შოუბიზნესი

რატომ გადაწყვიტა ლელა ნინუამ საქართველოში კარიერის დატოვება და რა წარმატებებს მიაღწიეს მისმა შვილებმა შტატებში

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:42 21.02

ლელა ნინუა
დაკოპირებულია

ჟურნალისტი ლელა ნინუა, უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და ცდილობს იქაც ქართული საქმე აკეთოს.

ლელა ნინუა: უკვე შვიდი წელია, რაც ჩემს ორ შვილთან ერთად, ამერიკაში ვცხოვრობ. უფროსი შვილი კალიფორნიაშია, უმცროსი – ჩემთან ერთად. ამერიკული ცხოვრება ძალიან საინტერესო და დინამიკურია. ეს ქვეყანა მოულოდნელობებით არის სავსე. ამერიკული ცხოვრება მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ფიქრი უყვარს, შრომისმოყვარეა, რისკის გაწევა შეუძლია, ნიჭი აქვს და ექსპერიმენტები იზიდავს. სხვა შემთხვევაში, როგორც კი მოეშვები, ამერიკა არ გაპატიებს და პატარა მონოტონურ ნაბიჯსაც კი დიდ შეცდომად გიქცევს. აქ სულ მობილიზებული უნდა იყო. ამერიკაში ყველა ჯარისკაცია. გეგონება ამ ქვეყანას თვალები აქვს და ერთ პატარა ელემენტარულ ნაბიჯს ან სულ მცირე ნიჭსაც კი არ დაგიკარგავს.

– საქართველოში თითქოს ყველაფერი კარგად იყო. აქტიური და წარმატებული ჟურნალისტი იყავი. ალბათ, ბევრს გაუკვირდა, რატომ გადაწყვიტე, ასეთი გამოწვევის წინაშე დამდგარიყავი?

– შვილების გზას გამოვყევი. ჩემი უფროსი შვილი, სანდრო წამოვიდა. ამერიკაში მოეწყო უნივერსიტეტში და მეც გამოვყევი.ბმაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემზე უკვე ფილმი გადიოდა. ეს ფილმი ეხებოდა, ბორჯომ-ხარაგაულში ჩემ მიერ აღმოჩენილ სამმეტრიანი ადამიანის ძვლებს. „დისქავერ ჩანელი“ ჩამოვიდა საქართველოში და ფილმი გადაიღო ამ აღმოჩენაზე. სხვათა შორის, ეს ფილმი ამერიკაში დღესაც გადის რამდენიმე სამეცნიერო არხზე. მე რომ ამერიკაში ჩამოვედი, ჩემი მეორე შვილი, 15 წლის ლაზარე, ისეთ პროგრამაში მოხვდა, რომლითაც ძალიან ბევრი ცდილობს აქ ჩამოსვლას. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინგლისური ენის ცოდნას ენიჭება. ლაზარე გასაუბრებაზე რომ შევიდა, მცირე საუბრის შემდეგ, კონსულმა უთხრა, ამერიკის მოქალაქეები შემდეგ ფანჯარასთან დაელოდეთო. ლაზარემ უთხრა, რომ ამერიკის მოქალაქე არ იყო და კონსული გაოცდა, აბა, ასე კარგად საიდან იცი ინგლისურიო და 24 საათში მისცეს ვიზა. ასე ჩამოვიდა ლაზარეც და რადგან ორივე შვილი აქ იყო, ვიფიქრე, რომ უნდა მეცადა დარჩენა. ეს ბავშვები მანამდეც ამერიკულ სტილში იყვნენ. სკოლაში სანდროს მასწავლებელმა ინგლისურში ერთი ნიშნით დაბალი გამოაყოლა, მაშინ, როცა ამერიკის სამ უნივერსიტეტში მოეწყო. ენა ორივემ ძალიან კარგად იცის და ისედაც ძალიან კარგი ბიჭები არიან. მე მხოლოდ ერთი მეთოდი მქონდა მათი აღზრდისას, შენიშვნას პირდაპირ არ ვაძლევდი, სხვა ბავშვების მაგალითებით ველაპარაკებოდი და ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

– როგორც ვიცი, დღეს ამერიკაში ძალიან წარმატებულები არიან.

– ხმამაღლა და ამაყად ვიტყვი, რომ ჩემი უფროსი შვილი ხდება ქართველი შერიფი ამერიკაში. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ სანდრო, ამერიკის ფედერალურ პოლიციასთან ერთად, იყო სპეცოპერაციაზე, სადაც ჩინელი ტერორისტი დააკავეს. როცა სპეცოპერაციაზე წავიდა,ბმე მთელი ღამე არ მეძინა, მაგრამ ეს დიდი მიღწევაა. უმცროსი, ლაზარე, განსაკუთრებით აუბრალოებს ხოლმე საკუთარ მიღწევებს. ვხვდები, რომ მათი მიზნები უფრო დიდია, მაგრამ ის, რაც მათ ცხოვრებაში ხდება, რასაც ისინი აღწევენ, დედისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ლაზარე სწავლის ბოლო საფეხურზეა. სკოლაში გახანგრძლივებულის მასწავლებლად მუშაობდა, ამერიკელ ბავშვებს ასწავლიდა, ამერიკელმა მასწავლბლებმა რომ ასე გაღიარონ, ეს ძალიან რთულია. 18 წლისამ უზარმაზარ კლინიკაში დაიწყო მუშაობა, სადაც დაავადებული მოხუცები ცხოვრობენ. უამრავ მოხუცთან მუშაობდა, უვლიდა, ართობდა და მათ ისტორიებს ისმენდა, პლუს მათ საბუთებს აწესრიგებდა. სამი წელი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებულ უმცირეს ზღვარს უყურებდა და ეს ძალიან დიდი სტრესი იყო. ყოველდღე ტიროდა და მერე გავიგე, თურმე, მოხუცების გარდაცვალებას განიცდიდა. ახლა დიაბეტის ცენტრში მუშაობს. მინდა, ხუბერიშვილების ოჯახს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, სწორედ მისი ქალიშვილია ამ კლინიკაში მთავარი მენეჯერი და მან დიდი სამუშაო გასწია ლაზარესთვის ამ სფეროში. ერთხელ, ლაზარე ქუჩაში გააჩერეს, მერე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი, ვინც მისით დაინტერესდა „ნეტფლიქსის“ რეჟისორის ასისტენტი იყო. უთხრა, შენ აუცილებლად უნდა სცადო ბედი კინოშიო. მანამდე ერთი-ორჯერ პოდიუმზეც გამოვიდა არაჩვეულებრივი ქართველი დიზაინერების ჩვენებაზე. რამდენიმე ამერიკულ ფილმში გადაიღეს ეპიზოდურ როლებში. ახლა დაამტკიცეს ფილმში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს შესახებ გადაიღებს ძალიან ნიჭიერი ქართველი გოგო, ნინი ფარსენაძე, რომელიც ნიუ-იორკში სწავლობს. როგორც ვიცი, ლაზარე მთავარ როლშია და გადაღებები მალე დაიწყება.

– ახალგაზრდებს უფრო უმარტივდებათ ადაპტაცია. შენთვის როგორი აღმოჩნდა ეს პროცესი?

– როცა შენი ცხოვრება გაქვს, უცებ სხვა ქვეყანაში მიდიხარ და იქ არავინ ხარ, რთულია. ამერიკა პირდაპირ გეუბნება, არ გვაინტერესებს ვინ იყავი, აქ უნდა იცოდე, ვინ გინდა, იყო. თუ ეგ იცი, მაშინ გეგმასაც დაისახავ და მიზანსაც მიაღწევ. ამერიკის კანონებს თუ დაემორჩილები, ბევრს მოგცემს. პატიოსნად უნდა მიიღო ის, რასაც ეს ქვეყანა გთავაზობს. გამიჭირდა, მაგრამ ვთქვი, მე ისევ ჟურნალისტობა მინდა-მეთქი.

– ქართულ გარემოს არ მოშორებიხარ, პირიქით, ქართული კულტურის პოპულარიზებაზე ზრუნავ. მოვყვეთ, რით ხარ დაკავებული.

– ამერიკაში რომ ჩამოვედი, მივხვდი, რომ წითელი ხალიჩით არავინ დამხვდებოდა და ბაზარი უნდა შემესწავლა. აქ ძალიან ჭირს ურთიერთობები. ისეთი ადამიანებიც არიან, ვისაც ძალიან დიდი ამბიციები აქვთ. არის პატარა კბენები და ადამიანს ემიგრაციაში მართლა ბევრის მოთმენა სჭირდება. დიდ ტყუილებსაც წააწყდები. რომ ჰკითხო, ვინც დღეს აქაა, საქართველოში ყველა მინისტრი და პროფესორი იყო. ამას რომ ხედავ, არ გინდა, ასეთ წრეში გაერიო. ამიტომ გადავწყვიტე, ყველა ის ადამიანი შემოვიკრიბო, რომელიც ჩუმად არის, არ ჩანს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში ჰქონდა პროფესია, რომელიც დაკარგა, მაგრამ გადაარჩინა სახლი, ოჯახი და სამშობლოს ბიუჯეტისთვისაც ბევრი იზრუნა. ფულით ხომ ვერ იყიდი ყველაფერს, ფულით ხომ ვერ იყიდი სიყვარულს?! ჩვენ სიყვარულის ირგვლივ გავერთიანდით და მოვიფიქრეთ პროექტი „სამოსი სამშობლო“. კოვიდის დროს, რომ გვეგონა, ყველანი დავიხოცებოდით, გამოვიტანეთ ქართული ტანსაცმელი, წითელი ხალიჩა დავაფინეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, სპორტული აქტივობები ჩავატარეთ და ასე ვამხნევებდით ერთმანეთს. მყავს ჩემი ჯგუფი, უამრავი ნიჭიერი ხელოვანით, წელიწადში ერთხელ საერთო გამოფენას ვაკეთებთ. უამრავი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინეთ; ისინი ჩემგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. სპორტსმენებიც დავაფასეთ, ჩვენი გენერალური კონსულიც ძალიან დამიდგა გვერდით. „სამოსი სამშობლო“ ძალიან გაიზარდა და ვფიქრობ, კარგ საქმეს ვაკეთებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა