შოუბიზნესი

რატომ ჰგონია თეო არჯევანიძეს ავტობუსის საჭესთან თავი პრეზიდენტი და რას სჩუქნიან მას მგზავრები

№45

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 16.11, 2021 წელი

თეო არჯევანიძე
დაკოპირებულია

28 წლის მოცეკვავე თეო არჯევანიძე სულ რამდენიმე დღეა, ავტობუსის მძღოლი გახდა და უკვე მგზავრების კეთილგანწყობა დაიმსახურა. ფაქტია, მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ავტობუსის საჭესთან მჯდომი უცხო ადამიანების გაოცებას იწვევს, თუმცა, იმდენად მობილიზებული და კარგი მძღოლია, სიზმარშიც კი ხალხის სამსახურში და მეტად საპასუხისმგებლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სადარაჯოზეა.

თეო არჯევანიძე: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. კაპარჩხანა გოგო ვიყავი, აქტიური, ცნობისმოყვარე... ყველგან და ყველაფერში პირველობა მიყვარდა. პატარა ასაკიდან ვცეკვავ. ბაღში რომ დაუკრა მუსიკის მასწავლებელმა და დავიწყე ცეკვა, აღარ გავჩერდი (იცინის). მშობლებმა იფიქრეს: მოდი, ცეკვაზე შევიყვანოთ, თუ პროფესიონალი მოცეკვავე არ გამოვა, გოგოა, გათხოვდება და ქორწილში ხელს მაინც გაშლისო. სხვათა შორის, ბაღიდან ვიპარებოდი, მივადგებოდი ცეკვის სტუდიას და ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ ცეკვავდნენ დიდი გოგო-ბიჭები. ზოგადად, ბიჭური ცეკვები მომწონდა და ეს სიყვარული დიდობაშიც გამომყვა. სკოლაში რომ მივედი, იმ პერიოდში, ფანდურზეც შემიყვანეს, აკარდეონზეც, „იამაჰაც“ მიყიდეს, მაგრამ უფრო ცეკვა მიზიდავდა. ჩემი უფროსი ძმა კარატეზე დადიოდა და მეც ძალიან მინდოდა კარატისტობა, მაგრამ მშობლებმა არ შემიყვანეს – გოგო ხარ და შენ ცეკვაზე უნდა იაროო. არადა, კარატეზე რომ მევლო, აუცილებლად მწვრთნელი გამოვიდოდი. მკაცრი ცეკვის მასწავლებელი მყავდა, ჯოხით გვადგა თავზე და ამის გამო ავიცრუე გული და გამოვედი. ბავშვობიდან ასეთი ვარ, მე თუ ტკბილი სიტყვა არ მითხარი, არ მომეფერე, არაფერს გავაკეთებ და იმის სიმკაცრეს როგორ ავიტანდი (იცინის). ერთ დღესაც ნათლიას გავყევი რეპეტიციაზე, რომელიც ანსამბლ „ბახტრიონში“ ცეკვავდა. გადავწყვიტე, ისევ დამეწყო ცეკვა და ეს დღემდე გაგრძელდა. ესპანეთსა და იტალიაშიც ვიყავი გასტროლებზე. მედეა ჩახავას კინოაკადემიაში ჩავაბარე, ქორეგრაფიულზე. სამი წელი ვისწავლე და შემდეგ მშობლების რჩევით, საოფისე პროგრამებიც დავამთავრე, საბანკო-საფინანსო განხრით – გოგოა, თუ ცეკვაში არ გაუმართლა, დაჯდება ბანკში და იმუშავებსო (იცინის). არადა, ქორეოგრაფიულის დიპლომი რომ დავიჭირე ხელში, ვიღას ახსოვდა ბანკი და ფინანსები. 17 წლის ასაკში ბავშვთა ჯგუფს ვამეცადინებდი ცეკვაში, ქორეოგრაფის დამხმარე ვიყავი. თუმცა, იქიდან წამოვედი, ცეკვას 24 წლის ასაკში დავანებე თავი და ჯგუფი გავაკეთე. ოთხი წელი ვიმუშავე ანსამბლ „შატილთან“ და ახლა პანდემიის გამო შეფერხება მაქვს. თუმცა, ეს დროებითი გაჩერებაა და ჩემს საყვარელ საქმეს აუცილებლად დავუბრუნდები. უსაქმურად ყოფნა არ შემიძლია და ავტობუსის მძღოლობა გადავწყვიტე.

– აქტიური გოგო ხარ და ფაქტია, გიყვარს შრომა, თუმცა, 28 წლის ასაკში საიდან მოგივიდა ავტობუსის მძღოლობის იდეა და ზოგადად, ავტომობილის საჭესთან რა ასაკიდან ზიხარ?

– მანქანის საჭესთან 21 წლიდან ვზივარ. ავტობუსის მძღოლობამდე კი ორი წელი კონდუქტორად დავსაქმდი და ავტობუსში კონტროლიორად ვმუშაობდი. ზურაბ ასათიანის დიდი მადლობელი ვარ, რომ მიმიღო. ქალი მღოლები სულ მეუბნებოდნენ: აიღე შესაბამისი კატეგორია, დაჯექი ავტობუსის საჭესთანო. ჰოდა, გადავწყვიტე, ისე ადვილად ჩავაბარე გამოცდა, ასე მარტივად არაფერი მოსულა ჩემს ცხოვრებაში და ავტობუსის საჭესთან ჯდომაც საკმაოდ გამიმარტივდა. სხვათა შორის, ავტობუსის მართვა უფრო იოლია, ვიდრე პატარა ავტომობილის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ავტობუსის მძღოლი თუ გავხდებოდი, თუმცა ვერც იმას ვიფიქრებდი ქორეოგრაფიულის მერე, საბანკო საქმეს თუ ვისწავლიდი და მერე, კონტროლიორი გავხდებოდი. ასე რომ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

– როგორი იყო შენი პირველი დღე და რამდენი ხანია, რაც ავტობუსს მართავ?

– ორი კვირაა, რაც ავტობუსს ვმართავ. რაც შეეხება პირველ გასვლას, ძალიან ვინერვიულე, განვიცდიდი, თუმცა, მეგობრები გამომყვნენ და მამხნევებდნენ, მარტო არ დამტოვეს. ვიცინი ხოლმე: ჩემი პირველი მგზავრები, ჩემი მეგობრები იყვნენ-მეთქი (იცინის). როცა ავტობუსი პირველად დავძარი, ფიქრში წავედი: ვაიმე, ისე არ დავაჭირო „ტორმუზს ან „გაზს“ ფეხი, მგზავრები არ დამიშავდეს-მეთქი. თუმცა, ჩემი ხაზის ორი წრე რომ შემოვიარე, მერე მომეშვა ნერვიულობა. სხვათა შორის, მშობლებისთვის არ მითქვამს ავტობუსის მძღოლობას თუ ვაპირებდი, ვიცოდი, ინერვიულებდნენ, დამიშლიდნენ, დამიწყებდნენ: დიდი პასუხისმგებლობაა, დაანებე თავი, სადაც მუშაობ იქ დარჩიო. ფაქტის წინაშე რომ დავაყენე, რაღას იზამდნენ? მშვიდობიან გზაზე გევლოს, შვილოო, მითხრეს. ჯერ არ ყოფილან ჩემი მგზავრები და იმედია მალე ჩასხდებიან ჩემს ავტობუსში და იმგზავრებენ (იცინის).

– როგორც ვიცი, ასაკით ყველაზე პატარა ქალი-მძღოლი ხარ საქართველოში. რა რეაქცია აქვთ მგზავრებს შენი დანახვისას?

– მგზავრები უკვე მცნობენ, თუმცა, პირველად, დიდ სარკეში რომ ვუყურებდი, მგზავრები ფეხზე იდგნენ და ისე მაკვირდებოდნენ. აინტერესებდათ, რამდენი წლის ვიყავი და გაკვირვებულები იყვნენ. რომ ნახეს მშვიდად იმგზავრეს, მერე კი წამოვიდა დიდი სითბო და სიყვარული: ვა, რა მაგარი გოგო ხარ, ამხელა პასუხისმგებლობა რომ იკისრეო (იცინის). ხან შოკოლადებს მჩუქნიან, ხან მანდარინებს. ქუჩიდან ზოგი ხელს მიქნევს, ზოგი ტაშს მიკრავს, ხანდახან თავი პრეზიდენტი მგონია (იცინის). ასე რომ, თავიდან სკეპტიკურად მიყურებდნენ, ბავშვი ვეგონე და ახლა შემეჩვივნენ. ასაკს რომ მეკითხებიან და ვეუბნები, 28 წლის ვარ-მეთქი, მეუბნებიან: არ ყოფილხარ პატარა, მაგრამ არ გეტყობა ასაკი და ამან დაგვაბნიაო. მართლა არ მეტყობა ასაკი და ამიტომ უჩნდებათ კითხვები. სხვათა შორის, ისეთ ინტერესს ვიწვევ, სულ რომ არ უნდათ მგზავრობა, ისეთებიც ამოსულან ავტობუსში და დამმგზავრებიან (იცინის).

– თქვი, აუცილებლად დავუბრუნდები ცეკვასო, ანუ ეს სამსახური დროებითია?

– არა, ისე კარგად მოვეწყვე, ავტობუსის მძოლობა დროებითი ვერ იქნება, თუმცა, მომავალში, ცეკვასაც შევუთავსებ. კიდევ ვამბობ: თუ მოინდომე, შეუძლებელი არაფერია. ავტობუსის მძღოლობამ თავდაჯერებულობა შემმატა, ჩემთვის მთავარი პროფესია გახდა, საზოგადოებას ვემსახურები და მიყვარს, რასაც ვაკეთებ. მთელი დღე საჭეს ვუზივარ და სახლში რომ მოვდივარ და ვიძინებ, სიზმარშიც ავტობუსის საჭესთან ვზივარ. ამაზე ფიქრში ვიძინებ და ვიღვიძებ. მინდა, მოწესრიგებული და კარგი მძღოლი ვიყო. წლების წინ ამას ვერც წარმოვიდგენდი. ქალი მძღოლი რომ დამინახავს ავტობუსზე, გულშიც არ გამივლია, მე როგორი ვიქნებოდი მის ადგილას. არც კონტროლიორობაზე მიფიქრია და ორი წელი ვიმუშავე... როგორც ვიცი, საქართველოში 24-ე ქალი მძღოლი ვარ და ხალხსაც, რომ ეკითხებიან, ძალიან მოსწონთ ქალის მიერ მართული ავტობუსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი