რატომ შეუქმნა მზია გეწაძეს პოპულარობამ პრობლემები და როგორ დააყაჩაღეს ის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 26.03

რატომ შეიცვალა ფინანსური კუთხით მზია გეწაძის ცხოვრება უარესობისკენ პოპულარობის შემდეგ, რის გამო აღმოჩნდა ის რთულ მდგომარეობაში და რა გეგმა აქვს სამომავლოდ, ამას მისგან შევიტყობთ.
მზია გეწაძე: ფული არსებობისთვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებ. ფული არ არის ლამაზი ქალი, რომ შეგიყვარდეს, მაგრამ საჭიროებას ნამდვილად წარმოადგენს. პირველად მუშაობა 28 წლის ასაკში დავიწყე ქუთაისში პედაგოგად. დასაწყისში მხოლოდ ორთვიანი წყვეტა მქონდა და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, სულ ვმუშაობდი. დღეს სამსახური აღარ მაქვს. „სიცრუის დეტექტორში“ ჩემი გამოსვლის შემდეგ რესტორანში მოვიდა ერთი ქალბატონი დაბადების დღის აღსანიშნავად და უთქვამს, მზიამ არ იმღეროსო. დირექტორი დათანხმდა. ჩემ გვერდით ბიჭები მუშაობდნენ, მათაც თავი დაუხარეს, კარგი, არ იმღეროს მზიამო. გადამიწყვიტეს, რა უნდა მექნა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავნერვიულდი. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. 24 წელი ვიმუშავე რესტორანში და ასეთი შემთხვევა არ მქონია. ძალიან მეწყინა. იმ ქალისგან კი არ მეწყინა, თანამშრომლებისგან არ ველოდი. მე მათ გვერდით წლები გავატარე. იქ, სადაც მზია არ უნდათ, მეც არ მინდა. ჩვენ ვმეგობრობდით, ერთი ჯამიდან ვჭამდით. ეს იგივეა, ოჯახის წევრმა რომ გაგყიდოს. იმ ქალისაც გამიკვირდა, თუ ჩემი სიმღერის მოსმენა არ უნდოდა, რაღა ჩვენთან მოდიოდა?! მერე გავიგე, თურმე, ეს ქალბატონი ავტოსკოლაში მართვას ასწავლის. მე მის საქმიანობას არ ვაკნინებ, მაგრამ ჯობს, ყველამ თავის პროფესიას მიხედოს და ნურავინ შეეცდება სხვას ასე მოექცეს.
– მას შემდეგ სამსახური არ გაქვთ?
– არა, მას შემდეგ უმუშევარი ვარ. ძალიან მიჭირს თავის რჩენა. საშინელ დღეში ვარ, გაწამებული. ამას ვერც ვამბობ. ტელევიზიები რომ დამირეკავენ და მეპატიჟებიან, ახალი სამოსი მჭირდება, სამგზავრო ფული, შემოქმედი ადამიანი ვარ, ახალი სიმღერა მჭირდება, მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ. ფინანსურად საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამას რომ თავი დავანებოთ, არსებობა ხომ მჭირდება?! მუსიკოსების ჯგუფში დავწერე, სამსახურს ვეძებ-მეთქი. საშინელი კომენტარები დამიწერეს ახალგაზრდა გოგონებმა. მათი სიტყვები ძალიან ცუდად მომხვდა გულზე. თქვენ ამდენი წელია, წიწკინებთ რესტორანში და ახლა ახალგაზრდებს დაუთმეთ გზაო. მერე პირადში მივწერე ერთს, შვილო, შენც მოხვალ ჩემს ასაკამდე და ნახავ, თუ არ დაგჭირდება ჭამა, სმა, ან სადმე წასვლა და სამსახური ამ ყველაფრისთვის-მეთქი. მე პოპულარული გავხდი, კი არ მოვმკვდარვარ, რომ აღარაფერი მჭირდებოდეს.
– გამოდის, რომ პოპულარობამ არასასურველი შედეგი მოიტანა?
– სახლში ვზივარ ისიც იმის ხარჯზე, რომ ქუთაისში ბინა მაქვს გაქირავებული, ამით ვჭამ საჭმელს. მშობლები გარდამეცვალნენ, ქმარი მე არ მყავს და საყვარელი. შვილს თავისი ოჯახი აქვს, თავისი პასუხისმგებლობები აკისრია. ქუთაისში ფულის გადახდა არავის უნდა. ჩემი ერთადერთი ხსნა თბილისია. რამდენჯერაც თბილისში მომიწვიეს, დაფასებაც იყო, პატივისცემაც და ანაზღაურებაც. მე კი ვიცი, რომ ჩემი ადგილი ყოველთვის იყო და არის თბილისში, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე გადმოსვლა.
– დედის გარდაცვალების შემდეგ ხომ აპირებდით გადმოსვლას?
– ვაპირებდი და ახლაც ვაპირებ, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე. ამ ზაფხულს რამე უნდა შევცვალო. ზაფხულში საფრანგეთში, გასტროლზე მიწევს წასვლა. მერე აუცილებლად უნდა გადმოვიდე თბილისში, თორემ აქ ტყუილად ვარ, ვერაფერს ვაკეთებ. სიმღერა მინდა და ვერ ვმღერი. აპარატურა ვიყიდე, სახლში დავდგი და ვმღერი. რა მექნა, ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. ეგეც რომ არ იყოს, უცებ რომ ვინმემ დამიძახოს, ფორმაში ხომ უნდა ვიყო?! ამდენი წლის შემდეგ, ცხოვრებაში პირველად, ამ ასაკში უმუშევარი დავრჩი. უკვე დიდი ვარ, 55 წელი შემისრულდა, კიდევ კარგი, გარეგნულად არ მეტყობა (იცინის). თბილისში რომ ჩამოვალ, ჩემი ფეხით ჩამოვივლი ყველგან და დავენახვები დირექტორებს, როგორ ფორმაში ვარ.
– ახლა კი რთული პერიოდი გაქვთ, მაგრამ მთელი ცხოვრებაა შრომობთ და საკუთარი შემოსავალი გქონდათ. როგორი მხარჯველი ხართ?
– სხვათა შორის, ძალიან კარგი მხარჯველი ვარ (იცინის). ჯიბეში თუ ფული მაქვს, ხარჯვა მიყვარს. ხელმომჭირნე ნამდვილად არ ვარ. ხასიათით მამას ვგავარ, მასავით ხელგაშლილი ვარ. პოპულარული რომ გავხდი, ბევრი კონცერტი და მიწვევა მქონდა. ანაზღაურებაც შესაბამისი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა დახმარების თხოვნით, სრულიად უცნობები და ყველას გადავურიცხე ცოტ-ცოტა. ადამიანი რომ გწერს, ქირით ცხოვრობს და ბავშვისთვის საჭმლის და საფენის ფული არ აქვს, როგორ უნდა გაგიძლოს გულმა, რომ არ დაეხმარო. იმწუთას რა საშუალებაც მქონდა, იმდენით დავხმარებივარ არაერთ ადამიანს. 2 000 ლარს რომ აიღებ, მარტო შენ ხომ არ უნდა მოიხმარო, ვიღაცას 50 ლარი მაინც ხომ უნდა აჩუქო?! მერე ყველაფერი გაჩერდა და მეც აღარ მაქვს შემოსავალი, მაგრამ კიდევ მწერენ დახმარების თხოვნით. რა ვქნა, ახლა თვითონაც მძიმე მდგომარეობაში ვარ. ახლა მე თუ ძალიან გამიჭირდება, ჩემი შვილის, ძმისა და რძლის იმედი მაქვს. ნათესავები კი მყავს, მაგრამ ყველას თავისი გასჭირვებია. თუ ძალიან გამიჭირდა, ისევ ოჯახის წევრები დამიდგებიან გვერდში. მეზობლებიც ძალიან კარგი მყავს. რაც არ უნდა დამჭირდეს, ყველაფრით მეხმარებიან. ფული იქნება, საჭმელი, სადმე გაყოლა თუ ასე შემდეგ, უარს არაფერზე მეუბნებიან.
– ქალებს ბევრი ცდუნება აქვთ, რაშიც ფული ეხარჯებათ, თქვენთვის რა არის ასეთი?
– მე ძალიან მიყვარს ახალი ტანსაცმელი. პროფესიაც ისეთი მაქვს, სულ მჭირდება, ასევე, ახალი ფეხსაცმელიც, სამკაულიც, სუნამოც. გარდა ამისა, ქალის სალონში სიარულიც აუცილებელია და კიდევ ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაბედნიერებს. თან, უკვე გარეთ უბრალო ფორმაში გასვლისაც მერიდება. ქუჩაში მაჩერებენ და ფოტოებს იღებენ ჩემთან. მოდი ახლა და მოუწესრიგებელი იყავი, ძალიან უხერხულია.
ბავშვს ფოტოს გადაღებაზე უარს ხომ ვერ ეტყვი? ამიტომ მოწესრიგებული უნდა ვიყო.
– ოდესმე ფული გიპოვიათ ან დაგიკარგავთ?
– მეხუთე კლასში ვიქნებოდი, თეთრ ხიდთან ბაღში ფული ვნახე ჩეჩქად. დედასგან ვიცოდი, რომ სხვისი ფული არ უნდა ამეღო. გავიხედე, იქვე მილიციელი დავინახე და მას მივეცი, იქნებ, ვინმემ მოაკითხოს-მეთქი. სინდისდამშვიდებული წამოვედი და დედა შემხვდა გზაში. მოვუყევი ჩემი გმირობის შესახებ, როგორც საბჭოთა ბავშვს შეეფერებოდა (იცინის). დედამ მითხრა, შვილო, უპატრონოდ დაგდებული თუ ნახე, სახლში ვერ წამოიღეო?! (იცინის) შენ არ მასწავლიდი, სხვის ფულს ხელი არ მოკიდო-მეთქი? (იცინის) მერე მივიდა დედა ამ მილიციელთან და უთხრა, ეს ბავშვი ასე რომ მოიქცა, სახელი და გვარი მაინც რატომ არ ჰკითხე, ასეთ ბავშვებზე გაზეთში ხომ წერენ, წახალისებისა და შექების მიზნითო?! მერე ჩაიწერა იმ პოლიციელმა ჩემი სახელი და დედას ეცინებოდა, მეუბნებოდა: შვილო, სადმე თუ იპოვი ფულს და არავინ მოიკითხავს, სახლში წამოიღე, მაგრამ თუ ვინმე მოიკითხავს, აუცილებლად მიეციო.
დაკარგვას რაც შეეხება, არა. მაგრამ ერთხელ წამართვეს ფული. სადარბაზოში დამხვდა უცნობი ადამიანი, ლიფტში შემომყვა, კისერზე დანა დამადო და დამაყაჩაღა. მაშინ თბილისში ვმუშაობდი. ძალიან შემეშინდა. 19 იანვარი იყო, ნათლისღების დღეს ვიმუშავე და რაც ავიღე, ტელეფონთან ერთად, ყველაფერი წამართვა. დიდი თანხა არ მქონდა, მაგრამ გასაყოფი ფული იყო, ნახევარი – ჩემი, ნახევარი კოლეგისთვის უნდა მიმეცა. სულ ასი დოლარი. რაც მქონდა ხომ წამართვა და 50 დოლარი კიდევ ვალად დამედო, რაც სხვისთვის უნდა მიმეცა. ამას ვინ ჩიოდა, ძალიან შემეშინდა – როგორია დანას რომ გადებენ კისერზე?!
– რა არის ყველაზე კარგი დაბანდება?
– ჩემი სახლის პირველ სართულზე სარდაფი იყო. შევისყიდე, დავანგრიე, კაპიტალური შენობა გავაკეთე, ვაქირავებ და დღემდე ამით ვცხოვრობ. ამ უმუშევრობის დროს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თავის დროზე ძალიან სწორად მოვიქეცი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან