შოუბიზნესი

რატომ იშიმშილა თორმეტი დღე კოსტა სანიკიძემ და რაზე უარის თქმის შემდეგ გახდა ის ალკოდამოკიდებული

№19

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 15.05, 2023 წელი

კოსტა სანიკიძე
დაკოპირებულია

25 წლის კოსტა სანიკიძეს თეატრალური განათლება არ გააჩნია. თუმცა, დიპლომის გარეშეც საკმაოდ წარმატებულია და არაერთ ფილმში გადაიღეს, ერთ-ერთში კი არაჩვეულებრივად შეასრულა მთავარი, დასამახსოვრებლად სახასიათო როლი. კოსტა ბავშვობიდან წერს ლექსებს, ნოტები არ იცის, მაგრამ ქმნის მუსიკას, არის მომღერალი და მის მუსიკალურ ვიდეორგოლებს „იუთუბიზე“ მილიონობით ნახვა აქვს... მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფართო საზოგადოებამ ის მაინც პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო. ფაქტია, მის თაყვანისმცემლებს კიდევ უამრავი დაემატა და ექსტარავაგანტური და თბილი ხასიათით კი ბევრს შეაყვარა თავი. მართალია, კოსტა პრესის ჟურნალისტებს არ სწყალობს, თუმცა, ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუზე დაგვთანხმდა და გულახდილად ისაუბრა.

– ამბობენ უცნაური ბავშვი იყავი, ბევრჯერ სახიფათო სიტუაციაშიც აღმოჩნდი, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა გმფარველობდა და უვნებელი გადარჩი...

– მართლაც, უცნაური ბავშვი ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა. ჩემი საყვარელი გართობა ფანჯარაში შემოსული მზის სხივები იყო. ნაჭრისგან თოჯინებს ვაკეთებდი და ვთამაშობდი. ვიჯექი ეზოში ცალკე და ჩემთვის ვბუტბუტებდი. უცნაური სიზმრები მესიზმრებოდა, ღამე ვიღვიძებდი და ვსაუბრობდი. სხვათა შორის, უცნაურობები დღესაც მახასიათებს. ადრე სილუეტებს ვგრძნობდი და ხმები მესმოდა, რამდენიმე წლის წინ კი ვიგრძენი, სილუეტმა როგორ ჩამიარა წინ და გამომხედა. არ დამავიწყდება, ბავშვობაში, რვა წლის ასაკში, ქობულეთში ვისვენებდი, გზა უნდა გადამერბინა, მანქანა მარტყამდა. რაღაც ძალამ ამწია და გადამწია. ალბათ, ორმოცდაათი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს, გაოგნებულები იყვნენ, ვერ მიხვდნენ რა მოხდა. მძღოლმაც კი გააჩერა მანქანა და გაოგნებული კითხულობდა: რა ქნა ამ ბავშვმაო. ბროლის ჭიქებს ვამსხვრევდი, საფერფლეც გამსკდარა ჩემ წინ... ბევრი მისტიკური ფაქტი ხდებოდა, რასაც მაშინ ვერ ვხსნიდი. კუკიაზე, სასაფლაოებთან ახლოს ვცხოვრობ. მთელი ბავშვობა სასაფლაოზე გავატარე, მიყვარს იქაური ენერგია. თუ ენერგეტიკულად მიგიღო მაგ ადგილმა, ჩათვალე, შენი სამყაროა, რომელიც გამშვიდებს. ყოველ შემთხვევაში, მე მომწონს და მამშვიდებს. ბევრი მინახავს, სასაფლაოზე ვერ შედის, რაღაც ენერგია არ უშვებს. მე კი იქ ვწერდი ლექსებს, ვფიქრობდი, ვსაუბრობდი, ღამე მიძინია კიდეც და სექსიც კი მქონია. ახლა, ამას რომ ვამბობ, ვიღაცისთვის გიჟი ვარ, მაგრამ მე სასაფლაოს ენერგეტიკა მამშვიდებს და არც სიკვდილის მეშინია.

– კოსტა, მართალია, რომ არასრულწლოვან ასაკში ნარკოტიკი გასინჯე, რაღაც პერიოდი მისი მომხმარებელიც იყავი, შემდეგ კი ის სასმლით ჩაანაცვლე და სასმელდამოკიდებული გახდი და დღემდე ებრძვი ამ სისუსტეს?

– მეთორმეტე კლასში ვიყავი, ნარკოტიკი პირველად რომ გავსინჯე. საერთოდ არ ვიცოდი, რასთან მქონდა შეხება, რა შეეძლო, გამოეწვია, რამხელა ზიანს მომაყენებდა და სადამდე მიმიყვანდა. იმ მომენტში ვერ ხვდები, რომ შეიძლება, მთელი შენი ცხოვრება შეიცვალოს. ამას იმწუთას ვერ აცნობიერებ. მეგობარმა გოგონამ გამასინჯა, მომეწონა ის მდგომარეობა, რაც ამ აბმა ჩემში გამოიწვია და წავიდა და წავიდა. ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყო, მერე სხვა რაღაცები გავსინჯე და ერთ მშევენიერ დღეს, როცა გავიღვიძე, მივხვდი, რომ ასე აღარ შეიძლება და გადაწყვეტით უარი ვთქვი. ბევრჯერ არასწორ ადგილებში მოვხვდი, სადაც ადვილად ხელმისაწვდომი იყო ნარკოტიკი. როცა გეწყება შფოთვა, ნევროზი, გაღიზიანება, პანიკა, ჰალუცინაციები, ვერ ხვდები, რა გაკლია, რა გინდა... ყველა განიცდის, როცა ასეთს გიყურებს, გარშემო მყოფები, ვისაც შენზე გული შესტკივა. მოსაყოლად ადვილია, მაგრამ ამის უკან მძიმე დღეები იმალება, რასაც იქამდე მიჰყავხარ, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ისეთ სიბნელეში ჩავსულვარ, შენი ლანდიც რომ გტოვებს. ერთხელ, ერთ-ერთი სინთეტიკური ნარკოტიკის მიღების დროს, დოზის გადამეტების გამო, მიღებიდან რამდენიმე წუთში, გული გამიჩერდა. არცერთი ლოგიკით, ცოცხალი არ უნდა ვიყო, თუმცა, არ გამწირა ღმერთმა და კოსმოსმა. ჩემსავით კი ბევრს არ გაუმართლა. სასწრაფო რომ დროულად არ მოსულიყო, დღეს ცოცხალი ვერ ვიქნებოდი. ფაქტობრივად, თავიდან „ჩამრთეს“. მოკლედ, დროულად მივხვდი სადამდე ვეშვებოდი და შევეშვი. ამ ყველაფრის დრამატიზება ხდება და არავინ ლაპარაკობს, ამის უკან რა იმალება. ეს ყველაფერი არ არსებობს პრობლემების, გაფუჭებული ურთიერთობების გარეშე. გგონია, აღარავის სჭირდები, მარტო ხარ. მთავარია, გადაწყვეტილებამდე მიხვიდე, გადადგა ნაბიჯი და წერტილი დასვა.

– როდესაც წერტილი დასვი, მერე შემოვიდა ალკოჰოლისადმი ზღვარგადასული ლტოლვა?

– დიახ, ასეა. როცა წერტილი დავსვი, მერე შემოვიდა ალკოჰოლი, თამაშ-თამაშით, ძალიან მარტივად. ლუდი, ლექსი, გიტარა, სუფრა... არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე სვამენ და რომ ჰკითხო, სასმელზე დამოკიდებული ხარო, გიპასუხებს: არაო აბა, იყავი სამი დღე ფხიზელი და მიხვდები რომ დამოკიდებული ხარ (იცინის). სხვათა შორის, მე ნარკოტიკზე იმდენად არ ვიყავი დამოკიდებული, როგორც ალკოჰოლზე. კიდევ ვამბობ, გავიღვიძე ერთ დღეს და ვთქვი: მე ამას აღარ მივიღებ! და იქ დავსვი წერტილი, თუმცა ჩავანაცვლე ალკოჰოლით. არიან ადამიანები, სამ ჭიქას დალევენ და ჩერდებიან. მე სამი ჭიქა რომ დავლიო, ვეღარ ვჩერდები. ასეთი დამოკიდებულება მაქვს. თუმცა, უკვე ვაკონტროლებ, რამდენი ჭიქა დავლიო. არადა, მანამდე საკმაოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი. ახლაც, ვვარჯიშობ. გეტყვით, რომ მაშინ მიყვარდა ჩემი თავი, მაგრამ ახლა უფრო დიდ პატივს ვცემ.

– ხელოვანი ადამიანი ხარ. არაჯანსაღი ცხოვრების წესმა პიროვნულ თუ კარიერულ განვითარებაში ხელი არ შეგიშალა? თუნდაც, გადასაღებ მოედანზე, სადაც ფილმში გადაგიღეს და მთავარ როლს საკმაოდ საინტერესოდ თამაშობ.

– რაზეც ვისაუბრე, ამ ყველაფერმა კარიერის მხრივ ძალიან ბევრი რამ დამაკარგვინა – ხვალ... ზეგ... დღეს, ასეთი ვერ მივალ... ერთი სიტყვით, ცხოვრებაში, რაც ეხება ხელოვნებას, არაფერი შემიქმნია ზემოქმედების ქვეშ. ძალიან ბევრ ადამიანს ვყავარ გადასაღებ მოედანზე ნანახი, სტუდიაში სიმღერის ჩაწერის დროს, რეპეტიციის დროს და ამას ყველა დამიდასტურებს. სხვათა შორის, კუკიაზე დავიბადე და გავიზარდე და გამიმართლა, რომ ჩემ დროს უფროსი თაობა სხვანაირი იყო, რომლებმაც ბევრი რამ გვასწავლეს. სერიოზული აკრძალვებიც გვქონდა, მაგალითად, მე სახლში ვეწეოდი სიგარეტს, გარეთ ყოფილა მომენტი ვერ მომიწევია.

– ის თუ არის მართალი, რომ შენი შინაგანი „მეს“ საძიებლად, შენეული ოკულტური რიტუალები და მეთოდები გაქვს?

– ჩემს ლექსებში კარგად იგრძნობა ჩემი სულიერი მდგომარეობა და ის, თუ როგორ ვეძებდი და ვეძებ ჩემს შინაგან „მეს“. ჩემი თავის ამოსაცნობად, თორმეტი დღე მიშიმშილია, საჭმელი მედო წინ და არ მიჭამია, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ამ ყველაფრის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი (იცინის). სხვათა შორის, ოცდათორმეტი დღე არ გავდიოდი სახლიდან და არ მიბანავია. ამით, გამოცდა მოვუწყვე ჩემს თავს და ექსპერიმენტი ჩავატარე ჩემს ჩვევებზე. ოცდამეცამეტე დღეს ვიბანავე – მეგობრის მეჯვარე ვიყავი და მის ბავშვს ვნათლავდი.

– მრავალმხრივ რეალიზებული და ნიჭიერი ადამიანი ხარ. თვითნაბადი ხელოვანი – პოეტი, მსახიობი, მომღერალი... სად უფრო იპოვე შენი თავი?

– სულ ვშრომობ, ვცდილობ, განვვითარდე და გავძლიერდე. ჩემს ცხოვრებაში თავიდან შემოვიდა პოეზია, შემდეგ მოვიდა მელოდია და დავიწყე სიმღერის წერა. თეატრალურზე ვაბარებდი, თუმცა, ისეთი განწყობა და აურა დამხვდა, მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო და ვერ მივიღებდი იმ ცოდნას, რისი მიღებაც მსურდა. ავდექი და გამოვიქეცი. შემდეგ ვითამაშე ირაკლი დონაძის ფილმში შეზღუდული შესაძლებლობების ტიპის როლი. ბრიტანულ ფილმშიც უნდა გადავეღეთ, საბილიარდოს ბარმენის როლი იყო, საკმაოდ სახასიათო. მაგრამ ბრიტანული დიქცია დამიწუნეს. თუმცა, 350 კაციდან ხუთეულში მოვხვდი. ბოლო ფილმი, რომელშიც ვითამაშე, ნიუ-იორკის ფესტივალზეა გაგზავნილი, გიორგი მეგრელიშვილის ფილმია, ბაზალეთზე გადავიღეთ და იქ ვთამაშობ დამოკიდებულ ადამიანს, რომელიც აგდებს წამალს და მისი ძმა სხვენში კეტავს. რაც შეეხება მუსიკას, ნოტები არ ვიცი, თუმცა წავიღიღინებ და ბენდი შლის მუსიკად. ხასიათი და მდგომარეობა უნდა გადმოსცე და მეორე ადამიანისთვის აბსოლუტურად გასაგები ხდება შენი დამოკიდებულება, განწყობა და რიტმი.

– ვიცი, გადასაღებ მოედანზე საკმაოდ მობილიზებული, პასუხისმგებლობიანი და მკაცრი ადამიანი ხარ. შენი ასეთი ხასიათი და დამოკიდებულება მართლა გახდა ერთ-ერთი როლიდან მოხსნის საბაბი?

– კი არ მომხსნეს, თავად ვთქვი უარი როლზე. რეჟისორთან მომივიდა შეკამათება. მოტივირებული რომ ვარ ადამიანი, იქით გეხვეწები, კარგი გავაკეთოთ-მეთქი და შენ მოჭუტული თვალებით მისმენ, ყავითა და წვრილი „სობრანიეთი“ ხელში და მეუბნები – „უფ“... რეჟისორისგან ასეთი დამოკიდებულება არ მესმის. მსახიობობა არის დამოკიდებული პროფრესია. ანუ, მე დამოკიდებული ვარ რეჟისორზე, რომელიც მათამაშებს. კამერის უკან ადამიანი დგას, მე ვარ პლასტილინი და მან უნდა გამომძერწოს. როცა მე მოთხოვნა მაქვს და რაღაცას ვერ ვიგებ, კეთილი უნდა ინებოს და უნდა ამიხსნას. თუ არც გაგება უნდა და არც ახსნა, ასეთ რეჟისორთან ნამდვილად ვერ დავკავდები და ფილმში ვერ ვითამაშებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა