რატომ ტიროდა ანა გზირიშვილი ხელის თხოვნისა და ჯვრისწერის დროს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 06.10, 2021 წელი

„იმედის“ ჟურნალისტი ანა გზირიშვილი ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მან ჯვარი პირდაპირ ეთერში, ფაქტობრივად, მუშაობის პროცესში დაიწერა, თუმცა ვისაც მისი ხელის თხოვნის კადრები აქვს ნანახი, ეს ქორწილი აღარ გააკვირვებდა.
ანა გზირიშვილი: დილის შოუში ყოველთვის გამორჩეული და მხიარული ჩართვები მაქვს ხოლმე და გადავწყვიტე, საკუთარი ქორწილიდანაც გამეკეთებინა პირდაპირი ჩართვა. თან, ცოტა ხნით ადრე, პანდემიის გამო დაკეტილი ქორწინების სახლი რომ გაიხსნა, იქიდან მქონდა ჩართვა და კახა კინწურაშვილი მეხუმრებოდა, ბარემ, ვინმე ნახე და პირდაპირ ეთერში მოაწერე ხელიო. მაშინ დავპირდი, რომ როცა ქორწილი მექნებოდა, არავის გამოვაპარებდი და ეს დღეც დადგა (იცინის). ვიცი, ცოტა გიჟური იდეაა, მაგრამ მიყვარს ასეთი რამეები და დიდი სიამოვნებით გადავდგი ეს ნაბიჯი.
– როგორ დაითანხმე საქმრო, ახლა უკვე ქმარი?
– თავიდან რომ ვუთხარი, ცოტა ანერვიულდა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მიჩვეულია მსგავს მოულოდნელობებს. თან, თვითონ წლების განმავლობაში ცეკვავდა, უკრავდა ინსტრუმენტებზე და სცენის, მაყურებლის ყურადღების ცენტრში ყოფნის კომპლექსი არ აქვს. ისე კი, ძალიან ნერვიულობდა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო ეთერში, მაგრამ ერთი უარიც არ უთქვამს. თუმცა, მერე ჟურნალისტის ამპლუაც მშვენივრად შეითავსა (იცინის).
– ვისაც თქვენი ხელის თხოვნის სცენა აქვს ნანახი, პირდაპირ ეთერში ქორწილი აღარ გააკვირვებდა. მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს, როგორ გთხოვა ხელი?
– გოგოებს ხომ გვაქვს ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ხელის თხოვნა. ჰოდა, სულ მინდოდა, ეს ყველაფერი განსაკუთრებულად და გამორჩეულად მომხდარიყო. ამას ვერც წარმოვიდგენდი, მაგრამ თორნიკემ იცოდა, რომ ჩემთვის ხელი ისეთ გარემოში რომ ეთხოვა, სადაც მარტო მე და ის ვიქნებოდით, ნაკლებად მომეწონებოდა (იცინის). მაგრამ ამას თუ სუხიშვილების კონცერტზე გააკეთებდა, აზრადაც არ მომსვლია. მაყურებლებში ვისხედით და, როცა ადგა და წავიდა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ სცენაზე გამოსული რომ დავინახე, იმდენი ვიტირე, ვერ გადმოგცემთ. არასდროს მომწონდა, რომ გოგონები ხელის თხოვნის მომენტში სახეზე ხელს იფარებდნენ. ვაპროტესტებდი, მე ასე არ ვიზამ-მეთქი. მაგრამ მერე ვუყურე ჩემს ვიდეოს და სულ აფარებული მაქვს ხელები (იცინის). უცებ რომ დავინახე, რამდენი ადამიანი მიყურებდა, ძალიან შემრცხვა, მინდოდა, დავმალულიყავი და ხელები ინსტინქტურად ავიფარე, თითქოს ასე იქ აღარ ვიყავი (იცინის). თან მეტირებოდა და ამის დამალვასაც ვცდილობდი. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ, ჯვრისწერაზეც ძალიან ბევრი ვიტირე და ხელის თხოვნაზეც არ დამიკლია (იცინის).
– ეჭვი არ გაგიჩნდა, რომ ამას აპირებდა?
– თორნიკე ძალიან ბუნებრივად იქცეოდა და ამიტომ არ გამჩენია ეჭვი, მაგრამ იმდენი ჩემი მეგობარი აღმოჩნდა იმ კონცერტზე, რომ ცოტა გამიკვირდა. რაღაც მომენტში გავიფიქრე, ვაიმე, ხელი ხომ არ უნდა მთხოვოს-მეთქი, მაგრამ წამიერად, მერე კონცერტი დაიწყო და ჩემი ეჭვები სულ დამავიწყდა (იცინის).
– ვფიქრობ, თქვენი სიყვარულის ისტორია თავიდანვე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო...
– ჩემს მეგობარს და ახლა უკვე მეჯვარეს მიუძღვის დიდი წვლილი იმაში, რომ მე დღეს თორნიკესთან ერთად ვარ. ერთმანეთი ეკლესიაში გავიცანით, ერთი მამაო გვყავს, რომელმაც ახლა ჯვარი დაგვწერა. ნამდვილად ძალიან სახალისო ისტორია გვაქვს, მაგრამ ამის აფიშირება არ მინდა (იცინის).
– სიყვარული როდის გაჩნდა?
– ერთხელ მკითხეს, როგორ გადაწყვიტე, რომ ცოლად უნდა გაჰყოლოდიო და მაშინ დავფიქრდი ამაზე. ეს ერთ დღეს არ მომხდარა. სამი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. სამეგობრო წრეებით დავახლოვდით; ერთად ძალიან ბევრი ადგილი შემოვიარეთ, ერთმანეთი კარგად გავიცანით და თავისთავად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. ერთნაირი ტიპაჟები ვართ, მაგრამ თან ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. გვაერთიანებს ის, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს მხიარულება, მოგზაურობა, ცეკვა, სიმღერა, ხელოვნება. ორივე საოცრად ემოციურები ვართ. ხელის თხოვნის შემდეგ ისე ცუდად ვიყავი, იმდენი ემოცია დამიგროვდა, ისეთი შოკი მქონდა, რომ რამდენიმე დღე დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. იმდენად გამოფიტული ვიყავი, ვეღარც ვიცინოდი და ვეღარც ვლაპარაკობდი. ასე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. თორნიკე იცინოდა, დაგაგდეო. მართალიც იყო, არც კი ვჭამდი და ბოლოს, მოსალოცად რომ მირეკავდნენ, აღარ ვპასუხობდი, ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა (იცინის).
– თორნიკე უფრო ახლოს გავაცნოთ მკითხველს, რა პროფესიისაა და რა ინტერესები აქვს?
– თორნიკე ბავშვობიდან „სუხიშვილებში“ ცეკვავდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა, ანსამბლში აღარ გაუგრძელებია. ჯანდაცვის მენეჯმენტი შეისწავლა და ახლა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობს. ხელოვნების სიყვარული არსად წასულა, ცეკვაზე ხომ გიჟდება და მუსიკის გარეშე საერთოდ ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ვერც მას და ვერც მე. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ძალიან კარგად უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე, რაც დამოუკიდებლად შეისწავლა, საოცრად ნიჭიერია. ძალიან მინდა, ამ მიმართულებით უფრო აქტიური იყოს და ამისთვის ყველანაირად შევუწყობ ხელს.
– როგორ წარმოგიდგენია ოჯახური ცხოვრება?
– ყველაზე მეტად არ მიყვარს ჩვენთან გავრცელებული ფრაზა, რომელსაც გოგონებს გათხოვებამდე ეუბნებიან ხოლმე – „ახლა დატკბი ცხოვრებით, მერეც გეყოფა სახლში ჯდომა“. სახლში ჯდომას ნამდვილად არ ვაპირებ, მგონია, რომ გათხოვების შემდეგ უფრო ბედნიერი უნდა ვიყო, ვიდრე მანამდე. მეც და თორნიკესაც ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, მხიარულება და აქტიურობა. ასე რომ, ჩვენი ოჯახური ცხოვრებაც ამის შესაბამისი წარმოგვიდგენია.
– რაც შეეხება ჟურნალისტიკას – რატომ დაგარქვეს ბრიჯიტ ჯონსი?
– ამას ძალიან სასაცილო ისტორია აქვს. გუდაურში გამიშვეს ჩართვაზე. ეს ჩემი მეორე ჩართვა იყო დილის შოუში. სათხილამურო ტურნირი ტარდებოდა. ტურნირის ორგანიზატორს მოლი ერქვა, მაგრამ მას პირველად რომ ვესაუბრე, ხმაური იყო და მისი სახელი გავიგე, როგორც ლოლი. ჩართვა რომ დაიწყო, არც მე და არც ოპერატორმა არ ვიცოდით, რომ ეთერში ვიყავით, იმან ვერ გაიგო, რომ ურეკავდნენ, მე კი ამ დროს, ყურში მესმის ბახვას გამოცხადება და ვხვდები, რომ ეთერში შევდივარ. არადა, წარმოდგენა არ მაქვს სად არის ოპერატორი, ვხედავ, მიწაზე დევს. მერე ოპერატორი დავინახე, მაგრამ ამ სიჩქარეში ვერ მოვასწარი ორგანიზატორის გაფრთხილება, რომ გვერდით მყოლოდა. მოკლედ, ეთერში ვამბობ, ახლა ორგანიზატორი გაგვესაუბრება-მეთქი, ვტრიალდები გვერდით, მაგრამ სადაა ორგანიზატორი – არ ჩანს. ვიძახი: ლოლი, ლოლი! აქედან ბახვა მეძახის: მოლი, მოლი! მე მგონია, ბახვას ეშლება ორგანიზატორის სახელი და ამ დროს, თურმე, იცნობს ამ ადამიანს და მე მისწორებს მის სახელს, იმ იმედით, რომ გავითვალისწინებ. მაგრამ მე ხომ დარწმუნებული ვარ, რომ მას ლოლი ჰქვია და ვაგრძელებ მის ძებნას, თან ბახვასაც ვერ ვეუბნები, სახელი გეშლება-მეთქი. მერე ერთ-ერთ მონაწილეს მივადექი და იმას ვესაუბრე, მისგან სალომე კორკოტაშვილს მივაშურე. მას უნდა ემღერა და ვთხოვე, მიკროფონში გამოაცხადე, ლოლის დაუძახონ-მეთქი. აქედან ბახვა იმეორებს, მოლი, მოლიო, იქ სალომე ვერ იგებს, ვინ არის ლოლი და მერე უცებ, იძახის, მოლი, მოდიო. იმ მომენტში გავაცნობიერე, რაც მოხდა (იცინის). ამ ჩართვის შემდეგ ბახვამ დამარქვა ბრიჯიტ ჯონსი, რომელიც ერთ-ერთ სერიაში სულ გაუგებრობებში ეხვევა, როგორც ჟურნალისტი. მეორე ჩართვაზე კიდევ რაღაც მსგავსი შემემთხვა და ეს სახელი შემრჩა (იცინის).
– როგორ მოხვდა ქართველი ბრიჯიტ ჯონსი ჟურნალისტიკაში?
– ჩემი ძირითადი საქმიანობა ჟურნალისტიკა არ არის. არც პროფესიით ვარ ჟურნალისტი. ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული და მე და ჩემს მეგობარს გვაქვს კომპანია „ეიჩარ ჰაბი“. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ეიჩარ-მენეჯერების გაერთიანება. მათთვის ვგეგმავთ და ვატარებთ ღონისძიებებს. ასევე, დაკავებული ვართ დასაქმების ფესტივალებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებით. ჟურნალისტიკა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი. რამდენიმე წლის წინ „იმედის“ ჟურნალისტიკის სკოლაში“ გავიარე ექვსთვიანი კურსი, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მანამდე პიარშიც ვმუშაობდი და რესპონდენტის ამპლუაშიც ხშირად ვყოფილვარ ტელევიზიაში. პირველად ჟურნალისტის ამპლუა „ტვ პირველის“ „საქმიან დილაში“ მოვირგე. მერე მოვხვდი „იმედში“ და უკვე მეორე წელია, ,,დილის შოუს“ გუნდის ნაწილი ვარ და მთელი შემოქმედებით ჯგუფი ძალიან შემიყვარდა. ამ პროცესში აღმოვაჩინე, რომ პირდაპირი ეთერი და ჟურნალისტიკა ის საქმეა, რომელიც საოცარ ბედნიერებას მანიჭებს და დიდი სიხარულით ვითავსებ ამ პროფესიას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან