რატომ უქმნიდა ვერონიკა ბურჭულაძეს ვიზუალი გარკვეულ ბარიერებს და როგორ შეძლო მან გურიის პატარა სოფლიდან დუბაის მოდის სამყაროში თავის დამკვიდრება
ავტორი: ანკა რობაქიძე 20:00 23.09

ქართველი გოგონა ვერონიკა ბურჭულაძე დუბაის ყველაზე მასშტაბური fashion industry-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომითა და დიდი ნებისყოფით უკვე ბევრის მიღწევა შეძლო და სურს, მაგალითი იყოს სხვებისთვის. ვერონიკა ბურჭულაძე დუბაიდან გვესაუბრა...
– ვერონიკა, სად დაიბადეთ და აღიზარდეთ, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, გარემოზე, ბავშვობის მისწრაფებებზე.
– დავიბადე და აღვიზარდე ჩოხატაურის რაიონში, სოფელ სამებაში. მყავს სამი დედმამიშვილი, დღეს სხვადასხვა სფეროში ვართ და ყველა – წარმატებული. ჩემი და საუკეთესო პედაგოგი გახლავთ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ძმა წარმატებული მორაგბეა, რომელმაც არაერთხელ ასახელა საქართველო. ის, ასევე, რეაბილიტოლოგია. ჩემი უფროსი ძმა მაიორია, სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურში გახლავთ... რაც შეეხება ჩემი ბავშვობის მისწრაფებებს, ძალიან ზოგადია: ადამიანს განვითარების გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა ასაკში განსხვავებული მისწრაფებები აქვს. ჩემი მთავარი მიზანი კი სულ იყო – რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის გამორჩეული ვყოფილიყავი. თუ ამას მისწრაფება შეიძლება, ეწოდოს, ის ოცნება მქონდა, რაშიც დღეს უკვე ვარ. ეს მხოლოდ სამოდელო მიმართულებას არ ეხება და თუ რას ვგულისხმობ, გზადაგზა გიამბობთ...
– როგორ გახსენდებათ სკოლაში სწავლის პერიოდი?
– სკოლაში სწავლის პერიოდში ძალიან ბევრი დაბრკოლება, ამასთან, წარმატებები იყო... როგორც მოგახსენეთ, სოფელში ვიზრდებოდი, სადაც მხოლოდ ცხრაკლასიანი სკოლა გვქონდა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სხვა, თორმეტკლასიან სკოლაში გადავედი, რომელიც ძალიან შორს იყო, დაახლოებით, ხუთ კილომეტრში. დილით საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივყვებოდი, მაგრამ სკოლის შემდეგ სახლში დაბრუნება ფეხით მიწევდა. გზაში სულ ვფიქრობდი, თუ არ დავნებდები, ეს ყველაფერი გამზრდის, განმავითარებს, იმ წერტილამდე მივალ, სადაც უდიდეს ბედნიერებას ვიგრძნობ-მეთქი... ისე მოხდა, რომ, სანამ თორმეტ კლასს დავასრულებდი, უკვე მესამე სკოლაში გადავედი – ჩოხატაურში. ეს სკოლა დღემდე გამორჩეულად ითვლება ჩოხატაურის რაიონში, რომელიც უკვე რვა კილომეტრით იყო დაშორებული ჩემი სახლიდან. დილით საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივყვებოდი, მაგრამ სკოლის შემდეგ ნაწილი გზის გამოვლა ტრანსპორტით, ნაწილის კი, 5-6 კილომეტრის, ისევ ფეხით მიწევდა. ერთგან ადგილი მქონდა ამორჩეული, სადაც ვისვენებდი და საკუთარ თავს ვამხნევებდი, ვერონიკა, შენ ყველაფერს შეძლებ-მეთქი.
– წარმატებები როგორ მოვიდა?
– პირველი სამსახური სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებული სფეროს აღმოჩენა მოხდა, ეს გახლავთ ლოჯისტიკური კომპანია – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო გადაზიდვები, ტრანსპორტირება. რუსთავის ერთ-ერთი წარმატებული, ლოჯისტიკური კომპანიის გაყიდვების მენეჯერი გახლდით. როდესაც ამ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ისე იყო, როგორც ბავშვი იწყებს სკოლაში წერა-კითხვიდან სწავლას... კომპანიაში თავდაპირველად ყველაფერს წესის მიხედვით ვაკეთებდი – კომპანიებთან დაკავშირება, შეთავაზება და ასე შემდეგ. თუმცა, მისვლისთანავე მქონდა განცდა, რომ რაღაც განსხვავებული უნდა მემოქმედა. ერთ დღესაც კომპანიის მთავარ წარმომადგენელს ვთხოვე, რაღაცები შეგვეცვალა. ეს იყო კომპანიის პოპულარიზაცია, რებრედინგი, კომპანიის ლოგოს შეცვლა, კომპანიის მთავარი პროდუქტების სარეკლამო ბროშურებზე განსხვავებული მეთოდოლოგიით მიწოდება, პრეზენტაცია, კომპანიებთან ადგილზე შეხვედრები და ასე შემდეგ... ძალიან დიდ კომპანიებთან, მწარმოებლებთან უნდა გვქონოდა კავშირები. კომპანიას ვთხოვე, რომ ადგილზე შევხვდებოდი კომპანიის წარმომადგენლებს და გადაადგილებაც ჩვენ უზრუნველგვეყო. სოციალური მენეჯერის როლიც შევითავსე და დავიწყე კომპანიის რებრედინგი, პრეზენტაციის ადგილზე წარდგენა მწარმოებლებთან. თუ რამეზე უარს ვიღებდი, მიზანს არ ვცვლიდი, მხოლოდ მიზნის მიღწევის გზებს, ძალიან ბევრი ტენდერებიც მოვიგე... ამ კომპანიაში მუშაობა თითქმის წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. ვინაიდან, შესაძლებლობებთან ერთად, მოთხოვნილებაც იზრდება, მივხვდი, რომ რაღაც ახალი მსურდა. ამიტომაც, უძრავი ქონება, დეველოპმენტი ავირჩიე. რა თქმა უნდა, აქაც გაყიდვების მენეჯერის პოზიცია. დავიწყე ტრენინგები, რომელიც ინფორმაციულად ძალიან დატვირთული იყო და ჩემთვის სრულიად ახალი სფერო. ნახაზები, დაგეგმარება, პროექტები, მახასიათებლები, კვლევითი მონაცემები, კონკურენციის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ასე შემდეგ. გაყიდვების მენეჯერისთვის ყველაფერთან ერთად აუცილებელია ინდივიდუალიზმი, რაც ხასიათს გულისხმობს. აქაც ვფიქრობდი, როგორ უნდა ვყოფილიყავი განსხავებული, როდესაც ტრენინგი წარმატებით გავიარე, კომპანიამ შესაძლებლობა მომცა, ერთ-ერთ პროექტში ჩავრთულიყავი. ძალიან დიდი, რთული პროექტი იყო, ნდობის მოპოვება – კიდევ უფრო რთული. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესი კი მოგეხსენებათ ყოველთვის ნდობაზეა დამყარებული. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემი ვიზუალი როგორც ხელს მიწყობდა, ასევე, გარკვეული სახის ბარიერებსაც მიქმნიდა. საქართველოში სტერეოტიპად აღიქმება, რომ გარკვეული ვიზუალის მქონე გოგონას არ აქვს ცოდნა, ნიჭი და ასე შემდეგ. წარმატებულ ქალბატონებს ამ სტერეოტიპთან ბრძოლა მუდმივად გვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბექგრაუნდი მქონდა, კომპანიაში თავიდან არავის ჰქონდა მოლოდინი, თუ რამეს შევძლებდი. ისინი გაეცნენ, რომ მე უკვე მქონდა გამოცდილება ლოჯისტიკურ კომპანიაში და ამიტომაც მიმიღეს. ტრენინგი წარმატებით დავასრულე და ყველაზე გამორჩეული პრეზენტაცია წარვადგინე. ამის შემდეგ ჩავები პროექტში, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. ძალიან დიდი გზა გავიარე, რასაკვირველია, მქონდა განცდები, რომ თითქოს აღარაფერი გამომდიოდა. თავიდან ისეთ კლიენტებთან მიწევდა კომუნიკაცია, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო უკვე უარი თქვეს ქონების შეძენაზე, ანუ ყველაზე რთული გზით დავიწყე და ყოველი კლიენტის შემობრუნება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან დიდი მიღწევა იყო. რასაკვირველია, სულ მდევდა განცდა, რომ საკუთარი თავის განვითარებაზეც უნდა მეზრუნა. ერთი პროექტი დიდი წარმატებით დავხურე, გაყიდვებით ბევრი ადამიანი გავაბედნიერე, დღესაც კი ვიღებ მადლიერების მესიჯებს, რაც ძალიან მახარებს. ამ პროექტის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, ძალები უფრო დიდ პროექტში მეცადა. აქედან დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი...
– სამოდელო სფერო?
– გარკვეულწილად. შეხედრებზე მუდამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავდიოდი. არ მქონდა იმის დრო, რომ სამოდელო სააგენტოებში მევლო, დეფილე მესწავლა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული მიყურებდნენ, ძალიან ბევრი სახის სტერეოტიპის გადალახვა მომიხდა. დაცინვაც კი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მაძლიერებდა. სამსახურში ყველა საქმეს ზედმიწევნით ვასრულებდი, განვითარებაზე ვზრუნავდი. ჩემი თავი, როგორც საკუთარი პროექტი, ისე მიმაჩნდა. კომუნიკაციებში, გაყიდვებში ნომერ პირველი ვიყავი, რასაც ძალიან თამამად ვამბობ. თუ 100 პროცენტი იყო ნორმა, მე 188 პროცენტით ვასრულებდი, რაც თითქმის წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, უდიდესი შრომის, ცოდნის საფუძველზე და სურვილით, რომ ყველაზე მეტად გამორჩეული ვყოფილიყავი. დღესაც ძალიან მიყვარს უძრავი ქონების სფერო. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც დღესაც პოზიტიურად მახსენდება. ისე აღმოჩნდა, რომ დღესაც მექნება ამ სფეროსთან შეხება. დუბაიში ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. შედგა პირველი წარმატებული მოლაპარაკება – მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა და ცნობილ დიზაინერთან ერთად მე დავხურე ყველაზე გრანდიოზული ჩვენება.
– რა დაბრკოლებები შეგხვდათ სხვადასხვა სფეროში, პირად ცხოვრებაში?
– დაბრკოლებებზე უკვე ნაწილობრივ გიამბეთ, რაც ჩვენი საზოგადოების სტერეოტიპებიდან გამომდინარე იყო. როდესაც, ჩემს სფეროში მუშაობის პარალელურად, დიზაინერებთან შეხვედრებს ვცდილობდი, იქ მქონდა დაბრკოლება. ერთ-ერთი დიზაინერს რომ შევხვდი, ჩვენებაზე გამოსასვლელად მისი რამდენიმე ლუქი მოვირგე, მაგრამ შემიცვალეს. მათი შერჩეული სამოსი არანაირ ემოციას არ მიქმნიდა, არადა ჩემთვის მოდა ემოციებთან ასოცირდება. როდესაც სამოსს წარადგენ, ეს არ ნიშნავს, უსულო მანეკენს ჩააცვა და წარადგინო. სამოსიდან, უპირველესად, ემოცია უნდა მოდიოდეს. თუ სამოსი განწყობას არ ქმნის, ჩემთვის საინტერესო არ არის. დღეს მსურს იმ დიზაინერს მადლობა ვუთხრა, რადგან ის უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში არ იყო ის სტანდარტები, რა მოთხოვნებიც მე მქონდა და აუცილებლად სხვაგან უნდა მებრძოლა ჩემი მიზნებისთვის.
– გვიამბეთ თქვენი სამოდელო სფეროში გადასვლის შესახებ...
– რაც შეეხება სამოდელო სფეროში გადასვლას, კონკრეტულად ერთ ეტაპს არ გამოვყოფ. სკოლის, სტუდენტობის, სამსახურების პერიოდი – ეს ყველაფერი გარკვეული ეტაპის გავლასთან ასოცირდება. პარალელურ რეჟიმში, ეს მიზანი სულ თან დამდევდა. ეს იყო ჩემს შინაგან განწყობაში, ჩემს ფიქრებში, ემოციებში, რაც ჩემს ვიზუალზეც აისახებოდა. პირველი წარმატება დუბაიში იყო, ყველაზე გრანდიოზული მოდის ჩვენების დახურვა, ყველაზე გრანდიოზული ლუქით. მოგეხსენებათ მოდის სფეროში მკაცრი სტანდარტებია, დღეს დიზაინერი არავის ერგება, პირიქით დიზაინერს ერგება ყველა. დიზაინერთან მოლაპარაკება მქონდა, რომ მე ყველა სახის ლუქს არ წარვადგენდი. გარდა იმისა, რომ მე დავაკმაყოფილებდი გარკვეულ მოთხოვნებს, რაც დიზაინერს ჰქონდა, ასევე, მას უნდა გაეთვალისწინებინა ჩემი – ორმხრივი შეთანხმება ყოფილიყო. ასეც მოხდა წარმატებული მოლაპარაკების საფუძველზე, დიდი ძალისხმევის შედეგად. შევთანხმდით და ასე დაიწყო ჩემი კარიერა სამოდელო სფეროში, რაც წლების განმავლობაში ვითარდებოდა. თანდათან ვხვდებოდი, რომ ამ სფეროში აუცილებლად მეტი უნდა გამეკეთებინა.
– როგორ დააარსეთ Veronica’s secret kompania?
– ეს კომპანია ხუთი თვის წინ, დიდი ძალისხმევის შედეგად დავაარსე ჩემს ბიზნესპარტნიორთან ერთად. მე არ გახლავართ მხოლოდ ამ კომპანიის მფლობელი, ძირითადი დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელი ვარ... შევხვდი დუბაის World fashion week დამფუძნებელს, რომელიც ჩემი კომპანიის ოფიციალური ბიზნესპარტნიორი გახლავთ. ძალიან ბევრი ბრძოლის, დაბრკოლებების, არდანებების შედეგად მე უკვე დუბაის World fashion week -ის ოფიციალური წარმომადგენელი გავხდი. და არა მხოლოდ დუბაის, რადგან ჩემს ბიზნესპარტნიორს წარმომადგენლობა აქვს მონაკოში, პარიზში და სხვაგან. ამიტომაც ვერონიკას კომპანია დიდი შესაძლებლობების მქონე გახდა. ვინაიდან ჩემი კომპანია დუბაის World fashion week, დუბაის ყველაზე მასშტაბური Fashion industry-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ეს უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა წარმატებული ქართული ბრენდებისთვის და კომპანიებისთვის. ჩვენს კომპანიას არ აქვს მხოლოდ ერთი მიმართულება, ის ძალიან მრავალფეროვან მიმართულებას აერთიანებს. ეს ეხება მოდის სფეროს წარმომადგენლებს – დიზაინერებს, მოდელებს, ასე შემდეგ. ვისაც კი სურთ ფართო აუდიტორიას წარუდგინოს თავიანთი ბრენდები. Veronica’s secret kompania არის ქალბატონების მხარდამჭერი! მინდა, წარმატებულ ქართველ ქალბატონებს, ვისაც კი სურვილი ექნება, ასპარეზი მივცეთ. მხოლოდ წარმატებულ ქალბატონებს, რადგან ის სცენა ეკუთვნით სწორედ მათ, რომლებსაც ცხოვრებაში გარკვეული გზა აქვთ განვლილი, გარკვეული დაბრკოლებები – გადალახული. ეს არის გამორჩეული, ბიზნესვუმენი ქალბატონებისთვის, რომელთა ასაკს არ აქვს მნიშვნელობა და არც იმას, ვიზუალურად მოდის მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებენ თუ არა. მსურს, Veronica’s secret kompania-მ მათ ოცნებები აუხდინოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან