რატომ გაუშვა ბევრი კარგი შანსი ხელიდან გიორგი წიკლაურმა და როგორ დაენგრა ოჯახი ქორწინებიდან ოთხ თვეში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 13.06, 2023 წელი
![გიორგი წერეთელი გიორგი წერეთელი](/files/2023/06/09/7808/giorgi-tsereteli_w_h.jpeg)
მომღერალი გიორგი წიკლაური ბავშვობიდან მღერის, თუმცა მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც საკუთარ თავს არამცთუ სიმღერას, მუსიკის მოსმენასაც კი უკრძალავდა. ამის მიზეზებსა და მისი ცხოვრების სხვა საინტერესო მომენტებზე ის თავად მოგვიყვება.
გიორგი წიკლაური: სიმღერა ხუთი წლიდან დავიწყე. დედამ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში მიმიყვანა, სადაც სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვუკრავდით და ვმღეროდით. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საბავშვო ანსამბლში ვმღეროდი. 12 წლიდან მანანა თოდაძის საბავშვო თეატრ-სტუდია „პრესტიჟში“ განვაგრძე სწავლა. ვდგამდით მიუზიკლებს, გვქონდა გადაღებები, გასვლები და ასე შემდეგ, ძალიან აქტიურები ვიყავით. ასევე, ვმღეროდი „ორერაში“.
– მანანა თოდაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქედან გაქვთ?
– კი, ასეა. მე, ფაქტობრივად, მანანა თოდაძის გაზრდილი ვარ. სტუდიიდან ათი ბავშვი საკონცერტო ჯგუფში ჩაგვსვა და საკუთარ კონცერტებზე მივყავდით ხოლმე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ყველა კონცერტზე ცოცხლად ვმღეროდით. 40 გრადუსი რომ გქონოდა სიცხე, მანანასთან მაინც ცოცხლად უნდა გემღერა (იცინის). ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. სკოლა რომ დავამთავრე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და გადავწყვიტე, სიმღერისთვის თავი დამენებებინა.
– რატომ?
– ბავშვობაში ძალიან ბევრი უცხოური კონკურსიდან ვიღებდი მოწვევას, მაგრამ ვერასდროს ვერსად მივდიოდი, სულ რაღაც მიშლიდა ხელს. მამა იყო წინააღმდეგი. სიმღერას არ მიშლიდა და რაღაცებში ხელსაც მიწყობდა, მაგრამ ამ პროფესიაში ბოლომდე ვერ ხედავდა ჩემს მომავალს, ეს მხოლოდ გართობა ეგონა და ფიქრობდა, რომ გავიზრდებოდი, სხვა პროფესიას ავირჩევდი, ამიტომ ცოტა ხელის შეშლის მომენტი იყო. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ბევრი იმედგაცრუება შემხვდა, გული ძალიან მწყდებოდა, ამდენი შანსი რომ გავუშვი ხელიდან და როცა იურიდიულზე გადავწყვიტე ჩაბარება, იმდენად გულგატეხილი ვიყავი, ვთქვი, რომ სიმღერა საერთოდ აღარ მინდოდა.
სწავლის პერიოდში სასამართლოში, მთავარი მოსამართლის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. იცით, მაშინ როგორი განცდა მქონდა? წყალი რომ ძალიან მოგწყურდება და სულმოუთქმელად ეძებ, რომ როგორმე წყურვილი დაიკმაყოფილო. სიმღერა ძალიან მენატრებოდა. ზოგადად, დეპრესიული ადამიანი არ ვარ, მაგრამ უსიმღერობის გამო, ესეც დამეწყო. სცენა მაკლდა, ოვაციები და მაყურებლის სითბო მენატრებოდა. მაშინ ვთქვი, რომ იურიდიული აღარ მინდოდა, სიმღერას უნდა დავბრუნებოდი. არადა, მთელი ეს პერიოდი იმდენად მინდოდა, სიმღერა დამევიწყებინა, საკუთარი თავისთვის მისი მოსმენაც აკრძალული მქონდა და შესრულებაც. ერთი წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან დავიწყე და დღემდე აღარ გავჩერებულვარ. ეს გახდა ჩემი პროფესიაც და შემოსავლის წყაროც. ბედნიერი ვარ და არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას.
– ქალბატონი მანანას გარდა, ჩვენი შოუბიზნესიდან ვისთან გაკავშირებთ განსაკუთრებული ურთიერთობა?
– ყველასთან ვმეგობრობ, არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. პირიქით, მახარებს ბევრი კარგი და სანდრო მეგობარი. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით ვმეგობრობ მანანა თოდაძესთან, თემურ თათარაშვილთან, თამუნა მიქელაძესთან, ნინო ძოწენიძესთან, მაია ყარყარაშვილთან... რატი დურგლიშვილი და მე ერთად გაზრდილები ვართ. ის და გიო წერეთელი ჩემი მეჯვარეები იყვნენ.
– თქვენი სიმღერებიდან განსაკუთრებით პოპულარულია „თბილისური ამქარი“, თუმცა ძალიან დიდი ხანი არც იცოდნენ შემსრულებელი რომ თქვენ იყავით და ამის გამო გულიც გწყდებოდათ, არა?
– როცა სიმღერის გაგრძელება გადავწყვიტე, მაშინ ჩავწერე ეს სიმღერა, რომელიც კომპოზიტორ მაია კვატაშიძეს ეკუთვნის. სამწუხაროდ, ის ახლა უკვე გარდაცვლილია. 2000 წელი იყო, როცა ეს სიმღერა ჩავწერეთ. რადიოში რომ მივიტანეთ, ფაქტობრივად, იმ დღიდან უკვე ყველამ იცოდა. ახლა ამ სიმღერის ახლებური ვერსია ცირა ბზიშვილთან გავაკეთე და ძალიან მიხარია, რომ ესეც ძალიან წარმატებული გამოდგა. ცირას ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს, ეს ადამიანი ჩემი განძია ამ ცხოვრებაში. ამ სიმღერის თავდაპირველი ვერსია ოდნავ განსხვავდებოდა ახლანდელისგან. „თბილისური ამქარი“ ძალიან მალე გაჰიტდა. გახსოვთ, ალბათ, მაშინ ბაზრობებზე იყიდებოდა ხოლმე დისკები და კასეტები და თუ კი რამე ქართული სიმღერების ნაკრები არსებობდა, „თბილისური ამქარი“ ყველაში შედიოდა. ქუჩაში რომ გავიგონებდი ხოლმე, ჩართული ჰქონდათ, მივიდოდი, მაინტერესებდა შემსრულებლის ვინაობა თუ ეწერა და არ მახსოვს, რომელიმე დისკზე ან კასეტაზე ჩემი სახელი და გვარი ყოფილიყო დაფიქსირებული. თავიდან ვბრაზდებოდი, ყველას ვსაყვედურობდი. ალბათ, არავინ იცოდა შემსრულებლის სახელი და გვარი, რომ ნორმალურად დაეწერათ. მაშინ ხომ არალეგალურად ხდებოდა გადაწერა და გავრცელება. მერე იმდენად დავიღალე ჩხუბითა და საყვედურებით, რომ ბოლოს შევეგუე, აზრი აღარ ჰქონდა, რამდენს ვუსაყვედურებდი ან უშუალოდ გამყიდველები რა შუაში იყვნენ და შევეშვი (იცინის).
– დაქორწინებული ხართ?
– დაქორწინებული ვიყავი, ახლა განქორწინებული ვარ. სამწუხაროდ, ასე მოხდა და თან, ქორწინებიდან ძალიან მალე. არ ვიცი, ვისი ბრალია, ვფიქრობ, ერთი მხარე არასდროს არის დამნაშავე, მაგრამ მე დღესაც ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ჩემი ყოფილი მეუღლის მიმართ. ის ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ალბათ, თანაცხოვრების დროს ხდება ისეთი რთული რამეები, რომ ჯობს, მეგობრებად დარჩეთ. ჩვენ დაქორწინებიდან ოთხი თვის თავზე დავშორდით. ფაქტობრივად, თაფლობის თვეც ვერ მოვასწარით. ძალიან რთული პერიოდი იყო დაშორების შემდეგ. ვინ დამიჯერებს, რომ ვთქვა, დაშორებით ბედნიერი ვიყავი-მეთქი. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ბედს წინ ვერ გაექცევი, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო.
ამ ქორწინებამდეც მქონდა პერიოდები, როდესაც თითქმის გადავწყვიტე დაოჯახება, მაგრამ იშლებოდა ეგ საქმე. სამი მცდელობა მქონდა სხვადასხვა ადამიანთან, მაგრამ რატომღაც, ბოლომდე არ მიდიოდა. ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდი ამ საკითხს. ეს საქმე მივიდა ბოლომდე, მაგრამ მაინც ვერ შევინარჩუნეთ ურთიერთობა.
– შეყვარებულები უფრო დიდხანს იყავით?
– სხვათა შორის, არა. ჩვენ ერთმანეთი ათი წლის წინ გავიცანით, მაგრამ ეს წლები ერთმანეთი აღარ გვინახავს. მერე, როცა წლების შემდეგ შევხვდით ერთმანეთს, 10-14 დღეში მივიღეთ დაქორწინების გადაწყვეტილება. ათი წლის შემდეგ აღარ გვიფიქრია, რომ დაახლოება და ერთმანეთის გაცნობა გვჭირდებოდა, რადგან წლების წინ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და გვეგონა, ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა და ალბათ, ასეთი იყო უფლის ნება. უკვე სამწელიწად-ნახევარია, რაც დავშორდით.
– ამის შემდეგ აღარ შეგყვარებიათ?
– აღარც მიფიქრია ამაზე. თითქოს ცოტა ხანი პაუზის აღება გადავწყვიტე. თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, აღარ მინდა, კიდევ შეცდომა დავუშვა. ჯერ ისედაც, სხვებთან შედარებით, რთულად ვუყურებდი ამ საკითხს და ამ გამოცდილების შემდეგ კიდევ უფრო გამიჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
– ახლა გაურბიხართ სიყვარულს?
– შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა, თუ მოვიდა, ვერსად გაექცევი. გულს ვერ უბრძანებ. მგონი, ცოტა თავდაცვის ინსტინქტი მაქვს ჩართული, თორემ სიყვარულის წინააღმდეგი ვერ იქნები. ჩემი რეპერტუარიდან გამომდინარე, ხალხს ქრონიკულად შეყვარებული, ნაღვლიანი და დეპრესიული ვგონივარ. არადა, ამ დროს სრულიად სხვანაირი, ძალიან ენერგიული ვარ. ვფიქრობ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და დეპრესიას არ უნდა მისცე საშუალება, თუნდაც დროის ძალიან მცირე მონაკვეთი ჩაგიშხამოს.
– როგორც ვიცი, ძალიან გიყვართ მოგზაურობა, ხშირად ახერხებთ ხოლმე?
– ვგიჟდები მოგზაურობაზე. გარდა სიყვარულისა, საქმიდან გამომდინარე მიწევს. ჩემს მეგობართან ერთად ბიზნესი მაქვს, მამაკაცის ბრენდული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩამომაქვს და საქართველოში ვახდენ მის რელიზებას. ათ წელზე მეტია, ამ საქმით ვარ დაკავებული და მინიმუმ, ორ თვეში ერთხელ მიწევს სადმე გაფრენა, რაც ძალიან მაბედნიერებს. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ჩემს დაბადების დღეს სხვა ქვეყანაში აღვნიშნავ. საერთოდ, ყოველთვის დიდ დაბადების დღეებს ვიხდიდი, 70-80-კაციანზე ნაკლები არასდროს გამიკეთებია, მაგრამ ბოლო წლებში საზღვარგარეთ ვატარებ ამ დღეს და თურმე, ძალიან მაგარი შეგრძნება ყოფილა. ბოლო რვა წლის განმავლობაში სულ სხვადასხვა ქვეყანაში შევხვდი ამ დღეს: საფრანგეთში, დუბაიში, თურქეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ. ერთხელ, გერმანიაში ისე დაემთხვა, რომ ღონისძიებაზე უნდა მემღერა, მაგრამ არ მითქვამს, რომ დაბადების დღე მქონდა. არ ვიცი, საიდან გაიგეს, მაგრამ უზარმაზარი, მართლა გრანდიოზული ტორტი შემომიტანეს სცენაზე, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და მილოცავდა, ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო, ემოციებით ავივსე და ყველასი უზომოდ მადლიერი ვიყავი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან