შოუბიზნესი

რატომ გადაწყვიტა დაბრუნება სალიტა ჩუბინიძემ 12-წლიანი პაუზის შემდეგ და როგორია მისი ცხოვრება საჩხერეში

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:33

სალიტა ჩუბინიძე
დაკოპირებულია

სალიტა ჩუბინიძისთვის ბოლო ერთი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, რომელსაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

სალიტა ჩუბინიძე: ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო სიახლეა. ახლახან კონცერტი მქონდა, თუმცა ეს არ ყოფილა პირველი კონცერტი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. ანუ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე კონცერტი მქონდა. ამდენხნიანი პაუზის შემდეგ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ისევ დავბრუნდი და ეს ჩემთვის განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. ბოლო კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდა და განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი ადამიანების წინაშე მომიწია გამოსვლა, ვინც ახლა გამიცნო, საუბარი მაქვს ჩემს მოსწავლეებზე. ვგრძნობ, რომ ეს მათთვისაც საამაყო იყო. საოცარ სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავენ. ეს ყველაფერი რთულიცაა. როცა ადამიანი ბუნებით შემოქმედი ხარ, როცა გინდა, მუდმივად რეალიზებული იყო, შენი საყვარელი საქმე აკეთო, სცენაზე იდგე, შენს მოწოდებას ემსახურო და ამის საშუალება ბევრი წლის შემდეგ გაქვს, ეს ძალიან დიდ ემოციებს იწვევს.

– სცენაზე დაბრუნებისას ნერვიულობდი?

– ბოლო კონცერტზე აღარ მინერვიულია, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში. თუმცა, როცა დიდი პაუზის შემდეგ პირველი კონცერტი მქონდა, მართლა ძალიან ვნერვიულობდი. ეს ემოციების პიკი იყო. თუმცა კულისებში იმდენი კარგი ადამიანი აღმოჩნდა ჩემ გვერდით, რომ დიდი ძალა მომცეს ამ ბარიერის გადასალახად და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საბედნიეროდ, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა კონცერტი ძალიან კარგი იყო. დაბრუნების შემდეგ მსმენელის მხარდაჭერას ძალიან დიდი ძალა აქვს.

– ხომ არ არის სინანულის გრძნობა წარსულთან დაკავშირებით, არ გიფიქრია: რა იქნებოდა, რომ არ დამეპაუზებინა ყველაფერი? იქნებ, ჯობდა არც გავჩრებულიყავიო?

– კი, არის ეს მომენტი. რომ არ გავჩერებულიყავი, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი წარმატებები იქნებოდა. მე თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე ვთქვი უარი. შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ არა ჩემი არჩევანი, რასაც არ ვნანობ, რადგან ასე იყო საჭირო, ახლა პიკში ვიქნებოდი. ამას შინაგანად ვგრძნობ. მიუხედავად ამისა, იმ სცენარით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში განვითარდა, ძალიან მადლიერი ვარ. ბედნიერი ვარ. ალბათ, ასე იყო საჭირო. ბევრი რამ ვისწავლე და არც სინანულს აქვს აზრი. გვიან არასდროს არის. წარსულზე ფიქრი და თვითგვემა, კარგს არავის მოგვიტანს. რეალური დრო აქ და ახლაა. შესაბამისად, აწმყოზე ფოკუსირება ძალიან დიდ ბედნიერებას მგვრის.

– როგორ გადაწყვიტე დაბრუნება?

– ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი. არანაირი შინაგანი ბარიერი აღარ არსებობს და ისევ იმ ციკლში ჩავები, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობდი არა მხოლოდ 12 წლის წინ, არამედ ბავშვობიდან მოყოლებული. მე მუდმივად სცენაზე ვიყავი და ეს მდგომარეობა ახლა ჩემთვის იმდენად ორგანულია, თითქოს პაუზა არც ყოფილა.

– შვილები რამდენი წლისები არიან და როგორ მოსწონთ ეს ყველაფერი?

– უფროსი ბიჭი – გაბრიელი, 12 წლის არის. ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე, დედამისი პოპულარული ადამიანია (იცინის). უმცროსი – ალექსანდრე 7 წლისაა. არ ვიცი, ის რამდენად აცნობიერებს ამას, მაგრამ ხედავს, რომ სკოლაში ჩემს მოსწავლეებს ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემდამი და ეამაყება.

რაც შეეხება გაბრიელს, მიყვება ხოლმე, რომ მეგობრები ეუბნებიან, დედაშენი ძალიან გვიყვარსო, გაცნობა, ფოტოს გადაღება და საუბრის სურვილი აქვთ, რაც მას მოსწონს და ვგრძნობ, რომ ძალიან ეამაყება. მე ეს ძალიან მიხარია.

– ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისიც შეიცვალა, რომ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდი, საჩხერეში გადახვედი საცხოვრებლად. ალბათ, ემოციურად ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ, პრაქტიკულად, ცოტა რთული ნაბიჯი იყო.

– იყო იმის შესაძლებლობა, რომ თბილისში დავრჩენილიყავი, მაგრამ იმდენად მინდოდა, აქ ყოფნა, ჩემს ოჯახთან ერთად, აქ იმდენად თბილი და ტკბილი გარემოა, რომ ამ ქალაქში ერთი დიდი ოჯახივით ვცხოვრობთ. საერთოდ არ ყოფილა მტკივნეული თბილისში ყველაფრის დატოვება და გარკვეული პერიოდით საცხოვრებლად საჩხერეში დაბრუნება. პირიქით, ამ გარემომ სრულ ჰარმონიაში მომიყვანა. წვრილმანების შემჩნევასა და შეგრძნობას რომ დაიწყებ, ეს არის დიდი ბედნიერება. მშვიდ გარემოცვაში საკუთარ თავს და შვილებს აძლევ საშუალებას, ჯანსაღი ჰაერი ისუნთქონ, ეზოში, სიმწვანეში გაატარონ დრო. მე სულ მქონდა ამის დანაკლისი. მინდოდა, ჩემი შვილებიც ყოფილიყვნენ იმ გარემოში, სადაც მე გავატარე ბავშვობა და ჩემსავით ბედნიერები ყოფილიყვნენ. აქ მართლა სხვანაირი გარემოა. ამიტომ მიხარია და თვითონაც აღფრთოვანებულები არიან აქაურობით.

– როგორ დაითანხმე თავიდან ბავშვები?

– აქ მე და ბავშვები გადმოვედით. გაბრიელს თავიდან ჰქონდა კითხვები, თითქოს არ უნდოდა, მაგრამ როგორც კი გადმოვედით, თქვა, რომ ძალიან მოსწონს და არსად წასვლა არ უნდა. ორივეს ძალიან მოსწონს.

თბილისში ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს. ამ ეტაპზე აქ ვარ, მაგრამ სამომავლოდ არ გამოვრიცხავ, დავთანხმდე შემოთავაზებულ თანამშრომლობებს. შემოქმედი ადამიანი, რეალიზების თვალსაზრისით, ერთ ლოკაციაზე ვერ ჩერდება, მით უმეტეს, მასშტაბებისთვის თბილისი საჭიროა და მეც არ გამოვრიცხავ მომავალში დაბრუნებას.

– ახლა იმ სკოლაში ასწავლი, სადაც თავად სწავლობდი, არა?

– ასეა. მშობლიურ გარემოში დავიწყე მუშაობა. ეს ძალიან ემოციურია. ეს ის გარემოა, რომლის წარმოჩენასაც მუდმივად ვცდილობდი ჩემი პატარ-პატარა წარმატებებით, სწავლით იქნებოდა, სიმღერით თუ იუმორით – „კავეენში“. მე ჩემი სკოლის კაპიტანი ვიყავი, იმერეთის მასშტაბით გავიმარჯვეთ და შემდეგში უნივერსიტეტში სწორედ აქედან გაჩნდა ჩემი ინტერესი ამ მიმართულებით.

ჩემი სკოლა ჩემთვის ძალიან ძვირფასი სივრცეა. მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც სულიერ მოწოდებასთან არის კავშირში. ხანდახან მგონია, ყველაფეირ იმიტომ მოხდა, რომ მე აქ მოვსულიყავი და ჩემს მოსწავლეებთან მქონოდა კომუნიკაცია და ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა მათთვის ფსიქოლოგიური, მუსიკალური თვალსაზირისით თუ ხელოვნების განხრით – მე მათ მუსიკასა და ხელოვნებას ვასწავლი. ერთი ბედნიერებაა მათთან ურთიერთობა. ჩემი შვილებიც აქ სწავლობენ.

– ხელოვნების კიდევ ერთი მიმართულებაა შენთვის ძალიან ახლობელი – მინიატურულ ნივთებს ქმნი. ამ კუთხითაც ბევრმა გაგიცნო. ამ მიმართულებითაც გაქვს გეგმები?

– გეგმები ნამდვილად მაქვს, რადგან დაინტერესება აშკარად დიდია. ძალიან მოსწონთ ჩემი მინიატურული ნივთები, პატარებსაც, დიდებსაც. მეც ძალიან მიყვარს ეს საქმე, მაგრამ არის მომენტები, როცა ამისთვის დრო არ მრჩება. ამის გამო გული მწყდება, მაგრამ ვაპირებ აქტიურობას. ორიგინალური იდეები ნამდვილად მაქვს. იმ პერიოდში, როცა საკუთარი თავის რეალიზების კუთხით პრობლემები მქონდა, ამ მიმართულებით გავაქტიურდი. როცა შემოქმედი ადამიანი სახლში ხარ და გინდა შენი ენერგია და კრეატიულობა რაღაც საქმეში გამოიყენო, გზას აუცილებლად იპოვი. სურვილი გამიჩნდა, შემექმნა ჩემი პატარა სამყარო, სადაც იმას გავაკეთებდი, რისიც გაკეთებაც მინდოდა, მექნებოდა ის, რაც მინდოდა. რამდენიმე პაწაწინა ნივთის შექმნის შემდეგ, მომინდა, გამეკეთებინა პატარა ოთახი და მასში მომეთავსებინა ჩემს მიერ შექმნილი ნივთები. გადავწყვიტე შემექმნა რეალური სამზარეულო, რეალური რეცეპტები, თითქოს ეს ყველაფერი რეალური იყო. თან საყვარელია, თან კრეატიული, თან საინტერესო და ასე შეიქმნა განსაკუთრებული სივრცე ჩემს ოთახში. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამას მომავალში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი