რატომ გადაწყვიტა გიორგი ნადიბაიძემ რუსულ კონკურსში მონაწილეობის მიღება და როგორ წამოაყენა ფეხზე მისმა სიმღერამ ჟიურის ასივე წევრი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.10, 2022 წელი
მომღერალი გიორგი ნადიბაიძე ახლახან ერთ-ერთი რუსული კონკურსის მონაწილეებს შორის მოგვევლინა. გიორგის საოცარ შესრულებას დიდი აღტაცება და ჟიურის ასივე წევრის ფეხზე წამოდგომა მოჰყვა, რაც ქართველ გულშემატკივარს ძალიან გაუხარდა. თუმცა, რუსულ პროექტში მონაწილეობის გამო, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გიორგის მისამართით ნეგატიური შეფასებები გაჩნდა.
გიორგი ნადიბაიძე: ამ პროექტიდან შემოთავაზება არაერთხელ მივიღე. როგორც ვიცი, არ ვარ გამონაკლისი და რამდენიმე ქართველი კონკურსანტი მის სხვადასხვა სეზონში ჩემამდეც მონაწილეობდა. გარკვეული გარემოებებიდან და პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შემოთავაზებას აქამდე არ დავთანხმებულვარ, მაგრამ ამჯერად, იმდენად პასიური სიტუაცია შეიქმნა ჩემ გარშემო მუსიკალური თვალსაზრისით, რომ ბოლო სეზონზე, როცა კიდევ ერთხელ შემომთავაზეს პროექტში მონაწილეობა, დავთანხმდი. ეს პასიურობა გამოწვეული იყო იმით, რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სხვადასხვა აქტივობებში არ ვმონაწილეობდი. ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს პირადი შემოთავაზებები და ანაზღაურების პრობლემაა, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რამაც საქართველოში უნდა გაგაჩეროს და სხვაგან არ უნდა წახვიდე, მე მსგავსი არაფერი მქონია. მიუხედავად სხვადასხვა პროექტში წარმატებებისა, რაც ალბათ, თქვენთვის ცნობილია. გარკვეული წარმატებების მიღწევის შემდეგ, ადამიანებს რაღაც მოლოდინები გვექმნება. იმიტომ ვიბრძვით და იმიტომ ვიმარჯვებთ, რომ მერე ნაცნობმა თუ უცნობმა, სხვადასხვა ღონისძებაზე მიგვიწვიოს, როგორც მუსიკოსი. განსაკუთრებით კი სახელმწიფო დონეზე იყოს აქტიურობა. ეს პრობლემა მარტო მე არ მაქვს. სამწუხაროდ, ბევრი ხელოვანი ვერ ხვდება კონცერტებზე. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც საქართველო დატოვეს, აქ რომ ჰქონოდათ ნორმალური შემოსავალი და კარგი შემოთავაზება, არსად წავიდოდნენ. აქ რომ არ გაქვს პირობები, იმიტომ ცდილობ სხვაგან წასვლას და იქ რამის გაკეთებას. ჩემთვის ამ პროექტს ის დატვირთვა ჰქონდა, რომ კიდევ ერთხელ მიმეღო კონკურსში მონაწილეობა და აქტიური ვყოფილიყავი. ასეა, როცა აქ ვერ ხარ დატვირთული, მიუხედავად მონდომებისა, მერე სხვაგან ცდილობ, რაღაც გააკეთო.
– როდის მოხდა ეს? პროექტი ახლა გადის ეთერში და ომის ფონზე რუსულ პროექტში ქართველის მონაწილეობამ საზოგადოების ნაწილში დიდი აგრესია გამოიწვია.
– ეს შემოთავაზება გასული წლის მაისის თვეში მივიღე. მოლაპარაკება და ჩემი მხრიდან თანხმობა აგვისტო-სექტემბერში მოხდა. გადაღებები კი იანვარში მიმდინარეობდა. როცა ომი დაიწყო, კონკურსი უკვე დასრულებული იყო. ომი რომ დაიწყო, ეს კონკურსი მაშინ უნდა გასულიყო ეთერში და ბუნებრივია, ასე არ მოხდა. სიმართლე გითხრათ, აღარ ველოდი, თუ საერთოდ გავიდოდა. მე ვფიქრობ, რომ არცერთი ნორმალურად მოაზროვნე ქართველი ამ ფონზე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა მე ამაზე ვმუშაობდი, მაშინ მშვიდობა იყო.
– რამდენად მშვიდი გარემოც არ უნდა ყოფილიყო, რუსულ პროექტში მონაწილეობას გარკვეული კრიტიკა მაინც მოჰყვებოდა. შეიძლება, ამ დოზით – არა, მაგრამ რუსულ შოუბიზნესთან კავშირი, მაინც იწვევს ხოლმე საზოგადოების გაღიზიანებას. ამიტომ მაინტერესებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესს თუ ახლდა შფოთვა?
– არა. გაცნობიერებული მქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვშფოთავდი. არ მიმაჩნდა ასეთ მნიშვნელოვან ფაქტად ჩემი ამ კონკურსში მონაწილეობა. არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი.
– ვისაუბროთ საამაყო ნაწილზეც. სანამ ნეგატივამდე დავიდოდით, ძალიან დიდი სიხარული იყო ქართველ მაყურებელში, რადგან თქვენს სიმღერას ჟიურის ასივე წევრი ერთად წამოუდგა ფეხზე.
– ნებისმიერ შემთხვევაში, რთულია მსგავს კონკურსში მონაწილეობა და ჟიურის ასი წევრის წინაშე საკუთარი თავის გაბედულად წარდგენა. მათი ფეხზე აყენებაც რთულია და აქ ბევრი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი. რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა-მეთქი, არა, მაგრამ მე ამ კონკურსში ძალიან ბრძოლისუნარიანი განწყობით შევედი და ვცდილობდი, მაქსიმალური შედეგი დამედო, ბოლომდე დავხარჯულიყავი. შეიძლება მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ მართლა ასივე თუ წამოდგებოდა ფეხზე, არ მეგონა. არ არის მარტივი ამბავი, როცა საქმე ამდენ ადამიანს ეხება. როცა ეს მოხდა, სიამაყით ავივსე და შემდეგ, ქართველი მაყურებლის გულშემატკივრობამ და კეთილმა სურვილებმაც ძალიან გამახარა. რეალურად, მე პროექტის ეთერში გასვლის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. არსებული ფონიდან გამომდინარე, აღარც ველოდი. ვიცოდი, რომ დიდ უხერხულობას გამოიწვევდა და სიმართლე გითხრათ, მართლა არ მინახავს. მიმდინარე მოვლენების გამო ძალიან მქონდა გული აცრუებული.
– ალბათ, ფიქრობდით, რომ ჯობდა, საერთოდ აღარ გასულიყო ეთერში.
– კი. არ მოვიტყუები, ასე იყო. საერთოდ აღარ მინდოდა, ეთერში გასულიყო. მერე, რომ გავიდა და უკვე ახლობლები მირეკავდნენ, ვნახეთო, მე არც მაშინ მინახავს, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ვნახე. მით უმეტეს, არ ვაპირებდი ჩემი კარგი შედეგის აფიშირებას. ვიცოდი, რომ ეს უხერხულობას გამოიწვევდა, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. თუმცა, როცა ეს მოხდა, ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა მაყურებლისგან, ბევრი მილოცავდა წარმატებას და მისურვებდა წინსვლას. იმდენად არ ველოდი ასეთ მასშტაბურ შეფასებებს, რომ სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდეც. მოხარული ვარ, რომ ხალხმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ჩემი სახელი.
მე არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და ეს ფსიქოლოგიურ წნეხს წარმოადგენს. ამიტომ ჩემი პოზიცია ასეთი იყო – კონკურსები უკვე ნაკლებად მაინტრესებდა. ასაკთან ერთად, საკუთარ რეპერტუარზე იწყებ ზრუნვას, კონკურსების დროც გადის, მაგრამ ზუსტად იმ პასიური ფონის გამო, რომელზედაც დასაწყისში უკვე ვისაუბრე, კიდევ ერთხელ დავინტერესდი. რუსეთიდან შემოთავაზებები მანამდეც იყო და დღესაც არის, მაგრამ ახლა ამის არანაირი სურვილი არ მაქვს.
– ნეგატიური რეაქციების საპასუხოდ ამბობდით, ამდენ ადამიანს თუ ახსოვდა ჩემი სახელი და გვარი არ ვიცოდი, მაშინ სად იყვნენ, როცა კრიზისი იყოო...
– კი, ასეა. თუმცა, ეს ფრაზა არ ეკუთვნოდა ხალხს, ეს ეკუთვნოდა იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ინფორმაცია ჩემი ამ პროექტში გამოსვლის შესახებ კონტექსტიდან ამოვარდნილი შინაარსით მიაწოდეს საზოგადოებას. იქ არ იკვეთებოდა არც ის, რომ ასი კაცი წამომიდგა ფეხზე, არც ის, რომ დიდი ხნის წინ იყო ჩაწერილი და სწორედ ამას მოყვა ნეგატიური გამოხმაურებები. ამ ინფორმაციის წარდგენა პოლიტიზებული სახით მოხდა, თორემ თავდაპირველად რომ გავრცელდა ინფორმაცია ისე, როგორც რეალურად იყო, გამოხმაურებაც შესაბამისი მოჰყვა. ვნახე, რომ ადამიანები ამაყობდნენ და წარმატებას მისურვებდნენ. თუმცა, მეორე შემთხვევაშიც შემხვდა ბევრი დადებითი კომენტარი. სამწუხაროდ, ამ მედიის წარმომადგენლებს არ გასჩენიათ კითხვა: რუსეთში, მობილიზაციის პირობებში, ასეთი პროექტი პირდაპირ ეთერში გავიდოდა? თუ ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება, მაშინ უნდა ეკითხათ, როდის ჩაიწერა კონკურსი და ნაადრევი დასკვნები არ უნდა გაკეთებინათ. სწორედ ამ მედიების მისამართით ვთქვი, სცოდნიათ ჩემი სახელი და გვარი-მეთქი, მაშინ როცა მათთან აქამდე არანაირი გადაკვეთა არ მქონია.
– რუსული სიმღერის შესრულებაზე უარი თქვით?
– კი, ერთ-ერთ ტურში იყო მითითება იმის შესახებ, რომ დაინტერესებულები იყვნენ, რუსული სიმღერა შემესრულებინა. სიმართლე გითხრათ, მე ამ კონკურსში არცერთ შემთხვევაში არ მოვიაზრებდი ასეთ რამეს. სტანდარტული პირობებით ვუყურებდი პროექტს და რომელიმე ნაციონალური სიმღერის წარმოჩენა საინტერესოდ არ მიმაჩნდა. მინდოდა, ინგლისურენოვანი სიმღერები წარმედგინა და ასეც მოვიქეცი. რუსული სიმღერა არ მიმღერია.
– არხი, რომელზედაც ეს პროექტი გადის პროპაგანდისტულია და ამანაც დიდი კრიტიკა გამოიწვია. საერთო ჯამში, ამ ამბავს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
–რაღაც გამოხმაურება აშკარად მოჰყვა, მასშტაბების შეფასება თქვენ და მკითხველს უფრო შეგიძლიათ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები პროექტშიც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან