შოუბიზნესი

რატომ მალავდა შვილს სალომე გოგიაშვილი და როგორ აქცია მან საკუთარი კომპლექსები წარმატებად

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 24.05

სალომე გოგიაშვილი
დაკოპირებულია

სალომე გოგიაშვილი უკვე ბევრი წელია, აქტიური ეკრანული სახეა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში კამერისა და ბევრი ისეთი რამის კომპლექსი ჰქონდა, რასაც შეიძლებოდა, მისი წარმატებისთვის ხელი შეეშალა.

სალომე გოგიაშვილი: ბავშვობაში კამერის კომპლექსი მქონდა და შესაბამისად, არასდროს მინდოდა ტელეჟურნალისტობა. თან, ძალიან მორიდებული ვიყავი, დაკომპლექსებული და ნაკლებად აქტიური. ძალიან, ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი. ბევრს ერთმანეთში ერევა აქტიურობა და ვულგარული ქცევა, მაგრამ მე მართლა ზედმეტად მორიდებული ვიყავი და როცა მივხვდი, რომ ამას კარგი არაფერი მოჰქონდა, საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე და შევიცვალე, თუმცა, ზრდილობის ფარგლებს არასდროს გავცდენივარ.

– როგორ აღმოჩნდი ეკრანის კომპლექსით ტელევიზიაში?

– ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. რადგან ეკრანზე გამოჩენა არ მინდოდა, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ კადრს მიღმა. სერიალებს ვშიფრავდი და ერთხელაც, ჩემმა მეგობარმა ძალიან გამლანძღა, მთელი ცხოვრება სოროში ხომ არ იქნებიო. მოკლედ, რაღაც კასტინგი იყო, რომელშიც მისი ხათრით მივიღე მონაწილეობა და ასე მოვხვდი ჟურნალისტურ პროექტ „დუბლიორში“. იქ უკვე ეკრანზე ვჩანდი და მივხვდი, რომ ის, რაც მაკომპლექსებდა, ძალიან მომწონდა. მერე „პირველ სტერეოზე“ გადავედი და იქაც კადრს მიღმა ვმუშაობდი. ერთხელაც, წამყვანი არ მოვიდა და ეთერი რომ არ ჩავარდნილიყო, მითხრეს, შენ უნდა გვიშველოო. ჩემი მორიდებულობის გამო, ხელმძღვანელობას უარი ვერ ვუთხარი (იცინის). მადლობა ღმერთს, რომ დავთანხმდი და მადლობა ღმერთს, რომ მე მთხოვეს ეთერში დაჯდომა. დღეს ჩემი სამსახური ჩემთვის ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტია. ყველაზე კარგად თავს იქ ვგრძნობ, სადაც ეკრანი და კამერებია.

– ადამიანებთან წარუმატებელი ურთიერთობის გამოცდილებამაც გაგიჩინა კომპლექსები?

– კომპლექსი – ნაკლებად, უფრო დაკვირვებული გავხდი. რაშიც ადრე მოვტყუვდი, იმას ახლა მეტად ვაკვირდები. ადრე ყველას ვენდობოდი და დღემდე მაქვს ეს თვისება. სულ მინდა, შევიცვალო, მაგრამ მაინც მიმნდობი ვარ. მე ჩემი მეგობრისთვის არასდროს მიღალატია, ამაში ყველა დამემოწმება. მართლა გადამკვდარი მეგობარი ვარ. ვთვლი, რომ მეგობრობის ნიჭი ნამდვილად მაქვს და გამომდინარე იქიდან, რომ მე არასდროს მომსვლია თავში აზრად უახლოესი მეგობრის ღალატი, ვერასდროს წარმოვიდგენ, რომ თვითონ შეიძლება მიღალატონ და აქედან მოდის ჩემი ძალიან ბევრი იმედგაცრუება. თუმცა, ეს უფრო ახალშეძენილ მეგობრებს ეხება. ამიტომ, მიხვდი, რომ რაღაც ასაკში მეგობრების დამატება, კარგის მომტანი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.

– ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, ქმართან დაშორების შემდეგ, ქალისთვის შვილის ყოლა ცუდ ტონად ითვლებოდა და ამის გამო, კომპლექსი გამიჩნდაო.

– რამდენიმე წელიწადში ძალიან შეიცვალა მდგომარეობა და დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იმ დროს, გულწრფელად ვამბობ, იცი, როგორ პრობლემად დამისახეს? ამას ბულინგიც აღარ ჰქვია, შეიძლება, თავი მოიკლა. როგორ, შენი საყვარელი ადამიანის გამო ვიღაც შენზე უარს ამბობს? შვილის გამო? საშინელებაა. თან, როცა ახალი განქორწინებული ხარ, ისედაც ამხელა სტრესი გამოიარე და ამ დროს შენზე ამბობენ: უფ, ეს შვილიანია, ეს განათხოვარიაო – ქალისთვის ეს საშინელებაა. მე ამან დამაკომპლექსა და ვმალავდი, რომ შვილი მყავდა. მერე რომ დავფიქრდი, მიხვდი, რომ ვმალავ ადამიანს, რომელიც ცხოვრებას მირჩევნია და რომლის გამოც დაუფიქრებლად გავწირავ სიცოცხლეს? რატომ, იმიტომ, რომ ვიღაცამ ზედმეტი არ იფიქროს? შვილის სიყვარულმა დამაძლევინა ეს კომპლექსი. დღეს მგონია, რომ ეს პრობლემა ნაკლებად დგას, მაგრამ თუ მაინც ვინმე იმავე გზას გადის, ვეტყვი, რომ ამქვეყნად შვილზე ძვირფასი არავინ არის, არცერთი კაცი, არცერთი ადამიანის წარმოდგენა შენზე. ამიტომ თამამად იცხოვრეთ და დატკბით ღმერთის საჩუქრით. დედობა ნამდვილად ღმერთის საჩუქარია. კაცისთვის, რომელიც იმით გაფასებს, გყავს თუ არა შვილი, გამარჯობის თქმაც არ ღირს. თუ უყვარხარ, უყვარხარ შენი შვილით და თუ თემის განხილვას ამ ჭრილში იწყებს, მასზე ლაპარაკი არც ღირს. ამიტომ, კაცები სწორად უნდა აარჩიოთ. როგორც კი დედა ხდები, სხვანაირად იწყებ ფიქრს. ნამდვილი დედის ფიქრები მთლიანად შვილზე გადადის და როგორც კი ხვდები, რომ შეიძლება, შენს შვილს დისკომფორტი შეექმნას, იქიდან იწყება კაცის რეალურად შეცნობა.

– რას ფიქრობ მათზე, ვინც მეორედ ქმნის ოჯახს და შვილს მშობლებთან ტოვებს?

– ვერავის პირადში ვერ ჩავერევი, მაგრამ მე პირადად, არცერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი შვილების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ როცა გავთხოვდი, შეიძლებოდა ბევრი რამ დამეკარგა, იმიტომ, რომ ყველაფერზე უარს ვამბობდი იქ, სადაც ჩემი შვილები არ იგულისხმებოდნენ. მქონდა საშიშროება, რომ ის სიყვარულიც დამეკარგა და ურთიერთობებიც, მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი, რომ სადაც მე ვიყავი, იქ იყვნენ ჩემი შვილებიც. თუ მოგწონვარ ასეთი, მოგწონვარ. ყველაფერი თავიდანვე გავარკვიეთ. შენ გათხოვდე, კარგად იყო და შვილები დატოვო, ჩემთვის ძალიან არაადამიანურია. საერთოდ ვერც ვლაპარაკობ ამაზე, ჩემ გარშემო არც მომხდარა მსგავსი რამ. ჩემთვის ქალი, რომელიც შვილს ტოვებს, არის ცხოველი, ის ჩემთვის ქალი არ არის. ჩემი შვილი რომ ჭამს, მგონია, რომ მე ვყლაპავ, შემიძლია, ყველაფერი დავიფიცო, ასეთი თანაგანცდა მაქვს ჩემს შვილებთან და მათი დატოვება? საერთოდ რაზეა ლაპარაკი? ასეთ ქალს გამორიცხულია, სიყვარული შეეძლოს. ის იმ კაცსაც აუცილებლად დატოვებს. მე არ ვსაუბრობ ემიგრაციაში წასულ და იძულებით ამ პირობებში მყოფ ქალებზე, მე ვამბობ, ქალებზე, რომლებიც შვილებს საკუთარი კომფორტისთვის ტოვებენ. მათზე, ვინც შვილებს ქმრების გამო ტოვებენ.

– ბევრჯერ გახდი ბულინგის მსხვერპლი. ეს იწვევს კომპლექსებს?

– არა, ეს არ იწვევს კომპლექსს. არ შეიძლება, უდონო ადამიანმა გამოიწვიოს ჩემში კომპლექსი. როგორ უნდა დაგაკომპლექსოს ადამიანმა, რომელიც არაფერს წარმოადგენს არამარტო შენთვის, თავისი მშობლებისთვისაც კი. გაბოროტებულმა, დაბოღმილმა და შეუმდგარმა ადამიანმა რა კომპლექსი უნდა გამიჩინოს? ვერანაირი. ერთადერთი, ძალიან მაგრად ვხალისობ მათთვის პასუხების გაცემაზე, ზოგს არც ვპასუხობ, უბრალოდ, მათ პროფილზე რომ შევდივარ, ვფიქრობ, ამან სხვა რა უნდა დაწეროს?! თუმცა, ძალიან მხვდება გულზე, ჩემს შვილებს თუ შეეხებიან, ჩემზე რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, მათი აზრი არ მაინტერესებს. თავიდან ემოციურად ვუდგებოდი, მაგრამ ზუსტად 21 წელია, რაც ეკრანზე ვარ და წარმოიდგინეთ, რამდენი რამ მომისმენია ჩემს თავზე, რამდენი შეურაცხყოფა წამიკითხავს და გამიგია. ამიტომ დიდი ხანია, საერთოდ აღარ მაინტერესებს.

– რას ურჩევ შვილებს საკუთარი გამოცდილებიდან?

– მე ჩემს შვილებს ვუზიარებ აბსოლუტურად ყველაფერს. არ არსებობს თემა, რომელზედაც ჩვენ არ ვსაუბრობთ. ჩემი ქალიშვილი უკვე ცხრამეტი წლისაა.

– და დებივით გამოიყურებით...

– კი და ძალიან მიხარია. სადღაც წავყევი და გვითხრეს, ორი სტუდენტი ერთად ვერ შეხვალთო (იცინის). უკვე დიდი გოგოა, მისი მეგობრები შვილივით მყავს. საათობით ვჭორაობთ ხოლმე და ყველაფერს ვუყვები საკუთარ თავზე, ვეუბნები, მე ხომ არ ვარ მხცოვანი ადამიანი, რომლის რჩევაც შეიძლება, არ გაითვალისწინო და თქვა, რა იცის ამან, თქვენხელა ვარ და გამომიყენეთ რაშიც შეიძლება-მეთქი. ეს ძალიან ეხმარებათ, განსაკუთრებით გოგოებს. ბიჭი ნაკლებად საუბრობს თავის პირად საკითხებზე, მაგრამ მისმენს, რაც ძალიან მიხარია. ვერ ვიტან, კაცს რომ ეს თვისება არ აქვს და ძალიან ბევრს საუბრობს. მან იცის, რომ ჩემთვის მთავარია, ის იყოს ბედნიერი. მე მომეწონება თუ არა მისი არჩევანი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ნათქვამი მაქვს ბავშვებისთვის, რომ მე ბიჭების ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ მაშოს ცხოვრებაში აუცილებლად ჩავერევი, იმიტომ, რომ გოგოა და მე ვიცი, რამდენად ადვილია ქალის მოტყუება. თუმცა, კაცს რომ დედა აგირჩევს ცოლს, ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია.

– ცრურწმენები გაქვს?

– ბავშვობაში გვქონდა ცრურწმენები, უფრო ბავშვური თამაშები, ბებია რასაც გვასწავლიდა. ფეხზე დაბიჯებაზე რომ დაბიჯებით უნდა გეპასუხა, რომ დედა არ მოგკვდომოდა, ფეხზე თუ გადამაბიჯებდნენ, განვიცდიდი, ვაიმე, აღარ გავიზრდები-მეთქი და ათასი სისულელე (იცინის). ახლა მსგავსი არაფერი, მაგრამ ბავშვობიდან მომყვება უსიამოვნების განცდა სარკის გატეხვისას. მახსოვს, რომ ეს ძალიან ცუდის ნიშანია და ძალიან არ მსიამოვნებს, თუმცა, ვხვდები, რომ ესეც დიდი სისულელეა. მაგრამ მაქვს თილისმა – მამას ბოლო წუთებში, სანამ მიწას მივაბარებდით, ხელზე ფსკვნილი გავუკეთე, რომელიც ბოლო წამს გავუცვალე, ჩემი მას მივეცი და მისი მე დავიტოვე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ის ყოველთვის ხელზე მიკეთია და ძალიან კარგად მაქვს დაცდილი. საქმეზე თუ მივდივარ და ხელზე ეს ფსკვნილი მიკეთია, ვიცი, რომ ის საქმე აუცილებლად გამოვა. ეს შეიძლება, ვიღაცისთვის ცრურწმენაც იყოს, მაგრამ ჩემთვის იღბლის მომტანია და დიდი იმედი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...