შოუბიზნესი

რატომ იქცა ირინა ბაირამაშვილისთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი ჯოჯოხეთურად და რა განსაცდელმა დაანგრია ის

№23

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 16.06, 2021 წელი

ირინა ბაირამაშვილი
დაკოპირებულია

მუსიკოსი ირინა ბაირამაშვილი მეორე შვილის დედა გახდა. ეს დიდი ბედნიერება უმძიმეს მომენტში ეწვია, მაშინ, როცა კოვიდის დამძიმებულ ფორმას კლინიკაში ებრძოდა და ურთულეს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაში იყო.

ირინა ბაირამაშვილი: გადასარევი ორსულობა მქონდა, ვცდილობდი, შემოქმედებითადაც მეაქტიურა და პანდემიური მდგომარეობა უკეთესობისკენ რომ შეიცვალა, გავთამამდი. ვფიქრობდი, ორსულებს მარტივად გადააქვთ კოვიდი-მეთქი, მაგრამ რეგულაციებს მაინც მაქსიმალურად ვიცავდი.

ერთ დღეს ჩემს მეუღლეს სიცხე მისცა და საშინელი შეგრძნება დამეუფლა. ტესტი გაიკეთა. აღდგომა იყო, სანამ პასუხს გავიგებდით, რაღაცების საყიდლად გავედი და ძალიან ცუდად გავხდი. წნევას დავაბრალე, მაგრამ სიცხე აღმომაჩნდა და ამასობაში ქმარმაც დამირეკა, კოვიდი დამიდასტურდაო. მეც გავიკეთე ტესტი და დამიდასტურდა. საგარეჯოში ვიყავით, ჩემი ბიძაშვილი ექიმია და გადავრიე. მაშინვე ხველა დამეწყო და რომ მითხრა, ზომები მივიღოთო, თავი გავიგიჟე, ორსულმა რა ზომები უნდა მივიღო, სახლში ვიმკურნალებ-მეთქი და დავიწყე სითხეების მიღება.

მეორე დღეს სიცხე აღარ მქონდა და ვიფიქრე, რომ მარტივად გამოვძვრებოდი. მაგრამ მესამე დღიდან ვგრძნობ, რომ ვმძიმდები. ხელ-ფეხს ვეღარ ვგრძნობდი, თმის ღერებიც კი მტკიოდა. გინეკოლოგს დავურეკე, მეუბნება, ისევ სითხეები მიიღეო. ვეღარც ამდენ სითხეს ვიღებ, გული მერევა, 37-ე კვირაში ვარ. შვიდი დღე სახლში ვეწამე. მეშვიდე დღეს დავურეკე გინეკოლოგს, მე თუ მოვკვდი, ბავშვსაც საფრთხეს შევუქმნი და სახლში ვეღარ გავჩერდები, თბილისში, კლინიკაში უნდა დავწვე-მეთქი. ჩავალაგე ყველაფერი სამი დღისთვის. მეგონა, მეტი დრო არ დამჭირდებოდა სამკურნალოდ, იმიტომ, რომ ჩემმი ქმარი გადასხმებით, სითხეებითა და ბუშტების ბერვით სამ დღეში გამოვიდა მდგომარეობიდან.

გამოვალ და მერე ვიმშობიარებ-მეთქი, იმედიანად მივდიოდი, მაგრამ როგორც კი კლინიკაში შევედი, საშინელი შეგრძნებები დამეუფლა. ვგრძნობდი, რომ იქიდან მალე ვერ გამოვიდოდი. ტირილი ამივარდა, ვეღარ ვჩერდებოდი, სკაფანდრიანი ექიმები რომ დამესივნენ და უამრავი კითხვა დამაყარეს, საშინელი დეპრესია დამეწყო. ჩემი უფროსი შვილი, ერთადერთი დღით მყავს ჩემს გარეშე დატოვებული და ეს განშორება ჩემთვის უდიდესი სტრესი იყო. ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები, ვეღარ მაჩერებდნენ. პირველი დღე იმდენად ბურუსში ვიყავი, გარშემო ვერაფერს ვხედავდი.

პალატაში ორსული გოგო დამხვდა და ბუნდოვნად მახსოვს, რომ რაღაცებს მეკითხებოდა. ფანჯრიდან ეკლესია ჩანდა და წირვა-ლოცვის ხმა ამოდიოდა, აღდგომის დღეები იყო და მთელი დღე გრძელდებოდა. ეს ხომ დიდი შვებაა, მაგრამ აზროვნება მიჭირდა. ეს ხმები რომ მესმოდა ვფიქრობდი, სად ვარ, სამოთხეში, ღმერთთან-მეთქი?! ნორმალურად ვეღარ ვაზროვნებდი. მინდოდა, მელოცა, ღმერთისთვის დახმარება მეთხოვა, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა. ალბათ, იცით, გოგო ბავშვთან ერთად რომ გარდაიცვალა კოვიდით, ეს ზუსტად ამ კლინიკაში მოხდა და ექთანი ჰყვებოდა მის ისტორიას. ჩემთვის ვფიქრობდი, ღმერთო, მომეცი ძალა, რომ აქედან გაგიჟებული არ გავიდე-მეთქი. ექიმებს მარტო თვალები უჩანდათ, რაც კიდევ უფრო მზაფრავდა. ბევრი ნემსით რომ მოდიოდნენ, ვხვდებოდი, რომ ჩემთან იყვნენ, ყველაზე რთულად მე ვიყავი. გადასხმები, ანალიზები, გადასხმები, ანალიზები... ძალიან ცუდი მაჩვენებლები მქონდა, მაგრამ მამშვიდებდნენ, ორსულებში ასეაო. თავიდან დღეებს არ ვითვლიდი, ისევ ვფიქრობდი, რომ მალე მორჩებოდა ეს ყველაფერი და რადგან პატარა ჯერ დაბადებას არ ჩქარობდა, იქიდან გამოსული მშვიდად წავიდოდი სამშობიაროში. გეგმები დავსახე, მაგრამ მერე დაიწყო, რაც დაიწყო.

– მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა?

– მარტო ფიზიოლოგიურს მისხამდნენ და ანალიზებს მიკეთებდნენ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვას ვერაფერს იზამდნენ. ვენიდან სისხლის აღებაც ტანჯვად მექცა, ისე მქონდა დალურჯებული, ნაცემს ვგავდი. ამასობაში შვიდი დღე გავიდა. ოფლისგან ვიწურებოდი, სულ სველი ვიღვიძებდი. მერე ერთი გოგო შემოიყვანეს ჩვემთან, რომელსაც 11 წელი შვილი არ ჰყავდა და მის წინაშე ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, ბავშვს რომ ველოდი...

ყველაფერს გამძაფრებულად აღვიქვამდი. ჩემს ქმარს რომ ვურეკავდი და ბავშვს ვუყურებდი, ვტიროდი, სახლის ფოტოს რომ ვხედავდი ვტიროდი, დედაჩემმა ნამცხვარი გამომიგზავნა და როგორ მომნატრებია-მეთქი, გიჟივით ვტიროდი. მუცლად მყოფ ბავშვზე ნერვიულობაზე აღარაფერს ვიტყვი, დღეში სამჯერ ამოწმებდნენ ნაყოფის გულისცემას. მოკლედ, ცამეტ რიცხვამდე გავიარე პირველი ჯოჯოხეთი. 13-ში მშობიარობა დამეწყო. მუცელი რომ ამტკივდა, სიმხნევე მომემატა. მეგობრებს დავურეკე, მშობიარობა დამეწყო და არ ინერვიულოთ, ბლოკში გადამიყვანენ, ვიმშობიარებ და სამ დღეში გამომწერენ-მეთქი. ძალიან გამიხარდა, გამოვფხიზლდი, თავს ვიმხნევებდი. ვფიქრობდი, ბავშვი რომ დაიბადება ჩვეულებრივად მიმკურნალებდნენ და უცებ გამოვკეთდებოდი. ზუსტად ნახევარ საათში გავაჩინე ბავშვი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მშობიარობის დროს ერთი არ დამიხველებია, სულ სამი გაჭინთვა დამჭირდა. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე. მხოლოდ ჟანგბადი გამიკეთეს, რომ სუნთქვა არ გამჭირვებოდა. წინასწარ გამაფრთხილეს, რომ ბავშვს არ მანახვებდნენ, რადგან არაკოვიდ ზონაში უნდა გადაეყვანათ. რომ დაიბადა, შევხედე და სულ ეს იყო. ამის შემდეგ შემიყვანეს 306-ე პალატაში და აქ დაიწყო

მეორე ჯოჯოხეთი. მაშინვე ამიღეს ანალიზები და ნემსები გამიკეთეს. ათი ნემსით შემოდიოდნენ ექთნები, მაგრამ უკვე რეაქცია აღარ მქონდა. ტელეფონი ექიმებისა და ექთნების ნომრებით მქონდა სავსე. მესამე დღეს მეუბნებიან, ცუდად გვაქვს საქმე, ანალიზებმა ცუდი პასუხები აჩვენა და სასწრაფოდ ანტიბიოტიკებს ვიწყებთო. სასწრაფოდ კატეს გადასაღებად ჩამიყვანეს. კახელი გოგო აღმოჩნდა იქ, მიცნო და ისე კარგად შემხვდა, გავმხნევდი, რა კარგად დაიწყო ყველაფერი-მეთქი, მაგრამ ამ გოგომ რომ გადამიღო, სახე წაეშალა, ვხვდები, რომ კარგად ვერაა საქმე. მერე მითხრეს, რომ ორმხრივი პნევმონია მაქვს, სისხლში ცუდად არის საქმე, ანალიზები ზეცაშია ატყორცნილი. ბავშვი მარტოა, ვერ ვნახულობ, უკვე ხუთი დღეა გასული.

თავიდან იწყება ტანჯვა და მეც უკვე ჭკუიდან გადავდივარ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ისტერიკაში ვარ. დავრეკე ჩემს მამაოსთან და მაშინ გავაცნობიერე, რომ ოთხი წელია, ჯვარი არ მკეთებია. უფალს ვევედრებოდი, როგორც შენ გინდა, ისე იყოს-მეთქი. მერე თვითგვემაში ჩავვარდი, აი, ჯვარს რომ არ ატარებ, მთელი ორსულობა რომ არ ეზიარებოდი, იმიტომ ხდება ეს ყველაფერი-მეთქი. საშინელ დღეში ჩავვარდი. ამასობაში ოცი რიცხვი დადგა, ჩემი და ჩემი მეუღლის შეუღლებიდან შვიდი წლისთავი და მე შოკში ვარ – ამ დღეს სად ვარ, რას ვაკეთებ-მეთქი?! გინეკოლოგი შემოდის, საშვილოსნო ძალიან რთულად გეხურება, შიგნით რაღაცებია დარჩენილი და უნდა გამოვფხიკოთო. უნარკოზოდ, თავიდან გამიხსნეს საშვილოსნო.

უკვე რობოტად ვიქეცი. სკაფანდრიანი ადამიანების შიშები დამეწყო, ახლა რაღას მეტყვიან-მეთქი, ვფიქრობდი. ვლოცულობდი, რძე არ გამშრობოდა ნერვიულობისგან. კიდევ კარგი, რძე უსაფრთხოა ბავშვისთვის, ბავშვიც კოვიდით არ იბადება, მაგრამ საშინლად დასტრესილია. ყველაფერთან ერთად აღმოჩნდა, რომ ძალიან რთული პოსტმშობიარობის პერიოდი მქონდა. ახლა, როცა უკვე სახლში ვარ, მაინც სულ ვტირი. ძალიან ემოციური ვარ. მშობიარობის შემდეგ ეს ისედაც მოსალოდნელია, მაგრამ ამ ფონზე მით უმეტეს. დღეებს ვითვლიდი, მეცხრე-მეათე ანტიბიოტიკიდან უკეთესობა ვიგრძენი, მაგრამ საავადმყოფოს კედლებს, აპარატებს, სრულ სითეთრეს რომ ვუყურებ და სპეციფიკური სუნი მცემს, თავი ჯოჯოხეთში მგონია.

მერე ხუმრობაც დავიწყე, აქაურობას აივანს მივაშენებ და სარეცხის გაფენას დავიწყებ-მეთქი. უნდა გენახათ, რამდენი ბარგით გამოვედი იქიდან მეთვრამეტე დღეს. აღარ მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა. შიშით ვეღარც ვკითხულობდი, დღეს გამიშვებთ-მეთქი?! ბოლოს ექიმი რომ შემოვიდა, მეუბნება: ირინა, აბა, ჯერ ერთი მაგრად გვიმღერე და მერე გეტყვით პასუხებსო. რომ მითხრეს, ყველა ანალიზი მწყობრშიაო, მერე სანის ექიმს დავურეკე და იმანაც, სანი გასაწერად მზად გვყავსო, დედას ვფიცავარ, თავიდან დავიბადე. პალატაში წინ და უკან დავდიოდი, ადგილს ვეღარ ვპოულობდი და ჩემმა ქმარმა გასასვლელად ტანსაცმელი რომ შემომიგზავნა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საპყრობილედან გამოვდიოდი. ჩემი მამამთილი წლებია, ციხეშია, დამირეკა და ტირილი ამივარდა, ვერ ველაპარაკე, წარმოვიდგინე, 15 წელი რა მდგომარეობაშია, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და გავუთიშე, არ გავაგიჟო ადამიანი-მეთქი.

– ბავშვს ხომ, ყველაფერი წესრიგში აქვს?

– კი. ვხუმრობ, ბავშვი გაზრდილი გამოვიყვანე და ახლა კარგი გოგო უნდა შევურჩიო-მეთქი. უზომოდ მადლიერი ვარ „ევექსის“ ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური საავადმყოფოსი, მისი მედ-პერსონალის, აბსოლუტურად ყველასი. ბავშვს სასწაულად უვლიდნენ, გაზრდილი და რეჟიმში ჩამჯდარი გამომატანეს. მადლობა ჩემს ექიმს – მამუკა ხოშტარიას, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მან ვერ მამშობიარა, მაგრამ ძალიან დამეხმარა. ამ კლინიკის ექიმს გოგა ახვლედიანს, ქეთი მებონიას და აბსოლუტურად ყველას ექიმიან-დამლაგებლიანად.

– დანიმ როგორ გაძლო დედას გარეშე?

– დანი მამას ბიჭი გახდა. ცალკე სძინავთ, ოთახი მე და სანის დაგვითმეს, დანი რომ ღამე არ შეწუხდეს. ცოტა ვიეჭვიანე, მამას ბიჭი რომ გახდა, დანიმაც ცოტა იეჭვიანა სანიზე, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. მე და ჩემი ქმარიც არასდროს ვყოფილვართ აქამდე ერთმანეთის გარეშე და ვფიქრობდი, ნეტა ვყოფილიყავით, ახლა ასე აღარ გამიჭირდებოდა-მეთქი. დამანგრია ამ განსაცდელმა. რომ გამოვედი, დანის გიჟივით ვკოცნიდი, ძალიან მიჭირდა მის გარეშე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და მომავალში ჩემს წუწუნს ვეღარავინ გაიგონებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი