რატომ გადაწყვიტა დავით დვალმა რაჭაში გადასახლება და როდის ხდება მის ცხოვრებაში სასწაულები
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:09 18.12
მიუხედავად იმისა, რომ დავით დვალი ადრეული ასაკიდან სცენაზე დგას, ფართო საზოგადოებამ და მაყურებელმა ის, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. უარყოფითი როლი იმდენად კარგად და დამაჯერებლად შეასრულა, ის სერიალის გმირთან გააიგივეს და ზოგი იმასაც ამბობდა: ასეთი ხასიათის რომ არ იყოს, ასე ვერ ითამაშებდაო. სინამდვილეში კი, დავითი ნამდვილად დადებითი, პოზიტიური და თბილი ადამიანია, რომელმაც საინტერესო გზა განვლო და დღემდე დახმარების გარეშე, თავისი შრომითა და უშუალო ხასიათით მოვიდა.
დავით დვალი: ძალიან ხალასი ბავშვობა მქონდა. მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი და იმავდროულად, ტაქსის მძღოლი გამოვსულიყავი. ძალიან მიყვარდა მანქანები და რომ მეკითხებოდნენ: მსახიობობა გასაგებია, მაგრამ მძღოლობა რატომ გინდაო, ვპასუხობდი: სულ მანქანით ვივლი-მეთქი (იცინის).
– თუმცა, არც სამსახიობო დიპლომი გაქვს და არც ტაქსის მძღოლი ხარ. ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩააბარე და როგორც ვხვდები, შენს მომავალ პროფესიის არჩევაში, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა, ოჯახის წევრებმა იქონიეს გავლენა.
– გეთანხმებით. 90-იან წლებში, ძნელი იყო, სამსახიობო კარიერით თავის რჩენა და მშობლებმა მირჩიეს, რამე ისეთი პროფესია აირჩიე, რომელიც შემდეგ შემოსავლის წყარო იქნებაო. მათ გავუწიე ანგარიში და უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე კურსიდან უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მერმისში“ მოვხვდი და მთელი სტუდენტობა სცენაზე გავატარე. სამსახიობო ხელოვნებას ჩვენი რეჟისორი, ზაზა წაქაძე გვასწავლიდა. პარალელურად, „კავეენს“ ვთამაშობდი, უნივერსიტეტის ნაკრებში ვიყავი. შემდეგ „კავეენს“ თავი დავანებე, რადგან თეატრი და „კავეენი“, საერთოდ სხვადასხვა რამეა და თეატრი ვარჩიე. სტუდენტობის დროსაც მქონდა შანსი, თეატრში მოღვაწეობა პროფესიული ფორმით გამეგრძელებინა. გიგა ლორთქიფანიძეს მოვწონდი და მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური არ მქონდა დამთავრებული, მისგან შემოთავაზებაც მქონდა, მასთან მეთანამშრომლა და მემუშავა.
– და, რატომ თქვი უარი?
– იმ პერიოდში შეყვარებული ვიყავი, ოჯახის შექმნას ვაპირებდი. თუ არ ვცდები, მაშინ თეატრში 30 ლარი იყო ხელფასი და ამ თანხით ნამდვილად ვერ შევძლებდი ახალ მოყვანილ ცოლთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრებას და ოჯახის რჩენას.
– ანუ, პირადმა, ოჯახურმა ცხოვრებამ განაპირობა ის, რომ თეატრსა და სცენას ჩამოშორდი. ახლა, ამ გადასახედიდან ნანობ?
– დიახ, პირადმა ცხოვრებამ განაპირობა ის, რომ თეატრის სცენას ჩამოვშორდი და ეს ჩემთვის იყო ძალიან ძნელად გადასახარში პროცესი. ძალიან მიყვარდა სცენა, მაგრამ არ ვნანობ, რადგან იმ პერიოდში ასე იყო საჭირო. ალბათ, რა გზაც გავიარე, უნდა გამევლო და რაც მოხდა, უნდა მომხდარიყო. თან, მყავს ორი შესანიშნავი შვილი, ვისზეც მზე და მთვარე ამომდის და ალბათ, ამ გზით რომ არ წავსულიყავი, ჩემი ცხოვრება სხვანაირად განვითარდებოდა.
– დავით, როდის მიხვდი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია და არ არის ისეთი, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდი და წარმოგედგინა? რა ასაკში შეეჯახე პირველ დიდ სირთულეს, რომ დაფიქრდი და გაიაზრე – ცხოვრება არ არის მარტივი?
– როცა დავოჯახში და 22 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე, ერთ-ერთი პოლიგრაფიული კომპანიის ფინანსისტად, ანუ ჩემი პროფესიით, იქ შევეჯახე პირველ სირთულეს. მანამდე ცხოვრება ლამაზ და ვარდისფერ ფერებში მიდიოდა, სულ მქონდა ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც შემოქმედებასთან იყო დაკავშირებული, ვინც ლაღად ცხოვრობდა, ბოჰემას მიჰყვებოდა... როცა მუშაობა დავიწყე, დავინახე ადამიანები, ვინც ცოტა სხვა ფორმით ცხოვრობდნენ და სხვა კატეგორიას წარმოადგენდნენ. პარალელები გავავლე, „დათა თუთაშხიადან“ არქიფო სეთურის სცენებზე და პირველი ცხოვრებისეული ტკივილი და დარტყმა იქ მივიღე. მივხვდი, მთლად ვარდისფერ ფერებში არ არის ცხოვრება და ძალიან გული დამწყვიტა იმან, რომ თურმე, სამწუხაროდ, რეალურად არსებობენ არქიფო სეთურები და სპირიდონა სულანჯიები. თუმცა, ვერ ვიტყოდი ჩემთვის შეუფერებელ ადგილას ვმუშაობდი-მეთქი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ის ადამიანები, საერთოდ არ ეხებოდნენ ჩემს საქმიანობას. არ ვფიქრობდი, სამსახიობო კარიერას უკან თუ დავუბრუნდებოდი, თუმცა, ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებდი პერსონაჟებს და სადღაც გულის სიღმრეში, მაინც მჯეროდა, რომ ეს პერსონაჟები სცენაზე ოდესღაც გამომადგებოდა.
მოკლედ, ადამიანები კარგად გავიცანი. ის პერსონაჟები ჯერჯერობით არ გამომდგომია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, როლები მოიმატებს და გამომადგება. 15 წლის წინ კი, ჩემს ცხოვრებაში ერთი წლის განმავლობაში იდგა რთული პერიოდი, როცა დეპრესიაში ჩავვარდი. ზოგადად, მხიარული და პოზიტიური ადამიანი ვარ, უმუშევარი დავრჩი და ფინანსურად ძალიან გამიჭირდა. მაგრამ არავინ შემიწუხებია. თუ საკუთარი თავი, თავად არ აიყვანე ხელში, რთულ პერიოდში ვერავინ დაგეხმარება. ამ დროს მხოლოდ უფალი გეხმარება, თუნდაც ურწმუნო იყო. ხდება ისეთი ამბები, რომელიც შეიძლება, სასწაულებს მივაწეროთ. ერთი სიტყვით, ის ერთი წელი, დეპრესიული, სახლში ვიყავი ჩაკეტილი და ის პერიოდი ძალიან ცუდად მახსოვს. თუმცა, დეპრესია და ცუდი განწყობა გადალახვადია, მაგრამ ამ დროს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მოერიო. ახლა რომ უკან ვიხედები, იმავე გზას გავივლიდი, ოღონდ ცოტა დახვეწილს. ვფიქრობ, ძალიან სრულფასოვანი, და კარგი ცხოვრება გავიარე და ერთი წუთითაც არ დამწყდება გული, ცხოვრება დღეს რომ დავამთავრო. ისეთი გზა გავიარე, შესაძლოა, ერთ ადამიანს რამდენიმე ცხოვრება დასჭირდეს, რომ იგივე გზა გამოიაროს. ასე რომ, ბევრი ადამიანის ცხოვრების გზა ერთმა გამოვიარე. კი ვთქვი, არ ვარ დეპრესიული-მეთქი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მქონდა დეპრესიული პერიოდი და ზუსტად მისი გადალახვის მომენტში მოხდა სასწაულებრივი ამბები. ეს ჩემს როლსაც უკავშირდება, რომელიც ზუსტად იმ დროს შემოთავაზეს და დავთანხმდი. პირველი დეპრესიის დროსაც შემოთავაზებულმა სამსახურმა მიშველა, სადაც აქტიურად ჩავერთე და მეორე შემთხვევაშიც – სერიალში შემოთავაზებულმა როლმა.
– სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა. ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაგიცნო, სადაც გაჩა ზვერაძის როლს ასრულებდი და ამ პერსონაჟის გამო შენკენ საკმაოდ დიდი ნეგატივი წამოვიდა. თუ წარმოიდგენდი, რომ შენს როლს უარყოფითი განწყობა მოჰყვებოდა და ბულინგის ქვეშ მოექცეოდი?
– როცა როლზე დავთანმხდი, მითხრეს კიდეც, ნეგატივი წამოვაო და ამას, გარკვეულწილად შეგუებული ვიყავი. თუმცა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ადამიანებს თუ შეეძლოთ ასე გაეიგივებინათ მსახიობი და პერსონაჟი ერთმანეთთან და ასეთი სიცხადით მიეღოთ ის ადამიანი სერიალიდან. არ მქონია ნეგატიური განწყობა ბულინგთან და აგრესიულ დამოკიდებულებასთან. არ მაქვს სოციალური ქსელები და ამიტომ ვერ მწერდნენ პირადად, თუმცა, ვკითხულობდი კომენტარებს, სადაც ლანძღავდნენ და აგინებდნენ ჩემს პერსონაჟს, ზვერაძეს. მხვდებოდა ასეთი კომენტარებიც: არ არსებობს, თვითონაც ასეთი არ იყოს, ისე ვერ ითამაშებდა, ასეთი იქნება ზუსტადო. ეს მაღიზიანებდა, თორემ პერსონაჟს რომ ლანძღავდნენ და აგინებდნენ, ეს, პირიქით, ალბათ, იმის მაჩვენებელი იყო, რომ ის სათქმელი, რა დავალებაც სერიალში მქონდა, ზუსტად მოვიტანე. ამ ყველაფერმა ჩაიარა და დღეს უკვე პოზიტივშია გადასული (იცინის).
– ბოლო პერიოდია, ხმაურიან დედაქალაქს მოსწყდი, მამაპაპისეულ ადგილს დაუბრუნდი და იქ, საკუთარი საქმე წამოიწყე. საბოლოოდ გადაწყვიტე სოფელში ცხოვრება?
– მამაჩემს უნდოდა, რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში, მამაპაპისეული სახლი გაგვეახლებინა. ყოველდღიურ რუტინაში ჩართულები, ამას ვერ ვახერხებდით. ჩემი ყველაზე ბედნიერი ბავშვობა, წამები და წუთები, უამრავი თავგადასავლით, სწორედ რაჭას უკავშირდება. მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში მისი ხელი მეჭირა ხელში და თვალებით მითხრა: რაჭაში სახლს მიხედეო. მამის დასაფლავებიდან რამდენიმე ხანში, ცოტა გონს რომ მოვედი, ისევ რაჭაზე დავიწყე ფიქრი. მამაპაპისეული სახლი დავშალე, თავიდან ავაშენე, ძველი იერი შევუნარჩუნე და გვერდზე სასტუმრო კომპლექსს ვაკეთებ. მინდა, რაჭაში ბიზნესი განვავითარო. მინდა, ის სიამოვნება, რაც მე ამ ადგილმა მომიტანა, სხვამაც გამოსცადოს. იქ მოხვედრილი ადამიანი ისე დაიტუმბოს და დაიტენოს პოზიტიური ენერგიით, რომ ეს განწყობა დიდხანს გაჰყვეს. ბევრი მეუბნება, გაგიჭირდება დედაქალაქიდან შორ მანძილზე ბიზნესის წარმოებაო. არ ვაპირებ დედაქალაქიდან რაჭაში ბიზნესის წარმოებას, ვაპირებ, ამ ეტაპზე იქ გადავცხოვრდე. მინდა, ტურისტული ტურები, ვენახი და სოფლის მეურნეობაც განვავითარო, ფეხი მოვიკიდო იმ ადგილას, სადაც უამრავი ბედნიერი წამი მაკავშირებს და ამ ულამაზესი კუთხის აყვავებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანო. ახლა ვცდილობ, ათას ფრონტზე ვიბრძოლო. რამდენიმე საქმეს ვარ შეჭიდებული და რასაც ვშოულობ, ჩემს ბიზნესში ვდებ. ერთი აგურის ფული თუ მაქვს, იმ ერთ აგურს ვყიდულობ, ჩამაქვს რაჭაში და იქ ვდებ, არანაირი ინვესტიცია არ მენანება.
– ყველა ადამიანს სჭირდება გვერდით სტიმულის მიმცემი, საყვარელი ადამიანი ჰყავდეს. შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ვინც იცის სიყვარული რა არის, ყველას სჭირდება გვერდით სტიმულის მიმცემი ადამიანი. ამ ეტაპზე ჩემ გვერდით ასეთი ადამიანი არ არის. ასე ვთქვათ, პირად ცხოვრებაში, მოდუნებული და მინდობილი არ ვარ, ჯერჯერობით ბრძოლაა და იმედია, მალე დასრულდება (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან