შოუბიზნესი

რატომ გადაწყვიტეს სოფია კანდელაკმა და ზურა კობიაშვილმა მანჰეტენზე ქართული ქორწილის გადახდა და რა კარმული გამოცდილება დააგროვეს მათ

№49

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:32

სოფია კანდელაკი
დაკოპირებულია

სოფია კანდელაკმა ცხოვრების საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა, უკეთესი მომავლის იმედი არასოდეს დაუკარგავს. მისი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია და მაგალითი იმისა, რომ არასდროს უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო საკუთარი ბედნიერებისთვის და ბედი აუცილებლად გაგიღიმებს. ახლახან, სოფიამ მის რჩეულ მამაკაცთან, ზურა კობიაშვილთან, ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა და მანჰეტენზე ქართული ქორწილი გადაიხადა. ჩვენ წყვილს ამერიკაში დავუკავშირდით, მივულოცეთ ქორწინება და ინტერვიუც ჩავწერეთ სოფიასთან, რომელიც საკმაოდ გულწრფელი ადამიანია.

სოფია კანდელაკი: განათხოვარი, უფულოდ, უქმროდ და უყველაფროდ დარჩენილი ქალი, საქართველოში არსებულ სიტუაციას გავექეცი და 1999 წელს ამერიკაში წავედი. ვიზა გამომიგზავნეს და ესეც ბედისწერის ბრალი მგონია, რომ ამერიკაში ამოვყავი თავი გაგანია 90-იან წლებში, როცა საქართველოში, არც შუქი იყო, არც გაზი, არანაირი პერსპექტივა. მთელი 25 წელი ვიცხოვრე და ეს ქვეყანა უკვე ჩემი სახლია. ოცი წლის მერე ჩამოვედი ამერიკიდან საქ-ართველოში და როგორც ტურისტი, ისე ვგრძნობდი თავს და არ დავმალავ, დღემდე ასე ვარ, რადგან ამერიკაში გავიზარდე, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ ქვეყანაში ვიცხოვრე. მე მჯერა ბედისწერის და მგონია, ადამიანებს ჩვენი მომავალი დაბადებიდან გაწერილი გვაქვს. საერთოდ, ყველა ურთიერთობა წინასწარ დაწერილი ბედისწერა მგონია. ზურას სულ ვეუბნები, რომ მე და შენ ადამისა და ევას დროიდან მოვდივართ, ბევრჯერ ვართ შეხვედრილი ერთმანეთს, ვერ დავასრულეთ ურთიერთობები და კიდევ ერთხელ შევხვდით-მეთქი. 2019 წელს, ამერიკიდან საქართველოში რომ ჩამოვედი, საერთოდ არ ვგეგმავდი არანაირ ურთიერთობას, მით უმეტეს ქართველთან. კბილების გაკეთება მინდოდა და თითქმის ოცდაათი კლინიკა მოვიარე, ბოლოს იმ კლინიკაზე შევაჩერე არჩევანი, სადაც ზურა იკეთებდა კბილებს. იქ შევხვდით ერთმანეთს და გავუღიმეთ. მერე, ისევ სტომატოლოგიურ კლინიკაში შევხვდით, შემდეგ – ოპერისა და ბალეტის თეატრში და იქ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, დავიწყეთ მესიჯობა და დავახლოვდით. შემდეგ ბათუმში გადავედი საცხოვრებლად და შემთხვევით იქ შევხვდით. ზურაც იქ ისვენებდა. ისე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ეს უფრო კარმული იყო, ვიდრე შემთხვევითობა ან დამთხვევა. გამოვიცანით ერთმანეთი, დავახლოვდით და აგერ უკვე ხუთი წელია, ერთად ვართ. ოთხი წელი ვიცხოვრეთ მე და ზურამ საქართველოში ერთად, ბიზნესიც გვქონდა, შემდეგ გავყიდეთ და წავედით ეგვიპტეში. ზურას, როგორც მომღერალს, ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. შემდეგ ერთი წელი იტალიაში ვიცხოვრეთ, სადაც ზურამ, საოპერო კუთხით, კარიერაში საკმაოდ კარგი გამოცდილება და ცოდნა მიიღო. მერე მე ამერიკაში ჩავედი და ზურას მოწვევა გავუკეთე, ანუ საქმროს ვიზა. ამპერიოდში მე ჩავდიოდი ზურასთან იტალიაში და ერთი წლისა და სამი თვის მერე, სექტემბერში, როცა მოწვევა დაუდასტურ-და, ისიც ამერიკაში ჩამოვიდა. სხვათა შორის, თავიდანვე იმხელა ნიჭი დავინახე ზურაში, მინდოდა, ამ ადამიანს თავისი მიზნებისთვის ებრძოლა და ოცნებები აეხდინა. ვხუმრობ, ჩვენ, კარმულად, იმ ცხოვრებაშიც და ამ ცხოვრებაშიც პოპულარულები ვიყავით და ამიტომაც შევხვდით ერთმანეთს–მეთქი (იცინის).

– როგორც ვიცი, თქვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ეს არ იყო ბარიერი როცა ერთმანეთი გაიცანით?

– მართალია, ჩვენს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა – ათ წელზე მეტი, მაგრამ ეს ჩვენი ურთიერთობისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. გვიხარია ერთად ყოფნა და ბედნიერები ვართ. ქალისა და კაცის ურთიერთობაში ასაკის სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. რომ შევადარე წარსული ურთიერთობები, მივხვდი, ზურა ის ადამიანია, ვის გვერდითაც ნამდვილად ბედნიერი ვარ. თუ არ გიყვარს ადამიანი, თუ ერთმანეთში ენერგიათა სწორი გაცვლა-გამოცვლა არ ხდება, მის გვერდით ხუთი წლის განმავლობაში ვერ გაძლებ. ზოგადად, ყველა კაცს აქვს თავისებური ხასიათი, მძიმე სიღრმისეული ენერგეტიკა, მაგრამ როცა ქალს გამოცდილება გაქვს, ითმენ, აბალანსებ და ამით ურთიერთობას ინარჩუნებ. მქონია რთული ურთიერთობები და მათ რომ ვადარებ ზურასთან ურთიერთობას, ვხვდები, ეს ადამიანი აბსოლუტურად განსხვავებულია, ენერგეტიკულად ჩემია და მის გამო ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ.

– რატომ დაგეგმეთ ქორწინება ურთიერთობის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ და არა მანამდე? თუ ესეც ერთგვარი საგამოცდო პერიოდი იყო?

– მართალია, ნათქვამია, სიყვარულს დაკანონება არ სჭირდებაო და სულ ვამბობდი, მე არ გავთხოვდები და ხელს არავისთან მოვაწერ, რადგან დოკუმენტი ფურცელია და სიყვარულს ჩარჩოებში მოქცევა არ სჭირდება-მეთქი. მაგრამ, ახლა ამის გარეშე ამერიკაში ადამიანად არ გთვლიან, თუ საბუთი არ გაქვს. თორემ, კუნძულზე რომ ვცხოვრობდე და ჩემი საყვარელი ადამიანი იყოს გვერდით, ნამდვილად არ დამჭირდებოდა ურთიერთობის დაკანონება და ოფიციალურად გათხოვება. რომ მოგვცეს საბუთი, ზურას ვეუბნებოდი: უკვე უღელში შემაბი-მეთქი (იცინის). საქართველოში ხელის მოწერის გარეშეც გადასარევად ვიყავით, მაგრამ ამერიკაში, კიდევ ვამბობ, საბუთის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. არალეგალს აქ არაფერის გასაქანი არ აქვს, ზურას კი ისეთი გეგმები აქვს, მისთვის აუცილებელია ამერიკის მოქალაქეობა. ხელის მოწერა სპონტანურად დავგეგმეთ, წავედით რესტორანში მეჯვარეებთან და პატარა ქორწილითაც აღვნიშნეთ. სხვათა შორის, ჩემი ხელით შეკერილ-მოქარგული თეთრი კაბა მეცვა. ჩემი მეჯვარე იყო დიდი ხნის მეგობარი ბერძენი ქალი – ეფი. სულ ვეღადავებოდი: შენ ვერ თხოვდები, მე უნდა დაგასწრო და შენ ჩემი მეჯვარე იქნები-მეთქი. ის კი მეუბნებოდა: შენ საბუთებს არ ცნობ და არ არსებობს ოფიციალურად გათხოვდეო (იცინის). სხვათა შორის, ბევრ ნათესავს დასწყდა გული, რომ ქორწილს ვერ დაესწრო და საქართველოში რომ ჩამოვალთ, შეიძლება, მეორე ქორწილი მანდ გადავიხადოთ. სოციალურ ქსელში ფოტოები რომ გამოვაქვეყნეთ, ერთი აჟიოტაჟი მოჰყვა კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილის ქორწილს და მეორე – ჩვენსას (იცინის). არ მოველოდით, აგვიფეთქეს მესენჯერი მოლოცვებით. ახალგახსნილი რესტორანია მანჰეტენზე და იქ გავაკეთეთ სუფრა. კი გვინდოდა გრანდიოზული ქორწილი, მაგრამ დროში ვერ ჩავეტიეთ, უცებ დავგეგმეთ ხელისმოწერა. ზოგადად, ჩემთვის, ამ ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდილებაა, ექ-სპერიმენტები, გვერდიდან ვუყურებ ყველაფერს და ემოციურ ჭაობში არასდროს ვიძირები. ეს გამოცდილება ჩემი ერთგვარი „ჩელენჯია“. მე ჩემს თავს მივეცი იმის უფლება, გამომეცადა, როგორი იყო ახალგაზრდა მამაკაცი და ასაკი თუ იქნებოდა ბარიერი ურთიერთობისთვის. რა თქმა უნდა, ასაკი არაფერს ცვლის, მამაკაცის ხასიათია მთავარი, ის პროგრამა, რაც მასშია ჩადებული. ამ ხუთი წლის განმავლობაში ზურას გვერდით ბევრი რამ შევისწავლე და ანალოგიურად – მანაც. ამ დროის განმავლობაში იყო სიყვარულით დაკვირვება და ამ სიყვარულითა და ურთიერთგაგებით მოვდივართ დღემდე. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, თუმცა დღეს კომფორტულად და კარგად ვართ და გეგმებიც გვაქვს დასახული. არ მიყვარს ჩამოკიდება და ჩაციკვლა რაღაცებზე. ვნახოთ, ცხოვრება მომავალში რას შემოგვთავაზებს და ჩვენ როგორ მივუდგებით. ახლა უფრო დაკვირვებული ვარ მამაკაცთან, ვიდრე მანამდე ვიყავი; ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ვიდრე ადრე. ყველა ურთიერთობაშია კამათი და ჩვენც ვკამათობთ ხოლმე, მაგრამ ეს ასაკობრივი სხვაობის ბრალი არ არის. ლოგიკის ჩართვით სიმართლემდე მივდივართ, ვარკვევთ სიტუაციას და იქ მთავრდება კამათი. ერთმანეთის მიმართ გვაქვს ჯანსაღი მიმღე-ბლობა და თუ ჩავთვლით, რომ რაღაც შესაცვლელია, აუცილებლად შევცვლით. მე ყოველთვის მშვიდი საუბრით ვწყვეტ ყველაფერს და არა წეწვა-გლეჯვითა და კამათით.

– ცხოვრებას ამერიკაში აპირებთ თუ ისევ საქართველოში დაბრუნებას ფიქრობთ?

– ძალიან შემიყვარდა საქართველო იმ ოცწლიანი განშორების შემდეგ რომ ჩამოვედი და ზურას გამოც, რადგან ერთად კარგი დრო გავატარეთ. ზურას რომ ეგვიპტიდან შემოთავაზება მოუვიდა, წამოსვლა გადავწყვიტეთ. საოცარ სამყაროში ვიცხოვრეთ. ზოგადად, რისკებზე ყოველთვის მივდივართ და სპონტანურად ვწყვეტთ ყველაფერს. თუმცა, მე უფრო ვარ სპონტანური, მე კურო ვარ, ზურა – მშვილდოსანი და ცოტა „ჯიკება“ სჭირდება (იცინის). შემდეგ ზურას იტალიაში ჰქონდა ხუთი კონცერტი და როცა ამერიკაში ჩამოვიდა, მაშინ გადავწყვიტეთ ქორწინება. მე და ზურას წინ კიდევ ბევრი კარმული გზა გვაქვს გასავლელი, გვაქვს უამრავი ოცნება და გეგმა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, საქართველოში აუცილებლად ჩამოვალთ, მაგრამ ამ ეტაპზე ცხოვრებას ამერიკაში ვგეგმავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი