რატომ მუშაობდა პოლიციაში უხელფასოდ თაკო მელიქიშვილი და როგორ ასაჩუქრებს ის საკუთარ თავს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 18.11
რამდენად პრაგმატული დამოკიდებულება აქვს თაკო მელიქიშვილს ფინანსებთან, როგორ ცდილობს ფულის მოზიდვას და რაში ხარჯავს მას სიამოვნებით – ამას მისგან შევიტყობთ.
თაკო მელიქიშვილი: ფული ნამდვილად საჭიროა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ როდესაც ძალიან ხარ ჩაციკლული, როცა ძალიან გინდა, ბევრი ფული გქონდეს, მაშინ უფრო არ გამოგდის. ზუსტად უნდა იცოდე, რისთვის გინდა ფული, რის გამო გჭირდება და სამყაროში შესაბამისი მესიჯები გაუშვა.
ვცდილობ, ფულზე ძალიან დამოკიდებული არ გავხდე. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას გვჭირდება, მჯერა, რომ რაც უფრო მსუბუქად ვუყურებ ამ თემას, მით უფრო გეძლევა საშუალება, რომ გქონდეს. ამას ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვამბობ. თუ არ ჩაიციკლები, უფრო მარტივად მოვა.
ბოლო პერიოდში ძალიან დავინტერესდი ნუმეროლოგიით, ასტროლოგიით და ჩემს ტიკ-ტოკ გვერდზე, სადაც გამომწერების რაოდენობა ძალიან მომემატა, ფინანსებთან დაკავშირებითაც ვდებ ხოლმე ინფორმაციას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს საკუთარი კომფორტისთვის, ჯანმრთელობისთვის თუ სხვების გასახარად, სწორედ ფულია. აქედან გამომდინარე, ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ თუ სამყაროში სწორად გავუშვებთ ენერგიას, იმასთან დაკავშირებით თუ რა დანიშნულებით გვინდა ფული გვქონდეს, ის აუცილებლად გვექნება. უბრალოდ, „მილიონი მქონდეს“ არ არის სწორი გზა და სწორი ფიქრი. სამყაროს უნდა სთხოვო, რომ სწორი გზა გიჩვენოს, სადაც კომფორტულად იგრძნობ თავს და შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებ, რაც ფინანსურ კეთილდღეობასაც მოგიტანს.
მე ზოდიაქოთი მერწყული ვარ. საერთოდ, მერწყულები კომფორტის მოყვარული ადამიანები ვართ და ალბათ, ამიტომაცაა, რომ 14 წლის ვიყავი, პირველად რომ მუშაობა დავიწყე.
– ამ ასაკში უკვე საკუთარი შემოსავალი გქონდათ?
– ვერ ვიტყვი, რომ დიდი შემოსავალი მქონდა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობდი. იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა. ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ეს მგონია, საყვარელი საქმით რომ მოიპოვებ გარკვეულ ფინანსებს. 90-იან წლებში, ამ ასაკში, კონცერტები მქონდა სპორტის სასახლეში და ჰონორარს ვიღებდი, 16 წლიდან რადიოში ვმუშაობდი, იქ 80 ლარი მქონდა ხელფასი. მერე პოლიციაში ვმუშაობდი თანაშემწედ, მაგრამ იქ არ მქონდა ხელფასი (იცინის). მე თეატრალური მაქვს დამთავრებული, მაგრამ მეორად ფაკულტეტად ჯავახიშვილში სამართალმცოდნეობა გავიარე. ძლივს დავამთავრე, ძლივს ავიღე დიპლომი. არ ვიცი, ვერ ვერკვევი, არ მაინტერესებს, მაგრამ სამი თვის განმავლობაში თანაშემწედ უხელფასოდ ვმუშაობდი პოლიციაში (იცინის). პოლიციიდან რადიოში მივდიოდი, ღამის ეთერში, სადაც ჩემი საავტორო გადაცემა მქონდა. თვის ბოლოს, თუ სწორად მახსოვს 80 ლარს ვიღებდი. „მეორე არხზეც“ ვმუშაობდი, მაგრამ შემოსავალი ზუსტად არ მახსოვს.
პოლიციაში რომ ვმუშაობდი, სულ ვტიროდი. არ მომწონდა ეს გარემო. ხელოვნებასთან რაც არის დაკავშირებული, ის ყოველთვის მომწონდა, სამართალი – არა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი გზით წავსულიყავი (იცინის).
– გახსოვს, იმ ასაკში როგორ ანაწილებდა შემოსავალს?
– საკუთარ თავზეც ვზრუნავდი. სხვათა შორის, ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც ამისთვის ვერ იცლის. ამ ასაკში ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს, შვილები მყავს, მაგრამ რა ჰონორარიც არ უნდა ავიღო, კონცერტებიდან, სამსახურიდან თუ სხვა აქტივობიდან, ვცდილობ, რომ ერთი პატარა ნივთი მაინც შევიძინო საკუთარი თავისთვის. ძალიან მიყვარს საჩუქრების გაკეთება საყვარელი ადამიანებისთვის, მაგრამ საკუთარ თავსაც არ ვივიწყებ, იმიტომ, რომ საჭიროა, ჩვენს თავზეც ვიზრუნოთ. ყველაზე სასიამოვნოა, როცა საკუთარ გამომუშავებულ თანხას, შენს თავს ახარჯებ. ასე დახარჯულ ფულს კიდევ მოაქვს ფული (იცინის). ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით იწყება.
– კარგად გამოგდით თვიდან თვემდე თანხის სწორად გადანაწილება?
– არა მგონია, თვის ბოლომდე მიმყვეს რამე (იცინის). ამ ასაკში, როცა ამდენი პასუხისმგებლობაა, რთულია, მაგრამ როცა კონცერტებიდან დამატებითი შემოსავალი ჩნდება, მაშინ ვინებივრებ თავს. სხვა შემთხვევაში, თვიდან თვემდე მივყვები ცხოვრებას და მეტ ფინანსებზე ვოცნებობ (იცინის). თუმცა, არის რაღაცები რაშიც ფულის დახარჯვა არ მენანება. ასეთია, მაგალითად, ჯანმრთელობა, მოგზაურობა, სწავლა. ასტროლოგია-ნუმეროლოგიას ვსწავლობ, ბოლო დროს გადავწყვიტე, ენები შევისწავლო. ცოტა მიჭირს ამ ასაკში, მაგრამ სურვილი მაქვს და ვცდილობ (იცინის). ასევე, არ დამენანება თანხის გადახდა ავტომობილის შესაძენად. ჩემთვის მანქანა იმხელა ბედნიერება და კომფორტია, თანხას არ დავინანებ.
– კარგ დაბანდებასთან დაკავშირებით რა გახსენდებათ?
– არ მქონია დასაბანდებელი ფული, მაგრამ გარკვეული ბიზნესი წამოვიწყე და მგონი, იმდღესვე მივხვდი, რომ მომავალი არ ჰქონდა (იცინის). ვცდილობდი, მაგრამ არ გამოვიდა. ქართული ბრენდის სამოსთან იყო დაკავშირებული და მალევე მივხვდი, რომ მგონი, არ მაქვს ამის ნიჭი (იცინის).
– შვილებთან რამდენად ხელგაშლილი ხართ და თუ გამოგდით ოქროს შუალედის დაცვა, როცა საქმე მათ სურვილებს ეხება?
– ჩემი უფროსი შვილი არასდროს ყოფილა განსაკუთრებულად მომთხოვნი. ახლა უკვე 21 წლისაა, მუშაობს, სამართალმცოდნეობაზე სწავლობს და წელს ასრულებს. ზოგჯერ, რომ დამჭირვებია, იქით მეხმარება. ჩემი გოგო ჩემი მეგობარიცაა და საერთოდ, ყველაფერია ჩემთვის. ერთად გაგვაქვს ეს ცხოვრება. მის გარდა არც არავინ მყავს იმედად. ძალიან გამიმართლა შვილებში. არც პატარაა პრეტენზიული.
– ესე იგი, თუ დახმარება დაგჭირდა, შვილია ის ადამიანი, ვისაც პირველ რიგში მიმართავ.
– შვილი და ბანკი. დღეს ძალიან რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც ბანკთან შეხება არ აქვს. საერთოდ, არ მიყვარს ფულის სესხება. მეგობართან დარეკვას და თხოვნას, მირჩევნია ბანკიდან გამოვიტანო სესხი და პროცენტი გადავიხადო. ბავშვობიდან მოყოლებული ასეა. მგონი, მშობლებსაც ვერაფერს ვთხოვდი. მირჩევნია, ბანკში გადავიხადო თუნდაც ორმაგი. მერიდება ადამიანისგან ფულის სესხება. რომც ვიცოდე, რომ აქვს და უპრობლემოდ შეუძლია, დახმარების ხელი გამომიწოდოს, მე მაინც უხერხულობას მიქმნის თხოვნა. პირადად ჩემთვის, ძალიან მარტივია, ამის სანაცვლოდ ბანკს მივმართო. მთავარია ის გაძლევდეს სესხს (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან