამი მეუღლე ჰყავს, ვიღაცას შეიძლება, მთელი მსოფლიოს ქალები უყვარს და თუ მოასწრებს, ხუთას ცოლს მოიყვანს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ ეს მათი ცხოვრებაა და მათთანვე უნდა დარჩეს. მე ვერ მოვერიე ხუთასს და აგერ 49 წელია, ერთი ქალი მყავს და ღმერთმა დიდხანს გვამყოფოს ერთად და ბედნიერად!

– თქვენი სიყვარული როგორ გაჩნდა?

– სხვათა შორის, ჩხუბებიც იყო. მისი მშობლები არ გიჟდებოდნენ ჩემზე, ვიღაც მუსიკოსი, რომელიც გიტარაზეც უკრავს, თან ბარაბანშიკია, რად უნდოდათ. მაშინ იწყებოდა ჩვენი კარიერა. მე გაცნობისთანავე მომეწონა ჩემი მომავალი მეუღლე. მერე ჩემს კონცერტზე მოვიდა და ვუმღერე „თინა, აი ლავ იუ“ – გაგიჟდა, ისე მოეწონა, მგონი, მაგ სიმღერით შემიყვარა. მერე ბიჭებმა ჩქარა, ჩქარაო, უკვე ყველა დაქორწინებული იყო, მიხვდნენ, რომ მეც ძალიან ვიყავი შეყვარებული და ჩვენც დავქორწინდით. ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყოველთვის ისეთი იქნება, როგორიც მაშინ. მის დაბერებულ კანს და გაჭაღარავებულ თმას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. თუ ადამიანი გიყვარს, ვერც ნაოჭს ხედავ და ვერც ჭაღარას. ჩემი გულისთვის არავის უჩხუბია, მაგრამ ჩემი მეუღლის უბანში იყვნენ ბიჭები, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ, როცა მე გამოვჩნდი. ვამაყობ, ძალიან ლამაზი გოგო იყო, ბევრს უყვარდა, მაგრამ მე გავიმარჯვე. მერე რომ წავიკინკლავებდით ხოლმე, ნეტა იმას გავყოლოდიო, წამომაძახებდა და უკვე გვიანია-მეთქი, ვპასუხობდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...