რატომ გადაწყვიტა დევი დევიძემ საცხოვრებლად ამერიკაში წასვლა და რა სიკეთე გაუკეთა მას ამერიკელმა მოსამართლემ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 30.06

„კომედი შოუს“ მსახიობი დევი დევიძე უკვე სამი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა მან საქართველოდან წასვლა და როგორ შეეჩვია ამერიკულ ტემპს, ამაზე თავად მოგვიყვება.
დევი დევიძე: ზუსტად სამი წლის წინ წამოვედი ამერიკაში და ვნანობ, რომ ეს ნაბიჯი უფრო ადრე არ გადავდგი. მიზეზი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. თუ გადახედავთ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ტელეეთერებში იყვნენ, დღეს ნაკლებად ჩანან. სამწუხაროდ, ყველანაირად შეგვიწყვეს ხელი, რომ ეკრანებს ჩამოვშორებოდით. ძალიან დიდი შემცირებები წავიდა. მე ჩემი საკუთარი პატარა სარეკლამო კომპანიაც მქონდა, მაგრამ შეკვეთებიც აღარ შემომდიოდა, ხელისშემშლელი ფაქტორები იყო. ამას კიდევ დაერთო გარკვეული საუბრები, მუქარასაც ვერ დავარქმევ, მაგრამ მივხვდი, რომ საქართველოში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ ჩემ უკან ოჯახი იდგა. ამიტომაც გადავწყვიტე, ამერიკაში წამოვსულიყავი. კარგად იცით, როგორ შესაძლებლობებს იძლევა ეს ქვეყანა.
– თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, არ არის მარტივი გადასადგმელი ნაბიჯი...
– ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრს ვმოგზაურობ და ჩემი პროფესიაც ხელს მიწყობდა. ერთი პერიოდი, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ხშირად მიწევდა საფრანგეთში ყოფნა. ამერიკაში წამოსვლას რაც შეეხება, ეს მართლა დიდი ფიქრის შედეგია. თუმცა, მექსიკით არ ჩამოვსულვარ, მეგობრების დახმარებით წამოვედი. ვიზა მქონდა. 2017 წელს ჯერ კიდევ „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი, როცა ვიზაზე შევავსე განაცხადი. დამიბარეს საელჩოში გასაუბრებაზე და მხოლოდ ორი კითხვა დამისვეს, სად მუშაობთ და რას აკეთებთო. გამიკვირდა, მაგრამ მაშინვე მითხრეს, გილოცავთ, თქვენ ვიზა გაქვთო. ასე მივიღე ათწლიანი ვიზა.
– მერე რა გზის გავლა დაგჭირდათ?
– ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი იყო აქ, უფრო ადრე ჩამოსულები და გვერდით დამიდგნენ. აქაც ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. მე ნიუ-იორკში, ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვარ, მაშინ აქ ცოტა ქართველი იყო, მაგრამ პირველად რომ გამომიყვანეს ცენტრში, სადაც ქართველები იკრიბებიან, თავი ქუთაისში მეგონა (იცინის). ო, შენ აქ რა გინდა, ბიჭოო, გაიოცეს ჩემს დანახვაზე. აქ თითქოს ასაკი არ არსებობს. უფროსსა თუ უმცროსს ერთი წრე გვაქვს. მერე და მერე უამრავი ქართველის შემოდინება დაიწყო. ვხუმრობ ხოლმე, წამლად მაინც დამანახა ამერიკელი, რომ დაველაპარაკო და ენა გავმართო-მეთქი (იცინის). სინამდვილეში, ენა რაღაც დონეზე ვიცი. მანამდე ფესტივალებზე დავდიოდი და უცხოელებთან ურთიერთობის პრაქტიკა მქონდა.
სამსახურიც მალე ვიპოვე. ჯერ მხოლოდ მანქანაზე ვმუშაობ – გადაზიდვა, გადაყვანა... რასაც წავეწევი, ყველაფერს ვაკეთებ. პოლონელი კაცის კომპანიაში ვმუშაობ, ძალიან კარგი ადამიანია, კარგი ოჯახით და დავმეგობრდით. აქ საკუთარ სფეროში დასაქმება მარტივი არ არის, ამისთვის დიდი დროა საჭირო, მით უმეტეს, როცა პატარა არ ხარ. რამდენჯერმე ვიყავი პატარა გადაღებაზე და რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. ნელ-ნელა ვწვალობთ და რაღაც გამოდის, თუმცა ძალიან გვაწუხებს ის პრობლემები, რაც საქართველოშია.
– გამოდის, რომ მარტივად აეწყვეთ ამერიკაში...
– ემოციურად ძალიან რთულია. როგორია – მოწყვეტილი ხარ სახლ-კარს, ოჯახს. ყველაზე მეტად ჩემი სახლის სუნი მენატრება, მეუღლე და შვილები, ჩემი მშობლები, ახლობლები, ჩემი ძაღლი, ყველა უზომოდ მენატრება. ემიგრაციაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ორმაგად განიცდი. ბევრი სირთულეა ამ ყველაფრის გათვალისწინებით. თან, სულ ვმუშაობ, აქ ერთი დღის გაცდენა ნიშნავს, რომ ოჯახს ან საკუთარ თავს რაღაც დააკელი. აქ ყოფნის დროს რამდენიმე ჩემი ახლობელი გარდაიცვალა. სასაფლაოზეც რომ ვერ მიდიხარ ეს ისეთი მძიმეა, ცრემლები გახრჩობს.
– ოჯახის წაყვანასაც აპირებთ?
– ოჯახის ჩამოყვანა რთულია, მინდა, ლეგალურად ჩამოვიდნენ და შვილებს დიდი პერსპექტივა ჰქონდეთ. არ მინდა, რომ საკუთარი ქვეყანა დატოვონ, თვითონაც ძალიან უყვართ საკუთარი სამშობლო, ბებია-ბაბუებთან ჩასვლა და ასე შემდეგ. რომ მიკითხავს, უთქვამთ, არ გვინდა წამოსვლაო, მაგრამ იციან, რომ არასტაბილურ და უსამართლო გარემოში გაჩერებას არ ვურჩევ. ამერიკაში ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის. ამიტომ, მინდა, ჩემი შვილებიც ჩამოვიდნენ და აქ თავიანთი საყვარელი საქმე აკეთონ.
ერთ ამბავს მოგიყვებით, პოლიციამ გამაჩერა და ძალიან დიდი ჯარიმა დამიწერა, უკან მგზავრებს ღვედი ჰქონდათ მოხსნილი და ამიტომ. 800 დოლარი უნდა გადამეხადა. საჩივარი დავწერე და სასამართლოში წავიღე. მივედი სასამართლოში, პროკურორმა გარიგება შემომთავაზა, 500 დოლარი გადაიხადეო. მერე მოსამართლესთან გავედი მოსმენაზე, ჩემთვის ესეც დიდი თანხაა იყო. მოსამართლემ მკითხა, თანახმა ხართ ამ თანხაზეო?! სხვა გზა არ მაქვს-მეთქი, ვუთხარი და თავის დახრჩობის იმიტაცია გავაკეთე (იცინის). გაეცინა, შენ ძალიან ხუმარა ყოფილხარო. თარჯიმანმა უთხრა, ეს საქართველოში ცნობილი მსახიობი იყოო. ძალიან კარგიო, მოსამართლემ და მკითხა, რა სფეროში საქმიანობდითო. მეც მოვახსენე და შეიცხადა, სამწუხაროდ, ქართულ ტელევიზიებს არ ვუყურებ, მაგრამ აქ „ტიკ-ტოკი“ გააკეთე, თუმცა იუთუბი ჯობსო (იცინის). მერე, ერთი წუთითო, მითხრა, მდივან გოგონას გადახედა, რაღაც უთხრა, მომიბრუნდა და შენ – 200 დოლარი ჯარიმა და დარბაზიდან რომ გახვალ, ორი წუთი დამელოდე, შენთან ერთად ფოტო უნდა გადავიღოო. გამოვიდა და მართლა გადაიღო (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან