შოუბიზნესი

რატომ გადაწყვიტეს ლევან წულაძემ და მანანა კოზაკოვამ შვილიშვილის სოფელში გაზრდა

№46

ავტორი: ანკა რობაქიძე 16:00 24.11

მანანა კოზაკოვა
დაკოპირებულია

ლევან წულაძე და მანანა კოზაკოვა ცოტა ხნის წინ ბებია-ბაბუა გახდნენ. მანანა კოზაკოვა პირველი შვილიშვილის შეძენის უდიდეს სიხარულს გვიზიარებს...

– თინათინი ძალიან ახალგაზრდაა. თქვენთვის, მით უმეტეს, ალბათ, მთლად ბავშვია და როგორია თქვენი გადმოსახედიდან, რომ ის უკვე მშობელია?

– წლები მართლაც საოცარი სისწრაფით გარბის... გგონია, რომ შენი შვილი გუშინ პატარა იყო, გუშინწინ – სულ პატარა და უცებ ასეთი ფაქტის წინაშე დადგები. ბავშვები ძალიან მალე იზრდებიან. გიორგის რომ გაჰყვა ცოლად, თინათინს უნდოდა, დედაც მალე გამხდარიყო. ახლანდელ ახალგაზრდებს ზოგს უნდა შვილი და ზოგი ამბობს, ჯერ ადრეაო, არც მათი მიკვირს. ვისაც როგორ მიაჩნია, ისე უნდა გადაწყვიტოს. თინათინი დიდი სიყვარულით გათხოვდა და ამ საკითხს ასე უყურებდა, რომ სურდა მათი სიყვარულის ნაყოფი მალე ეხილა. სხვა შეიძლება, ფიქრობდეს, რომ ჯერ ცხოვრება დაალაგოს, ერთმანეთს შეეჩვიონ და ასე შემდეგ, ესეც სრულიად მესმის. თინათინი პირველივე თვეს რომ არ დაორსულდა, ცოტა არ იყოს, განიცდიდა კიდეც და გვეცინებოდა. თუმცა, ვიცოდით, რომ ძალიან უნდოდა შვილი და ვგულშემატკივრობდით. ასევე გიორგისაც უნდოდა შვილი და შეიძლება ითქვას, რომ ანდრიუშა ნანატრი ბიჭია. ყველა ბავშვი ხომ ნანატრი და უდიდესი სიხარულია!

– როგორც ვიცით, ბატონ ლევანს სურდა პირველი შვილიშვილი გოგო ყოფილიყო...

– ლევანი მიჩვეულია, რომ ოჯახში სულ გოგოები იყვნენ, ძაღლიც და კატაც კი მდედრობითი სქესის გვყავს. მგონი, ბიჭი ძალიან მოულოდნელი იყო მისთვის. რა მნიშვნელობა აქვს ბიჭს და გოგოს? მთავარია ჯანმრთელი და კარგი ადამიანი იყოს! მე ვერც წარმომიდგენია სქესის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მაინცდამაინც ბიჭი ან გოგო მინდაო.

– თქვენ და ბატონ ლევანს არ გსურდათ, ვაჟი გყოლოდათ?

– არა. შვილი იყო ჩვენთვის ყველაფერი, თავად ეგ ფაქტი, ეგ მოვლენა. სქესს რა მნიშვნელობა ჰქონდა?! სიმართლე გითხრათ, ბიჭი ცოტა მაშინებდა კიდეც. თინათინი ოთხმოცდაათიანებში გავაჩინე და მაშინ ქუჩაში ისეთები ხდებოდა, იმ პერიოდში ბიჭის აღზრდა ურთულესად მეჩვენებოდა. ამიტომაც უფრო მეტად მსურდა, გოგო მყოლოდა.

– ოთხმოცდაათიანებში როგორ პირობებში მოგიხდათ ბავშვის გაზრდა და ახლა რომ ადარებთ, რამდენად გაადვილებულია?

– ახლანდელ პირობებს რომ ვადარებ, მაშინ ვხვდები, რაც გამოვიარეთ. თუმცა, ამას თინათინს არასოდეს ვეუბნები. ყველას თავის ბიოგრაფია აქვს და წამოძახებები არ მიყვარს. ჩვენ ომი, საშინელი პირობები გვქონდა და ისე დაგზარდეთო – ასეთებით ბავშვების დასტრესვა სწორად არ მიმაჩნია. ომიც გამოვიარეთ და ახლა კიდევ პანდემიაა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. პანდემია იმდენად გაუსაძლისი აღმოჩნდა, 90-იანი წლები თუ ოდესმე მომენატრებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მონატრება კი არა, უფრო სწორად, რომანტიკულად თუ გავიხსენებდი. მაშინ ერთად მაინც ვიყავით, ერთმანეთს ხელს ჩავჭიდებდით. მეზობლები ერთად ვსადილობდით, რაც გვქონდა. ახლა განცალკევებული, შეშინებული, დაზაფრული და მოკლედ, ენით რომ ვერ აღვწერ, ისეთი კოშმარია...

– ამ პირობებში ორსულობის მართვა ურთულესი არ იყო?

– არ გამახსენოთ. თან, გიორგის კოვიდი შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ თინათინი აცრილი იყო, შიშით ლამის გულები დაგვისკდა. მერვე თვეში იყო უკვე და რამდენად დავიძაბებოდით, ყველა მიხვდება. საბედნიეროდ, არცერთს არ გადაგვდებია, აცრამ გადაგვარჩინა. ჩაკეტილები ვიყავით სულ და ახლაც ისე ვართ, ვერსად გავდივართ.

– ცხოვრება ქალაქგარეთ გადაწყვიტეთ. ამან პანდემიის პირობებში ბევრი რამ გაგიადვილათ?

– დიახ, აღმაშენებელზე სახლი გავყიდეთ და საცხოვრებლად სოფელში, ოქროყანაში გადმოვედით. რასაკვირველია, აქ ბევრი სიკეთეა. ბაღი გვაქვს, მართალია, პატარაა, მაგრამ მაინც რაღაცას დავთესავთ, დავრგავთ, მოვრწყავთ და ძალიან სასიამოვნო პროცესია. მუდამ რომ კორპუსის ბინაში ჩაიკეტო, გაგიჟდები ადამიანი. თინათინი და გიორგი ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ აქ არჩიეს და ორსულობის ბოლოსკენ გადმოვიდნენ. აქ ყოფნისას დაიბადა პატარა ანდრიუშა.

– ბავშვის აღზრდაში ვინ არის ცენტრალური ფიგურა, თქვენ?

– არა, სხვათა შორის, თინათინი ძალიან კარგი და მოსიყვარულე დედაა. ისე ხდება, როდესაც ოჯახში ერთი შვილია, ის უფრო განებივრებულია და მეც თინათინი ისე გავზარდე, ოჯახის საქმეებით არასოდეს დამიტვირთავს, მაგრამ თავისთავად აღმოჩნდა თინათინი ძალიან მზრუნველი და ყოჩაღი. იმდენად მზად იყო დედობისთვის, მისთვის პრობლემა არაფერია. ჩვილის ბანაობას, მოვლას ალღო მყისიერად აუღო. მეც, რასაკვირველია, ვეხმარები, სხვას რას ვაკეთებ?! ერთად ვართ, მეც არსად გავდივარ, მეშინია, ბავშვს რამე არ მოვუტანო. ყველაფერს ავუდივართ, თან, ასე უფრო მხიარულად ვართ, როცა ყველა ერთად ვცხოვრობთ.

– ბაბუა რამდენად არის შვილიშვილის აღზრდაში ჩარეული?

– ზოგადად ლევანი არ არის იმ კატეგორიის, ბავშვზე ზრუნავდეს. ახლანდელი ახალგაზრდა ბიჭები ნელ-ნელა ერთვებიან ბავშვის გაზრდაში, მეუღლეებს ეხმარებიან. ლევანისთვის თინათინი არასოდეს დამიტოვებია და ბავშვის მოვლაში მონაწილეობა არ მიუღია. სულ თეატრში, სულ თავის საქმეებში იყო ჩაფლული. თინათინთან შედარებით ანდრიუშაზე უფრო ზრუნავს, ზოგჯერ ხელში მაინც აჰყავს, ეფერება, აკვირდება…

– როგორია დღეს თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე...

– დილას, პირველ რიგში, პატარა ანდრიუშას ვესიყვარულებით. მეც ადრე ვიღვიძებ, ჩემი შვილიც და შვილიშვილიც რომ გაიღვიძებს, მას ვეფერებით... ასე ვატარებთ გარკვეულ დროს სიამტკბილობაში. მერე მე მიყვარს დილის საუზმე და აუცილებლად მივირთმევ, შემდეგ წამლებს ვიღებ... დღის განმავლობაში რაღაცას ვკითხულობ, ტელევიზორს ვუყურებ, ამ პანდემიამ ყველა სერიალი მანახვა, იდიოტურიც კი. ლევანი რომ მოდის, მერე პოლიტიკა ირთვება, სულ პოლიტიკაზე ისმენს ინფორმაციას, მთელი დღის განმავლობაში რა ხდებოდა...ზაფხულში ეზოს ვრწყავდით, აივანზე ვისხედით...

– ზამთარში პატარა ანდრიუშა ოქროყანაში იქნება, ზამთრის მკაცრი ბუნება არ გაშინებთ?

– არა, არ გვაშინებს. აქ იქნებიან, რადგან სუფთა ჰაერია და ყველაფერი მოსახერხებელია. თავიდან ეს სახლი ისე დავაპროექტეთ და ავაშენეთ, ყველაფერი გათვლილი გვქონდა. სულ სამი ოთახია და ერთი ოთახი მათ განკარგულებაშია, ყველანაირი პირობებით. თუ არ უნდათ, შეუძლიათ, მთელი დღე არც გვნახონ. მგონი, ხელს არაფერში ვუშლით და მშვენივრად ვართ. ბავშვისთვის აქ ჯობია ყველანაირად და ჯერჯერობით არც აპირებენ სხვაგან წასვლას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...