რატომ მოაჭრა ყური ანი ყიფშიძემ კაცს და რა შემთხვევაში ანადგურებს მისი ენერგია სხვას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 20.12, 2022 წელი

ანი ყიფშიძე საზოგადოებისთვის ცნობილი „პრაიმ ჰაუსიდან“ გახდა. მის ცხოვრებაში კარგი სიახლეებია. ანი მალე შესაძლოა, თურქულ სერიალში ვიხილოთ. დეტალებზე თავად მოგვიყვება.
ანი ყიფშიძე: „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დიდად არაფერი შეცვლილა, მხოლოდ და მხოლოდ ცნობადობა გაიზარდა. ქუჩაში მცნობენ, ხალხს ვუყვარვარ, ჩემს გრძნობებს იზიარებენ, მაგრამ რომ ვთქვა, მას შემდეგ რამე განსაკუთრებული მოხდა, არა.
- არ მოგწონს პოპულარობა?
- ორჯერ რომ გავხდი ავად, აღარ მომეწონა. ცხვირში ვიყავი გაჭედილი, ყელი მტკიოდა და ეს ყველაფერი იმას დავაბრალე, რომ ძალიან ხშირად მოდიოდნენ და მეხუტებოდნენ. რომ მეხუტებიან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რომ გავცივდი და ვეღარ ვსუნთქავდი, აღარ მომეწონა პოპულარობა. ერთმა ბავშვმა პირდაპირ სახეში შემომახველა და მეგონა, იმ დღეს მოვკვდებოდი (იცინის).
- პლუსებიც ხომ აქვს?
- უფრო მეტი მინუსია. მაგალითად, ადრე ძალიან თავისუფლად ვცხოვრობდი, ვერთობოდი, ვცეკვავდი, სადაც არ უნდა წავსულიყავი, დროს მშვენივრად ვატარებდი. რაც პოპულარობა მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ერთ ადგილას დამსვა. განა რამე ცუდს ვაკეთებ, მაგრამ თვითონ ისეთ რამეებს ამბობენ, უკვე ჩემზე კი არა, ჩემს შვილზეც კი. ჩემი სუსტი წერტილი იციან. თან, ძალიან ბინძური ფორმით გამოხატავენ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ეს დღემდე ასეა, მაგრამ არ ვარ ისეთი, ცრემლები ვღვარო და ყველას მოვუყვე იმაზე, რაც ჩემს მიმართ ხდება. ამბობენ, ანი ყიფშიძეს თავში აუვარდა პოპულარობა და იმიტომ აქვს ცხვირი მაღლა აწეულიო. არადა, ჩემში არაფერი შეცვლილა. წარმოიდგინეთ, ქუჩაში ვიღაც მოდის და გეუბნება, რა კარგი გოგო ხარო, უცებ თავში რაღაც ერევათ და იწყებენ: რა სექსუალური ხარ, რა ლამაზი ტუჩები გაქვს, რა ლამაზი თვალები გაქვს - ძალიან ზედმეტებში გადადიან. საბედნიეროდ, უმეტესობა ნორმალურია, მაგრამ ზოგს ძალიან „გაჭედილი“ აქვს.
ზოგჯერ მართლა ისეთ საშინელებებს წერენ, ჩემზე თუ ჩემს შვილზე, ძალიან ვმწარდები, მაგრამ ვცდილობ, თავი შევიკავო. ვგრძნობ, რომ ღმერთს ვუყვარვარ და ის ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც საჭიროა. ადამიანს, რომელმაც ჩემზე და ჩემს შვილზე საზიზღრობები ილაპარაკა, მერე გავიგე, რომ რაღაც დაემართა.
- „პრაიმ ჰაუსის“ ახალ სეზონს თუ უყურებ?
- არა, არ ვუყურებ. პირველ დღეს ვუყურე. მაინტერესებდა, ვინ შედიოდა, ვინ დაწვებოდა ჩემს ლოგინზე. რომ გითხრათ, მაგარი გუნდი შეიკრა და მაგრად აჭენებენ-მეთქი, მოვიტყუები. პირველ სეზონთან შედარებაც არ მინდა. იქ მეც ძალიან მაგარი ვიყავი და ჩემი პრაიმჰაუსელებიც. ახლა ძალიან დაბალი ლეველი აქვთ.
- გიორგი ნაზღაიძესთან ისევ მეგობრობ?
- მეგონა, რომ გიოსთან კარგ მეგობრობას გავაგრძელებდი, მაგრამ ეს მე მეგონა ასე. მე ახლაც მინდა მასთან მეგობრობა, მაგრამ მას არ აქვს ჩემთან მეგობრობის სურვილი. მას ჰყავს თავისი სამეგობრო წრე. მიწერ-მოწერა გვაქვს. არის კითხვები, რომელზედაც მისი პასუხი მაინტერესებს და ვეკითხები, რადგან გამოცდილია ტელევიზიის თემებში. თუ სადმე მეპატიჟებიან, ვეკითხები, კარგი იქნება თუ არა ჩემი იქ წასვლა. ანუ, მე ვწერ, მე გამოვთქვამ ინიციატივას. დღემდე არავის ვაძლევ მასზე ცუდის თქმის უფლებას. ის იყო ჩემი პიროვნება, რომელთანაც რამდენიმე თვე გავატარე. შეიძლება დიდი არაფერი მქონია, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ რომ, ერთ დროს თითქოს ჩემი იყო (იცინის).
- კარგი ამბები გაქვს, თურქულ სერიალში გიღებენ, არა?
- როგორც კი ეს ამბავი გააქტიურდა, თურქეთში აფეთქდა ბომბი და მაშინ დაიქცა ქვეყანა. არადა დღეს, წესით, იქ უნდა ვიყო. სერიალში მიღებდნენ, მაგრამ ახლა მაისამდე მოცდა მომიწევს. მე ორი წელი ვსწავლობდი თურქეთში თეატრალურზე. მათ აქვთ ჩემი მონაცემები და ერთ-ერთი სერიალის გუნდს მოვეწონე. მგონი, ყველაფერი გამოვა. აქამდე რაღაც მიზეზების გამო ვამბობდი უარს სერიალებზე.
- ახლა რით ხარ დაკავებული?
- თავიდან ბოლომდე ჩემი შვილით. დილით ვიწყებ მასზე ზრუნვას და საღამოს ვამთავრებ. მე საქართველოში არ ვარ აქტიური, აქ არსად მიმუშავია. აქ მუშაობით ვერ მივიღებ იმ რაოდენობის ხელფასს, რამდენსაც თურქეთში. ამიტომ, არ ღირს. 400 და 600 ლარად ვერსად ვიმუშავებ, მირჩევნია, დრო შვილთან ერთად გავატარო. ბებია მყავს თურქეთში, რომელიც გვეხმარება და შემოსავალი გვაქვს. ამიტომ, აქ მინიმუმზე დათანხმება, როცა თურქეთში დაბრუნებამდე, შემიძლია დრო შვილთან ერთად გავატარო, არ მიღირს.
- განსაკუთრებული ნიჭი გქონია გენეტიკურად ბებიასგან. მოუყევი ამაზე ჩვენს მკითხველს.
- ბავშვობიდანვე ვხედავდი ბოროტ და კეთილ ძალებს სილუეტების სახით. რაღაც მომენტებში, მოვლენებს წინასწარ ვხედავ. ბიძაჩემის გარდაცვალება ერთი დღით ადრე ვიგრძენი. ჩემს გამზრდელ ბიძას ვგულისხმობ, რომელიც მოკლეს. მარტო ადამიანის გარდაცვალებას არა, ვინმეს რამე თუ უნდა დაემართოს, ამასაც ვგრძნობ. თვალებს რომ ვხუჭავ, უცებ კადრივით გამიელვებს ხოლმე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ფილმივით, ყველაფერი დეტალურად ვიცი, მაგრამ ვგრძნობ, რაც არის მოსალოდნელი. მე ხელებში ბიოდენები მაქვს. ადამიანს ხელს რომ დავადებ, რამდენიმე წუთში ის ადგილი მტკივდება, რომელიც მას სტკივა და ასე ვიგებ, რა აწუხებს. ძალიან ბევრი ადამიანის განკურნებაში მივიღე მონაწილეობა. ზოგს ხელი სტკიოდა, ზოგს ფეხი ან ხერხემალი. განა წამალი დავალევინე, ჩემი ხელებით და ბიოდენებით დავეხმარე. ჩემი შეხების შედეგად განიკურნენ. ამას ყველასთან ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ, ტკივილი მერე ჩემზე გადმოდის და დიდი დრო და ენერგია მჭირდება, რომ გავსუფთავდე.
- როგორ მიხვდი, რომ ეს ძალა გქონდა?
- თურქეთში რომ ვცხოვრობდი, ერთ-ერთ სასტუმროში მასაჟისტად ვმუშაობდი. ერთ ადამიანს გავუკეთე მასაჟი და გამოჯანმრთელდა. საკმაოდ დიდი პიროვნება იყო, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეეძლო ცხოვრებაში. ათასი ადგილი ჰქონდა მოვლილი, მაგრამ მხარი მაინც სულ სტკიოდა. ჩემთან მასაჟის სამი სეანსის შემდეგ, კაცი განიკურნა. მოდიოდა, საჩუქრები მოჰქონდა, მანებივრებდა. ათი ადამიანი რომ იტყვის, მტკიოდა, ვერსად მომირჩინეს და შენი მასაჟების შემდეგ მომირჩაო, უკვე გასაგებია, არა?! მერე უფროსები დაინტერესდნენ, ბიოდენებზე გამსინჯეს და აღმოჩნდა, რომ ძლიერი ბიოდენები მქონდა. მერე ბებიამ მითხრა, მეც ასე მქონდა, არ იდარდო და არ შეგეშინდესო. მასწავლიდა, როგორ უნდა მეცხოვრა ამით. მითხრა, არ შეიძლება, შენ ვინმეზე ბოროტება გაიფიქრო, ამით მას დააზარალებო. ისიც არ შეიძლება, ვიღაცას გავუბრაზდე. ვცდილობ, არ ვინერვიულო, ვინმესკენ ცუდი ენერგეტიკა არ მივმართო, რომ არ დავაზარალო. მე რომ ძლიერი ფსიქიკა არ მქონდეს, ძალიან ცუდ რაღაცებს ჩავიდენდი. მადლობა ღმერთს, მართლა არ ვარ ბოროტი, კეთილი ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ნიჭი ვინმესთვის რამის დასაშავებლად გამომეყენებინა.
- ანუ, შეგიძლია ამის კონტროლი?
- კი, ვაკონტროლებ. ბავშვობაში ვერ ვაკონტროლებდი. მაგალითად, ერთ გოგოს ვეჩხუბე, ძალიან მომიშალა ნერვები. გაგვაშველეს და მას რომ ვერაფერი ვუქენი, გულში ჩავიდე აგრესია და ჩავყლაპე. დაახლოებით სამი დღის შემდეგ, ეს გოგო ველოსიპედით მიდიოდა დაღმართზე, მუხრუჭმა აღარ დაუჭირა და ველოსიპედით მანქანას შეეხაჯა. დღემდე ხეიბარია. ძალიან უნდა გამომიყვანო წყობიდან, რომ ეს მოხდეს. ამიტომ ვცდილობ, ეს არ განმეორდეს - საშინელებაა. მარტო იმას კი არ სტკივა, მეც მტკივა.
- შავი მაგიით დაავადებულ გოგოს დახმარებიხარ.
- ჰგონიათ, რომ შავ მაგიას მე ვაკეთებ. ასე არ არის. თურქეთში ერთი გოგოსთვის დედამთილს გაუკეთებია ჯადო. არ მოსწონდა რძალი და იმიტომ. ძალიან ცუდად გახდა რძალი, არადა ძალიან კარგი გოგო იყო. ერთი დღე მომიწია მასთან დარჩენა, უნდა წამოგვეყვანა იქიდან და წამოსვლამდე ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. თუ სადმე რამე არსებობს, ყველა მხრიდან სისხლი მომდიოდა. მათი სახლიდან წამოვედით თუ არა, სისხლდენა შეჩერდა. მივხვდი, რომ ძალიან ცუდ ამბავში ვიყავი. გოგო ძალიან ცუდად იყო, მკერდსა და საშვილოსნოზე პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია სჭირდებოდა. იქიდან რომ წამოვედით, ნაკურთხი წყლითა და სანთლით ლოცვები წავუკითხე. მთელი გულით ვლოცულობდი. ძალიან მინდოდა, ყველაფერი გამომსვლოდა, დავხმარებოდი ამ კარგ ადამიანს. საბედნიეროდ, ეს გოგო გამოკეთდა, 15 დღეში კი მისი დედამთილი გარდაიცვალა. მუსლიმანებმა საშინელი რაღაცები იციან, ერთ-ერთია საპნის შავი მაგია და ამ გოგოსთვის ეს ჰქონდა გაკეთებული დედამთილს. ამიტომ, პირიდან ქაფი ამოსდიოდა, მაგრამ მას შემდეგ ყველაფერი კარგად აქვს.
- არ გაშინებს ეს ყველაფერი?
- რომ მოგიყვე, ბავშვობაში რაებს ვხედავდი (იცინის). კომპიუტერის დედაპლატაზე მაქვს შენახული ჩემი ფოტო, ბაღში ვზივარ და ჩემს უკან ჭინკის სილუეტი ჩანს, რომელიც ხეზე ზის. ბიძაჩემის გარდაცვალების შემდეგ, პატარა ეშმაკს ვხედავდი სახლში, როგორ თბილად იჯდა გამათბობელთან. მთვარეული რომ ვარ, ყველამ იცის, ღამე ვდგებოდი და მას ველაპარაკებოდი. მერე აღარ ველაპარაკებოდი, გამიბრაზდა და მოსაკლავად მომდევდა. მაშინ მხოლოდ დედამ იცოდა ამის შესახებ. სახლში რომ შევდიოდი, მის სილუეტს ვხედავდი, კომპიუტერში მუსიკა მხვდებოდა ჩართული. კიდევ არის ფაქტები, რისი დამტკიცებაც შემიძლია, იმიტომ რომ, დედაჩემიც შესწრებია. ბოლოს მღვდელთან მიმიყვანეს, მან თქვა, რომ არაფერი მჭირდა. ხალხს გიჟი ვეგონე და მერე აღარ ვამხელდი- ხოლმე მსგავს რამეებს.
- ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდა ასეთ რამეებთან გამკლავება?
- თავიდან ყველას ეგონა, რომ ვიგონებდი. ეს უცებ არ დაწყებულა, ნელ-ნელა განვითარდა და ამიტომ, არ შემშინებია. ყნოსვაც ძალიან კარგი მაქვს. ყველანაირი სისხლის სუნს ვგრძნობ. ვინმემ თუ ხელი უნდა გაიჭრას, ესეც წინასწარ ვიცი. ადამიანებს ლაქებად ვხედავ. ზოგი მახინჯად მეჩვენება, თითქოს ღრმულები უჩნდება სახეზე და ეს იმ შემთხვევაში, თუ რამე ცუდი უნდა დაემართოს.
- როგორ აკონტროლებ საკუთარ თავს?
- ვიძინებ. ნებისმიერ დროს შემიძლია დავიძინო. აი, როცა ძალიან ვბრაზდები და არ მინდა, ეს ბრაზი ცუდ ენერგიაში გადაიზარდოს და ყველაფერმა მალე ჩაიაროს, უბრალოდ, ვწვები და ვიძინებ. არაფერზე ვფიქრობ და გონებას ვთიშავ. ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს, ძალიან ბევრი კარგი რამ მაქვს გაკეთებული. მაგალითად, ტაროს საშუალებით ბევრს ვეხმარები. ეს ჩემი გასაღებია. ისე რომ ვუთხრა ადამიანს, რა ელოდება, არ დაგიჯერებენ, მაგრამ ტაროს კარტს რომ გაშლი, უფრო სარწმუნო ხდება შენი ნათქვამი და ვინც ადამიანურად მთხოვს, უარს არავის ვეუბნები.
- ბოლოს, ერთი ამბავიც დავაზუსტოთ - ჯერ კიდევ პროექტში მონაწილეობის დროს ამბობდი, ადამიანს ყური მოვაჭერიო. ეს სიმართლეა?
- თურქეთში ცხოვრებისას ერთმა საზიზღარმა ადამიანმა, ზრდასრულმა, ღიპიანმა კაცმა, პატარა, 7 წლის გოგონა გააუპატიურა. ეს ბავშვი ძალიან ცუდად იყო. კარგად როგორ იქნებოდა?! ასეთ კაცს ციხეში ვერ ჩასვამ, ეს მისთვის ბაირამობაა. მისთვის რაღაც ისეთი უნდა გაგვეკეთებინა, მთელი ცხოვრება რომ არ დავიწყებოდა და ყური მოვაჭერით. მერე მობრუნდა, დამიბრუნეთ ყურიო და ჩვენც დავუბრუნეთ თავისი ყური. ბავშვს არასდროს არავინ უნდა შეეხოს. ისინი ანგელოზები არიან და ღმერთი ამას არ აპატიებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან