რატომ სიამოვნებს კახაბერ შარტავას საკუთარი თავისთვის დიდი ტვირთის აკიდება და რა არის მისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 13.05

რეჟისორი კახაბერ შარტავა იმ ადამიანების რიგს მიეკუთვნება, ვისთვისაც მთავარი საკუთარი არსის შეცნობის პროცესია. ამ გზაზე სირთულე ბევრია, თუმცა, ეს მისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც არ უშინდება.
კახაბერ შარტავა: თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჯანმრთელი ვარ და გარშემო ჩემი საყვარელი ადამიანებიც ჯანმრთელები არიან. მთავარია, ადამიანმა დააფასო ყოველი წუთი და წამი, განსაკუთრებით კი – ჯანმრთელობა. მოლლდინი იმისა, რომ ახლა იღბალი გაიელვებს და მე ვარსკვლავებს მოვწყვეტ, არ მაქვს. შესაბამისად, ძალიან ბევრს ვშრომობ. ხანდახან შეიძლება, ვიფიქრო: „დავიღალე“, „რამდენჯერ უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან? ხომ შეიძლება, რამე გამარტივდეს?!“ მაგრამ ამ ყველაფრის და კიდევ ბევრი რამის გადალახვის შემდეგ, აუცილებლად იღებ შედეგს. ძალიან ბევრი უნდა იშრომო სასურველი შედეგისთვის. ადამიანს, რომელსაც გაქვს სურვილი, რაღაცას მიაღწიო, უნდა გახსოვდეს, რომ ეს მარტივად არ ხდება. მით უმეტეს, როცა რაღაცები მემკვიდრეობით არ გეძლევა. როდესაც არ გყავს ადამიანი, ვინც დაგეხმარება და შენს სფეროში მარტო ხარ. მიუხედავად სირთულისა, უფრო გემრიელია ნაყოფი, რომელსაც ის ნერგი მოისხამს, შენ მიერ დათესილი თესლიდან რომ გაღვივდა და ამოვიდა. როცა იცი, რომ ამაში შენი ოფლია ჩაღვრილი, ბევრად უფრო გეგემრიელება და უფრთხილდები.
– თუმცა, ალბათ, არის პერიოდები, როცა რთულია საკუთარ თავს გზის გაგრძელებისკენ უბიძგო. ასეთ ჩავარდნებს როგორ უმკლავდებით?
– ადამიანი სულ სწორხაზოვანი არ ხარ. როდესაც ჩავარდნა მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, ეს ისევ და ისევ ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო, ანუ ვაქციო გამოცდილებად. ამის შემდეგ ახალი გამოცდილებითა და ხედვით ვიწყებ თავიდან. შედარებას გავაკეთებ, წარმოვიდგინოთ, თითქოს ოკეანეში იძირები, ჩადიხარ, ჩადიხარ და ფიქრობ, ეს ოდესღაც დამთავრდება. მერე, როცა ფსკერს შეეხები, ორმაგი ძალით ამოყვინთავ, რადგან უკვე ბევრი რამ იცი და გამოსცადე. ცხოვრებაც ასეთია. თუ ერთ ადგილას დაჯდები, ხელებს დაიკრეფ და წუწუნს დაიწყებ იმის გამო, რომ გარეთ წვიმს და ტალახია, არაფერი გამოვა. ხომ აჯობებს, ამინდის ადეკვატურად ჩაიცვა, ხელში ქოლგა დაიჭირო და კარგი განწყობით გახვიდე საქმის გასაკეთებლად. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ რამე მოხდა, უნდა მივიღოთ. მომხდარს ვეღარაფერი შეცვლის, მხოლოდ ჩვენს მიდგომას თუ შევცვლით მის მიმართ. სამყარო სრულყოფილია და შენზეა დამოკიდებული, როგორ დაინახავ მას, როგორად აქცევ მას შენთვის. კი, შრომაც რთულია და ყველაფრის თავიდან დაწყებაც, მაგრამ თუ ამას გამოცდილებად მიიღებ, ბევრად უფრო გაგიმარტივდება და გაგილამაზდება პროცესი. სხვა სიღრმეებს დაინახავ.
– არ გქონიათ იმდენად რთული მომენტი, როცა მცდელობებიც აღარ გინდათ?
– იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ შემოვაბრუნო – არა. სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან სამყარო არის ისეთი, როგორიც არის და მორჩა. მივსულვარ იმ მდგომარეობამდე, რომ მითქვამს, „მეტი რაღა უნდა გავაკეთო-მეთქი“, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ზუსტად ეს არის საინტერესო. ხანდახან მგონია, რომ ნამცეცი ვარ და უზარმაზარი ტალღის ქვეშ ვდგავარ, მოდი, აბა, და თუ მაგარი ხარ, ამ ტალღის ზემოდან მოექცი, დამისახავს ასეთი მიზნები და ასეთი ბრძოლაა ყველაზე სასიამოვნო. თუ დამარცხდი ამის აღიარებაც მაგარია. სხვას არ უნდა დააბრალო, შენს თავში უნდა იპოვო მიზეზი და შემდეგ ტალღას დაელოდო. ეს არის ცხოვრება, ასეთი ალგორითმია.
– ეს დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ თუ ყოფილა ისეთი მომენტიც, როცა რაღაც დიდი დაგიკარგავთ სიზარმაცის ან არასაკმარისი მონდომების გამო?
– ყველაზე დიდი, რაც დამიკარგავს, ეს დროა. ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც ადამიანებს გვაქვს, ეს დროა. დაბადებიდან მივდივართ მარადიული სიჩუმისაკენ, დასასრულისკენ, ამიტომ სულ მენანება დრო, რომელიც კარგად ვერ გამოვიყენე. ამაზე დიდს ვერაფერს დავკარგავდი.
– ცხოვრებისეული სირთულეები რამდენად მოქმედებს პროფესიაზე?
– თითქოს, მე და ჩემი პროფესია ერთად დავიბადეთ. ხელოვნების სკოლა, თეატრალური სტუდია, უნივერსიტეტი – ეს ჩემი სამყაროა. როდესაც პროფესიას ეხება საქმე, თითქოს ყველა სირთულე მავიწყდება. გამიჯვნა თავისთავად ხდება, ყველაფერი უკან რჩება და იქმნება ზღაპრული სამყარო, რომელშიც ვტრიალებ. თუ მეორე დღესაც რეპეტიცია მაქვს, იმდენად ვარ ამით მოცული, თითქოს ცხოვრებისეული პრობლემები გვერდზე რჩება, ყურადღებას ვერ ვაქცევ. ზოგჯერ არის პრობლემები, რომლებსაც პირისპირ არ ვეჯახები და მირჩევნია, ცოტა ხნით გადავდო, რადგან მზად არ ვარ ბრძოლისთვის. გაქცევით ვერსად გაექცევი, მაგრამ საჭირო ძალას მოვიკრებ და დავუპირისპირდები. ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება.
– კარიერისტი ხართ?
– მე რომ კარიერისტი ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ახლა ბევრად მაღალ საფეხურზე ვიქნებოდი. ჩემი ცხოვრება იმის შესწავლას მოვანდომე, თუ საერთოდ რა არის ცხოვრება, რა მინდა, რა მომწონს და რა – არა, რა არის ჩემი მისია. ერთს მივაგენი – ტკბობა ყოველი წუთით და წამით. კარიერა კიდევ უფრო სხვა რამეს მოითხოვს, რაც მე ვერ შევძელი.
ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ჩემს თავთან ერთად კომფორტულად ვარ. არ მეშინია მარტო დარჩენის. შემიძლია, ჩავრთო ათასჯერ ნანახი ფილმი და ახალი სიყვარულითა და შემეცნებით ვუყურო. კარიერას რაც შეეხება, სპექტაკლს იშვიათად ვდგამ. შარშანწინ დავდგი „ყოფილების სარეცელი“ და მასში ჩადებული შრომა ძალიან დიდ ჯილდოდ დამიბრუნდა. თუნდაც ის, რომ ქალბატონმა ნინო ბურდულმა, რომელიც ჩემს სპექტაკლში მთავარ როლს თამაშობს, აიღო ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო სწორედ ამ სპექტაკლით და ეს იყო მისი პირველი ჯილდო. მადლობა სამყაროს ამისთვის. რაღაცები ერთმანეთს აბალანსებს. თუ ენერგეტიკულად სწორ ტალღაზე და ჰარმონიულად ხარ სამყაროსთან, იმის გამო, რომ კარიერაში ბევრად უფრო წარმატებული არ ვარ, უკმაყოფილებას არ ვგრძნობ. არ ვარ იმიტომ, რომ არ ვიყავი ამაზე ორიენტირებული, არ ვყოფილვარ კარიერისტი, უფრო ყოველი წუთის შემეცნებით ვიყავი დაკავებული. თუმცა ჯილდოები ყოველთვის მოდის, მადლობა ამისთვის ჩემს ცხოვრებას და კი, მე იღბლიანი ვარ, ჩემი ტკივილებით, სისუსტეებით თუ ძლიერებით.
– რამდენად შეგიძლიათ საკუთარ შეცდომებზე სწავლა?
– ვამბობ ხოლმე, ჩემს შეცდომებზე ვმეცადინეობ-მეთქი (იცინის). გაცვეთილი ფრაზაა, რამდენჯერ უნდა გამომცადოს ცხოვრებამ?! ამაზე მეცინება. რაღაცებს ვსწავლობ, რაღაცებს – ვერ. რაღაცას ვასწორებ ჩემს თავში, რაღაცას – ვერ. ადამიანი ყოველთვის ბეჯითი ვერ იქნები, სადღაც შეგეშლება. ზოგჯერ გგონია, რომ კარგად ისწავლე, მაგრამ გამოცდაზე რომ ნასწავლი დაგავიწყდება, ცხოვრებაშიც შეიძლება, იგივე დაგემართოს. არის რაღაცები, რაც არ მინდა, ვისწავლო. თუ ეს ემოციებს გააღვიძებს ჩემში, დაე, გააღვიძოს, ეს ხელოვნებაში წამადგება.
– საკუთარ თავს უფრთხილდებით?
– თუკი ვინმეს არ ვუფრთხილდები, ყველაზე მეტად საკუთარ თავს. 2024 წელს ემოციური ტურბულენტობა მქონდა, რაც თითქმის ათი წელია, აღარ მქონია. სავარაუდოდ, გარკვეულ პერიოდებში ჩემი თავი დიდ გადაფასებას აკეთებს და მერე ვჩერდები, ვხვდები, რომ ძალიან დიდი რესურსი ჩავდე. ამჯერად, ერთ-ერთ პროექტზე დავიწყე მუშაობა, მეუბნებოდნენ, მარტო ვერ გააკეთებ, ვერ გააკეთებ ფინანსების გარეშეო, მაგრამ მე ვთქვი, რომ გავაკეთებდი. მერე გვერდიდან შევხედე და დავინახე, რა დღეში ჩავაგდე საკუთარი თავი. გააკეთა, კახაბერმა ეს შეძლო, მაგრამ მერე ემოციური თვალსაზრისით დიდი შესვენება დასჭირდა. არ ვიცი ჩემი თავის დაზოგვა, არც ურთიერთობებში. დიდ ტვირთს ავკიდებ ხოლმე თავს და მგონი, ეს მსიამოვნებს, საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან