შოუბიზნესი

რატომ წამოვიდა თინათინ წულაძე სუხიშვილებიდან და რას ვერ იჯერებდა ის

№28

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 19.07, 2021 წელი

თინათინ წულაძე
დაკოპირებულია

თინათინ წულაძე ზაფხულის ბოლოს პირველ შვილს ელოდება. სიახლეა მის შემოქმედებით ცხოვრებაშიც. მოცეკვავის მრავალწლიან კარიერაზე უარი თქვა და როგორც ქორეოგრაფმა, თეატრში გადაინაცვლა.

თინათინ წულაძე: როცა გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, თავიდან დავიბენი, მერე გამიხარდა, მერე ყველანაირი ემოცია ერთად მქონდა. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გაჩნდება და ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებული შეგრძნებაა. აგვისტოს ბოლოს ველოდებით.

– რადგან დედისერთა ხარ, გინდა, ბევრი შვილი გყავდეს?

– ყოველთვის მინდოდა და ან ძმა მყოლოდა. რამდენი – არ ვიცი, მაგრამ ერთ შვილზე რომ არ გავჩერდები, ვიცი (იცინის). მთავარია, ახლა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ბავშვი ჯანმრთელი იყოს. მერე აუცილებლად ვიფიქრებ შემდეგზე.

– მეუღლესთან ურთიერთობაზე როგორ აისახა ეს სიახლე?

– ორივეს ძალიან გვინდოდა შვილი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ წყვილი ამ სიახლისთვის ფსიქოლოგიურად მზად იყოს და თანხმობა ჰქონდეთ. საკმაოდ რთული გასააზრებელი ამბავია. ჩვენ, ორივეს ძალიან გვინდოდა და ძალიან გაგვიხარდა, როცა ეს ამბავი გავიგეთ. ვგრძნობ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო უკეთესი ხდება.

– მშობლები როგორ ელოდებიან ერთადერთი შვილის შვილს?

– მათაც ძალიან გაუხარდათ. გიჟებივით ელოდებიან და ემზადებიან ბავშვის დაბადებისთვის (იცინის).

– რაც შეეხება ცეკვასა და სუხიშვილების ანსამბლს. რაღაცები შეიცვალა...

– კი, ერთი წელია, აღარ ვცეკვავ, ანსამბლიდან წამოვედი. თეატრში გადავინაცვლე, როგორც ქორეოგრაფმა. მინდა, ჩემი მომავალი თეატრს უკავშირდებოდეს. ახლა ვდგამ ნაბიჯებს ამ პროფესიაში. ამ მხრივ, ისედაც ახალი ეტაპი მქონდა და ახლა ხომ – საერთოდ (იცინის).

– არ გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება?

– არ მოვიტყუები, ძალიან რთული იყო. იმის გააზრება, რომ შეიძლება, სცენაზე აღარ დადგე, ურთულესია. ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის ეს იყო. უამრავი შრომის, ვარჯიშის, რეპეტიციების შემდეგ ჩვენი ჯილდო სცენაზე დგომა და მაყურებლის ემოციების მიღებაა – ამას არაფერი შეედრება. ამიტომ ძალიან გამიჭირდა. თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი. ანსამბლში საკმაოდ დიდი ხანი ვიცეკვე, კარგი გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რომ სიახლის დრო იყო. ახლა რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი, მერე გვიან იქნებოდა. თუმცა, ახლაც იმ დოზით ვარ ჩართული ანსამბლის ცხოვრებაში, როგორც წინათ ვიყავი. ყველაფერი მაინტერესებს, გოგოებს სულ ვეკითხები, რას შვრებიან, რა გეგმები აქვთ და მგონია, რომ ისევ იქ ვარ. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობდით. რამდენიმე თვით მივდიოდით გასტროლებზე და ოჯახის წევრებზე მეტ დროს ანსამბლთან ერთად ვატარებდი.

რაღაც ასაკში უკვე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი თეატრის ქორეოგრაფია იქნებოდა. ამისთვის შესაბამის მომენტს ველოდი. ჯერ მინდოდა, მე თვითონ ვყოფილიყავი მოცეკვავე და მერე გადამენაცვლებინა ამ საქმეში. რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ ერთმანეთისთვის შემეთავსებინა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. თუმცა იმდენ ხანს ვემზადებოდი, რომ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ცვლილება არ ყოფილა. ამაზე ილიკოსთან და ქალბატონ ნინოსთანაც ბევრჯერ მისაუბრია. ამიტომ, როცა წამოსვლის შესახებ ვუთხარი, არც გაჰკვირვებიათ.

პანდემიამ ყველაზე ცუდად იმოქმედა და მათ შორის, ჩემზეც. ზუსტად მაშინ დაიწყო, როცა მე ჩემს ახალ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. პირველად თეატრი ჩაკეტეს და დღემდე არ გაუხსნიათ. ამიტომ, ანსამბლიდან წამოსვლის შემდეგ, ერთი წელია, ფაქტობრივად, მეც ჩაკეტილი ვარ. მაინც ვმუშაობ, მაგრამ იმ რეჟიმის შემდეგ, როგორიც მანამდე მქონდა, ძალიან გამიჭირდა. ცეკვის გარეშე ხომ მიჭირდა და ყურადღების გადასატანიც რომ არაფერი მქონდა, ეს უფრო ართულებდა მდგომარეობას. ახლა ნელ-ნელა რეპეტიციებსაც ვიწყებთ, იმედია, მალე გავიხსენეთ და თავიდან ბოლომდე საქმეში გადავეშვები.

– მარჯანიშვილის თეატრზე გვაქვს საუბარი?

– კონკრეტულად რომელიმე თეატრში არ ვარ. უფრო ხშირად მარჯანიშვილში, თუმცა, ნებისმიერ თეატრში წავალ, სადაც დამიძახებენ.

– ალბათ, დედას, ქალბატონ მანანა კოზაკოვას, ყოველთვის ჰგავდი, მაგრამ ამ ბოლო დროს, ეს მსგავსება უფრო თვალშისაცემი გახდა. ბევრი ვეღარ გარჩევთ ერთმანეთისგან.

– მეც მიფიქრია ზოგიერთ ფოტოზე, მე ვარ თუ დედა-მეთქი? ძალიან დავემსგავსე, განსაკუთრებით ბოლო დროს. სხვა მხრივაც ვგავართ ერთმანეთს. ორივე ძალიან ემოციურები ვართ. თუმცა, იმავდროულად ბევრი რამით ძალიან განვსხვავდებით. ოჯახში სამივე ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ხასიათით, მაგრამ ჩვენ შორის საერთო თვისებებსაც იპოვით.

– ცოტა ხნის წინ, დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ეს პერიოდი როგორ გამოიარეთ?

– სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიჯერებდი ამ ამბავს. დედა ძალიან ძლიერი ადამიანია. ყველანაირ ტკივილსა და ცუდად ყოფნას კარგად ნიღბავს. ზუსტად რომ ვიცი, სტკივა, მაშინაც კი უარყოფს. დედაჩემის სიძლიერეს შეჩვეულმა, ვერ დავიჯერე, რომ შეიძლებოდა, მას რამე დამართოდა, ცუდად ყოფილიყო. უკურეაქცია მქონდა – ვამბობდი, ნუ ამბობთ, რომ ცუდადაა, ასე არ არის-მეთქი. გულწრფელად ვამბობ, ტვინამდე მართლა არ ვუშვებდი ამ ინფორმაციას. ამიტომ, დიდად მისი გვერდში დგომა არ გამომივიდა. ვერ გავიაზრე, რომ სუსტად იყო. არ ვამაყობ ჩემი რეაქციით, მაგრამ ასე იყო. არ მინდოდა წინასწარ ტრაგედიის შექმნა. მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ასეც მოხდა. საბედნიეროდ, ამ ცუდმა ძალიან მალე გაიარა. მადლობა ღმერთს, დღეს ყველაფერი კარგად არის.

– ბევრმა იცის, რომ დაქორწინების შემდეგ, მშობლებს ძალიან გაუჭირდათ ერთადერთ შვილთან განშორება. გადალახეთ ეს ეტაპი?

– ყველასთვის რთულია მშობლებთან განშორება. მით უმეტეს, როცა დედისერთა ხარ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მშობლებს მარტო ტოვებ. ძალიან უსიამოვნო პროცესია, მაგრამ დაქორწინების შემდეგ აბსოლუტურად ყოველდღე მივდიოდი მათთან. განსაკუთრებით პირველი პერიოდი. მივდიოდი და საღამომდე ვიჯექი, მერე სახლში ავდიოდი. გარდა ამისა, თეატრშიც ვხვდებით ერთმანეთს და ერთად დიდ დროს ვატარებთ. ამიტომ ჩვენთვის უფრო მარტივია. თვეში ერთხელ რომ ვხვდებოდეთ, უფრო გაგვიჭირდებოდა. გარდა ამისა, ჩემს მშობლებს ჰყავთ ჩემი ჩამანაცვლებელი სამი ძაღლი, რომლებიც მგონი, ჩემზე ძალიან უყვართ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი